Sunday, February 28, 2010

”სუბარუს” ჰიბრიდი ჟენევაში

Subaru at Geneva

28 თებერვალი

სხვა ავტომწარმოებლების მსგავსად, გარემოზე მზრუნველობას იაპონური ”სუბარუც” იჩენს, რომელიც ჟენევაში რამდენიმე ეკოლოგიურ ინოვაციას გამოფენს, მისი მთავარი ექსპონატები კი კონცეპტუალური ”ჰიბრიდ ტურერი” და ელექტრული საქალაქო ავტომობილი იქნება.

”ჰიბრიდ ტურერი” მსოფლიოში პირველი ჰიბრიდული ავტომობილია, რომლის ჰიბრიდულ სისტემაშიც ოპოზიტური ძრავი, ეგრეთ წოდებული ”ბოქსერი” მუშაობს. ესაა 2.0-ლიტრიანი ტურბომოტორი, რომელთან ერთადაც, ორი ელექტროძრავიც მუშაობს. მათგან ერთი - 10-კილოვატიანი წინა ღერძს ემსახურება, უკანა კი, რომლის სიმძლავრეც 20 კილოვატია - უკანებს. ჰიბრიდული სისტემა, ”სუბარუს” ავტომატურ ტრანსმისია ”ლაინეატრონიკთანაა” დაკავშირებული.

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ ელექტროძრავებს მხოლოდ სტარტზე და დაბალი სიჩქარით მოძრაობისას უწევთ მუშაობა. ეს კი ავტომობილის საცობებში მოძრაობისას იქნება გამოსადეგი. და თუ საჭიროა მ აღალი სიმძლავრის განვითარება, საქმეში შიდაწვის ძრავი ჩაერთვება.

თავისი ჰიბრიდული დანადგარის გარდა, ”ჰიბრიდ ტურერი” გარეგნობითაც გამოირჩევა. ჯერ ერთი, ის ”სუბარუს” სხვა მოდელებს არ ჰგავს. მეორეც, მას ეგრეთ წოდებული ”თოლიას ფრთების” ტიპის კარებები აქვს, რომლებსაც საყრდენები სახურავზე აქვთ და ქვევიდან ზევით იღება. მათი მეშვეობით, ავტომობილის სალონში მოხვედრა მნიშვნელოვნად გაადვილებულია.

ელექტრომობილს ”სტელა EV” ჰქვია და ის პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი. მასშიც ელექტროძრავს ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს, რომელში დაგროვილი ენერგიაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 90 კილომეტრის გავლა შესძლოს. ავტომობილს აქვს აკუმულატორების სწრაფად დამუხტვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, 15 წუთში აკუმულატორები ენერგიის მარაგის 80 პროცენტს ივსებენ. ისე კი, საყოფაცხოვრეპო ქსელით სარგებლობის შემთხვევაში, სკუმულატორების სრულად დამუხტვისთვის 5 საათია საჭირო.

”ფოლკსვაგენი” დივიზიონ ”ელექტრიკ მოტორსს” აყალიბებს

VW Creates Electric Motors Manufacturing Division

28 თებერვალი

”ჯენერალ მოტორსის” მსგავსად, ”ფოლკსვაგენიც” სპეციალურ დივიზიონ ”ელექტრიკ მოტორსს” აყალიბებს, რომელსაც მხოლოდ ელექტრომობილების და მათთვის საჭირო ძალური დანადგარების შემუშავება დაევალება. გერმანული ავტოგიგანტი მსოფლიო ლიდერობას აპირებს და ახალ დივიზიონს, ამ მიზნის მიღწევაში ჯერ მხოლოდ მოკრძალებული როლი ექნება. თუმცა, დროთა განმავლობაში, ვოლფსბურგული საავტომობილო ჯგუფის საქმიანობაში, მას ერთ-ერთი მთავარი როლი მიენიჭება.

იმის გამო, რომ ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში რამდენიმე კომპანია შედის, ახალი დივიზიონის მიერ შემუშავებულ ძრავებზე დიდი მოთხოვნილება იქნება, რაც მის კონკურენტულ ფასს წარმოქმნის. ამას კი ახალი ტექნოლოგიების ათვისებისას, დიდი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, ამავე დივიზიონის მიერ შემუშავებულ აგრეგატებს ნათესავი ”აუდის” მსგავსი შტო - ”ე-ტრონი” გამოიყენებს, რომელიც სპეციალურად, ელექტრომობილების წარმოებისთვისაა შექმნილი და რომელიც ამ ინდექსით მოდელების მთელ გამას გამოუშვებს.

ელექტრონული ძრავების წარმოება, ”ფოლკსვაგენის” ზალცინგერის (გერმანია) ქარხანას დაევალება. პირველი ავტომობილი, რომელიც ამ ქარხანაში წარმოებულ ელექტროძრავებს გამოიყენებს, არის მინიავტომობილი E-UP, რომელიც მომავალი ”ლუპოს” ელექტრული ვერსია გახდება და რომლის სერიული წარმოებაც 2013 წელს დაიწყება.

ამ ავტომობილის კონცეპტუალური ვერსია ვოლფსბურგელებმა პირველად ფრანკფურტის შარშანდელ მოტორ შოუზე გვაჩვენეს. მისი სიგრძე 3.19 მეტრი, სიგანე 1.64 მეტრი, სიმაღლე 1.47 მეტრი, ბაზა კი 2.19 მეტრია. მასში 80 -ცხენისძალიან ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. მწარმოებლის განცხადებით, E-UP ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარემდე აჩქარებას 11.3 წამში შეძლებს, 50 კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის კი 3.5 წამია საკმარისი.

ცნობისათვის, ერთი თვის წინ, ”ჯენერალ მოტორსმა” გამოაცხადა, რომ ახალ საქმეში, რომლის მიზანიც ავტომობილებისათვის გამოსადეგი ელექტრული ძრავების წარმოებაა, 246 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს. ეს ინვესტიცია კი ბალტიმორის სატრანსმისიო ქარხნის მოდერნიზებას ითვალისწინებს, რომელიც ელექტროძრავების წარმოებას 2013 წელს დაიწყებს.