Monday, August 17, 2009

”ლექსუსის” პირველი ჰეჩბეკი

Lexus Premium Compact Concept

17 აგვისტო

”ტოიოტას” ლუქსის კლასის ავტომობილების მწარმოებელმა შტო ”ლექსუსმა” ინტერნეტით თავისი უახლესი კონცეპტუალური მოდელის ფოტო ტისერი გამოაქვეყნა, რომელსაც საზოგადოებას პირველად ფრანკფურტის ავტო შოუზე უჩვენებს. ამ ავტომობილის (მისი სახელი ჯერ უცნობია) სერიული ვერსიის ჩვენება კი მერმის, ჟენევის ავტოგამოფენაზე იგეგმება.

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, ”ლექსუსმა” ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე დაარეგისტრირა ინდექსები CT 200h, CT 300h და CT 400h, რომლებიც შესაძლოა, სწორედ თავის პირველ ჰეჩბეკზე გამოიყენოს. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ჰეჩბეკის ტიპის ავტომობილები, პირველ რიგში, ევროპულ ბაზარზეა პოპულარული.

ჯერჯერობით, ახალი ავტომობილის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ამ ჰეჩბეკის ბაზაზე, ”ლექსუსი” ჰიბრიდსაც გამოუშვებს, რომელიც 187-ცხენისძალიანი სისტემით აღიჭურვება. სისტემაში ოთხცილინდრიანი, 2.4-ლიტრიანი შიდაწვის ძრავი (147 ცხენის ძალით) და ელექტრომოტორი (40 ცხ.ძ) გაერთიანდება. შიდაწვის ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს კი, ჩვეულებრივი გადაცემათა კოლოფის ნაცვლად, უსაფეხურო ვარიატორი გადაამუშავებს. ჰიბრიდული სისტემის სავარაუდო ხარჯი 100 კილომეტრზე დაახლოებით 6.50 ლიტრი უნდა იყოს.

”ლექსუსი” იმედოვნებს, რომ თავის ისტორიაში პირველი ჰეჩბეკისძარიანი ავტომობილით, სერიოზულ კონკურენციას ისეთ ძლიერ მეტოქეებს გაუწევს, როგორებიც ”აუდი A3” და პირველი სერიის ”ბეემვეა”.

”ჰიუნდაი ix35” - ჯერ მხოლოდ ფოტო ტისერები

Hyundai ix35

17 აგვისტო



ფრანკფურტის მოტორ შოუზე, კორეული ”ჰიუნდაი” თავისი უგზოობის პოპულარული მოდელის, ”ტუსანის” შემცვლელს, ix35-ს გამოფენს, რომლის ფოტო ტისერებიც კომპანიის ვებსაიტზე უკვე გამოჩნდა. თუმცა, ამ ფოტოების გარდა, ”ჰიუნდაი” თავისი სიახლის შესახებ თითქმის არაფერს გვიყვება.

ინტერნეში გავრცელებული ინფორმაციით, კორეაში ეს ავტომობილი ”ტუსან ix-ის” სახელით გაიყიდება, ევროპაში კი მას ix35-ს დაარქმევენ. ჯერჯერობით უცნობია, რა სახელით წარდგება ის აშშ-ის ბაზარზე.

მართალია, ტისერების მიხედვით შეუძლებელია იმის წარმოდგენა, თუ როგორი გარეგნობა ექნება ახალ ავტომობილს, თუმცა უფრო ადრე გავრცელებული მსტოვრული ფოტოების მიხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ”ჰიუნდაი ix35” ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე წარმოდგენილი კონცეპტუალური ”ix-ონიკის” სტილშია შესრულებული.

”ჰიუნდაი” აცხადებს, რომ ix35 თავიდან ბოლომდე ევროპაში, კომპანიის ფრანკფურტულ ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული და მასში არაერთი ახალი ტექნოლოგიაა გამოყენებული. საერთო ჯამში, ”ჰიუნდაისთვის” ის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია.

”ჰიუნდაი ix35” ევროპულ ბაზარზე კონკურენციას ისეთ სერიოზულ მეტოქეებს გაუწევს, როგორებიც ”ფოლკსვაგენ ტიგუანი” და ”ტოიოტა RAV-4-ია”. ამ ავტომობილის გარდა, კორეული კომპანია ფრანკფურტში ასევე განახლებულ ”სანტა ფეს” წარადგენს. ორივე ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია კი შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

ფრანკფურტამდე: მინი კუპე კონცეპტი

Mini Coupe Concept

17 აგვისტო


ფრანკფურტის მოტორ შოუსთვის, ინგლისური კომპანია ”მინი” ორ მთავარ სიახლეს ამზადებს, რომელთაგან ერთი წარმოებისთვის გამზადებული ქროსოვერია, მეორე კი ორკარიანი სპორტული კონცეპტუალური მოდელი, რომლის შესახებაც ჯერ ბავრი არაფერია ცნობილი.

ინტერნეტ გამოცემა ”ინსაიდ ლაინი” ვარაუდობს, რომ კონცეპტუალური ავტომობილი ან ორადგილიანი კუპე იქნება, ან ღია სპიდსტერი. ნებისმიერ შემთხვევაში, ორივე ავტომობილი ”მინის” ერთადერთ, R57 პლატფორმაზეა ბაზირებული.

გამოცემის სპეციალისტებმა კონცეპტუალური ”მინის” სავარაუდო ფოტო რობოტი შეადგინეს, რომელზეც ჩანს, რომ უკანა ნაწილით, ავტომობილი ”აუდი TT-ს” ჰგავს. თუმცა, კომპანიაში ირწმუნებიან, რომ მათი სპორტული ავტომობილის ნახვისას ეჭვი არავის შეეპარება, რომ ეს ”მინის” ოჯახის წევრია.

რაც შეეხება ძრავებს, ამ ეტაპზე, არც ამ მხრივაა რაიმე ცნობილი. ინგლისური კომპანია გვპირდება, რომ ორადგილიანი სპორტული მოდელიც ისეთივე ეკონომიური იქნება, როგორებიც მისი ნათესავებია. არც ისაა გამორიცხული, რომ ახლო მომავალში, მასზე ”ბეემვეს” უახლესი სამცილინდრიანი ძრავი ვიხილოთ, რომელსაც ბავარიელები მე-3 და 1-ლი სერიის მოდელებისთვის ამზადებენ.

”ვენგა” – ”კიას” ახალი კომპაქტვენი

Kia Venga

17 აგვისტო

ფრანკფურტის ავტო შოუს დაწყებამდე ერთი დღეც აღარ დარჩა და ავტომწარმოებელთა უმეტესობამ უკვე დაიწყო იმ სიახლეთა ფოტო ტისერების და ინფორმაციის გამოქვეყნება, რომლებსაც საზოგადოება გამოფენისას, მათს პავილიონებში იხილავს.

თავის მყიდველს სიახლეებს ”კიაც” უმზადებს, რომელთაგან ერთის, სრულიად ახალ მიკროვენ ”ვენგას” ფოტოები ინტერნეტით დღეს გავრცელდა. კორეული კომპანია ამ ავტომობილს მრავალმხრივი დანიშნულების ავტომობილს (MPV) უწოდებს. თუმცა ”ვენგა” აშკარად ჰეჩბეკია და შესაბამისი ძარის მქონე ”ფორდ ფიესტას” უპირებს მეტოქეობას, რომელიც ევროპაში ბაზრის B-სეგმენტის გამოკვეთილი ლიდერია.

ცოტა უცნაურია, მაგრამ იმ დროს, როდესაც ამერიკული ”შევროლე” თავის ახალ ავტომობილებს კორეელ ინჟინრებს ამუშავებინებს, კორეული ”კია” ახალი მოდელების შესაქმნლად თავის ევროპულ საინჟინრო განყოფილებას იყენებს - ”ვენგა” მთლიანად ევროპაშია შემუშავებული.

”ვენგას” კონცეპტუალური ვერსია (სახელით No3) ”კიამ” პირველად ჟენევის ავტო შოუზე წარადგინა. ამ ორი ავტომობილს შორის გარეგნული სხვაობა მინიმალურია. ”ვენგას” სიგრძე 4068 მმ, სიმაღლე 1600 მმ და ბაზა 2615 მილიმეტრია. ის სულ რამდენიმე მილიმეტრით გრძელია ”ფიესტაზე” და როგორც კორეული კომპანია აცხადებს, სიგრძეში სხვაობა მხოლოდ სალონის ხარჯზე მოდის.

ახალი ავტომობილისთვის სულ ორი ძრავია განკუთვნილი. ერთია 1.4-ლიტრიანი ბენზინის, მეორე კი - 1.6-ლიტრიანი დიზელის. შესაბამისად, მათი სიმძლავრე 75 და 115 ცხენის ძალაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პატარა ავტომობილის სტანდარტულ აღჭურვილობაში სისტემა სტარტ/სტოპი შედის, რომელიც ისედაც მცირეაპეტიტიანი ავტომობილის საწვავის ხარჯს და მის გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობას მნიშვნელოვნად ამცირებს. სისტემა ავტომობილის შუქნიშანზე, ან საცობში დგომის დროს, ავტომატურად თიშავს ძრავს და მას ავტომატურადვე რთავს, როგორც კი მძღოლი აქსელერატორის სატერფულს აწვება.

ჯერჯერობით არ გამოცხადებულა ”ვენგას” ფასი. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მას ”კიას” ჩეხური ქარხანა გამოუშვებს, მისი გაყიდვები კი წელსვე დაიწყება.