”ასტონ მარტინი” უგზოობის ”ლაგონდას” მაინც გამოუშვებს
Aston Martin CEO Gives Green Light to Lagonda
30 ოქტომბერი

ეს უკვე კურიოზს ჰგავს - ”ასტონ მარტინმა” საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ უგზოობის კონცეპტუალურ მოდელ ”ლაგონდას”, რომელიც ჯერ კიდევ ორი თვის წინ, დასავიწყებლად გაიმეტა, მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ თავად კომპანიის შეფმა ულრიხ ბეცმა განაცხადა და დასძინა, რომ ავტომობილი ”მერსედეს ბენცის” უგზოობის მოდელ GL-ის ბაზაზე შეიქმნება.

შარშან, ჟენევის საავტომობილო შოუზე, ინგლისურმა კომპანიამ ყველა გააოცა, როდესაც უგზოობის ”ლაგონდას” საბურველი ახადა. მნახველთა უმეტესობა, მათ შორის ჟურნალისტებიც, ნანახით გაწბილებულები დარჩნენ. ბევრმა ისიც თქვა, ამ მახინჯი მანქანის გამოშვებით, ”ასტონი” თავის ავტორიტეტს შებღალავსო. ამგვარმა ლაპარაკმა ის შედეგი გამოიღო, რომ ”ასტონ მარტინის” თანამფლობელმა დევიდ რიჩარდსმა პროექტ ”ლაგონდას” შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.
მაგრამ შემდეგ კომპანიის მარკეტოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, რომელმაც გამოავლინა, რომ მახინჯი ”ლაგონდაც” კი, ძალიან პოპულარული იქნება ისეთი ქვეყნების ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი, რუსეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. და, რიჩარდსის გადაწყვეტილების შეცვლაც სწორედ მარკეტოლოგების ვერდიქტმა განაპირობა.