Monday, November 30, 2009

”ფოლკსვაგენ პოლო” წლის საუკეთესო ავტომობილია
Car of the Year 2010: VW Polo
30 ნოემბერი”ფოლკსვაგენ პოლო” წლის საუკეთესო ავტომობილი გახდა. ვოლფსბურგულმა სუბკომპაქტურმა ჰეჩბეკმა სულ ათი ქულით აჯობა ”ტოიოტას” ჯუჯა iQ-ს. ამ ორმა ავტომობილმა შესაბამისად, 347 და 337 ქულა დააგროვა, მესამეზე კი ”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა” გავიდა, რომელსაც ჟიურის წევრებმა 221 ქულა აკმარეს.
კონკურსის ჟიურის წევრ-ჟურნალისტთა უმეტესობამ ახალ ”პოლოს” დაპატარავებული ”გოლფი” უწოდა. თუმცა ამ პატარა ჰეჩბეკმა ”ფოლკსვაგენის” ბესტსელერზე (გოლფზე) მეტს მიაღწია - შარშანდელ კონკურსში ”გოლფი” მესამე ადგილს დასჯერდა, პოლო კი ბოლო 18 წელიწადში პირველი ”ფოლკსვაგენია”, რომელიც ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად აღიარეს. ვოლფსბურგული სახალხო ავტომობილებიდან, ბოლოს ეს საპატიო წოდება 1992 წელს მესამე თაობის ”გოლფს” ერგო.
”პოლოსთვის” ქულები კონკურსის ჟიურის 59 წევრიდან ყველამ გაიმეტა, მათგან 25-მა ის პირველ ადგილზე დააყენა. შედარებისთვის, iQ-ს ქულები ჟიურის 58-მა წევრმა დაუწერა, მათგან 20-მა კი ის საუკეთესოდ მიიჩნია. ”ასტრას” ქულები 55-მა ჟურნალისტმა დაუწერა, რომელთაგან მისთვის პირველი ადგილი მხოლოდ ხუთმა გაიმეტა.
მართალია, ახალი ”პოლო” B სეგმენტში თავის ბევრ კონკურენტზე მოკლეა, მასში მაინც ოთხი ზრდასრული ადამიანი კომფორტულად თავსდება. კომფორტს განაპირობებს საკმაოდ მოზრდილი (ამ სეგმენტისთვის) სალონი, დინამიურობა და ბარგისთვის საკმაოდ დიდი ადგილი. ”პოლო” თავისი დახვეწილი გარეგნობითაც გამოირჩევა და როგორც ჟიურიმ აღნიშნა, ამ პატარა ავტომობილს თავისი სეგმენტისთვის უჩვეულოდ მაღალ დონეზე შესრულებული სალონი აქვს.
რა თქმა უნდა, ახალი ”პოლო” შესაშური კონომიურობითაც გამოირჩევა. ვოლფსბურგელები ”პოლოს” მყიდველს ძრავების ფართო არჩევანს და სეკვენტალურ გადაცემათა კოლოფს (DSG) სთავაზობენ, რომელიც ძრავს ორდისკოიანი ქუროთი უკავშირდება. ახალ ”პოლოს” საუკეთესოდ მიესადაგება ახალი, 1.6-ლიტრიანი ტურბოდიზელი (Tdi). ბენზინზე მომუშავე აგრეგატებს შორის კი ყველაზე გამორჩეული 1.2-ლიტრიანი ბენზინის ტურბოძრავია (TSI), რომელიც საკმარის სიმძლავრესაც გამოიმუშავებს და ეკონომიურობითაც გამოირჩევა.
ყველაზე ეკონომიური კი სერია ”ბლიუ მოუშნის” სამცილინდრიანი, 1.2-ლიტრიანი დიზელია, რომელიც 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რაც მთავარია, ასი კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 3.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. თანაც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში სულ რაღაც 87 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.
რაც შეეხება დანარჩენ ოთხ ავტომიბილს, მათ შორის ადგილბი ასე განაწილდა: 158 ქულით, მეოთხე ადგილზე ”შკოდა იეტი” (ოთხი პირველი ადგილი) გავიდა. 155 ქულით (ორი პირველი ადგილი), შემდეგი ”მერსედესის” E-კლასის სედანია. მეექვსეზე ”პეჟო 3008” გავიდა (ორი პირველი ადგილი), რომელსაც 144 ქულა მოუგროვდა. 133 ქულით კი (ერთი პირველი ადგილი), მეშვიდეზე ”სიტროენ C3 პიკასო” გავიდა.
ტრადიციისამებრ, ჟიურის 59-ვე წევრს, რომლებიც ევროპის წამყვანი საავტომობილო ქვეყნების პოპულარული ავტოგამოცემებს წარადგენენ, გასანაწილებლად 25-25 ქულა ეძლევათ. აქედან ერთი ავტომობილისთვის მაქსიმუმ 10 ქულის მიკუთვნებაა შესაძლებელი. ჟიურიში ყველაზე მეტი - 6 წევრი გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, იტალიასა და ესპანეთს ჰყავთ.
შეგახსენებთ, რომ შარშან ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი ”ოპელ/ვოქსჰოლ ინსინია” გახდა, რომელმაც 321 ქულა დააგროვა და მხოლოდ ერთი ქულით აჯობა მეორეზე გასულ ”ფორდ ფიესტას” (ესეცB სეგმენტის ავტომობილია). მესამეზე, როგორც უკვე ითქვა, ”ფოლკსვაგენ გოლფი” (223 ქულა) გავიდა.
F999 - ფორმულას ტიპის ავტომობილი აბუ დაბის პოლიციისთვის
Abu Dhabi F999 Police Car
30 ნოემბერიაბუ დაბიმ წელს პირველად უმასპინძლა ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ეტაპს და ამ მოვლენის აღსანიშნავად, მალე ქალაქში ფორმულას ტიპის ღიაბორბლებიანი საპოლიციო მანქანა დაიქყებს პატრულირებას. აბუ დაბის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, F999-ის დანიშნულება სულაც არაა დამნაშავეების დევნა. სამაგიეროდ, მისი დანიშნულება მოძრაობის უსაფრთხოების პროპაგანდაა.
ავტომობილს აქვს წარწერა - ”ჩვენ თქვენს უსაფრთხოებას უსწრაფესი გზით უზრუნველვყოფთ”. წარწერა ავტომობილის ტანის იმ ადგილზეა დატანილი, რომლის შიგნითაც ძრავია მოთავსებული.
F999-ის გარდა, აბუ დაბის პოლიციის განკარგულებაში ასევე გადავიდა მოტოციკლი ”ფალკონი”, რომელიც ემირატების პოლიციისთვის სპეციალურად მოამზადა ამერიკაში მეტად პოპულარულმა საოჯახო კომპანია ”ორენჯ ქაუნთი ჩოპერსმა”, რომელმაც ტელეარხ ”დისქავერის” გადაცემა ”ამერიკული მოტოციკლის” მეშვეობით გაითქვა სახელი. მოტოციკლის დამზადებისას, ავტორებმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების სიმბოლიკა და არაბული კულტურის ელემენტები გამოიყენეს.
ამ მანქანების გარდა, ამიერიდან, აბუ დაბის პოლიცია სხვა ავტომობილებსაც გამოიყენებს - უსაფრთხოების პროპაგანდისთვის, პოლიციელები ისეთ სპორტულ ავტომობილებს გამოიყენებენ, როგორებიცაა ”შევროლე კამარო” და ”ნისან GT-R”. ისევე როგორც F999 და მოტოციკლი ”ფალკონი”, ეს ავტომობილებიც აბუ დაბის პოლიციის ფერებში გაწყობილნი ივლიან.
”ტატა” ჰიბრიდულ ”ნანოსაც” გამოუშვებს
Tata Plans Hybrid Nano
30 ნოემბერისაქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ინდურ ავტომწარმოებელ ”ტატას” არამხოლოდ მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის წარმოების სახელის დამკვიდრება სურს, არამედ მსოფლიოს ყველაზე იაფი ჰიბრიდული ავტომობილისაც. ამაზე მიგვითითებს კომპანიის მფლობელ რატან ტატას ინტერვიუ, რომელიც მან კორეულ ”მაეილ ბიზნეს ნიუსპეიპას” მისცა.
რატან ტატა ამბობს, რომ ინდოეთში იაფფასიან ავტომობილებზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა, ვიდრე დიდსა და ძვირ ავტომობილებზე. თუმცა მას მიაჩნია, რომ მალე იაფფასიანი ავტომობილების ”რევოლუცია” მთელ მსოფლიოს მოედება. ის დარწმუნებულია, რომ საავტომობილო მრეწველობის მომავალი ეკონომიურსა და გარემოსადმი მეგობრულ ავტომობილებზეა დამოკიდებული. ამიტომ, ის არ გამორიცხავს ”ნანოს” ბაზაზე ჰიბრიდული მოდელის წარმოებას.
”ნანო” სულ რაღაც 2 700 დოლარამდე ღირს. ”ტატამ” მისი მყიდველისთვის მიწოდება ივლისში დაიწყო. გარდა ამისა, რატან ტატა არ მალავს, რომ მისი კომპანია მსუბუქ პიკაპ ”ეისის” ექსპორტზე გატანას აპირებს. ამ ავტომობილისთვის პირველი საექსპორტო ბაზარი სამხრეთ კორეა გახდება, სადაც ”ტატას” უკვე გააჩნია საწარმო.
ისევე როგორც სხვა წარმატებული ბიზნესმენები, რატან ტატაც თავისი ბიზნესის გაფართოებასა და დივერსიფიკაციაზე ზრუნავს. კერძოდ, მისმა კომპანიამ მოღვაწეობა ბიოტექნოლოგიისა და ბიოინჟინერიის დარგშიც დაიწყო. გარდა ამისა, ”ტატა” ახლო მომავალში, აშშ-სა და ვიეტნამში აპირებს ინვესტირებას. რა თქმა უნდა, კომპანია საავტომობილო ბიზნესში ინვესტირებასაც გააგრძელებს. ასევე სასტუმროების, ელექტრონიკის და ბიოსაწვავის წარმოების საქმეშიც ჩაერთვება.

Sunday, November 29, 2009

”ბენტლი” ორ ახალ იაფფასან ავტომობილს გამოუშვებს
Bentley Working On Shooting Brake And Crossover Models
29 ნოემბერისულ ორიოდე წლის წინ, ”ბენტლის” ხელმძღვანელობა იმით იყო შეშფოთებული, რომ გაყიდვების წლიურმა მოცულობამ 10 000 ცალს მიაღწია. შიშის საბაბი კი ის იყო, რომ გაყიდვების შემდგომი ზრდა მარკის იმიჯს შელახავდა და მას ადვილად მისაწვდომს გახდიდა.
მაგრამ დღეს სიტუაცია რადიკალურადაა შეცვლილი და კომპანიის ხელმძღვანელობა იმითაც ბედნიერი დარჩება, თუ გაყიდვები 6 000-ს გასცდება. ამის მისაღწევად კი მათ გამოსავლის ძიება დაიწყეს. ასეთად კი შეიძლება საწარმოო პროგრამის გაფართოება იქცეს. ”ბენტლიც” სწორედ ამას აპირებს - მალე მის სამოდელო გამას ორი ახალი ავტომობილი შეავსებს. ესენია ეგრეთ წოდებული შუტინგ ბრეიკი, ანუ მომცრო სამკარიანი ჰეჩბეკი და ქროსოვერი.
რაც მთავარია, ორივე ავტომობილი, ”ბენტლისთვის” საკმაოდ დაბალ საფასო სეგმენტში მოექცევა. კერძოდ, მათი ღირებულება 110 000-დან 130 000 დოლარამდე იქნება. დაახლოებით ორტონანახევრიანი ავტომობილები კი V8 კონფიგურაციის ძრავებით აღიჭურვება.
შუტინგ ბრეიკი ოთხადგილიანი, სპორტული გარეგნობის ავტომობილი უნდა იყოს. ქროსოვერი კი ხუთადგილიანი იქნება და ის ”აუდი ოლროუდის” ბაზაზე დამზადდება. სავარაუდოდ, ორივე ავტომობილი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომელიც წინასწარ გაივლის მოდიფიკაციას, რის შემდეგაც, მისი მაბრუნი მომენტი გაიზრდება.
სავარაუდოდ, ორი ახალი ავტომობილის წარმოება 2014 წელს დაიწყება და კომპანია ორივეს საერთო ჯამში, წლიურად 7 500 ცალს დაამზადებს.
ხუთი ვარსკვლავი ახალ ”ოპელ ასტრას”
New Opel Astra Gets Five Stars
29 ნოემბერიახალმა ”ოპელ ასტრამ” შესანიშნავი სტარტი აიღო - ხვალ შეიძლება მან წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მიოიპოვოს, მაგრამ მანამდე ერთი აღიარების მიღება უკვე მოასწრო - ევროპის უსაფრთხოების ორგანიზაცია ”ევრო NCAP-მა” მას უსაფრთხოების მხრივ, ხუთი ვარსკვლავი მიანიჭა.
სრულმასშტაბიანი სატესტო პროგრამის გავლის შემდეგ, ”ევრო NCAP-მა”” ახალ ”ასტრაში” ყველაზე მეტად ავტომობილის სავარძლების თავის აქტიური დამჭერები დააფასა. ამ დეტალმა ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა იმ ავტომობილებს შორის, რომლებიც კი ოდესმე ”ევრო NCAP-ს” გამოუცდია. ამ სისტემის კიდევ ერთი ღირსება ისაა, რომ მისი გამოყენების შემდეგ, ის სადილერო მომსახურების გარეშე, თავადვე ახერხებს გამართვას.
ახალმა ”ასტრამ” ასევე უმაღლესი შეფასება მიიღო პირდაპირი დაჯახებისას სალონში მსხდომთა დაცვის კუთხითაც. დამატებითი ქულები ავტომობილმა ”სტაბილურობის კონტროლის ელექტრონული სისტემის” გამოც დაიმსახურა. ეს სისტემა მუდმივად აკონტროლებს გზის საფარს და მის კონდიციას და საშიშროების შემთხვევაში, ავტომობილის მართვის საშუალებებს მოსრიალების გამორიცხვაში ეხმარება.
”ასტრას” სალონი გარშემორტყმულია მტკიცე ფოლადისგან დამზადებული სტრუქტურებით, რომლებიც შეჯახებისას დეფორმირდება და ასე, შეჯახების დროს გამოყოფილი ენერგიის დიდ ნაწილს შთანთქავს, რითაც ალონში მყოფთ იცავს. სალონსა და დამცავ სტრუქტურებს შორის კი ეგრეთ წოდებული სადეფორმაციო ზონები მდებარეობს.
ახალ ”ასტრაზე” გამოყენებული, უსაფრთხოების კიდევ ერთი ახალი სისტემა სავარძლების დამცავი ღვედების ორსაფეხურიანი დამჭიმებია. შეჯახების დროს, ეს სისტემა მძღოლის და მგზავრების ბარძაყებს სავარზლის სტრუქტურაზე აფიქსირებს, რის შედეგადაც, საჭირო აღარაა უფრო ძვირადღირებული სამუხლე აირბალიშების გამოყენება. სალონში ისედაც ექვსი აირბალიშია. გარდა ამისა, წინა სავარძელზე შესაძლებელია საბავშვო სავარძლის დამაგრება. სპეციალური სისტემა მძღოლს იმ შემთხვევაში აფრთხილებს, თუ მას ღვედები შეკრული არ აქვს. მძღოლის განკარგულებაშია სისტემა ABS, ტრექშნ კონტროლი, წინა ადაპტირებადი მაშუქები და სამუხრუჭე ადაპტირებადი მანათობლები.
”ევრო NCAP-ის” ტესტირების პროცესში ოთხ ძირითად პარამეტრს აფასებენ. ესენია: ზრდასრული მგზავრების დაცვა, ბავშვების დაცვა, ფეხით მოსიარულეთა დაცვა და უსაფრთხოების დამხმარე სისტემები.
ხვალ ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი გამოცხადდება
European Car of the Year
29 ნოემბერიტრადიციული კონკურსი ”ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი” ფინალურ სტადიაზეა. ევროპის ქვეყნების საავტომობილო გამოცემების რედაქტორებს მათტვის გადაცემული 25-25 ქულა უკვე განაწილებული აქვთ. ჟიურის შედეგები უკვე შეჯამებულიც ექნება, ხვალ კი 2010 წლის საუკეთესო ავტომობილს დაასახელებს.
კონკურსის ფინალში 7 ავტომობილია გასული. ესენია: ”სიტროენ C3 პიკასო”, ”მერსედეს-ბენც E-კლასი”, ”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა”, ”პეჟო 3008”, ”შკოდა იეტი”, ”ტოიოტა iQ” და ”ფოლკსვაგენ პოლო”.
კონკურსის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ის თვისებები, რომელთა გამოც ეს შვიდეული ფინალში მოხვდა.
”სიტროენ C3 პიკასოში” ჟიურიმ ხალასი სტილისთვის და იმ თვისებებისთვის დაფასდა, რომლებიც მას ნამდვილ საოჯახო ავტომობილად წარმოგვიდგენს. ”გზაზე ამ მაღალ ავტომობილს თავი კარგად უჭირავს, თუმცა საკმაოდ ჩლუნგი საჭის მექანიზმი კი აქვს. ძრავებს კი, მცირე მუშა მოცულობის მიუხედავად, საკმარისი სიმძლავრე აქვთ და რაც მთავარია, საწვავს ეკონომიურად მოიხმარენ”.
E-კლასის მერსედესი ”ელეგანტური სალონით, კუპეს სტილითა და თავის კლასში ყველაზე დიდი საბარგულით მოგხიბლავთ. ეს ავტომობილი კვლავ სამოდელო გამის ძირითადი ღერძია”.
”ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა”, რომლის უახლოესი ნათესავი ”ინსინია” შარშან გახდა წლის საუკეთესო ავტომობილი და ამ ერთ წელიწადში, ევროპაში თავისი კლასის ბესტსეკერად იქცა, ფინალში თავისი ძრავების წყალობით მოხვდა. ”ის კარგი შესრულებით და მისაღები ფასებით გამოირჩევა. მეორე მხრივ, სალონის მოცულობა თითქმის არ გაზრდილა, თუმცა მისი შესრულების დონე, წინამორბედისაზე გაცილებით მაღალია”.
”მოდელი 3008 ბოლო წლებში ყველაზე ორიგინალური ”პეჟოა”. მასში ორიგინალურადაა შერწყმული ჰეჩბეკისა და უგზოობის ავტომობილის თვისებები. მისი საბაზრო პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როდესაც მასზე ჰიბრიდულ აგრეგატებს გამოიყენებენ”.
ჟიურიმ ”შკოდა იეტის” ”შიგადაშიგ ოფ-როუდერი” უწოდა. საინტერესო შეფასებაა, თუმცა შემდეგი ფრაზა ყველა კითხვას საკადრის პასუხს აძლევს: ”ავტომობილი ”ფოლკსვაგენ გოლფის” პლატფორმაზე დგას, რაც მის შესანიშნავ მართვადობას უზრუნველყოფს. ავტომობილი საკმაოდ მაღალია, თუმცა საოცარი მდგრადობით გამოირჩევა, რაც საკმაოდ ძნელად წარმოსადგენი უნდა ყოფილიყო”.
ყველაზე პატარა ფინალისტებს შორის არის iQ, რომელიც ფინალში მოხვედრილი ერთადერთი არაევროპული კომპანიის ქმნილებაა. ”მასში წარმოუდგენლადაა შერწყმული პატარა ზომა, ამის ფონზე საკმაოდ მოცულობითი ინტერიერი, ფუნქციურობა და უსაფრთხოება. iQ შესანიშნავი მანევრულობით გამოირჩევა, მაგრამ გზაზე მძღოლისადმი დამჯერობით მაინც არ გამოირჩევა”. ჟიურის აზრით, ძრავების შესაძლებლობები ავტომობილის საჭიროებას მნიშვნელოვნად აღემატება.
დაბოლოს, ”პოლო”. ”ეს არის დაპატარავებული ”გოლფი”. ამ ავტომობილში, დახვეწილობის სულისკვეთება სტრუქტურასთანაა შერწყმული, მისი გარეგნობა კი ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ის ისეთივე მოზრდილი ზომისაა, როგორც მისი კლასის კონკურენტები. ”გოლფთან” მსგავსებას კი ამ კლასში უპრეცენდენტო ხარისხიანობა შემოაქვს”.
მაშ ასე, ფინალისტები დახასიათებულია. ხვალ კი მათ შორის საუკეთესოს სახელს გავიგებთ.

Saturday, November 28, 2009

”ფერარი” მოდელ ”ენცოს” შემცვლელ F70-ს 2012 წელს გამოუშვებს
Ferrari F70 Enzo Replacement Coming In 2012
28 ნოემბერიექვსი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ”ფერარიმ” თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერ ავტომობილის, ”ენცოს” წარმოება დაიწყო. ამ დროის განმავლობაში, იტალიურმა კომპანიამ კიდევ რამდენიმე ახალი მოდელის წარმოება აითვისა და ”ენცოს” მოდიფიკაციებიც შესთავაზა მყიდველს. მალე კი ამ ლეგენდარულ მოდელსაც შეცვლა მოელის.
ეს ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, მაგრამ სავარაუდოა, რომ ახალ ავტომობილს F70-ს უწოდებენ. დღეისათვის მისი ორი კონცეპციაა შემუშავებული და ორივე მათგანი ტესტირების პროგრამას გადის. პირველი კონცეპციის მიხედვით, ავტომობილი შედარებით პატარა, ორ ტურბოკომპრესორიანი V8 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 700 ცხენის ძალაა. მეორე შემთხვევაში კი აგრეგატი 12-ცილინდრიანია და მასაც ორი ტურბოდამჭირხნი ემსახურება, სიმძლავრე კი პირველისაზე 50-100 ცხენის ძალით მეტია.
რა თქმა უნდა, თავისი ახალი ფლაგმანისთვის, ტურინელებს V12 ძრავი უფრო ემეტებათ, მაგრამ გამონაბოლქვზე ახალი ევროპული და ამერიკული სტანდარტები მათ ალბათ უფრო კომპაქტური და ნაკლებად მძლავრი აგრეგატის გამოყენებას აიძულებს. ამგვარად, ახალი ავტომობილი უფრო მოდელ F40-ის შთამომავალი გახდება, რომელიც V8 კონფიგურაციის ძრავით იყო აღჭურვილი.
ტუინელთა განცხადებით, F70 ”ენცოზე” არამარტო სწრაფი და მანევრული, არამედ უფრო მსუბუქი და მომცრო ზომისაც იქნება, რაც მას ნაკლები საწვავის მოხმარებაში დაეხმარება. დიზაინის მხრივაც, ის სხვა ყველა ”ფერარისგან” ძლიერ განსხვავებული იქნება.
სავარაუდოდ, ახალი ავტომობილის წარმოებას ”ფერარი” 2012 წელს დაიწყება. სულ კი 399 ცალი F70 დამზადდება.
”დელტა ელექტრონიკსმა” ჰიბრიდული დანადგარი შექმნა
Delta Electronics Unveils Hybrid Propulsion System
28 ნოემბერიძალიან იშვიათად ხდება, რომ ავტომაკომპლექტებლების მწარმოებელმა ავტომობილების გამოშვება სცადოს. სულ ახლახანს, ასეთი მცდელობა კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლს” ჰქონდა, რომელმაც ”ოპელის” შეძენა დააპირა. დღეს კი ინტერნეტით ვგებულობთ, რომ შესაძლოა, მალე ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებას ტაივანურმა ”დელტა ელექტრონიქსმა” მიჰყოს ხელი.
კომპანიამ ჩვეულებრივი შიდაწვისძრავიანი ავტომობილის ბაზაზე ჰიბრიდული საცდელი მოდელის შექმნა გადაწყვიტა. საფუძვლად აიღეს უცნობი მოდელი, რომელსაც ბენზინის ძრავი და ტრანსმისია მოხსნეს და მათ ნაცვლად, ბენზინისა და ელექტრო ძრავის ჰიბრიდული სისტემა დაამონტაჟეს. ამ სისტემაში ბენზინის ძრავის ერთადერთი დანიშნულება ისაა, რომ მასთან დაკავშირებული გენერატორის დახმარებით, ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორები დამუხტოს.
”დელტა ელექტრონიქსის” მიერ გამოქვეყნებული მწირი ინფორმაცია გვამცნობს, რომ ერთი ლიტრი ბენზინის დაწვით, გენერატორი იმ რაოდენობის ენერგიას გამოჰყოფს, რაც 20-30 კილომეტრის გასავლელადაა საკმარისი. საცდელი ავტომობილის ელექტროძრავების ჯამური სიმძლავრე 134 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 830 (!) ნიუტონმეტრს აღწევს. ჯერჯერობით არ ქვეყნდება ავტომობილის დინამიკური მაჩვენებლები. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ის 1 660 კილოგრამს იწონის.
”დელტა ელექტრონიქსი” აცხადებს, რომ ავტომობილის შემუშავების პროცესი ჯერაც არ დასრულებულა. ჯერაც მიმდინარეობს რამდენიმე დამხმარე სისტემაზე მუშაობა და ამ პროცესის დასრულების შემდეგ, კომპანია პროტოტიპის ტესტირების დაწყებასაც გეგმავს.

Thursday, November 26, 2009

გაიცანით - ”რენო ტვინგო გორდინი R.S.”

Renault Twingo Gordini R.S. Unveiled

26 ნოემბერი

ეს უკვე ფაქტია - ”რენომ” ლეგენდარული სახელი, ”გორდინი” გააცოცხლა. პირველი ავტომობილი, რომელსაც ”გორდინის” მარკის ტარების პატივი ერგო, არის სპორტულად მოდიფიცირებული სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”ტვინგო”, რომლის სრული სახელიცაა ”ტვინგო გორდინი R.S.”. 10 იანვრამდე, ეს ავტომობილი გამოფენილი იქნებაშონზ ელისეზე, სადაც ღია გამოფენა ”ქრისტმას ინ ბლიუ” (შობა ლურჯებში) ტარდება. ახალი ავტომობილი ”რენოს” ევროპულ შოურუმებში მარტიდან ფამოჩნდება.

პირველი, რაც ”გორდინის” სახელის მატარებელი ”ტვინგოს” დანახვისას თვალს ხვდება, მისი ლურჯი ფერია. მძღოლის მხარეს, ავტომობილს ორი თეთრი ზოლი მთელ სიგრძეზე გაუყვება, რაც ფერთან ერთად, მარკა ”გორდინის” საფირმო ნიშანია. იმავდროულად, წინა და უკანა ბამპერები შავადაა შეღებილი. თეთრი ფერისაა უკანა ხედვის სარკეები, უკანა სპოილერი და სანისლე ფარები.

იგივე ფერები დომინირებს ინტერიერშიც, სადაც ”რენო სპორტის” წარმოების სპორტული სავარძლები, ლურჯი ტყავითაა გაწყობილი. საჭის რგოლი კი ლურჯი და შავი ტყავითაა შემოსილი. სამაგიეროდ, თეთრი ფერის ტყავი სჭარბობს კარის პანელების გაფორმებაში.

”ტვინგო გორდინი R.S.” იმავე აგრეგატითაა აღჭურვილი, რითაც ”ტვინგო რენოსპორტ 133”. ესაა 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 133 ცხენის ძალას აღწევს. ამ აგრეგატით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 8.5 წამში შეუძლია, მისი მაქსიმუმი კი 200 კმ/სთ-ია. მთელი ეს ავლა-დიდება სტანდარტრულ ”ტვინგოზე” 2 000 ევროთი ძვირი ღირს.

გარდა ამისა, მყიდველს სურვილისამებრ შეუძლია სპორტული საკიდარის შერჩევა, რომლიც სერია ”ტვინგო” კაპის მონაწილე მანქანებზე იყენებენ. ასეთ საკიდარში დამოკლებული ზამბარები და უფრო ხისტი ამორტიზატორები შედის. შეკვეთით ასევე შესაძლებელია შუშის პანორამული სახურავის დაყენება.

მომდევნო მოდელი, რომელიც ”გორდინის” სახელს მიიღებს, ”კლიოა”, რომლის ლურჯი ვერსიის პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება. ამის შემდეგ კი ალბათ ”მეგანის” ჯერიც დადგება.

კომპანია ”გორდინი” ფორმულა 1-ის პილოტმა ამედი გორდინიმ დააარსა. ის ჯერ სარბოლ ავტომობილბს აწარმოებდა, შემდეგ კი ”რენოს” ძრავების მოდერნიზაციას მიჰყო ხელი. მოგვიანებით, ”გორდინი” ”რენოს” კუთვნილება გახდა, ამ მარკით დამზადბეული ავტომობილებით კი ფრანგული გიგანტი ლე მანის 24-საათიან რბოლებში ასპარეზობდა.

”კადენცა” – ”კიას” ახალი ფლაგმანი

Kia Cadenza Official Details

26 ნოემბერი

სამხრეთკორეულმა კომპანია ”კია მოტორსმა” თავისი ახალი ფლაგმანის, სედან ”კადენცას” შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ახალი ავტომობილი ამავე კლასის, სრულგაბარიტიან ლუქსის კლასის ”ოპირუსს” შეცვლის.

”კადენცას” გაყიდვები პირველად სამხრეთ კორეაში დაიწყება. შემდეგ ის ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს ეწვევა, თანდათან კი ახლო აღმოსავლეთის, აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაშიც გამოჩნდება. მერმის, ზაფხულისთვის, ”ოპირუსის” შეძენას ჩინელი მყიდველიც შეძლებს. მაგრამ როდის შეაღწევს ეს ავტომობილი ევროპასა და აშშ-ში, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

”კიამ” ”კადენცასთვის” სრულიად ახალი პლატფორმა შექმნა, რომლის ბაზის სიგრძეც 2.845 მეტრია. მართალია, ”ოპირუსთან” შედარებით, ბაზა ოდნავ გაზრდილია, მაგრამ სამაგიეროდ, შემცირდა ავტომობილის სიგრძე (5.001-დან 4.965-მდე). ბაზის გაზრდას სალონის მოცულობის მატება მოჰყვა, რაც დადებითად აისახა კომფორტზე.

”კადენცასთვის” ბენზინის სამი ძრავია განკუთვნილი, რომელთაგან ორი ”ოპირუსზეც” გამოიყენება. ესენია 2.0-ლიტრიანი 165 ცხენის ძალით და 3.5-ლიტრიანი V6, რომლის სიმძლავრეც 290 ცხენის ძალა (6 600 ბრ/წთ-ზე), მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 338 ნიუტონმეტრია (5 000 ბრ/წთ-ზე). ამ ძრავთან შეწყვილებულია 6-საფეხურიან, სრულად ავტომატიზებულ, ან სეკვენტალურ გადაცემათა კოლოფთან. ამ წყვილის მეშვეობით, ტონანახევრიანი ”კადენცას” მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ია, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს კი ის 7.2 წამში აღწევს.

ინტერიერში ყურადღებას იქცევს სისტემა, რომელიც პატრონს შორიდანვე სცნობს და გარდა იმისა, რომ კარს უღებს, სპეციალური განათებითაც სასიამოვნო გარემოს უქმნის და აგებინებს, რომ მის მისაღებად მზადაა. აქვეა კლიმატ კონტროლის ორზონიანი კონდიცირების სისტემა, უგასაღებოდ გაღების და ძრავის ღილაკით გაშვების სისტემები.

”ოპელი” ”კორსას” აახლებს

Opel-ის ინფორმაცია

26 ნოემბერი

იანვარში ”ოპელი” თავის პოპულარულ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”კორსას” იმდენად განახლებულ ვერსიას წარმოადგენს, რომ ის თავისუფლად შეგვიძლია სრულიად ახალ ავტომობილად ჩავთვალოთ.

განახლებული ”კორსასთვის” დაიხვეწა (უფრო გაძლიერდა და ეკონომიური გახდა) ძრავები, შეიცვალა საკიდარი, საჭის მექანიზმი და შასის ბევრი ელემენტი, რამაც მთლიანობაში, ავტომობილის მართვა უნდა გააადვილოს, მისი მანევრულობა და უნდა კომფორტი გაზარდოს და რა თქმა უნდა, საწვავის ეკონომიას უნდა შეუწყოს ხელი.

ამიერიდან, ”კორსაზე” შეხვდებით ისეთ უახლეს ტექნოლოგიას, როგორიცაა წინა მაშუქების ადაპტირებადი სისტემა, რომელსაც ამ კლასის სხვა ავტომობილებზე ვერ ნახავთ. საჭის რგოლის გამათბობელსა და ველოსიპედის ტრანსპორტირების სისტემაზე რას იტყვით, რომლებიც გერმანულმა კომპანიამ სპეციალურად ”კორსასთვის” შექმნა და მათ მალე ალბათ სხვა მოდელებზეც გადაიტანს?

ისევე როგორც აქამდე, იანვრიდანაც ”კორსა” (ამ მოდელზე ”ოპელის” წლიური გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის) ორი ძარით გაიყიდება. ერთია კუპეს ტიპის სამკარიანი ჰეჩბეკი, მეორე კი უფრო მოსახერხებელი და კომფორტული ხუთკარიანი ჰეჩბეკი.

განახლებული ”კორსა” ბენზინის მოდიფიცირებულ ძრავებს მიიღებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ევრო5 სტანდარტს. ძრავების მოდიფიკაციის მთავარი მიზანი მაბრუნი მომენტის გაზრდა და ამის შედეგად, ეკონომიურობის გაუმჯობესება იყო. შედეგი - წინა მოდიფიკაციასთან შედარებით, საწვავის მოხმარება და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა დაახლოებით 13 პროცენტითაა შემცირებული.

”კორსას” ძრავების გამაში ყველაზე პოპულარული, 1.2 და 1.4-ლიტრიანი ძრავები ამიერიდან, 100 კილომეტრზე მხოლოდ 5.0-5.5 ლიტრ საწვავს მოიხმარენ, მათ გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი ამიერიდან ყოველ კილომეტრზე 129 გრამი იქნება.

Tuesday, November 24, 2009

ბრიტანელი ”ზებგერითები” რეკორდისთვის ემზადებიან

Britain's 1000 mph car revealed

24 ნოემბერი

ბრიტანული ჯგუფი, რომელიც SSC-ს (სუპერსონიკ ქარ, ანუ ზებგერითი მანქანა) სახელითაა ცნობილი და რომელსაც სიჩქარის ამჟამინდელი რეკორდი ეკუთვნის, ახალი რეკორდისთვის ემზადება. ამისთვის უკვე შექმნილია ავტომობილი-რაკეტა ”ბლადჰაუნდ SSC”, რომლის დანიშნულება არნახული სიჩქარის - 1 000 მილი/საათის მიღწევაა.

ჯგუფმა სიჩქარის რეკორდი 1997 წელს, აშშ-ის ბლექ როკის უდაბნოში, ორი ტურბორეაქტიული ძრავით აღჭურვილი ავტომობილ-რაკეტა ”თრასტ SSC-თი” დაამყარა. მაშინდელი მიღწევა 1 228 კილომეტრია საათში, რაც ბგერის სიჩქარეზე მეტია. ამჯერად კი მიზანი გაცილებით სერიოზულია - 1 000 მილი საათში, ანუ დაახლოებით, 1 600 კმ/სთ.

ჯგუფს ამჯერადაც რიჩარდ ნოუბლი ხელმძღვანელობს, რეკორდის დამყარების პატივი კი ბრიტანეთის სამეფოს სამხედრო-საჰაერო ძალების პილოტ ენფი გრინს ერგო, რომელიც ამჟამად მოქმედი დიჩქარის რეკორდის ავტორია.

ნოუბლის ჯგუფმა პროექტ ”ბლადჰაუნდზე” მუშაობა 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას შემდეგ, სარეკორდო ავტომობილის კონსტრუქცია 10-ჯერ გადააკეთა. სარეკორდო ავტომობილის პრეზენტაცია ბრისტოლში შედგა. მალე მისი ტესტირება დაიწყება, მოქმედი რეკორდის გაუმჯობესების პირველი მცდელობა კი სამხრეთ აფრიკის უდაბნო ჰაკსკინ პანშია დაგეგმილი. ბრიტანელებს ადგილობრივი მთავრობა 12-მილიან სუფთა ტრასას მოუმზადებს. თუმცა, არაა გამორიცხული, რომ საბოლოო მიზნის - 1 000 მლ/სთ-ის მისაღწევად, ნოუბლმა და კომპანიამ ისევ ამერიკას მიაშუროს. ოღონდ, ამისთვის ისევ ბლექ როკს გამოიყენებს, თუ ბონვილის დამშრალი ტბის მარილოვან ფსკერს, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა.

”ბლადჰაუნდ SSC” აღჭურვილია ავიაგამანადგურებელ ”ევროფაიტერ ტაიფუნის” რეაქტიულ ძრავ EJ200-ით, რომლის ქვეშაც 400-კილოგრამიანი სარაკეტო ძრავია მოთავსებული. თუ ”თრასტს” ორი რეაქტიული ძრავი ფიუზელაჟის გვერდებზე ჰქონდა მოთავსებული, ”ბლადჰაუნდზე” ძრავები მანქანის ტანშია ჩადგმული. ამასთან, რაკეტის ძრავი მზიდი სისტემის შემადგენელი ნაწილია, რეაქტიული კი მის ზემოთაა მოქცეული. პირვანდელი კონსტრუქცია ძრავების პირიქით განლაგებას ითვალისწინებდა, მაგრამ გათვლებით დადგინდა, რომ ასე მანქანის ცხვირზე უზარმაზარი ზეწოლა წარმოიქმნებოდა, რაც მის აეროდინამიკურ მდგრადობას დაარღვევდა.

აღსანიშნავია, რომ ორივე ძრავი 133 150 ცხენის ძალის ექვივალენტურ სიმძლავრეს გამოიმუშავებს, რაც დაახლოებით, ფორმულა 1-ის 180 ბოლიდის კომბინირებული სიმძლავრის ტოლფასია. ”ბლადჰაუნდ SSC” 6.5 ტონას იწონის და იმისათვის, რომ 1050 მლ/სთ სიჩქარეზე მისი უსაფრთხო მოძრაობა უზრუნველყოს, მანქანა კოსმოსური ტექნოლოგიებით ჩამოსხმული ალუმინის შენადნობისგან დამზადებულ ბორბლრბზე დააყენეს, რომელთა დიამეტრი 90 სანტიმეტრია. სხვათა შორის, პილოტის კოკპიტი თავად გრინმა დააპროექტა, რომელმაც ის რეაქტიული ძრავის ჰაერის ამღების წინ განალაგა.

პროექტი მასობრივია. მას უკვე ჰყავს 166 სპონსორი, რომლებიც ნოუბლის გუნდს ფულით, ტექნიკით, ტექნოლოგიებით, ტრანსპორტით და სხვა რამეებით ეხმარებიან. ორგანიზებულია პროექტისთვის საზოგადოებრივ შეწირულობათა ორგანიზებაც. ამ გზით, უკვე შეგროვებულია 137 000 გირვანქა სტერლინგი. ჰარდა ამისა, პროექტს ბრიტანეთის 2 410 სკოლაც შეუერთდა, რომლებმაც ეს პროექტი საგანმანათლებლო პროგრამაში შეიტანეს.

”ლამბორგინი” ახალ ავტომობილს ქმნის

Lamborghini URUS in the Works

24 ნოემბერი

მართალია, ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შემავალი იტალიური კომპანია ამ ინფორმაციას ჯერ ოფიციალურად არ ადასტურებს, მაგრამ ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ლამბორგინი” სრულიად ახალ მოდელ ”ურუსს” ქმნის, რომლითაც კონკურენცია უნდა გაუწიოს ”ფერარის” უახლეს FX70-ს (რომლის წარმოება ჯერაც არ დაწყებულა) გაუწევს კონკურენციას.

თუ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, ახალი ავტომობილი ასევე უახლესი ”ჯოტას” ბაზაზე დამზადდება. ”ჯოტაც” ამჟამად შემუშავების პროცესშია და მან პოპულარული ”მურსიელაგო” უნდა შეცვალოს. თუ დღეისათვის ”მურსიელაგო” ”ლამბორგინის” ტოპ მოდელია, მომავალში მასზე მაღლა ”ურუსი” დადგება.

”ურუსზე” მწარმოებელი ”ჯოტას” რამდენიმე კომპონენტს გამოიყენებს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ”ჯოტას” შასია, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოდიფიკაცია ჩაუტარდება. კერძოდ, თუ ”ჯოტას” ტანი ნაწილობრივ ალუმინის, ნაწილობრივ კი კარბონის კომპოზიტებისგან დამზადდება, ”ურუსზე” ყველა დეტალი კომპოზიტური იქნება. რა თქმა უნდა, ”ურუსზე” აეროდინამიკაც უფრო დახვეწილი იქნება.

ორივე ავტომობილი 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით აღიჭურვება. მაგრამ თუ ძრავის ”ჯოტას” ვერსია 700-ცხენისძალიანი იქნება, ”ურუსზე” მისი სიმძლავრე 800 ცხენის ძალას მიაღწევს. ორივე ავტომობილი კი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 3 წამზე ნაკლებში მოასწრებს.

სავარაუდოდ, ”ჯოტა” ბაზარზე მერმის გამოჩნდება, ”ურუსის” გაყიდვები კი ერთი წლით გვიან დაიწყება.

”პეჟო” სედან 508-ით 407-ს და 607-ს შეცვლის

Peugeot 508 Sedan to Replace 407 and 607

24 ნოემბერი

ისევე როგორც სხვა ავტომწარმოებლები, ფრანგული ”პეჟოც” ყველანაირად ცდილობს, წარუმატებელი მოდელები ახლებით შეცვალოს, რომელთა მეშვეობითაც, უფრო მეტ მყიდველს მიიზიდავს და ავტომობილის შემუშავებისასაც ნაკლებ სახსრებს დახარჯავს.

ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტა, რასაც ამ კუთხით ფრანგული კომპანია ამზადებს, სრულიად ახალი მოდელის, სედან 508-ს წარმოების დაწყებაა. ”PSA პეჟო-სიტროენის” შეფ ფილიპ ვარენის განცხადებით, ახალმა ავტომობილმა ერთდროულად ორი მოძველებული - 407 (სურათზე) და 607 უნდა შეცვალოს.

რა თქმა უნდა, მომავალი სიახლის შესახებ, ჯერჯერობით ძალიან ცოტა ინფორმაცია ვრცელდება. კერძოდ, არის ლაპარაკი იმაზე, რომ ახალი სედანის კონცეპტუალური ვერსიის პრემიერა მერმის, პარიზის ავტო შოუზე გაიმართება. 2011 წლის ჟენევის ავტო შოუზე კი ის საზოგადოების წინაშე, სერიული ვერსიის სახით წარსდგება.

რა თქმა უნდა, ”ფრანგული ლომი” 508-ს ჰიბრიდულ ვერსიასაც მოამზადებს. იმავე პლატფორმაზე დამზადდება ახალი ქროსოვერი, რომლის შემუშავებაც, 508-ს პარიზული პრემიერისთანავე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ”პეჟო 407” ბაზარზე 2004 წელს გამოვიდა. მისთვის მყიდველს ძრავების ფართო გამას სთავაზობენ. ესაა როგორც ბენზინის, ასევე დიზელის აგრეგარტები, რომლებთანაც, მექანიკური და ავტომატური გადაცემათა კოლოფებია შეწყვილებული.

407-ის ტოპ ვერსია აღჭურვილია 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რომელიც მაქსიმუმ 211 ცხენის ძალასა (6 000 ბრ/წთ-ზე) და 290 ნიუტონმეტრს (3 750 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს. ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 8.4 წამში ახერხებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 235 კმ/სთ-ია.

Monday, November 23, 2009

”კადილაკი” საპრემიეროდ კუპე CTS-ს ამზადებს

Cadillac CTS Coupe Preview

23 ნოემბერი

”კადილაკი” თავის საშუალო ზომის სედან CTS-ის ბაზაზე შექმნილი კუპეს გაყიდვებს რამდენიმე თვის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ ავტომობილის პრემიერა მაინც რამდენიმე დღეში, ლოს ანჯელესის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

რა თქმა უნდა, კუპე CTS ამავე ინდექსის მატარებელი სედანის პლატფორმაზეა ბაზირებული, თუმცა გარეგნულად მასთან საერთო თითქმის არაფერი აქვს. ამასთან, მასზე 5 სანტიმეტრით მოკლეა და ამდნეივეთი დაბალი კლირენსიც აქვს (როგორც სპორტულ ავტომობილს შეეფერება). სამაგიეროდ, სედანს და კუპეს ერთი ზომის ბაზა გააჩნია.

კუპეში ჩასაჯდომი ფორმულა 2+2-ია. მას უკანა წამყვანი ბორბლრბი აქვს, თუმცა მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიის შეკვეთის საშუალებაც ექნება. ავტომობილს სპორტული საკიდარი ექნება. უკანა ხედვის სარკეს კი ვიდეოკამერა შეცვლის.

ლოს ანჯელესში პრემიერაზე, ”კადილაკი” გამოიტანს კუპე CTS-ს რომელიც აღჭურვილია 3.6-ლიტრიანი V6 აგრეგატით. ამ ძრავს საწვავი უშუალოდ წვის კამერაში მიეწოდება და მისი სიმძლავრე 304 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 370 ნიუტონმეტრს აღწევს. სტანდარტულ აღჭურვაში, ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, მყიდველის სურვილის შემთხვევაში, კი ამ კოლოფს 6-საფეხურიანი ავტომატი შეცვლის, რომელსაც მუშაობის ფსევდო მექანიკური რეჟიმიც ექნება.

შიგნიდან კუპე სედანისგან თითქმის არ განსხვავდება. მთავარი განსხვავება ”რეკაროს” წარმოების სპორტული სავარძლებია, რომლებიც 14 განსხვავებულ პოზიციაში ფიქსირდება. მძღოლის და მგზავრების გართობას მოემსახურება ”აიპოდი”, 40-გიგაბაიტიანი გასართობი ცენტრი და კომპანია ”ბოზეს” სტერეო სისტემა.

ლი ნოუბლის ახალი სუპერ სათამაშო
Noble Working on Fenix Supercar
23 ნოემბერიბრიტანელი ბიზნესმენი ლი ნოუბლი სპორტული ავტომობილების დიდი მოყვარულია და არამარტო მოყვარული, მისი აქტიურობით, ბევრი ცნობილი სპორტული ავტომობილიც შექმნილა. მაგალითად, ”ნოუბლ M12” და ”ნოუბლ M400”, ასევე ”ალტიმა” და ”ასკარი”. დღეს კი დაუღალავი ენთუზიასტი კომპანია ”ფინიქს აუტომოტივთან” თანამშრომლობს და ამ თანამშრომლობის მიზანიც სპორტული ავტომობილის გამოშვებაა.
ახალ ავტომობილს ჯერ სახელიც არ აქვს, მაგრამ ნოუბლი ირწმუნება, რომ მახასიათებლებისა და ფასის ფარდობის მიხედვით, მას ბადალი არ ეყოლება. ეს იმის იმედს იძლევა, რომ ახალი მანქანა, სუპერ ავტომობილების კლასში ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იქნება.
თავად განსაჯეთ - მისი ღირებულება 75 000 გირვანქა სტერლინგზე დაბლა იქნება, ადგილიდან 160 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას კი ის 7 წამზე ნაკლებში შეძლებს. ასე რომ, სატრეკო დღეების ფანებს, ”ფინიქსის” სუპერ ავტომობილი აუცილებლად მიიზიდავს.
”ჩვენი ახალი ავტომობილი, ჩვენს მყიდველს იმ დინამიკასა და სისწრაფეს შესთავაზებს, რომლის შესაფერისი ავტომობილის შესაძენადაც, დღეს მინიმუმ 100 000 გირვანქა სტერლინგი დაგჭირდებათ. ჩვენი ავტომობილის ფასი კი გაცილებით დაბალი იქნება. მასში შეხამებული იქნება სიმარტივე, გამძლეობა და სიმარდე და ის თავის მძღოლებს უზარმაზარ სიამოვნებას მიანიჭებს”, - ამბობს ნოუბლი და დასძენს, რომ ავტომობილი მოსახერხებელი იქნება როგორც სატრეკო დღეების, ასევე საერთო სარგებლობის გზებისთვისაც.
ახალი ავტომობილის პირველი პროტოტიპი, სამხრეთ აფრიკის ქალაქ პორტ ელიზაბეთში მდებარე ფაბრიკაში მზადდება. ეს ფაბრიკა იმითაა ცნობილი, რომ იქვე ნოუბლი მოდელ M12-ს აწარმოებდა.
დეტროიტის ავტოგამოფენაზე ელექტრული გამზირი მოეწყობა
NAIAS to Debut Electric Avenue
23 ნოემბერიდეტროიტის ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტო შოუს (NAIAS) ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ 2010 წლის გამოფენისას, დამთვალიერებელს ცენტრალურ დარბაზში ეგრეთ წოდებული ელექტრული გამზირი დახვდებათ, რომელიც თანამედროვე ავტოინდუსტრიის მთავარი ტენდენციის - ავტომობილების ელექტრიფიკაციის სიმბოლური გამოხმაურება იქნება.
”ელექტრული ავენიუს” სპონსორი კომპანია ”ლაუ ქემიკალზია”. აღნიშნული არე კი მეტწილად ელექტრომობილების, ასევე იმ ჰიბრიდების საპრეზენტაციო ადგილი გახდება, რომლებშიც მთავარი აგრეგატი ელექტროძრავია.
”2010 წლის გამოფენაზე, ”ელექტრული ავენიუ” უნიკალური ღონისძიება იქნება. აქ ჩატარებული პრეზენტაციების დროს, ჩვენ ბევრ ახალ ელექტრულ ტექნოლოგიას გავეცნობით და იმასაც ვნახავთ, თუ რამდენად აინტერესებს მომავალ მყიდველს ასეთი ავტომობილები. ყოველწლიურად, ჩვენი შოუ დამთვალიერებელს ინოვაციებს უმზადებს, ამჯერად კი ეს გრანდიოზული სიახლე იქნება. ამ ავენიუზე, ჩვენ მას მედიის უამრავ წარმომადგენელს მოვუყრით თავს და აქ წარმოდგენილი ავტომობილებიც, მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცევა, რითაც ელექტრომობილების პოპულარიზაციის საქმეში, გარკვეულ წვლილს შევიტანთ. აქვე გავიგებთ მსოფლიოს უდიდესი ავტოკომპანიების გეგმებს ელექტრომობილებთან დაკავშირებით”, - ამბობს NAIAS-ის აღმასრულებელი დაგ ფოქსი.
წინასწარი მონაცემებით, ”ელექტრულ ავენიუზე” ოცამდე ავტომობილის პრემიერა მოეწყობა. იქვე არაერთი საინტერესო ღონისძიებისა და სიმპოზიუმის ჩატარებაც იგეგმება.
გარდა ამისა, ”კობო სენტერის” საგამოფენო კომპლექსის ქვედა ნაწილში, მოეწყობა 400-მეტრიანი ტესტ-სექცია, სადაც, შოუს დამთვალიერებლებს, ელექტრომობილების მართვის საშუალება მიეცემათ.
ბრენდ ”დე ტომაზოს” აღადგენენ
De Tomaso Brand to be Revived
23 ნოემბერიდე ტომაზო პანტერა
...................................................
ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მდიდარი ადამიანები თადარიგს ახლავე იჭერენ და თავიანთი ძველი ოცნებების განხორციელებას ცდილობენ. სწორედ ერთ-ერთი ასეთთაგანია იტალიელი ბიზნესმენი ჯან მარია როსინიოლო, რომლის ოცნებაც თურმე, მივიწყებული იტალიური ბრენდის, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი ”დე ტომაზოს” აღდგენაა.
როსინიოლო ერთ დროს ”ფიატის” მარკეტინგის განყოფილების აღმასრულებელი იყო. ცოტა ხნის წინ, მან ქალაქ მოდენას გაკოტრების საქმეთა სასამართლოში ბრენდი ”დე ტომაზო” გამოისყიდა, რის შემდეგაც, ტურინის დასავლეთ გარეუბან გრულიასკოში მდებარე, ”პინინფარინას” საწარმოს დაქირავებაზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწია.
ქარხანაში 900 ადამიანია დასაქმებული. ის სპეციალიზებულია ძარის დამზადებაზე, სამღებრო სამუშაოებსა და ავტომობილის საბოლოო აწყობაზე. ეს ქარხანა იმ სამ საწარმოთაგანია, რომლებიც ”პინინფარინას: მფლობელობაში შედის.
კონცეპტუალური იზოტა ფრაშინი T8
...................................................
წინასწარი მონაცემებით, განახლებული ”დე ტომაზოს” პირველი კონცეპტუალური მოდელის პრემიერა ჟენევის 2011 წლის საავტომობილო გამოფენაზეა მოსალოდნელი. ევროპულ საავტომობილო გამოცემა ”ავტონიუსის” ცნობით, როსინიოლოს გეგმაში, სამი მოდელის წარმოება შედის. უფრო კონკრეტულად კი, ეს გეგმა წლიურად 3 000 ცალი ქროსოვერის, ამდენივე ლუქსის კლასის სედანისა და 2 000 ცალი კუპეს წარმოებას ითვალისწინებს. იტალიელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, განახლებული ”დე ტომაზოს” საჭიროებისთვის, ის 116 მილიონი ევროს ინვესტირებას გეგმავს.
საინტერესოა, რომ ეს 79 წლის როსინიოლოსთვის, ძველი ბრენდის აღდგენის მეორე მცდელობაა. პირველი, რომელიც მას 15 წლის წინ ჰქონდა, წარუმატებელი გამოდგა. მაშინ მას ”ისოტა ფრაშინის” აღდგენა სურდა. 1996 წლის ჟენევის ავტოგამოფენაზე, ”აუდიზე” ბაზირებული კონცეპტუალური ”იზოტა ფრაშინი T8” წარადგინა, მაგრამ მისი წარმოების დაწყება ვეღარ მოახერხა...

Friday, November 20, 2009

”ფოლკსვაგენ გოლფი” ევროპული გაყიდვების ლიდერია

Volkswagen Golf Leads Europe Sales

20 ნოემბერი

ავტო ინდუსტრიის ანალიტიკურ-საკონსულტაციო სააგენტო JATO-ს მონაცემებით, მიმდინარე წელს, ”ფოლკსვაგენი” ევროპის ყველაზე გაყიდვადი ბრენდია. მისი ეს წარმატება კი უახლესი ”პოლოსა” და ”გოლფის” პოპულარობამ განაპირობა. ამასთან, ”გოლფმა” თავის კლასში კვლავ ბესტსელერის წოდება დაიმსახურა.

ვოლფსბურგელთა სამოდელო გამაშიც, ”გოლფი” ყველაზე გაყიდვადი მოდელია. ოქტომბრის ბოლოსთვის, ”ფოლკსვაგენს” ევროპაში 1 386 694 ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, რომელთაგან 18 პროცენტი (ანუ 249 150 ავტომობილი) ”გოლფი” იყო. ამ ჰეჩბეკს ევროპის ბაზარზე პირველობას ”ფორდ ფოესტა” ეცილება, რომლის გაყიდვებმაც ოქტომბერში 61.7 პროცენტით მოიმატა.

ბრენდებს შორის, ”ფოლკსვაგენი” კვლავ ინარჩუნებს ლიდერობას. მოწინავე ათეულში მეორე ადგილი ”რენოს” უკავია, რაშიც მას მოდელების, ”კლიოსა” და ”მეგანის” პოპულარობა ეხმარება. შესამჩნევი წინსვლა აქვს ”ფიატს”, რომელმაც ევროპაში გაყიდვები მნიშვნელოვნად გაზარდა.

სააგენტოს შეფი დავიდ დი ჯიროლამო ამბობს, რომ ავტობიზნესი კრიზისიდან გამოსვლას და გაჯანსაღების ფაზაში გადასვლას იწყებს, მაგრამ სიტუაციის ანალიზი გვიჩვენებს, რომ მოთხოვნა ახალ ავტომობილებზე ჯერ ნელა იზრდება და ის კრიზისამდელ დონეს ჯერ არ დაბრუნებია.

დი ჯიროლამოსვე თქმით, ახალ ავტომობილებზე მოთხოვნის ზრდა აღმოსავლეთ ევროპაში არ ფიქსირდება, რადგან ამ რეგიონის ქვეყნებს გაყიდვების სტიმულირებისთვის თავისუფალი სახსრები არ გააჩნიათ. სამაგიეროდ, დასავლეთის ქვეყნები შეღავათების გაცემას მანამ გააგრძელებენ, სანამ რეალური მოთხოვნა გაიზრდება.

კარლოს გონი ისევ ”ჯენერალ მოტორსს” მისტირის

Carlos Ghosn

20 ნოემბერი

”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი აცხადებს, რომ მის კომპანიებსა და ”ჯენერალ მოტორსს” შორის არშემდგარ ტრბსკონტინენტურ ალიანსს ამერიკული გიგანტის გაკოტრებისგან ხსნა შეეძლო.

2006 წელს, სამ კომპანიას შორის ალიანსის შექმნის კონტრაქტი თითქმის მომზადდა, მაგრამ იმავე წლის ოქტომბერში, ”გენერლებმა” მასზე უარი თქვეს, რითაც ძლიერ გაანაწყენეს რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, მათ შორის, ამერიკელი მილიარდერი კირკ კერკორიანი.

”რენო-ნისანმა” კრიზისს შედარებით იოლად დააღწია თავი და ახლა აღმავლობას განიცდის. ”ჯენერალ მოტორსმა” კი წელს გაკოტრების სიმწარე გამოსცადა, თუმცა კრიზისი მანაც გადალახა და ახლა ისიც აღმავლობის გზაზეა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ თავისი ბრენდების რაოდენობა ოთხამდე შეამცირა. ამასთან, კრიზისის დასაძლევად, მთავრობისგან დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე მიიღო.

კითხვაზე, ”რენო-ნისანის” დახმარებით, ”ჯენერალ მოტორსი” შეძლებდა თუ არა კრიზისის დაძლევას, გონი უყოყმანოდ პასუხობს: ”უეჭველად. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი გეგმა იმუშავებდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ორმხრივი, პარტნიორული მცდელობა იქნებოდა”.

გამოცემა ”დეტროიტ ნიუსთან” საუბრისას, გონმა განაცხადა, რომ ”ჯენერალ მოტორსის” სიტუაციას ყველა ავტომწარმოებელი, მათ შორის, ”რენოსა” და ”ნისანის” ალიანსიც, დიდი შიშით აკვირდებოდა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ფრანგულ-იაპონურ კომპანიას ბევრი ისეთი მიმწოდებელი ჰყავს, რომელიც ნაწილებით და მაკომპლექტებლებით ამერიკულ გიგანტსაც ამარაგებს. ”გენერლების” კრახი კი მიმწოდებლების კრახს გამოიწვევდა, რომელთა გარეშეც, ვერც ”რენო” და ვერც ”ნისანი”, ერთი ავტომობილის გამოშვებასაც ვერ შესძლებდნენ.

ფონი დარწმუნებულია, რომ ავტოსექტორმა კრიზისი უკვე დაძლია და ძალების მოკრებას იწყებს. მაგრამ მასვე სჯერა, რომ დიდი ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესი იქნება, თუ ისინი თავიანთ შესაძლებლობებს ნაკლებ ბრენდს და ნაკლები მოდელის წარმოებას მოახმარენ. ამ შემთხვევაში, ისინი ბრენდების იდენტურობასაც შეინარჩუნებენ და ნაკლები ინვესტირებაც დასჭირდებათ.

”ოპელის” რესტრუქტურიზაციის გეგმა დეკემბერში გამოქვეყნდება

Opel Restructuring Plan Coming in December

20 ნოემბერი

”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს დროებითი შეფი ნიკ რილი ამბობს, რომ ამერიკული ავტოგიგანტი, ”ოპელის” რესტრუქტურიზაციის გეგმას დეკემბერში გამოაქვეყნებს. თუმცა ამ ეტაპზე უკვე ცნობილია, რომ გერმანული კომპანიის რეორგანიზაცია ”მაგნას” მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით განხორციელდება.

ამ გეგმის მიხედვით, ”ოპელის” ევროპული ქარხნების თანამშრომელთა რაოდენობა 10 000-ით შემცირდება, წარმოების მოცულობა კი 20-25 პროცენტით დაიკლებს. ”ჩვენი გეგმა ძლიერ ჰგავს ”მაგნასას”. ყოველ შემთხვევაში, მასზე უარესი არ იქნება”, - ამბობს რილი.

შეგახსენებთ, რომ ამ თვის დასაწყისში, ”ჯენერალ მოტორსმა” ”ოპელის” ”მაგნასთვის” მიყიდვა გადაიფიქრა და ახლა, მისი რესტრუქტურიზაციის განხორციელებას საკუთარი ფულადი სახსრებით ეცდება. მაგრამ ამერიკულ კომპანიას იმ ევროპული ქვეყნების მთავრობათა მხარდაჭერის იმედიც აქვს, სადაც ”ოპელის” ქარხნები მუშაობს.

ბევრი მიმომხილველი თვლის, რომ ”ჯენერალ მოტორსის” ამგვარ ქმედებაში აშშ-ის მთავრობაა ჩარეული. ამის მიზეზად კი იმ ფაქტს ასახელებენ, რომ მთავრობას ავტომწარმოებლის აქციების მსხვილი პაკეტი ეკუთვნის. მაგრამ ამ ვარაუდს უარყოფს რონ ბლუმი, ამერიკის მთავრობის ოფიციალური პირი, რომელიც სათავეში ედგა ”ჯენერალ მოტორსის” და ”კრაისლერის” გაკოტრების კომისიებს. მისი თქმით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია თავადაც გაოცებული დარჩა ”გენერლების” ამგვარი გადაწყვეტილებით. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ ”ჯენერალ მოტორსი” აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოქმედებს.

”ფოლკსვაგენის” ხელმძღვანელობა საქართველოში

Volksvagen-Georgia

20 ნოემბერი

საქართველოში სტუმრად იმყოფება მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის, გერმანულ კონცერნ ”ფოლკსვაგენის” რეგიონული ხელმძღვანელობა - ”ფოლკსვაგენის” აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული განყოფილების დირექტორი ალექსანდრ ზატენმაიერი (ზედა სურათზე მარცხნივ) და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული გაყიდვების უფროსი თომას მოიზერი (ზედა სურათზე მარცხნიდან მეორე) იმყოფებიან.

მათი ძირითადი მიზანი საქართველოს საავტომობილო ბაზრის, მისი ტენდენციების შესწავლა და სამომავლოდ, სამოქმედო გეგმის შესადგენად, საჭირო მონაცემების შეგროვებაა. გერმანული ავტოგიგანტის რეგიონულ ხელმძღვანელებს საქართველოში ”ფოლკსვაგენის” პროდუქციის დისტრიბუტორმა, ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალმა კომპანია ”კრეს აუტოჰაუსმა” უმასპინძლა.

გუშინ კი სტუმარ-მასპინძელმა ქართული მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც, საუბარი ვიზიტის მიზნებსა და პარტნიორების სამომავლო გეგმებს შეეხო.

პრესკონფერენცია ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტმა, ბატონმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გახსნა, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს საავტომობილო ბაზარს, ბოლო ხანს გამოცოცხლება დაეტყო და იმედი გამოთქვა, რომ მერმის, გაყიდვების მოცულობა ომამდელ დონეს მიუახლოვდება, რაშიც თავის როლს, ბოლო თვეებში გააქტიურებული ბანკებიც შეასრულებენ.

ბატონი მოიზერის განცხადებით, ”კრეს აუტოჰაუსი” ”ფოლკსვაგენის” რეგიონულ პარტნიორებს შორის ყველაზე წარმატებული საქმიანობით გამოირჩევა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასევე იქნება.

მანვე სპეციალური ჯილდო - ოქროს ნემსი გადასცა ”კრეს აუტოჰაუსის” ერთ-ერთ ყველაზე სტაჟიან და გამოცდილ თანამშრომელს, კომპანიის კომერციულ დირექტორ ნინო შანავას (ქვედა სურათზე), რომელსაც ”ფოლკსვაგენის” ქართულ წარმომადგენლობაში მუშაობის ათწლიანი სტაჟი დაუგროვდა.

”24 საათის” კითხვაზე, აპირებს თუ არა ”ფოლკსვაგენი” იმ ავტომობილის საქართველოში შემოტანას, რომელიც სპეციალურად, დსთ-ის ბაზრებისთვის, პოპულარულ ჰეჩბეკ ”პოლოს” ბაზაზე მზადდება, ბატონმა მოიზერმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჯერაც განხილვის საგანია, თუმცა არ გამორიცხა, რომ მომავალში ეს ავტომობილი შეიძლება საქართველოშიც შემოიტანონ. მანვე განაცხადა, რომ ამ ავტომობილს რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარე ქარხანა გამოუშვებს, სადაც დღეისათვის გერმანული კონცერნი თავისი სამოდელო გამის თითქმის ყველა ძირითად ავტომობილს აწარმოებს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ სადაა დამზადებული ავტომობილი. ”თუ ავტომობილს ”ფოლკსვაგენის” მარკა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ისეთივე ხარისხიანი იქნება, როგორც ვოლფსბურგში გამოშვებული ავტომობილები”, - განაცხადა ბატონმა მოიზერმა.

მისივე თქმით, ახალი უნივერსალური პლატფორმა, რომელსაც ამჟამად ”ფოლკსვაგენი” ამუშავებს და რომელსაც პირველად ალბათ ”აუდი A3-ზე” გამოიყენებენ, კონცერნს ახალი მოდელების შემუშავებისას, დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას მისცემს. თუმცა, ეს ავტომობილების გასაყიდ ფასზე ნაკლებად აისახება. სამაგიეროდ, გამოთავისუფლებულ სახსრებს, კონცერნი ახალი - ჰიბრიდული და ელექტრომობილების ტექნოლოგიების შემუშავებისას გამოიყენებს.

Tuesday, November 17, 2009

ჩინეთში 5 000 ევროაინი სედანი გამოუშვეს
Xiali № 5
17 ნოემბერიჩინეთის უდიდესი ავტომწარმოებლის, კორპორაცია FAW-ის ჯგუფში შემავალმა კომპანია ”სიალიმ” ახალი კომპაქტური სედანი გამოუშვა, რომელსაც სახელწოდებად მარტივად, № 5 შეურჩია. ყველაზე საინტერეს კი ისაა, რომ ეს ავტომობილი, 4 770 ევროს ექვივალენტი ღირს.
ეს ავტომობილი აშკარად ასკეტურია და მხოლოდ იმ მყიდველისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც ავტომობილი მხოლოდ გადაადგილებისთვის სჭირდებათ, კომფორტი და ჭარბი ცხენის ძალები კი მეორეხარისხოვანია. სწორედ ამის ხარჰზეა, რომ ავტომობილი 5 000 ევროზე ნაკლები ღირს.
კომპანია ”სიალი” ცნობილია იმით, რომ წლების განმავლობაში, ”ტოიოტას” ლიცენზიით აწარმოებდა ავტომობილებს. მისი საწარმოო პროგრამიდან კი ყველაზე მეტი პოპულარობით, ”დაიჰაცუ ჩარადის” ბაზაზე შექმნილი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი სარგებლობდა, რომელიც ყველაზე ხშირად, ტაქსის დანიშნულებით გამოიყენებოდა. მართალია, ტაქსის როლში ეს ავტომობილი ”ჰიუნდაისა” და ”ფოლკსვაგენის” მოდელებმა ჩაანაცვლეს, მაგრამ ერთ ადგილს არც ”სიაკი” ტკეპნიდა, რომელმაც თავისი სამოდელო გამა რამდენიმე ახალი ავტომობილით შეავსო.
სედანი № 5 აღჭურვილია 1.3-ლიტრიანი ძრავით, რომელიც 91 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მყიდველს ასევე შეუძლია ერთლიტრიანი აგრეგატით აღჭურვილი მოდელის შეძენა. მართალია, № 5-ის დიზაინი ციდან ვარსკვლავებს არ კრეფს და ძრავებიც ძალიან მოძველებულია, მაგრამ მის კომპლექტაციაში მაინც შედის ისეთი თანამედროვე სისტემა, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო (ABS) და სამუხრუჭე ძალის გამანაწილებელი ელექტრონული სისტემა (EBD), ასევე უსაფრთხოების ორი ბალიში და ნავიგაცია.
კარლოს გონი აშშ-ის ”ელეცტრიფიკაციის საგზაო რუქას” გაუძღვება
Ghosn leads coalition to create U.S. ‘Electrification Roadmap'
17 ნოემბერიბიზნესმენთა კოალიციამ, რომელთაც სათავეში ”რენოსა” და ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი ხელმძღვანელობს, ეგრეთ წოდებული ”საგზაო რუქა” გამოაქვეყნა, რომლის მიზანიც აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვების ხელშეწყობა და მათი მომსახურების ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
პროექტი ამბიციურ გეგმებს ისახავს მიზნად, რომლის მთავარი ნაწილი ისაა, რომ 2040 წლისთვის, აშშ-ში მსუბუქი ტრანსპორტის 75 პროცენტი პლაგ-ინ სისტემით აღჭურვილი ელექტრომობილი და ჰიბრიდული ავტომობილი უნდა იყოს.
ეს გეგმა თანხვედრაშია პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმისა, რომლის შესაბამისადაც, 2015 წლისთვის, აშშ-ის გზებზე მილიონი ელექტრომობილი და პკაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი უნდა მოძრაობდეს.
იმისათვის, რომ 2040 წლისთვის დასახულ გეგმას მიაღწიოს, კოალიცია შუალედურ მიხნებსაც ისახავს:
1. 2020 წლისთვის, აშშ-ის საავტომობილო ბაზარზე გაყიდვების მეოთხედი ელექტრომობილებსა და პლაგ-ინ ჰიბრიდებზე უნდა მოდიოდეს. ამ მიზნის მიღწევის შემთხვევაში, 2020 წელს აშშ-ის გზებზე 14 მილიონი ელექტრომობილი და პლაგ-ინ ჰიბრიდული ავტომობილი ივლის.
2. 2030 წლისთვის, აშშ-ის ბაზარზე გაყიდული ავტომობილების 90 პროცენტი მსუბუქი ავტომობილი და პიკაპი ელექტრომობილი, ან პლაგ-ინ ჰიბრიდი უნდა იყოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმ დროისთვის, ამერიკის გზებზე, ამ ტიპის 120 მილიონი ავტომობილი ივლის.
”საგზაო რუქის” მიხედვით, 2010-დან 2013 წლამდე, სახელმწიფო შეღავათების დახმარებით, კოალიცია (ეგრეთ წოდებული ელექტრიფიკაციის კოალიცია) იმედოვნებს, რომ წინასწარ შერჩეულ 6-8 ქალაქში, თითოეულში 50 000-100 000 ელექტრომობილი და პლაგ-ინ ჰიბრიდი უნდა გაიყიდოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში, ამ 8 ქალაქში სულ 700 000 ამ ტიპის მანქანა გაიყიდება. 2014-2018 წლებში, ამ ქალაქების რაოდენობა 20-25-მდე გაიზრდება. სულ კი მათში 7 მილიონი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილი გაიყიდება.
ცნობისათვის, მერმის კომპანია ”ნისანი” აშშ-ის ბაზარზე მსოფლიოში პირველ სერიულ ელექტრომობილ ”ლიფის” გაყიდვას დაიწყებს. იაპონური კომპანიის გარდა, ”ელექტრიფიკაციის” გეგმაში, ასევე აკუმულატორების მწარმოებელი კომპანიები და ელექტროტრანსპორტის ქსელის განვითარებით დაინტერესებული სხვა კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.
თუ ”საგზაო გეგმა” შესრულდა, აშშ-ში მსუბუქი ავტომობილების მიერ ნავთობპროდუქტების დღიური მოხმარება ახლანდელი 8.6 მილიონიდან 2.0 მილიონ ბარელამდე შემცირდება.

Sunday, November 15, 2009

დაიმლერის მავთულბორბლიანი მანქანა
1889 Daimler Wire-Wheel Car
15 ნოემბერისაჭესთან ვილჰელმ მაიბახი
...........................................................
1889 წელი, მთელი მსოფლიოს ყურადღება პარიზისკენაა მიპყრობილი, სადაც მსოფლიო გამოფენა ეწყობა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი ექსპოზიცია, ამ სიტყვის ნებისმიერი მნიშვნელობით, იყო გუსტავ აიფელის პროექტის მიხედვით შექმნილი ფოლადის კოშკი. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი და დამთვალიერებლისთვის საინტერესო ის იყო, რომ ბევრი პავილიონი ელექტრული ნათურებით იყო გაკაშკაშებული.
გოტლიბ დაიმლერი ერთ-ერთი იმათთაგანი იყო, რომელიც ინოვაციებს არასდროს უფრთხოდა და რა თქმა უნდა, ელექტროგანათება თავისი სტენდისთვის მანაც გამოიყენა. სტენდის გარშემო მან 30 ნათურა განათავსა, რომლებსაც ელექტროენერგიით მის მიერვე დამზადებული ”გამნათებელი მანქანა” უზრუნველყოფდა. ეს იყო მობილური მინი სადგური, რომელზეც დაიმლერისვე კონსტრუქციის შიდაწვის ძრავი და მასთან დაკავშირებული ელექტროგენერატორი იდგა. ”გამნათებელი მანქანის” მიერ გამომუშავებული ენერგიით კი განათებული იყო სტენდი, რომელზეც დაიმლერის მიერვე შექმნილი ოთხბორბლიანი თვითმავალი ეტლი - ეგრეთ წოდებული ”მავთულბორბლიანი მანქანა” იდგა.
რა თქმა უნდა, მანქანამ ბევრი დამთვალიერებლის ყურადღება მიიქცია, მაგრამ ის სენსაციად არავის აღუქვამს. მითუმეტეს, რომ სამი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც დაიმლერმა, ინჟინერ ვილჰელმ მაიბახთან ერთად, მსოფლიოში პირველმა დაამზადა ოთხბორბლიანი ავტომობილი, რომელიც შიდაწვის ძრავით და მართვის მოწყობილობით იყო აღჭურვილი. სხვათა შორის, 1886 წელსვე, კარლ ბენცმა მოტორიანი ეტლის პატენტი აიღო და დღემდე მიმდინარეობს ბჭობა იმის შესახებ, თუ რომელი უნდა ჩაითვალოს პირველ ავტომობილად. ბენცის ავტომობილიც პარიზში იყო გამოფენილი.
მსოფლიოში პირველი V-ძრავი
...........................................................
მაგრამ დაიმლერის მანქანა ბევრი ინოვაციით გამოირჩეოდა. ის აღჭურვილი იყო V-კონფიგურაციის მქონე ორცილინდრიანი ბენზინის ძრავით, რომელთანაც საფეხურებიანი მექანიკური ტრანსმისია იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, დაიმლერმა იმავე აგრეგატით ორი ნავიც აღჭურვა და დაამტკიცა, რომ ასეთი ნავებით სამდინარო ნაოსნობა სრულიად შესაძლებელი იყო.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია დაიმლერის და მაიბახის მიერ შექმნილი ძრავი. დაიმლერის პირველ ავტომობილზე ერთცილინდრიანი ძრავი იდგა (მა ბაბუის საათი შეარქვეს), რომელიც მუხლა ლილვის 650 ბრ/წთ-ზე, 1.1 ცხენის ძალას (0.8 კილოვატს) გამოიმუშავებდა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცოტა იყო და თანაც, ძრავი მეტისმეტად მძიმეც გამოვიდა.
საქმეში მაიბახი ჩაერია, რომელმაც ძრავს კიდევ ერთი ცილინდრი დაუმატა. ორივე ცილინდრი ერთმანეთის მიმართ 17 გრადუსით დაშორდა და ასე შეიქმნა მსოფლიოში პირველი V-ძრავი. ახალ ძრავზე ცილინდრების თავი წყლით გრილდებოდა. ძრავის მუშა მოცულობა სულ რაღაც 565 კუბური სანტიმეტრი იყო და ის, მუხლა ლილვის 700 ბრ/წთ-ზე 1.5 ცხენის ძალას (1.1 კვტ-ს) გამოიმუშავებდა. რაც მთავარია, მისი წონა ყოველ ცხენის ძალაზე 40 კილოგრამი იყო, თითქმის იმის ნახევარი, რაც ერთცილინდრიანი ძრავისა.
პატენტში, რომელიც დაიმლერმა და მაიბახმა თავიანთ ძრავში 1888 წელს მიიღეს, ასევე მითითებული იყო ცილინდრების პარალელური და ოპოზიტური განლაგება. ამავე პატენტით, ცილინდრების ზედა ნაწილში, გამოსაბოლქვი სისტემის სარქველების განლაგების გამოგონებაც ამ ორ ინჟინერს ეკუთვნოდა.
ავტომობილის კონსტრუქცია მაიბახის ნახელავია. ავტომობილს ”მავთულბორბლიანი” მისი ბორბლების კონსტრუქციის თავისებურების გამო შეარქვეს. ეს სურათზეც კარგად ჩანს. ბორბალი ველოსიპედების ანალოგიური ნაწილის მსგავსი შედგენილობისა იყო. უფრო მეტიც, ავტომობილის შასიც იმდროინდელი ველოსიპედის აგებულების პრინციპების გამოყენებით შეიქმნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ მაიბახმა მის სახელად, ”კვადრიციკლი” შეარჩია. ავტომობილისთვის მზიდი ჩარჩო და ბორბლები ფირმა ”შტრიკმაშინენ-ფაბრიკმა” დაამზადა, რომელიც იმ დროს ველოსიპედების მწარმოებელი იყო, მოგვიანებით კი ავტომობილების მწარმოებელ კომპანია NSU-დ (აუდის ერთ-ერთი წინაპარია) გადაკეთდა.
შემდგომში მაიბახმა ძრავი ავტომობილის უკანა ნაწილში გადაიტანა. უკანა ღერძის მარჯვენა მხარეს მან დიფერენციალი დააყენა, მარცხნივ კი მუხრუჭი განალაგა, რომელიც მძღოლის მიერ ხელით იმართებოდა.
დაიმლერისა და მაიბახის ავტომობილზე პრობლემური მისი მართვა იყო. მაშინ ჯერაც არ იცოდნენ, როგორი გეომეტრია იყო ამისათვის ყველაზე მოსახერხეველი. მაშინ საჭის მოვალეობას ბერკეტი ასრულებდა, რომელიც ორივე მართვად (ველოსიპედის მსგავსი კონსტრუქციის) ბორბალთან ინდივიდუალურად იყო დაკავშირებული. ბორბლების მობრუნების სინქრონიზებას კი სპეციალური, ლითონის ღეროები ასრულებდა. თითქოს, ბენცმა გამოსავალს მიაგნო და 1893 წელს თავის ”სამბორბლიან ველოსიპედზე”, საჭე ერთადერთ მართვად - უკანა ბორბალს დაუკავშირა. თუმცა, ასეთი გადაწყვეტა ოთხბორბლიან მანქანაზე მაინც ვერ გამოდგებოდა.
ამ კონსტრუქციის განვითარებაც მალე გამოიგონეს. ბორბლებს ღერძზე ისე ამაგრებდნენ, რომ მათ საკუთარი ვერტიკალური ღერძის გარშემო, გარკვეულ რადიუსზე მობრუნება შესძლებოდათ. საჭის მექანიზმი ერთ-ერთ მათგანთან იყო დაკავშირებული, მეორეს კი ბორბლებს შორის არსებული ღერო ატრიალებდა.
მავთულბორბლიან ავტომობილზევე, მაიბახმა პირველად გამოიყენა საკუთარი კონსტრუქციის ოთხსაფეხურიანი ტრანსმისია. ეს ტრანსმისია იმით იყო საუნტერესო, რომ მასში კბილანების ერთი წყვილი მუდმივ მოდებაში იყო, დანარჩენი ოთხი კი სხვადასხვა დროს, მღძოლის მიერ ირთვებოდა. პირველი საფეხურით, მანქანას 5 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეეძლო, ,ეოთხეთი - სიჩქარე მაქსიმუმს - 16 კმ/სთ-ს აღწევდა. ეს კონსტრუქცია მალე გავრცელდა საავტომობილო ინდუსტრიაში, თუმცა მას ნაკლიც ჰქონდა - იმდროინდელი ტექნოლოგიები არ იძლეოდა გამძლე კბილანების წარმოების საშუალებას და ამიტომ, კოლოფი ხშირად საჭიროებდა შეკეთებას და კბილანების გამოცვლას.
იმ დროისთვის გამოყენებული მოწინავე გადაწყვეტების მიუხედავად, დაიმლერისა და მაიბახის ნამუშევარს დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. სამაგიეროდ, დაიმლერმა სწორედ მაშინ დაამყარა პარტნიორული ურთიერთობა თავისი ფრანგი ბიზნეს კოლეგის, ედუარდ სარაზენის ქვრივ ლუიზ სარაზენთან. სარაზენმა შეიძინა დაიმლერის ძრავების გამოყენების უფლება. თანაც ისე, რომ ეს ძრავები ”დაიმლერის” სახელს შეინარჩუნებდნენ. ეს გარიგება კი ფრანგული ავტოინდუსტრიის კატალიზატორად იქცა. საფრანგეთში ”დაიმლერის მოტორ სისტემით” გაცილებით მეტი კომპანია სარგებლობდა, ვიდრე გერმანიაში. იგივე ტექნოლოგია ფრანგებმა მალე მოტორიანი ნავების, ტრამვაის, ტროლეიბუსისა და ელექტროგენერეტორების წარმოებაში დანერგეს.
1890 წელს, ლუიზ სარაზენი ავტომწარმოებელ ემილ ლევასორზე გათხოვდა, რომლის კომპანია ”პანარ ენდ ლევასორი”, ძრავებს სხვა კომპანიებისთვის აწარმოებდა. მათი პროდუქციის უდიდესი მომხმარებელი მალე საოჯახო კომპანია ”პეჟო” გახდა, რომელმაც პარიზის მსოფლიო გამოფენაზე ”მავთულბორბლიანი მანქანა” შეიძინა და მის მიხედვით, საკუთარი ავტომობილების წარმოებას მიჰყო ხელი. 1906 წლამდე კი, ”პეჟოს” ავტომობილებზე ”დაიმლერის” ლიცენზიით დამზადებული ”პანარ ენდ ლევასორის” ძრავები იდგა. სხვათა შორის, საუკუნეების გასაყარზე, ”პეჟო” საფრანგეთის უდიდესი ავტომწარმოებელი გახდა...
ასე რომ, ”მავთულბორბლიანი მანქანა” საავტომობილო ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა გახდა, რომელმაც ავტომრეწველობის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია.

Saturday, November 14, 2009

”ფოლკსვაგენი” ახალ უნივერსალურ პლატფორმას ამზადებს
VW's new platform for 60 models
14 ნოემბერი”ფოლკსვაგენი” ამთავრებს მუშაობას თავის სრულიად ახალ, უნივერსალურ პლატფორმაზე, რომელიც ამ ეტაპზე, MQB-ს (მოდულარენ ქვერ ბაუკასტენ, ანუ მოდულური პლატფორმა ძრავის განივი განლაგებით) სახელითაა ცნობილი და რომელზეც, ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” ინფორმაციით, გერმანული საავტომობილო ჯგუფი 60-მდე ავტომობილის (ფოლკსვაგენის, აუდის, შკოდასა და სეატის) დამყნობას აპირებს.
ახალი სტრუქტურა ერთდროულად სამ პლატფორმას (PQ2, PQ3 და PQ4) შეცვლის და ის ექსპლუატაციაში სრულად 2015 წლამდე შევა. ”ფოლკსვაგენის” კვლევისა და განვითარების განყოფილების შეფი ულრიხ ჰაკენბერგი ამბობს, რომ ახალ პლატფორმაზე, სხვადასხვა კლასისა (სედანები, ჰეჩბეკები, ქროსოვერები და მინივენები) და ზომის ავტომობილების აგება იქნება შესაძლებელი.
”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალ პლატფორმას პირველად ”აუდი A3-ზე” გამოიყენებენ, რომლის დებიუტი 2011 წელსაა მოსალოდნელი. არაა გამორიცხული, რომ ახალ პლატფორმაზე ის ახალი ავტომობილი აიგოს, რომლითაც ვოლფსბურგელები ამერიკაში ”პასატის” ჩანაცვლებას აპირებენ. ისე კი, MQB-ს დანერგვის შემდეგ, ”ფოლკსვაგენის” მიერ გამოყენებული პლატფორმების რაოდენობა, ახლანდელი 18-დან 2-მდე შემცირდება.
”ეს ახალი პლატფორმა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ მასზე სხვადასხვა კლასის და ზომის მანქანები ავაგოთ ისე, რომ პლატფორმის საბაზო კონსტრუქცია და არქიტექტურა უცვლელი დავტოვოთ და მასში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილება შევიტანოთ”, - ამბობს ჰაკენბერგი. მისი თქმით, შეიძლება ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ასე იქნება - მინიატურული ”ლუპოც” და მინივენი ”შარანიც”, ერთსადაიმავე პლატფორმაზე დამზადფება.
ახალი პლატფორმის დანერგვის შემდეგ, ”ფოლკსვაგენის” და მის ჯგუფში შემავალი მარკების მოდელებს ნაწილების და მაკომპლექტებლების (მათ შორის, ძრავების და ტრანსმისიების) 60-70 პროცენტი საზიარო ექნება.

Thursday, November 12, 2009

”არაშის” ამბიციური გეგმები
Arash
12 ნოემბერიპატარა ბრიტანულმა ფირმა ”არაშმა” თავის პირველ სუპერ ავტომობილ AF-10-ის (AF არაშ ფარბუდს - დამაარსებლის სახელს და გვარს აღნიშნავს) ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ, ფასი კი 320 000 გირვანქა სტერლინგი იქნება, მალე მყიდველისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ავტომობილის მზიდ სტრუქტურას კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადებული შასი წარმოადგენს, რომელიც კომპანია ”EPM ტექნოლოჯიმ”, სპეციალურად, ”არაშის” შეკვეთით დაამზადა. ცნობისათვის, ეს ის კომპანიაა, რომელმაც ფორმულა 1-ის გუნდ ”ფორს ინდიას” წლევანდელი ბოლიდის შასი დააპროექტა და დაამზადა.
შასიზე დამაგრებულია ”შევროლე კორვეტ Z06-ის” 7.0-ლიტრიანი V8 აგრეგატი, რომელიც 550 ცხენის ძალამდეა გაძლიერებული. სხვათა შორის, არაშ ფარბუდი ”იმუქრება”, რომ მალე მისი კომპანიის ინჟინრები, ამავე აგრეგატის ბაზაზე, 7.2-ლიტრიან V8 მონსტრს შექმნიან, რომლის ”რემაშიც” 1 200 ცხენი მოიყრის თავს.
ძრავთან შეწყვილებულია ინგლისურ ფირმა ”გრაცანოს” 6-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი, თუმცა მალე შესაძლებელი იქნება 6-საფეხურიანი სეკვენტალური კოლოფის დაყენებაც, რომელიც ”პაგანი ძონდა F-ზე” გამოიყენება.
AF-10-ის აეროდინამიკურ ეფექტურობას ემსახურება უკანა სამმაგი დიფუზორი და წინა ანტიფრთა, რომელიც ფარებს შორის, ხიდადაა გადებული. ავტომობილის წონა 1260 კილოგრამია, რაც მას 0-100 კმ/სთ-მდე ოთხ წამზე ნაკლებში აჩქარების საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ AF-10-ს ნაწილების და მაკომპლექტებლების მინიმალური რაოდენობა აქვს აღებული სხვა კომპანიების ავტომობილებისგან, რაც მის სიძვირეს განაპირობებს.
სხვათა შორის, არაშ ფარბუდისთვის ეს მეორე კომპანიაა. პირველს ”ფარბუდ GTS” ერქვა, მაგრამ დღეისათვის ის ”ფარბიოს” სახელითაა ცნობილი. სამაგიეროდ, ფარბუდმა ”არაშში” მოიწვია ისეთი ცნობილი ინჟინერი, როგორიც ლორის ბიკოშია. ცნობისათვის, ეს ის კაცია, ვინც ”ბუგატი ვეირონის” შასის შემუშავებასა და სრულყოფას ხელმძღვანელობდა.
რაც შეეხება ავტომობილს, რომელსაც ჯერ სახელი არ აქვს, მაგრამ ახლავე ცნობილია, რომ მისი ძრავის სიმძლავრე 1 200 ცხენის ძალას მიაღწევს, მისი სავარაუდო სიჩქარე 400 კმ/სთ-ს ფარგლებში იქნება. არაშ ფარბუდი იმედოვნებს, რომ სრულყოფის შემდეგ, ეს ავტომობილი სიჩქარეში ”ბუგატი ვეირონს” გაეჯიბრება.