Sunday, June 20, 2010

”ფოლკსვაგენი” ”ლუპოს” წარმოებისთვის ემზადება

Volkswagen Lupo Previewed

20 ივნისი

”ფოლკსვაგენმა” ინტერნეტით სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”ლუპოს” ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა. ეს ავტომობილი, რომელიც კონცეპტუალურ მოდელ VW Up!-ის სახელით, ვოლფსბურგელებმა პირველად სამი წლის წინ გვაჩვენეს, ბაზარზე მერმისს გამოჩნდება და მისი საბაზო ვერსიის ფასი 8 500 ევროს ფარგლებში მოექცევა.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ”ლუპო” მცირე გაბარიტებით გამოირჩევა. მისი ორკარიანი ვერსიის სიგრძე სულ რაღაც 3.45 მეტრია. ასეთი პატარა ავტომობილების წარმოება ”ფოლკსვაგენის” სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს. ჯერ ერთი, ”ლუპო” ძალიან ეკონომიური იქნება და გერმანული გიგანტის ავტომობილების საწვავის ხარჯის საშუალო მაჩვენებელსაც დაბლა დასწევს, რასაც გამონაბოლქვზე ახალი მკაცრი სტანდარტების შემოღების შემდეგ, დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. მეორეც, ასეთი პატარა ავტომობილების საბაზრო სეგმენტი მთელს მსოფლიოში სულ უფრო იზრდება. და მესამეც, ახალი ”ლუპოს” ბაზაზე, ვოლფსბურგელები ახალი ოჯახის შექმნას გეგმავენ, რის ხარჯზეც, მათი გაყიდვები მნიშვნელოვნად უნდა გაიზარდოს.

”ლუპო” პატარა ავტომობილი კია, მაგრამ მისთვის ”ფოლკსვაგენმა” რამდენიმე ძრავი მოამზადა. მათგან ყველაზე პატარაა 3-ცილინდრიანი აგრეგატი, რომლის მუშა მოცულობა 1.0 ლიტრია, სიმძლავრე კი - 60 ცხენის ძალა. მეორე ძრავიც 1.0-ლიტრიანია, თუმცა მას 4 ცილინდრი აქვს და 85 ცხენის ძალას იძლევა. მესამე ძრავი კი დიზელისა იქნება. ესაა 1.2-ლიტრიანი TDI, რომლის მაქსიმალური სიძლავრეც 75 ცხენის ძალას აღწევს.

ორკარიანის გარდა, ვოლფსბურგელები ოტხკარიანი ”ლუპოს” წარმოებასაც აპირებენ, რომელიც ოდნავ გრძელი იქნება. გერმანული კომპანია იმედოვნებს, რომ წლიურად დაახლოებით 600 000 ცალი ”ლუპოს” გაყიდვას შეძლებს.

გარდა ამისა, ”ფოლკსვაგენი” ამავე ავტომობილის ბაზაზე, ელექტრომობილის წარმოებასაც გეგმავს. სავარაუდოდ, ის ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდბა. ამ ელექტრომობილის კონცეპტუალური ვერსიის ხილვა შარშან, ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე იყო შესაძლებელი. თუმცა, ვოილფსბურგში მიაჩნიათ, რომ ელექტრომობილი ”ლუპო”, თავისი მაღალი ღირებულების გამო, მაინც მხოლოდ სანიშო ავტომობილი იქნება და მისი მეშვეობით, გაყიდვების საერთო მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არაა.

”დაიმლერი” და ჩინური BYD ელექტრომობილებზე ითანამშრომლებენ

Daimler CEO says EV JV with BYD will be key in China

20 ივნისი

”დაიმლერის” მთავარი აღმასრულებელი დიტერ ცეტშე და BYD-ის შეფი ვან ჩუანფუ პარტნიორული ხელშეკრულების გაფორმებისას
..........................................

მსოფლიოში პრემიუმ კლასის ავტომობილების მეორე უდიდესმა მწარმოებელმა, გერმანულმა ”დაიმლერმა” და ჩინურმა BYD-მა (ბილდ იორ დრიმს - შექმენი შენი ოცნება), რომელსაც ისეთი ძლიერი ფინანსური მხარდამჭერი ჰყავს, როგორიც ამერიკელი მილიარდერი უორენ ბაფეტია, მაისის ბოლოს ჩამოაყალიბეს ერთობლივი საწარმო, რომლის მიზანიც, ჩინური ბაზრისთვის ელექტრომობილების ერთობლივად წარმოებაა.

ერთობლივ საწარმოში მხარეებს 50-50 პროცენტი ეკუთვნით. ამასთან, მისთვის ჩინური კომპანია 600 მილიონი იუანის ($88 მილიონი) ინვესტიციას გაიღებს, დაიმლერი კი ტექნოლოგიურ მხარდაჭერას კისრულობს. აღსანიშნავია, რომ ამ გარიგებით, გერმანული კომპანია თავისი გერმანელი მეტოქის, ”ბეემვესთვის” კონკურენციის გაწევას ცდილობს.

BYD E6

..........................................

ბავარიელებმა უფრო ადრე, ჩინურ ჰოლდინგ ”ბრილიანს ჩაინა აუტომოტივთან” ერთად, ჩამოაყალიბეს ერთობლივი საწარმო, რომლის მიზანსაც ასევე ელექტრომობილების წარმოება წარმოადგენს. ამ ერთობლივი საწარმოს მთავარი მიზანიც ჩინური ბაზრის ელექტრომობილების მომარაგებაა. თუმცა, ის ასევე საქალაქო ელექტრომობილის სხვა ბაზრებისთვის წარმოებასაც ითვალისწინებს.

ამ პარტნიორულ ურთიერთობებს მით უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება მას შემდეგ, რაც ჩინეთის მთავრობამ ქვეყნის ხუთ ქალაქში დაიწყო პილოტური პროგრამა, რომლის მიზანსაც ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების პროპაგანდა-პოპულარიზაცია და რაც მთავარია, მათი გაყიდვების სოლიდური შეღავათებით წახალისება წარმოადგენს. მოსალოდნელია, რომ ცისქვეშეთის ქვეყნის გზებზე, მალე მსოფლიოში გაყიდული ელექტრომობილების მეოთხედი ივლის.

”ჩინეთი ყველანაირად ცდილობს, რომ ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი გახდეს. ასეთი სურვილი სხვა ქვეყნებსაც ექნებოდათ, მაგრამ მათი ბაზრები გაყიდვების მოცულობების მხრივ, ჩინეთს მცირე კონკურენციასაც ვერ გაუწევენ”, - ამბობს J.D. პაუერის ბანგკოკური განყოფილების ანალიტიკოსი ბენ აშერი.

BYD-მა, რომელიც ნაწილობრივ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია ”ბერკშირ ჰეტუეის” კუთვნილებაა, ბენზინ-ელექტრული პლაგ-ინ ჰიბრიდების წარმოება მსოფლიოში პირველმა, ორი წლის წინ დაიწყო. სხვათა შორის, BYD-მა შარშან გერმანულ ”ფოლკსვაგენთან” გააფორმა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ორ კომპანიას ჰიბრიდული და ელექტრული მოდელების წარმოების საქმეში, პარტნიორობის ვარიანტები უნდა შეესწავლა.

მალე BYD-ი ელექტრომობილ E6-ის მასობრივ წარმოებას დაიწყებს. მას კი პირველ რიგში, ჩინეთის და შემდეგ ამერიკის ბაზარზე გაიტანს. ეს წელს მოხდება, მერმისს კი კომპანია ამავე ავტომობილს ევროპელ მყიდველსაც შესთავაზებს. ქალაქ შენჯენში, სადაც BYD-ის მთავარი ოფისია ბაზირებული, მალე ტაქსის რანგში მუშაობას ცალი ელექტრომობილი E6 დაიწყებს. სხვათა შორის, 40 ცალ E6-ს შენჯენის ტაქსომოტორის ოპერატორი უკვე იყენებს. ოღონდ, ეს ავტომობილები ჩინურმა კომპანიამ სპეციალურად, სარეკლამო მიზნებისთვის, სერიული წარმოების დაწყებამდე დაამზადა.

BYD-თან პარტნიორობა ”დაიმლერს” თავისი ჯუჯას - ”სმარტის” ელექტრული ვერსიის მასობრივი წარმოების დასაწყებად სჭირდება. გერმანულმა კომპანიამ 1000 ცალი ელექტრული ”სმარტის” აწყობა უკვე დაიწყო და მათ ოკეანის გაღმა, ამერიკის ბაზრისთვის გაუშვებს. სხვათა შორის, ამ ”სმარტებისთვის” აკუმულატორებს ამერიკული კომპანია ”ტესლა” აწარმოებს, რომელიც თავადაც უშვებს ელექტრულ სპორტულ მოდელ ”როდსტერს”.

”მიცუბიში” ელექტრომობილების ფასს შეამცირებს

Mitsubishi to cut price of electric cars

20 ივნისი

”მიცუბიში მოტორს კორპორეიშნი” იმედოვნებს, რომ 2012 წლიდან თავისი ელექტრომობილების ღირებულებას 30 პროცენტით, 2 მილიონ იენამდე (დაახლოებით 21 890 დოლარამდე) შეამცირებს. ეს კი იმის შედეგი იქნება, რომ დაიწყება ლითიუმ-იონური აკუმულატორების მასობრივი წარმოება. ეს კომპონენტი თანამედროვე ავტომობილებში ყველაზე ძვირად ფასობს და მათს მაღალ ფასს განაპირობებს.

სწორედ 2012 წლიდან ამოქმედდება აკუმულატორების მწარმოებელი ქარხანა, რომლის წარმადობაც წლიურად აკუმულატორების 70 000 ბლოკი იქნება. და თუ დღეისათვის, ასეთი აკუმულატორების ფასი 2.5 მილიონ იენს აღწევს, მასობრივი წარმოების შემდეგ, მათი ფასი 1 მილიონ იენზე დაბლა ჩამოვა.

სააგენტო ნიკეის ყოველდღიური ბიზნესგამოშვების კორესპონდენტთან საუბრისას, ”მიცუბიში მოტორსის” პრეს მდივანმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის მიზანია, თავის სუბკომპაქტურ ელექტრომობილ i-MiEV-ზე ფასი 2 მილიონ იენამდე შემცირდეს. მართალია, ამ კლასის ავტომობილისთვის, ეს მაინც ძვირი იქნება, თუმცა არა იმდენად ძვირი, როგორც ის დღეს ღირს. ცნობისათვის, გერმანიის ბაზარზე i-MiEV-ს სასტარტო ფასი 48 000 ევროა, თუმცა ამ ფასში გათვალისწინებული არაა სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათები.

აღსანიშნავია, რომ ”მიცუბიში მოტორსი” ამ ელექტრომობილს თავისი ფრანგი პარტნიორების, ”პეჟოსა” და ”სიტროენისთვისაც” (შესაბამისად, იონ-ს და C-ზერო-ს) დაამზადებს. მათი ფასი კი (შეღავათების გაუთვალისწინებლად) 35 000 ევრო იქნება (შეღავათებით - 30 000 ევრო). წელსვე ფრანგული კომპანია თავისი ელექტრომობილების გაყიდვას შეუდგება.

ევროპაში უფრო ადრე დაიწყება ”მიცუბიში i-MiEV-ს” გაყიდვები, მერმისს კი ეს პატარა ავტომობილი ამერიკის ბაზარსაც ეწვევა. სხვათა შორის, ის იაპონიაში უკვე ერთი წელია, რაც იყიდება. შარშან, როდესაც იაპონურმა კომპანიამ თავის ქვეყანაში მისი გაყიდვები დაიწყო, ფასად ასტრონომიული თანხა, 4.59 მილიონი იენი დაადო. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ i-MiEV-ს მყიდველები ძირითადად ის ბიზნესმენები არიან, რომლებიც ამ ავტომობილს კომერციული დანიშნულებით იყენებენ. მალე კი, აკუმულატორების ფასების თანდათან კლებისა და სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათების წყალობით, იგივე ავტომობილი ამომავალი მზის ქვეყანაში მხოლოდ 2 მილიონი იენი ეღირება.

აკუმულატორების გარდა, ელექტრომობილების მაღალ ფასს ასევე განაპირობებს ის ფაქტიც, რომ მასობრივად არ იწარმოება შესაბამისი დანიშნულების ელექტროძრავები, დასამუხტი მოწყობილობები და სხვა კომპონენტები. ამიტომ, ”მიცუბიში მოტორსი” მათ მწარმოებლებთანაც მჭიდროდ ითანამშრომლებს, რათა მაკომპლექტებლების ფასების შემცირებას მიაღწიოს.

”ასტონ მარტინი” მოდელ DB9-ს ცვლის

Aston Martin DB9

20 ივნისი

სუპერ ავტომობილების მწარმოებელი ბრიტანული კომპანია ”ასტონ მარტინი” თავისი ფლაგმანის, კუპე DB9-ს შემცვლელის შექმნაზე მუშაობს. ახალი ავტომობილი წინამორბედზე მძლავრიც იქნება და მსუბუქიც, მისი დებიუტი კი 2013 წელსაა მოსალოდნელი. არადა, ადრე კომპანიას გამოცხადბული ჰქონდა, რომ DB9-ს (სურათზე) შემცვლელის გამოშვება გადაიფიქრა, რის მიზეზადაც ეკონომიკური კრიზისი და ის გარემოება დასახელდა, რომ ”ასტონ მარტინმა” ექსკლუზიურ სუპერ ავტომობილ ”ვან-77-ის” წარმოება დაიწყო.

შემუშავების პროცესში მყოფი ახალი ავტომობილის შიდა-კოდური სახელწოდებაა ”პროჯექტ VH500”. კომპანიის ინჟინრებმა მისთვის სპეციალურად შეიმუშავეს წონის შემცირების პროგრამა, რისი მიზანიც, ავტომობილის ხარჯის შემცირება და დინამიკური მახასიათებლების და მართვადობის გაუმჯობესებაა. პროგრამა ითვალისწინებს, რომ ახალი ავტომობილის წონა, DB9-საზე 10 პროცენტით ნაკლები უნდა იყოს.

ახალი ავტომობილიც იმავე V12 ძრავით აღიჭურვება, რომელსაც ”ასტონ მარტინი” DB9-ზე იყენებს. ოღონდ, მას მოდერნიზება ჩაუტარდება, რის შემდეგაც, მისი სიმძლავრე გაიზრდება, ხარჯი კი - შემცირდება.

რაც შეეხება გარებნობას, DB9-ის შემცვლელი ”ვან-77-ის” სტილში შესრულდება.

”მორგანი” ოთხკარიან კუპეს გამოუშვებს

New Morgan EvaGT with BMW Turbo Teased Ahead of Pebble Beach Debut

20 ივნისი

ბრიტანული კომპანია ”მორგანი”, რომელიც რეტრო სტილის ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, თავის სამოდელო გამას მალე ახალ ავტომობილს დაამატებს. ახალ, ოთხადგილიან კუპეს ”ევაGT” ერქმევა და ის კუპე ”აერო სუპერსპორტის” ალუმინის მოდერნიზებულ შასიზე აიგება.

შასის გარდა, ახალ ავტომობილს ძარაც ალუმუნისა ექნება. ძარის დეტალები ტვიფვრით დამზადდება, თუმცა მათ კომპანიის კვალიფიცირებული მუშები ხელით დაამუშავებენ. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ალუმინის ფართოდ გამოყენებით, ”მორგანი” კუპე ”ევაGT-ს” წონის შემცირებას ცდილობს. ამ ავტომობილის სავარაუდო წონა 1250 კილოგრამი იქნება.

კუპე ”ევაGT-სთვის” ”მორგანმა” მხოლოდ ერთი აგრეგატი შეარჩია. ესაა ”ბეემვეს” წარმოების 3.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომელიც 306 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუავებს. ამ აგრეგატის მეშვეობით, ავტომობილი 100 კმ/სთ სიჩქარეს 4.5 წამში ავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 273 კმ/სთ-ს აღწევს.

სამწუხაროდ, ”მორგანი” მხოლოდ 100 ცალი ”ევაGT-ს” წარმოებას აპირებს. მისი ფასი ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ამის მიუხედავად, ”მორგანს” უკვე დაწყებული აქვს წინასწარი შეკვეთების მიღება. ამ კუპეს მსოფლიო პრემიერა აგვისტოში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე იგეგმება.