Thursday, April 15, 2010

”მაკლარენის” შეფი ”ბუგატი ვეირონს” ”საზიზღარ ღორს” უწოდებს

McLaren Boss Describes the Bugatti Veyron as "Pig Ugly"

15 აპრილი

”მაკლარენ ავტომოტივის” მთავარმა აღმასრულებელმა რონ დენისმა, ჟურნალ ”არაბიან ბიზნესთან” საუბრისას, ”ბუგატი ვეირონი” საკმაოდ უხამსად მოიხსენიალეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის მწარმოებელი კომპანიის და ფორმულა 1-ის გუნდის პატრონმა მსოფლიოს უძვირესი სერიული ავტომობილი ყველასათვის მოულოდნელი სიტყვებით დაახასიათა.

”შემიძლია ვთქვა, რომ ”ბუგატი ვეირონი” ნაგავია. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ ქალში შეიძლება მშვენიერების დანახვა, მაგრამ ”ბუგატი ვეირონს” როცა ვუცქერ, თავში მხოლოდ ერთი აზრი მომდის - ეს საზიზღარი ღორია. ”ვეირონი” ჩემთვის არაფერს წარმოადგენს. უკვე რამდენიმე წელია, ამ მანქანას ვხედავ და მისი ერთი ნაწილიც კი ვერ ვნახე ისეთი, რაც მომეწონება”, - ამბობს დენისი.

თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ”მაკლარენ ავტომოტივი” მალე დაიწყებს თავის სუპერ ავტომობილ MP4-12C-ის წარმოებას, რომელიც მართალია, ”ვეირონის” კლასის არაა, მაგრამ მაინც მის კონკურენტად მოიაზრება, შეიძლება დენისის ეს სიტყვები მეტოქის მისამართით ნასროლ ქვად ჩავთვალოთ. მაგრამ ასეთი განმარტება მაინც გასაოცარია.

დენისი კი ამას არ სჯერდება და ამბობს, რომ ”ვეირონის” დინამიკური მონაცემები არც ისეთი შთამბეჭდავია, როგორც საყოველთაოდაა მიჩნეული. თავისი შეხედულების გასამყარებლად, დენისს მაგალითად მოჰყავს სატელევიზიო გადაცემა ”ტოპ გიარის” მე-13 სეზონის მეორე ეპიზოდი, რომლის დროსაც, აბუ დაბიში ერთმანეთს ორი სუპერ ავტომობილი - ”ბუგატი ვეირონი” და ”მაკლარენ F1” შეაჯიბრეს.

”აბუ დაბიში ჩვენ ”ვეირონი” არაერთხელ დავამარცხეთ. როგორც ჩანს, გადამღები ჯგუფი ვარაუდობდა, რომ პირიქით იქნებოდა და ისინი გაწბილებულები დარჩნენ. დაახლოებით ათი ცდა დაგვჭირდა იმისათვის, რომ ”ვეირონს” კარგი სტარტი გამოსვლოდა და დაგვწეოდა. მანამდე კი, სტარტის ნიშანზე, მისი საბურავები ადგილზე სრიალებდნენ, როცა ჩვენი მანქანა წინ მიქროდა”, - ყვება დენისი.

”მაკლარენი” MP4-12C-ის წარმოებას მერმისს, წლის დასაწყისში დაიწყებს. დენისი თვლის, რომ ეს ავტომობილი მის კონკურენტებზე მსუბუქი, მძლავრი და კოხტაა და ამიტომ, თავის კლასში საუკეთესოა.

”ჯილიმ” თავისი ლიმუზინი გადააკეთა

Geely GE

15 აპრილი

პეკინის ავტო გამოფენაზე, უდიდესი ჩინური კერძო საავტომობილო კომპანია ”ჯილი”, რომელმაც ახლახანს შვედური ”ვოლვო” შეიძინა, თავისი პრემიუმ კლასის სედანის, GE-ს სახეშეცვლილ ვერსიას წარადგენს.

ცნობისათვის, ”ჯილიმ” ამ ავტომობილის პრემიერა შარშან, შანჰაის საერთაშორისო ავტო გამოფენაზე ჩაატარა. ავტომობილი ძლიერ ჰგავდა ”როლს როისის” სუპერ სედან ”ფანტომს”, რის გამოც, ინგლისურმა კომპანიამ ”ჯილი” პლაგიატში დაადანაშაულა და მას სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.

იმისათვის, რომ პრობლემები თავიდან აეცილებინა, ”ჯილიმ” გადაწყვიტა, რომ თავისი ლიმუზინისთვის გარეგნობა შეეცვალა. შედეგი ისეთია, როგორიც ”როლს როისს” აბსოლუტურად დააკმაყოფილებს - ახალი GE მომრგვალებული ფორმებით გამოირჩევა და ”ფანტომს” აღარაფრით მოგვაგონებს.

ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ”ჯილი” პეკინური გამოფენისთვის ინახავს.

პეკინში JAC-ი ”ტოიოტა iQ-ს” კონკურენტს წარადგენს

JAC Vision IV Concept

15 აპრილი

პეკინის საერთაშორისო საავტომობილო გამოფენაზე, ჩინური საავტომობილო კომპანია ”ძიანჰუაი ავტომობილი” (JAC) კონცეპტუალურ მინი ჰეჩბეკ ”ვიჟნ IV კონცეპტს” წარადგენს. ეს არის ახალი მინი ავტომობილის პროტოტიპი, რომელსაც გამონაბოლქვში CO2-ის მცირე შემცველობა აქვს.

ავტომობილი, რომლის დიზაინიც JAC-ის იტალიელმა დიზაინერებმა დაამუშავეს, გაბარიტებით ახლოსაა ”ტოიოტას” ცნობილ ჯუჯა iQ-სთან, რომლის ბაზაზეც ავტომობილის გამოშვებას მალე ”ასტონ მარტინიც” კი დაიწყებს.

ავტომობილი ელექტროძრავისა და მცირელიტრაჟიანი შიდაწვის ძრავის ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი, რაც ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და გარემოსაც ნაკლებად დააბინძურებს. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის შესახებ, რაიმე ტექნიკური მახასიათებლები არ ქვეყნდება.