Thursday, June 11, 2009

”ფოლკსვაგენი” ”გოლფს” 30%-ით შეამსუბუქებს

Volkswagen Golf

11 ივნისი

ევროპის უდიდესი ავტომწარმოებელი უერთდება ევრო კომისიის ახალ პროექტ ”სუპერლაით ქარს”, რომლის მიზანიც ავტომობილების წონის შემსუბუქება და აქედან გამომდინარე, მათი ეკონომიურობის გაუმჯობესებაა, რასაც შედეგად ევროპის ქვეყნებში ატმოსფეროში გამონაბოლქვის შემცირებას გამოიწვევს.

ამ პროექტში, ”ფოლკსვაგენის: გარდა, უკვე მონაწილეობენ ”რენო”, ”ვოლვო”, ”ოპელი” და ”დაიმლერი”. ვოლფსბურგული ჯგუფიდან, ”მსუბუქი ავტომობილების” პროექტს პირველი ”აუდი” შეუერთდება, რომელიც პირველ რიგში, თავისი ყველაზე გაყიდვადი მოდელების, S4-ს და S5-ს შემსუბუქებას შეუდგება.

”ფოლკსვაგენის” გამაში კი პირველს შემსუბუქება ბესტსელერ ”გოლფს” მოუწევს, რომელიც პირველ ეტაპზე, წონაში 30%-ით დაიკლებს. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება მასზე უფრო მცირელიტრაჟიანი ძრავების გამოყენება. ”გოლფის” შემდეგ, ეონაში ყველა ის ავტომობილიც დაიკლებს, რომლებიც იმავე პლატფორმაზეა ბაზირებული.

ამ პროექტით, ”გოლფის” პლატფორმის ნაკლებად საპასუხისმგებლო ნაწილები ალუმინისგან და სხვა მსუბუქი მასალებისგან დამზადდება. საერთო ჯამში, ავტომობილი თავისი წონის მესამედზე ოდნავ ნაკლებს დაიკლებს. პარალელურად, მწარმოებელი მიზნად ისახავს, რომ არ გაზარდოს ავტომობილის ფასი, რასაც კონკურენტუნარიანობისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

თავისი პროექტის განხორციელების პროცესში, ”ფოლკსვაგენის” ინჟინრებმა სამი განსხვავებული კონცეპცია მოამზადეს. პირველი ძირითადად ფოლადისგანაა დამზადებული, მეორეში ფოლადთან ერთად, ალუმინი და სხვა მსუბუქი მასალებიც გამოიყენეს, მესამე მხოლოდ მსუბუქი, ძვირადღირებული მასალებით აიწყო. პირველ ორ შემთხვევაში, ავტომობილის წონა 20%-ით შემცირდა. იმავდროულად, თითქმის არ შეცვლილა მათი წონები. მესამე ავტომობილის აწყობა ძვირი კი დაჯდა, მაგრამ მისი წონა 41%-ით შემცირდა.

ვოლფსბურგელები ახალ, წარმოებისთვის ვარგის პლატფორმას სამივე კონცეპციაში გამოყენებული ტექნოლოგიებით მოამზადებენ და იმედოვნებენ, რომ მასის შემცირებისა და ფასის შენარჩუნების ყველაზე ოპტიმალურ მაჩვენებელს მიაღწევენ.

”ფოლკსვაგენს” იმედი აქვს, რომ ”სუპერლაით ქარს” ტექნოლოგიით ”გოლფის” წარმოებას 2012 წელს დაიწყებს.

ახლა მე-3 სერიის GT-ს ჯერია

BMW 3-series GT

11 ივნისი

ერთი თვეც არ გასულა მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მე-5 სერიის GT-ს შესახებ ინტერნეტით ინფორმაცია გამოაქვეყნა. და აი, ინტერნეტითვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენში მე-3 სერიის მოდელზე ბაზირებული, მე-3 სერიის GT-ს გამოშვებაზეც დაიწყეს ფიქრი.

სანამ ბავარიელები საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი დააკვირდებიან, თუ რამდენად პოპულარული იქნება მე-5 სერიის GT, რომლის გაყიდვებიც წელს, ფრანკფურტის ავტო შოუს (რომელიც სექტემბერში გაიმართება) შემდეგ დაიწყება. დადებითი ტრენდის შემთხვევაში, მე-3 სერიის სედანზე ბაზირებული GT-ს წარმოებას წინ ვერაფერი დაუდგება.

თავისი უფროსი ”ნათესავის” მსგავსად, მე-3 სერიის GT-ც ჰეჩბეკის ტიპის ძარას მიიღებს, მისი სავარძლები კი ოდნავ უფრო მაღლა განთავსდება, ვიდრე სედანში. შესაბამისად, ავტომობილიც უფრო მაღალი გამოვა. მასაც საბარგულის ორსეგმენტიანი კარი ექნება. მე-3 სერიის GT ასევე აღიჭურვება როგორც სრულამძრავიანი, ასევე უკანა წამყვანბორბლიანი ტრანსმისიით. რაც შეეხება ძრავებს, მათს გამას ოთხ და ექვსცილინდრიანი აგრეგატებით დააკომპლექტებენ.

რაც შეეხება ავტომობილის გარეგნობას, ის ”ბეემვეს” ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-3 სერიის GT-საც ისეთივე აგრესიული დიზაინი ექნება, როგორიც მე-5 სერიის GT-ს აქვს. ესე იგი, ის პირველ რიგში, იმ კატეგორიის მყიდველს მიიზიდავს, რომლებიც ბავარიული კომპანიის ავტომობილებში სპორტულ სტილს და აგრსიას აფასებენ.

სხვათა შორის, ”ბეემვეს” შეფ ნორბერტ რაიტჰოფერს ნათქვამი აქვს, რომ მე-3 სერიის სედანის ბაზაზე, მისი კომპანია ქროსოვერის შექმნას აპირებს. მისი თქმით, ”ეს ის სეგმენტია, რომელიც ”ბეემვეს” დიდ მოგებას მოუტანს. შესაძლებელია, რომ ქროსოვერის ნაცვლად, ბავარიელებმა მე-3 სერიის GT გამოუშვან. თუმცა, რეალურად, ეს ორი ტიპი ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდება. ეგაა, GT-ს კლასის ავტომობილს უფრო სპორტული მიდრეკილება აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ ქროსოვერს.

”ფიატმა” ”კრაისლერის” შეძენა დაასრულა

Fiat-Chrysler

11 ივნისი

”ფიატსა” და ”კრაისლერს” შორის გარიგება ოფიციალურად დასრულდა, რის შედეგადაც, იტალიური კომპანია სიდიდით მესამე ამერიკული ავტომწარმოებლის, გაკოტრებული ”კრაისლერის” საუკეთესო აქტივებს დაეუფლა.

ამ აქტივების წყალობით, ”ფიატის” ხელში, ახალი ”კრაისლერის” აქციების 20 პროცენტი გადავა, მოგვიანებით კი ტურინელებს თავისი წილის 35 პროცენტამდე გაზრდის უფლება ექნებათ. ახალი ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელი კი ”ფიატის” მთავარი აღმასრულებელი - სერჯო მარკიონე (სურათზე) გახდება.

ძველი ”კრაისლერის” დანარჩენი ნაწილები, რომელთა უმეტესობა ან წამგებიანია, ან ვალებით დატვირთული, გაკოტრების პროცესში, აუქციონებზე გაიყიდება.

სერჯო მარკიონემ თავის ამერიკელ მოადგილედ, ”კრაისლერის” ყოფილი ვიცე აღმასრულებელი და პრეზიდენტი ჯიმ პრესი დანიშნა, ბობ ნარდელი კი, ვინც გაკოტრებამდე ”კრაისლერის” მთავარი აღმასრულებელი იყო, ამ კომპანიის ყოფილ მფლობელს, საინვესტიციო ჯგუფ ”სერბერუს კეპიტალს” დაუბრუნდება. ახალი ”კრაისლერის” ჯგუფის მთავარი ფინანსური მოხელე გახდება ”ფიატის” ამავე პოსტზე მომუშავე რიჩარდ პალმერი, ვინც თავისი მოვალეობის შესრულებას იტალიურ კომპანიაშიც გააგრძელებს.

გარიგების ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მარკიონემ გამოაცხადა, რომ ”ფიატი” თავისი საწარმოო ტექნოლოგიების ”კრაისლერისთვის” გაზიარებას რამდენიმე თვეში შეუდგება. ახალი ”კრაისლერის” დაფუძნება კი რამდენიმე დღის საქმეა.

”ფიატის” გარდა, ახალი ”კრაისლერის” მფლობელები პროფკავშირების საპენსიო ტრასტი და აშშ-ის და კანადის მთავრობბი გახდებიან. ცნობისათვის, მოგვიანებით, ამერიკის მთავრობა კიდევ ერთი გაკოტრებული ავტომწარმოებლის, ”ჯენერალ მოტორსის” მთავარი მეპატრონე გახდება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ”გენერლები” რესტრუქტურიზაციას დაასრულებენ და ახალ კომპანიას ჩამოაყალიბებენ.

პრესტიჟული პრიზი ”ოპელ ამპერას”

Opel Ampera

11 ივნისი

ბრიტანულმა გამოცემამ ”ვოტ ქარ?”, ჰიბრიდული ელექტრომობილი ”ოპელ/ვოქსჰოლ ამპერა” საუკეთესო მწვანე ტექნოლოგიის პრიზით დააჯილდოვა. ჟურნალის მიერ მოწვეულმა ჟიურიმ განსაკუთრებით ხაზი იმ ფაქტორს გაუსვა, რომ ”ამპერას” ინოვაციური ტექნოლოგია გამოყენებადია და რაც მთავარია, მისი სვლის მარაგი ყველა თანამედროვე ელექტრომობილის შესაბამის მაჩვენებელზე გაცილებით მეტია, რაც ამ ტექნოლოგიის პოპულარიზაციისთვის მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია.

კონკურსის ჟიურის განსაკუთრებული მოწონების საგანი გახდა ”ამპერას” სისტემა E-REV (იქსტენდედ რეინჯ ელექტრიკ ვიჰაიქლ, ანუ გაზრდილი სვლის ელექტრომობილი), რომელიც ასევე ”ვოლტეკის” სახელითაა ცნობოლი. სისტემის შემადგენელი ნაწილია შიდაწვის მცირელიტრაჟიანი ძრავი, რომელიც გენრატორთანაა დაკავშირებული და დამატებით ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. ის მაშინ ირთვება, როდესაც სპეციალური სენსორი ჰიბრიდული აგრეგატის მართვის ცენტრს შეატყობინებს, რომ აკუმულატორები მალე განიმუხტება. ამუშავების შემდეგ, გენერატორი ელექტროენერგიას წამყვან ელექტროძრავებსაც მიაწვდის და აკუმულატორსაც.

მარტო აკუმულატორების ხარჯზე, ”ამპერას” მხოლოდ 60 კილომეტრის გავლა შეუძლია. შიდაწვის ძრავისა და მასთან დაკავშირებული გენერატორის წყალობით კი სვლა 500 კილომეტრამდე იზრდება.

ამგვარად, ”ამპერა” მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით, საშუალო ევროპელების 70 პროცენტის ყოველდღიურ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. რაც შეეხება მათ, ვინც დღეში 60 კილომეტრზე მეტს გადის, ასეთებს უფრო ხშირად მოუწევთ საქმეში შიდაწვის ძრავის ჩართვა. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გარემოს მინიმალური გამონაბოლქვით დააბინძურებენ.

ცნობისათვის, ”ოპელ ამპერა” ”ჯენერალ მოტორსის” მიერ ფართოდ რეკლამირებული ანალოგიური ავტომობილის - ”შევროლე ვოლტის” ევროპული ვერსიაა. მისი წარმოება 2011 წელს დაიწყება, მომდევნო წელს კი მას დილერები პირველად მიიღებენ.

”ბენტლი” ძვირფას სედანს აგვისტოში გამოამზეურებს

Bentley

11 ივნისი

ინგლისურმა კომპანია ”ბენტლიმ” თავისი ახალი სედანის ფოტო ტისერი გაავრცელა. კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ავტომობილით ახლანდელი ”არნაჟი” შეიცვლება. ახალი ავტომობილი საზოგადოების წინაშე პირველად კალიფორნიაში, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე წარსდგება.

ჯერჯერობით უცნობია, ”ბენტლის” ახალი სედანის სახელი. ამ ეტაპზე, მას ”კიმბერლი” ჰქვია, თუმცა გარანტირებულად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს სახელი ბოლომდე არ დარჩება. საბოლოო სახელს მას დებიუტამდე ერთი თვით ადრე შეურჩევენ. არაა გამორიცხული, რომ ”არნაჟი” დარჩეს.

ჯერჯერობით არც ავტომობილის ტექნიკური მონაცემები ქვეყნდება. ინგლისურ საავტომობილო გამოცემებში გამოითქვა ვარაუდი, რომ ”ბენტლის” ახალი სედანი ”აუდის” ახალ პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელსაც მოგვიანებით ახალი A8-სტვისაც გამოიყენებენ (ოღონდ, მოდერნიზებულს). ავტომობილს წამყვანი უკანა ბორბლრბი ექნება. კაპოტქვეშ მძლავრი V8 აგრეგატი განლაგდება, რომელსაც 8-საფეხურიანი კოლოფი შეუწყვილდება.

რაც მთავარია, ახალი სედანი ”არნაჟზე” გაცილებით ზორბა ტანისა იქნება და მდიდრულობითაც მას ფორას მისცემს. რაც შეეხება მის კონკურენტებს, ბაზარზე ”ბენტლის” ახალი სედანი ”როლს როის ფანტომსა” და ”მაიბახს” შეავიწროებს.

”ბენტლიში” არ გამორიცხავენ, რომ მომავალში, ამ ავტომობილზე შეიძლება დიზელზე მომუშავე აგრეგატიც გამოიყენონ. უფრო შორეული პერსპექტივისთვის კი ბიოსაწვავზე მომუშავე ძრავის დაყენებაც განიხილება. მართალია, კომპანია მოდელ ”კონტინენტალ GT-ზე” უკვე ცდის ჰიბრიდულ აგრეგატებს, მაგრამ იმაზე დანადგარს გამოიყენებენ თუ არა სედანზეც, ეს ძნელი სათქმელია.

პებლ ბიჩის შემდეგ, ”ბენტლი” თავის სიახლეს ფრანკფურტის ავტო შოუზეც წარმოადგენს, მისი წარმოების დაწყებას კი მერმის გეგმავს. ჯერჯერობით უცნობია ავტომობილის ფასი. სავარაუდოდ, ის ”როლს როის ფანტომის” ფასის (300 000 დოლარზე მეტი) დონეზე იქნება.

”ლენდ როვერის” ორი სპეც ვერსია

Land Rover

11 ივნისი

”ლენდ როვერმა” თავის ლეგენდარულ მოდელ ”დეფენდერის” ორი სპეციალური ვერსია დაამზადა, რომლებსაც შეზღუდული ტირაჟით - სულ 850 ცალს გამოუშვებს. ავტომობილებს ”დეფენდერ ფაია” და ”დეფენდერ აისი” დაერქვა.

კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში მითითებულია, რომ სპეციალური ვერსიისთ შესრულებული ”დეფენდერები” მოკლე და გრძელბაზიან ვარიანტებად დამზადდება. საბაზო მოდელისგან კი მათ ექსტერიერის და ინტერიერის ორიგინალური გაფორმება განასხვავებს.

”დეფენდერის” ორივე ახალი ვერსია ორ ფერში შეიღებება. ამასთან, ორივე ვერსიას საერთო შუა შავი მეტალიკით შეღებილი ზოლი ექნება. ცეცხლოვანი ვერსიისთვის ძირითადი ფერი მოყავისფრო ფორთოხლისფერია, ყინულოვანისა კი - თეთრი. ორივე ავტომობილს, სახურავის და კაპოტის გარდა, შავად შეღებილი საბორბლე თაღებიც ექნება.

ორივე ავტომობილს დამცავი გვერდითა ზღურბლები დაემატა. გარდა ამისა, ორივე ხუთწკირიან ბორბლებზე დადგა, რომლებიც ალუმინის მსუბუქი და მტკიცე შენადნობისგანაა დამზადებული. ოდნავ შეიცვალა წინა ფარები, უკანების მოვალეობას კი ამიერიდან შუქდიოდები შეასრულებს.

ძველი ”დეფენდერისგან” სპეციალურ ვერსიებს ასევე განასხვავებს ძრავის გარეთ გამოტანილი ჰაერამღები, სახურავის თაღები, ფრთასხმულობის ალუმინის დამცველები, ბამპერის А-ს ფორმის ჩარჩო-დამცველი და სხვა უმნიშვნელო დეტალები.

სალონში ახალი ტყავში გამოწყობილი სავარძლები და საჭის ახალი რგოლია. ცენტრალური კონსოლი კი იმავე ფერშია შეღებილი, რომელშიც ავტომობილის ძარის ძირითადი ნაწილი.

”ლენდ როვერი” სპეციალური ვერსიების წარმოებას მალე დაიწყებს, მათს გაყიდვას კი ზაფხულის მიწურულს შეუდგება.