Wednesday, May 18, 2011

წლის საუკეთესო ძრავის წოდება „ფიატ-ს“ ერგო

Fiat’s 0.9-Liter TwinAir Scoops the “International Engine of the Year 2011” Award

18 მაისი

საერთაშორისო კონკურს წლის საუკეთესო ძრავის ჟიურიმ, რომელშიც 36 ქვეყნის 76 საავტომობილო ჟურნალისტი შედიოდა, გამარჯვება „ფიატ-ის“ სერია „ტუინეარის“ ორცილინდრიან ძრავს მიანიჭა, რომლის მუშა მოცულობაც 0.875 ლიტრია. გარდა ამისა, ამავე აგრეგატმა წლის საუკეთესო ახალი ძრავის, საუკეთესო „მწვანე ძრავის“ და ერთ ლიტრამდე მოცულობის მქონე ძრავებში საუკეთესოს წოდებაც მოიპოვა.

სპორტულ და 4.0 ლიტრზე მეტი მოცულობის ძრავებს შორის, საუკეთესოდ „ფერარის“ 4.5-ლიტრიანმა V8 აგრეგატმა მოიპოვა, რომელიც 570 ცხენის ძალას ავითარებს და რომლითაც პოპულარული „458 იტალია“ არის აღჭურვილი.

1.0-დან 1.4 ლიტრამდე მოცულობის ძრავებში, პირველი ადგილი ზედიზედ მეორედ, „ფოლკსვაგენის“ 1.4-ლიტრიანმა აგრეგატმა მოიპოვა, რომელსაც ორი დამჭირხნი - მექანიკური და ტურბო, ემსახურება.

1.4-დან 1.8 ლიტრამდე ძრავებში საუკეთესოდ, ჟიურიმ „ბეემვესა“ და „პეჟო-სიტროენის“ მიერ ერთობლივად შემუშავებული 1.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი დაასახელა. ამ ძრავმაც ესოდენ საპატიო აღიარება ზედიზედ მეორედ მიიღო. ცნობისათვის, გამარჯვებული აგრეგატით, „მინის“ და ფრანგული კომპანიების ავტომობილებია აღჭურვილი.

ბავარიული კომპანიის ძრავებმა სამ კატეგორიაში გაიმარჯვეს. 1.8-დან 2.0 ლიტრამდე კატეგორიაში საუკეთესოდ, „ბეემვეს“ 2.0-ლიტრიანი დიზელის აგრეგატი დასახელდა, 2.5-3.0-ლიტრიან ძრავებში, ასევე „ბეემვეს“ 3.0-ლიტრიანი ტუინ-ტურბო დიზელი აღიარეს, 3.0-4.0-ლიტრიან აგრეგატებში კი, საუკეთესოდ ბავარიული M3-ის 3.0-ლიტრიანი V8 სცნეს.

2.0-დან 2.5-ლიტრიან ძრავებში, ზედიზედ მეორედ, საუკეთესო აგრეგატად „აუდის“ 2.5-ლიტრიანი ხუთცილინდრიანი აგრეგატი დასახელდა, რომელსაც ინგოლშტადტელები სპორტულ მოდელ TT RS-ის გაძლიერებულ ვერსიაზე იყენებენ.

ცნობისათვის, შარშან და შარშანწინ, წლის საუკეთესო ძრავის წოდებით „ფოლკსვაგენის“ 1.4-ლიტრიანი (ორმაგი ჩაბერვით) აგრეგატი დაჯილდოვდა. მანამდე სამი წლის განმავლობაში კი ამ საპატიო ჯილდოს მხოლოდ „ბეემვეს“ ძრავები ეუფლებოდნენ: 2006 წელს ეს იყო V10, რომლიტაც M5 და M6 მოდელებია აღჭურვილი, 2007 და 2008 წლებში კი საუკეთესო მათივე 2.0-ლიტრიანი ორტურბოიანი V8 გახდა.

„ლოტუსმა“ მოდელ „ელანის“ წარმოების დაწყება გადადო

Lotus postpones Elan production

18 მაისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ლოტუსმა“ გადაწყვიტა, გაურკვეველი დროით გადადოს მოდელ „ელანის“ წარმოების დაწყება. ამ ინფორმაციას ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგის“ ესპანურენოვანი ვერსია ავრცელებს, რომელმაც ის „ლოტუსის“ აღმასრულებელ დირექტორ დენი ბაჰარისგან მიიღო.

არადა, შარშან, პარიზის საავტომობილო გამოფენაზე, „ლოტუსმა“ ერთბაშად ხუთი კონცეპტუალური ავტომობილი წარადგინა და ზარზეიმით გვამცნო, რომ მათ დროტა განმავლობაში გამოიტანს ბაზარზე. კონცეპტუალური „ელანი“ 4.2-ლიტრიანი ტურბოკომპრესორიანი V6 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი მეშვეობით, ამ ავტომობილს ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 3.5 წამში შეუძლია.

ბაჰარის განმარტებით, კონცეპტუალური „ელანი“, თავისი მახასიათებლებით ახლოსაა სერიულ „ევორასთან“ და ამდენად, დიდი ალბათობით, მისი კონკურენტი შეიძლება გახდეს. არადა, „ელანი“ ბაზარზე 2013 წელს უნდა გამოსულიყო. მაგრამ ახლა ამ ავტომობილის მომავალი გაურკვეველია.

ბაჰარმა ასევე დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ლოტუსი“ რვაცილინდრიანი ძრავის შემუშავებას აპირებს, რომლებსაც თავის ახალ მოდელებზე - „ესპრიტზე“, „ელიტსა“ და შესაძლოა, „იტერნზეც“ გამოიყენებს. ამ აგრეგატის შემუშავებას გერმანულ ტიუნინგ ატელიე AMG-ს ყოფილი ინჟინერი (გვარი არ სახელდება) ხელმძღვანელობს, რომელიც თავის დროზე, „პაგანი ძონდასთვის“ განკუთვნილ V12 და „მერსედეს ბენც SMS AMG-სთვის“ განკუთვნილ V8 ძრავების შექმნას უძღვებოდა.

ბაჰარის ინფორმაციით, ახალი V8 ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 550 ცხენის ძალას მიაღწევს და მას ისეთი დამახასიათებელი ხმა ექნება, რომ მაშინვე „შეგიყვარდებათ“. სავარაუდოდ, მას მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება. გარდა ამისა, ბაჰარი „ესპრიტის“ და „ელანის“ რობოტიზებული ტრანსმისიით და ორდისკოიანი ქუროთი აღჭურვას გამორიცხავს. მისი თქმით, ეს სისტემები ავტომობილებს მეტისმეტად დაამძიმებს და გააძვირებს.

ახალი „ესპრიტისდ“ სერიული ვერსიის პრემიერა ჟენევის მომავალ ავტო შოუზე გაიმართება. პარალელურად, „ლოტუსი“ თავისი ორი ძირითადი მოდელის - „ელისის“ და „ექსიჯის“ განახლებაზეც ზრუნავს. მათი განახლებული ვერსიები, ახლანდელებზე კომფორტულები გახდება და ისინი ყოველდღიური ხმარებისთვის მოსახერხებლებიც იქნება.