Saturday, April 17, 2010

”რენომ” ელექტრომობილები კონვეიერისთვის მოამზადა

Renault Fluence Z.E. and Kangoo Van Z.E.

17 აპრილი

”რენომ” პრაქტიკულად დაასრულა სერიული წარმოებისთვის ორი ელექტრომობილის - ”ფლუენს Z.E.-ს” და ”კანგუ ვა Z.E.-ს” მომზადება. ამ ორი ავტომობილის სახელწოდებაში აღნიშვნა Z.E. ნულოვან გამონაბოლქვს აღნიშნავს, რაც ელექტრომობილებისთვისაა დამახასიათებელი.

სედანი ”ფლუენს Z.E.” ევროპული კლასიფიკაციით С კლასში ერთ-ერთი პირველი ავტომობილია, რომელსაც ელექტროძრავი ამუშავებს. მისი მთავარი აგრეგატის სიმძლავრე 94 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 226 ნიუტონმეტრია. ძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელიც თავის მხრივ, შევსებას ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ქსელიდან ღებულობს.

აკუმულატორები სრულად 6-7 საათში იმუხტება, მათი მეშვეობით კი ავტომობილის სვლის სიშორე 160 კილომეტრს აღწევს. ამასთან, ფრანგული კომპანია მალე მას სწრაფი დამუხტვის სისტემითაც აღჭურვავს, რომლის მეშვეობიტაც, ენერგიის სრულად შევსება ნახევარ საათში მოესწრება.

”ფლუენს Z.E.-ს” ფრანგული კომპანიის თურქული, ქალაქ ბურსას ქარხანა გამოუშვებს.

რაც შეეხება ”კანგუ ვა Z.E.-ს”, ის აღჭურვილია 59-ცხენისძალიანი ელექტროძრავით, რომლის მომენტიც 226 ნიუტონმეტრს აღწევს. სვლის სიშორე ამ შემთხვევაშიც 160 კილომეტრია.

სხვათა შორის, ორივე ელექტრომობილის შეკვეთა ევროპაში უკვე შესაძლებელია. შეკვეთების შესრულებას კი ”რენო” მერმისიდან შეუდგება.

ახალი ”ბრილიანს BS2-ის” დებიუტი პეკინში შედგება

Brilliance BS2

17 აპრილი

პეკინის საერთაშორისო მოტორ შოუსთვის, ჩინურმა საავტომობილო კომპანია ”ბრილიანსმა” თავისი კომპაქტურ ჰეჩბეკ BS2-ის ახალი ვერსია მოამზადა. ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები თვლიან, რომ პეკინში წარმოდგენილ შესაბამისი სეგმენტის ავტომობილებს შორის, ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ექსპონატი იქნება.

ახალი ”ბრილიანს BS2” თანამედროვე, მიმზიდველი დიზაინით და ფასთან მიმართებაში, აღჭურვის საკმაოდ კარგი დონით გამოირჩევა. განახლებულ ავტომობილს შეცვლილი ფორმის წინა და უკანა ბამპერები აქვს. მისი რადიატორი კი მოქრომილი დეკორითაა შემკული.

ახალი ჰეჩბეკის სალონი ხარისხიანი მასალითაა გაწყობილი და უფრო კომფორტულიცაა, ვიდრე მისი წინამორბედი. ავტომობილისთვის ძველი მოტორებია გათვალისწინებული, რომელთა მუშა მოცულობა 1.3, 1.5 და 1.8 ლიტრია.

”ოპელ მერივა” ჯანმრთელობისთვის სასარგებლოაო

Opel Meriva

17 აპრილი

ხერხემლის ჯანმრთელობის საკითხზე სპეციალიზებულ ექიმ თერაპევტთა ასოციაციამ, ”ოპელის” ახალი ”მერივა” ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიიჩნია და მისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გასცა. ახალი ”მერივას” ერგონომიკის გასაუმჯობესებლად, გერმანული კომპანიის ინჟინრებმა მძღოლის და მგზავრების სავარძლები, ზურგის საყრდენი სპეციალური საშუალებებით აღჭურვეს.

ახალი ავტომობილის სავარძლებს გააჩნია სამი სისტემა, რომლებმაც მძღოლის და მგზავრების ზურგისთვის მოხერხებული გარემო უნდა უზრუნველყოს. ერთია სისტემა ”ფლექსსპეისი”, რომელიც უკანა სავარძლებისთვისაა, მეორე სისტემაა ”ფლქსდორზ”, რომელიც წინა და უკანა კარებებს ერთმანეთის საპირისპიროდ ხსნის და ამით, მანქანაში ჩაჯდომასა და იქიდან გადმოსვლას მოსახერხებელს ხდის. მესამე სისტემას კი სპორტული ყაიდის სავარძლების ერგონომიკა წარმოადგენს.

ოპციის სახით, მყიდველს შეუძლია სისტემა ”ფლექსფიქსის” შეძენა, რომელიც ველოსიპედისთვის განკუთვნილ სპეციალურ საბარგულს წარმოადგენს. ამ სისტემის ერგონომიულობა იმაში მდგომარეობს, რომ აღარ იქნება საჭირო ველოსიპედის სახურავის საბარგულზე დამაგრება, რის დროსაც, მანქანის პატრონს შეიძლება ზურგის კუნთი დაეჭიმოს.

”ოპელი” აცხადებს, რომ ის სულ მეორე ავტომწარმოებელია, რომელმაც ზემოთ დასახელებული ასოციაციის სერტიფიკატი მიიღო. პირველი იყო პრემიუმ სეგმენტის გერმანული კომპანია, რომლის დასახელებისგანაც რუსელსჰაიმელები თავს იკავებენ.

”მინოტაურო” - პირველი ელექტრული ”ლამბორგინი”

Minotauro, the First Electric Lambo

17 აპრილი

პრინციპში, ეს ჯერ მხოლოდ სტუდენტური პროექტია, რომელიც მილანის დიზაინის პოლიტექნიკური სკოლის სტუდენტმა ანდრეი ავარვარიიმ, ”ლამბორგინის” მთავარი იჟინრის, ფილიპო პერინის მეთვალყურეობით შექმნა. მაგრამ რა გარანტიაა იმისა, რომ იტალიური კომპანია მალე მსგავს ელექტრომობილს თავის მყიდველს არ შესთავაზებს? თანამედროვე ავტოინდუსტრიაში ხომ ყველაფერი ძალიან მოულოდნელად და სწრაფად ხდება...

პროექტის მიხედვით, ”მინოტაურო” (მინოტავრი) არის ელექტრომობილი, რომელიც მამოძრავებელ ძალას ოთხი ასინქრონული ელექტროძრავისგან ღებულობს. იმ ძრავების სიმძლავრე, რომლებიც წინა ბორბლებს ინდივიდუალურად ემსახურებიან, 75 ცხენის ძალაა, უკანებისა კი - 175 ცხენის ძალა. ოთხივეს ჯამური სიმძლავრე 500 ცხენის ძალა გამოდის.

გარდა ამისა, ავტომობილი ასევე აღიჭურვება ენერგიის რეკუპერაციის სისტემით (კერს-ი) და ლითიუმის ბრტყელი აკუმულატორების ბლოკით, რომლის გასაგრილებლადაც, იმ ადგილას, სადაც ჩვეულებრივ ავტომობილებში კაპოტია ხოლმე, ავტომობილს ჰაერის სამკუთხა ამღებები აქვს განლაგებული.

რამდენადაც შიდაწვის V12 ძრავის ადგილი გამოთავისუფლდა, პროექტის ავტორმა ჩათვალა, რომ უმჯობესი იქნებოდა, თუ ამ სივრცეს სალონში მესამე სავარძლისთვის გამოიყენებდა. ამ ადგილზე მოთავსება პირველი მგზავრის მხრიდან შეიძლება. ჰო, ამის ართქმა დანაშაული იქნებოდა - ”მინოტაუროს” იტალიური ფირმის სტილის კარი აქვს, რომელსაც საყრდენი წინ აქვს და რომელიც ქვევიდან ზევით იხსნება. ერთი შეხედვით, ავტომობილი კომპაქტურის შეხედულებას ტოვებს, მაგრამ რეალურად, ის საკმაოდ დიდია. მისი სიგრძე 4604 მილიმეტრია. ანუ, ”მურსიელაგოზე” 6 მილიმეტრით მოკლე.

სანამ პროექტს დაიწყებდა, სტუდენტმა ”ლამბორგინისგან” სამი დავალება მიიღო, რომლებმაც არამხოლოდ ავტომობილის გარეგნობა, არამედ მისი ტექნიკური მხარე და პრაქტიკულობაც განაპირობეს. ესთეტიკური მხარე გულისხმობდა იმას, რომ დიზაინერს ”ლამბოს” თანამედროვე სტილისთვის მომრგვალებული ფორმები უნდა მიესადაგებინა. ტექნიკური დავალება ელექტრომობილის შექმნას ითვალისწინებდა. პრაქტიკულობა კი იმას გულისხმობს, რომ ასეთი ავტომობილის 2020 წელს გამოშვება უნდა იყოს შესაძლებელი.

თავად ავარვარიი კი იმედოვნებს, რომ ეს ავტომობილი ”პლეი სტეიშნის” შემდეგი თაობის თამაშში მოხვდება, რომელიც მოთამაშეს, ჯოისტიკის დახმარებით, რეალურ ტრასაზე რბოლის საშუალებას მისცემს...