Saturday, February 20, 2010

”სიტროენმა” DS3-ის სპორტული ვარიანტი შექმნა

Citroen DS3 Racing Official Info and Pictures

20 თებერვალი

ისევე როგორც სხვა კომპანიებმა, ”სიტროენმაც” თავისი ახალი ავტომობილის შესახებ, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჟენევური გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა. ეს არის ჰეჩბეკ DS3-ის ბაზაზე შექმნილი სპორტული მოდელი, რომელსაც სახელში ”რეისინგი” დაემატა. როგორც ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზშია მითითებული, ”DS3 რეისინგი” მხოლოდ 1 000 ცალი დამზადდება.

სტანდარტული ჰეჩბეკისგან ”DS3 რეისინგი” უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რასაც მას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული აეროდინამიკური ელემენტები ანიჭებს. ამასთან, ავტომობილის სახურავი, სარკეები, 18-დუიმიანი ბორბლები და რადიატორის არშიები ფორთოხლისფრად არის შეღებილი.

ავტომობილის კაპოტის ქვეშ მოთავსებულია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც, 150-დან 200 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. სიმძლავრის ზრდა, პირველ რიგში, ძრავის ელექტრონული ბლოკის პროგრამის შეცვლამ გამოიწვია. მოდერნიზაცია ჩაუტარდა ტურბოკომპრესორს, შეიცვალა შემშვები კოლექტორი. შედეგად, სიმძლავრის გარდა, მაბრუნი მომენტი 240-დან 275 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა და მისი მაქსიმუმი, მუხლა ლილვის 2 500-4 000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა.

სტანდარტულ ჰეჩბეკთან შედარებით, ”DS3 რეისინგი” 15 მილიმეტრით დადაბლდა, მისი ბორბლების კვალი კი 30 მილიმეტრით გაგანიერდა. შეიცვალა წინა და უკანა ამორტიზატორები, რომლებიც სტანდარტულზე ხისტია. წინა ბორბლების დამუხრუჭებას 4-ცილინდრიანი სისტემა ემსახურება, სტაბილიზაციის სისტემა კი საჭიროების შემთხვევაში, სრულად ითიშება.

სალონში ახალ, სპორტულ სავარძლებს ნახავთ, რომლებსაც მძლავრი გვერდითა მისაყრდნობები აქვს, სავარძლების ცენტრში კი, საკისრეების ქვევით, ”სიტროენ რეისინგია” ამოქარგული. სალონში მრავლად ნახავთ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ დეტალებს, რაც ასევე ავტომობილის სპორტულობას უსვამს ხაზს.

”სიტროენი” ”DS3 რეისინგის” გაყიდვას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

”ფოლკსვაგენის” კიდევ ერთი ქროსოვერი

Volkswagen Shows CrossPolo

20 თებერვალი

”ფოლკსვაგენმა” თავისი ახალი ავტომობილის, ჰეჩბეკ ”პოლოს” ბაზაზე შექმნილ ქროსოვერ ”ქროსპოლოს” ფოტოები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო შოუზე გამართავს.

”ქროსპოლო” მხოლოდ ხუთკარიანი ძარით დამზადდება. 15 მილიმეტრით გაზრდილი კლირენსის გარდა, მას ”პოლოსგან” ბამპერზე, ზღურბლსა და და საბორბლე თაღებზე გადაკრული შავი პლასტიკატი, ასევე სახურავის გასწვრივ არსებული საბარგო რეილინგი გამოარჩევს.

ავტომობილი მისთვის საკმაოდ დიდ, 17-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებზე ჩაცმული საბურავის ზომაც 214/40-ეა. სალონში კი ყურადღებას ახალი სავარძლები იქცევს, რომლებსაც ჩვეულებრივთან შედარებით, უფრო დიდი ზომის გვერდითა მისაყრდნობები აქვს, სავარძლებზე კი ავტომობილის სახელია ამოქარგული.

ქროსოვერისთვის გათვალისწინებულია 1.2-ლიტრიანი ატმოსფერული და ტურბოძრავები, რომელთა მაქსიმალური სიმძლავრეც 70 და 105 ცხენის ძალაა. მესამე ძრავია 1.4-ლიტრიანი დიზელი, რომლის სიმძლავრეც 85 ცხენის ძალაა. მალე ამ აგრეგატების სიას სამი დიზელიც დაემატება, რომელთა სიმძლავრეც 75, 90 და 105 ცხენის ძალაა.

მოსალოდნელია, რომ ”ქროსპოლო” თავის ჰეჩბეკისძარიან ნათესავზე დაახლოებით 3 000 ევროთი ძვირი ეღირება. მისი საბაზო ვერსიის ღირებულება 15 500 ევრო იქნება.

”ქროსპოლოს” გარდა, ვოლფსბურგელები ჟენევაში ”პოლოს” სპორტულ ვერსია GTI-საც გვიჩვენებენ. ეს ავტომობილი 1.4-ლიტრიანი ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ერთდროულად, მექანიკური და ტურბოდამჭირხნი ემსახურება. მათი მეშვეობით, აგრეგატის მაქსიმალური სიმძლავრე 180 ცხენის ძალას აღწევს. ამ აგრეგატს DSG სერიის 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი ემსახურება.

”შკოდა” ”რენო ლოგანის” კონკურენტს ამზადებს

More details emerge about Skoda's Logan fighter

20 თებერვალი

ჩეხური კომპანია ”შკოდა”, რომელიც ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში შედის, წარმოებისთვის დაბალფასიან საოჯახო სედანს ამზადებს, რომლითაც ”რენოს” პოპულარული ”ლოგანისთვის” (სურათზე) კონკურენციის გაწევას იმედოვნებს. ”შკოდას” პროფკავშირის შეფმა იაროსლავ პოვსიკმა განაცხადა, რომ ახალი ავტომობილის სახელად ჯერჯერობით ”ენტრია” შერჩეული, თუმცა არ დაუზუსტებია, ეს სახელი დარჩება, თუ შეიცვლება.

ჩეხური გაზეთი ”მლადა ფრონტა დნეშ ჩეხ” იუწყება, რომ ახალი ავტომობილის ფასი შესაძლოა, 260 000 კრონი (დაახლოებით $13 650) იყოს, რაც სუბკომპაქტური ”ფაბიას” ფასზე მეტი და კომპაქტურ სედან ”ოქტავიას” ფასზე ნაკლებია. იმავე გაზეთის ცნობით, ეს ავტომობილი დაბალი შემოსავლების მქონე მყიდველზე იქნება გათვლილი, რომლებსაც სუბკომპაქტურზე დიდი ზომის ავტომობილის შეძენა სურთ.

თავად ”შკოდას” ხელმძღვანელობა ამ თემაზე კომენტარისგან ჯერჯერობით თავს იკავებს. თუმცა, სამი თვის წინ, ”შკოდას” მთავარმა აღმასრულებელმა რაინჰარდ იუნგმა გერმანულ გამოცემა ”აუტომობილვოხესთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ ავტომობილის წარმოება 2-3 წელიწადში დაიწყება.

მას შემდეგ, რაც ვოლფსბურგული გიგანტის ქოლგას შეეფარა, ”შკოდამ” ევროპული დონის ავტომობილების წარმოება დაიწყო და შესაბამისად, მისი პროდუქციაც გაძვირდა, მაგრამ დღეს კომპანია წარმოების გაზრდას მაინც დაბალფასიანი ავტომობილების ხარჯზე ცდილობს და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ახალი სედანი გახდება.

ეს ავტომობილი ბევრ კომპონენტს ”ფაბიასა” და ”ოქტავიასგან” მიიღებს, რაც მისი ფასის შემცირებას განაპირობებს. თუმცა, ამის მიუხედავადაც, მაინც ”ლოგანზე” ძვირი ეღირება. ფრანგული კომპანიის ავტომობილის საბაზო ღირებულება 7 300 ევროა.

”შკოდამ” შარშან მთელს მსოფლიოში 684 226 ავტომობილი გაჰყიდა, რაშიც მას დასავლური ქვეყნების ბაზრებზე მოქმედი შეღავათები და ჩინეთში ექსპანსია დაეხმარა. წელს კი, იმის გამო, რომ შეღავათების სისტემა გაუქმდა, ჩეხურმა კომპანიამ ”ფაბიას” წარმოების მოცულობა შეამცირა.