Tuesday, February 9, 2010

”ცენვო ST1” – ”ბუგატი ვეირონის” კიდევ ერთი მეტოქე

Zenvo ST1

7 თებერვალი

სერიულ ავტომობილებს შორის, მაქსიმალური სიჩქარის რეკორდი რატომღაც ისევ ”ბუგატი ვეირონს” ეკუთვნის. მართალია, ეს რეკორდი (407.9 კმ/სთ) რამდენჯერმე გაუმჯობესდა, მაგრამ რამდენად გასაკვირიც უნდა იყოს, მიღწევა ისევ ლეგენდარული მარკის ავტომობილს რჩება. ალბათ იმიტომ, რომ მისი მჯობნი ავტომობილები მხოლოდ ერთჯერად გაელვებას ახერხებდნენ და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მათი თუნდაც მცირე რაოდენობით წარმოება ვერ ხერხდებოდა.

და აი, გამოჩნდა კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც ”ვეირონისთვის” რეკორდის ჩამორთმევა შეუძლია. ამჯერად ”მეფის ჩამოგდება” დანიურ მცირე კომპანია ”ცენვოს” შეუძლია, რომელმაც ”იერიშისათვის” სპორტული სუპერ ავტომობილი ST1 მოამზადა. ეს ავტომობილი ტექნიკური მონაცემებით ”ვეირონს” სჯობს, თუმცა ყოვლისმომცველი ტესტები ჯერ არ გაუვლია, რის გამოც, მის რეკორდს ჯერ მხოლოდ პოტენციურად ”ემუქრება”.

ორი სიტყვა ”ცენვო ST1-ის” გარეგნობაზე ვთქვათ: პირველ რიგში, აღნიშვნას მისი აგრესიული დიზაინი იმსახურებს. რადიატორის უზარმაზარი ბადე, მის ორივე კიდეში მოთავსებული ორი ლაყუჩი, რომლებიც გრილი ჰაერით სამუხრუჭე სისტემას ამარაგებს და ფარების ფოსოები, რომლებიც რადიატორის მსგავსი ბადითაა დაფარული - ყველაფერი ეს ავტომობილის მტაცებლურ ხასიათზე მეტყველებს.

იგივე თემა ძარის აბსოლუტურად ყველა ნაწილშია შესამჩნევი - პროფილირებული გვერდები და მათში ჩაყოლებული ”სასუნთქები”, რომლისთვისაც ადგილი ავტომობილის უკანა საყრდენშიც კი მოიძებნა (ეს ალბათ ტურბოკომპრესორისთვის). უკან კი სურათს დასრულებულ სახეს ისევ უცნაურ ბადეში ჩასმული მრგვალი სტოპ-ფარები, იმავე ბადეში მოთავსებული გამოსაბოლქვი მილები და დიდი ზომის ფსევდო დიფუზორი აბოლოვებს. ჰო, მართლა, ”ფერარის” სტილში, კაპოტის სივრცე გამჭვირვალე შუშითაა დაფარული. ასე რომ, ამ მონსტრის შიგნეულობის დათვალიერება გარედანვე შეიძლება.

მონსტრის თემას ამ ავტომობილის აღჭურვილობაც აგრძელებს - ”ცენვო ST1” მოძრაობაში 7.0-ლიტრიან V8 კონფიგურაციის აგრეგატს მოჰყავს, რომელსაც ერთდროულად, მექანიკური დამჭირხნიც ემსახურება და ტურბოკომპრესორიც. ასეთი გადაწყვეტის მიზანი ადვილი ასახსნელია - ტურბოკომპრესორს გაზზე დაგვიანებული რეაქცია ახასიათებს და მისი ”ჩავარდნების” გამოსასწორებლად, მექანიკური დამჭირხნი მუშაობს. ამგვარად, მაბრუნი მომენტის ზრდის მრუდი სასურველ ფორმას იძენს და ავტომობილიც ყოველგვარი მოულოდნელი ჩავარდნების გარეშე ახერხებს აჩქარებას.

ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე წარმოუდგენელ მაჩვენებელს - 1104 ცხენის ძალას აღწევს, მისი მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 1430 ნიუტონმეტრია. შედარებისთვის, ”ვეირონის” შესაბამისი მონაცემები ”მხოლოდ” 1001 ცხ.ძ და 1250 ნმ-ია. რა დრო დადგა, მილიარდერების საყვარელი სათამაშოს ათასცხენიანი რემა გვეცოტავება... რა თქმა უნდა, არ გვეცოტავება, მაგრამ სიმძლავრის მხრივ, ”ცენვომ” უკვე შეძლო ”ვეირონის” დაჩაგვრა.

საინტერესოა, რომ დანიური სუპერ ავტომობილის ძრავს არამარტო ბენზინზე, არამედ ბიოსაწვავზე მუშაობაც შეუძლია. თანაც ისეთზე, რომელშიც ბენზინის შემცველობა მინიმალურია. ესაა Е85, რომელიც 85 პროცენტ ეთანოლს და დანარჩენ ბენზინს შეიცავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა რაოდენობით საწვავი სჭირდება ამ მონსტრს 100 კილომეტრის გასავლელად.

ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, რომელიც იმ გათვლითაა შემუშავებული, რომ ძრავის მიერ გამომუშავებული უზარმაზარი მაბრუნი მომენტი ეფექტურად აითვისოს და მათი გადამუშავებისას, არ დაიშალოს. ძრავისა და კოლოფის ამ ტანდემის მეშვეობით, ”ცენვო ST1-ს” ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 3 წამზე ნაკლებში შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტემპერამენტით ის სუპერბაიკებსაც კი შეეჯიბრება.

გარეგნობიდან და მისი ტექნიკური მონაცემებიდან გამომდინარე, შეიძლება გვევარაუდა, რომ ”ცენვო ST1-ს” ინტერიერი სპარტანულად გაწყობილი უნდა იყოს. მაგრამ არა! დანიურ კომპანიაში ჩათვალეს, რომ ავტომობილის წონის შესამცირებლად, კომფორტზე უარის თქმა არ ღირს. ბოლოსდაბოლოს, ეს არც ”ბუგატიმ” გააკეთა! მათაც ავტომობილი არამარტო კონდიციონერით, არამედ მულტიმედიური სისტემითაც აღჭურვეს, რომლის მთავარი ნაწილიც ცენტრალური მონიტორია. ამ მონიტორზე შეიძლება იმ ვიდეოკამერიდან მიღებული გამოსახულების ნახვაც, რომელიც უკანა ხედვის სარკის მოვალეობას ასრულებს. ელექტრონიკით შეიძლება სპორტული სავარძლების და საჭის მექანუზმის დარეგულირება, ძრავის გაშვება კი საჭესთან არსებული ღილაკით ხდება.

სხვათა შორის, სალონში გამოყენებული ხელსაწყო მაჩვენებლები ძალიან ჰგავს ”პორშეს” შესაბამის ელემენტებს. თავად კომპანიის ემბლემა კი რაღაცით ”ლამბორგინისას” ჰგავს. თუმცა ეს წვრილმანებია, რომლებზეც ყურადღების გამახვილება არც ღირს. მთავარია, რომ ამ ავტომობილით, ”ცენვოს” თავისუფლად შეუძლია იამაყოს - ის ხომ მსოფლიოს უსწრაფეს ავტომობილთან შეძლებს გაჯიბრებას და მთავარი სწორედ ესაა. თანაც, ეს ხომ პირველი დანიური სუპერ ავტომობილია...

კომპანიის შტაბ-ბინა კოპენჰაგენის სიახლოვეს მდებარეობს. ”ცენვო აუტომოტივის” სპეციალისტებმა ST1-ზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყეს და მართალია, მის დასრულებას დიდი დრო მოანდომეს, სამაგიეროდ, თავის კლიენტს სრულყოფილი ”მხეცი” მოუმზადეს, რომლის ყიდვისგან თავის შეკავებაც, ”რჩეულთა” ამა ქვეყნისათა ძალიან გაუჭირდებათ.

ჯერჯერობით, ამ ავტომობილს ყველა ტესტი გავლილი არ აქვს და ალბათ ესეცაა იმის მიზეზი, რომ მისი მაქსიმალური სიჩქარის შესახებ მონაცემები არ ქვეყნდება. რა ღირს ეს დანიური ქმნილება, ინფორმაცია ჯერჯერობით არც ამის შესახებ ვრცელდება. სამაგიეროდ, კომპანია აცხადებს, რომ მხოლოდ 15 ცალი ST1-ის დამზადებას აპირებს. თუმცა ვინ იცის, თუ მოთხოვნა იქნა, შესაძლოა, წარმოების მოცულობაც გაიზარდოს.