”პორშეს” ჰიბრიდული სუპერ ვარსკვლავი
Porsche 918 Spyder Concept
13 მარტი


”918 სპაიდერი” გერმანული კომპანიის სარბოლ მოდელ RS-ის ბაზაზეა შექმნილი და ის ეგრეთ წოდებული პლაგ-ინ სისტემითაა აღჭურვილი, რომლის მეშვეობითაც, მისი აკუმულატორების ბლოკი ენერგიას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან ივსებს.
ამ ავტომობილის მთავარი აგრეგატია 3.4-ლიტრიანი ატმოსფერული V8 ძრავი, რომელიც 500 ცხენის ძალას ავითარებს. მასთან დაკავშირებულია 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი. შიდაწვის ძრავის გარდა, ჰიბრიდულ სისტემაში ორი ელექტროძრავიც შედის, რომელთაგან ერთი წინა ღერძს ემსახურება, მეორე კი - უკანას. მათი ჯამური სიმძლავრე კი 218 ცხენის ძალას შეადგენს. ამგვარად, ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე 718 ცხენის ზალას აღწევს.


ავტომობილის ძარა მთლიანად კარბონის კომპოზიტისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ის 1.49 ტონას იწონის. ეკონომიურ რეჟიმში მუშაობისას, ის 100 კილომეტრზე სულ რაღაც 3 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 70 გრამ СО2-ს გამოჰყოფს. ამასთან, მას მხოლოდ ელექტროძრავებით გადაადგილებაც შეუძლია. ოღონდ, აკუმულატორების ტევადობა საკმარისია მხოლოდ იმისათვის, რომ ასე ”918 სპაიდერმა” 25 კილომეტრი გაიაროს.
”918 სპაიდერი” სულ ოთხ რეჟიმში მუშაობს. ერთი რეჟიმი ელექტრომობილისაა. მეორე რეჟიმით მუშაობისას, საქმეში შიდაწვის ძრავიცაა ჩართული და ელექტროძრავებიც. ამასთან ელექტრონიკა თვითონ წყვეტს, როდის და რა ინტენსივობით გამოიყენოს ეს ძრავები.
მესამე რეჟიმი სპორტულია. ამ დროს, შიდაწვის ძრავის მაბრუნი მომენტის ძირითადი ნაწილი უკანა ღერძისკენაა მიმართული, ელექტრომოტორები კი ავტომობილის წევის დასაბალანსებლად გამოიყენება. დაბოლოს, მეოთხე, სარბოლი რეჟიმი. ამ დროს, ყველა ძრავი მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობს.
გარდა ამისა, ჰიბრიდული სუპერ ავტომობილი აქტიური აეროდინამიკური ელემენტებითაცაა აღჭურვილი. მაგალითად, გამოსაწევი ჰაერის ამღებებით, რომლებიც დიდი სიჩქარით მოძრაობისას, ძარის ქვეშ იმალება. სალონში ყურადღებას იქცევს მოსახსნელი საჭის რგოლი და მთლიანად სენსორულ ელემენტებზე აწყობილი ცენტრალური პანელი. ავტომობილს თანამედროვე სანავიგაციო სისტემაც ემსახურება.