Sunday, March 13, 2011

„მაგნა შტეირის“ ჟენევური კონცეპცია - „მილა აეროლაითი“

Geneva 2011: Magna MILA Aerolight Concept

13 მარტი

კანადურ-ავსტრიული „მაგნა შტეირი“ ერთ-ერთი საავტომობილო კომპანიაა მათ შორის, რომლებიც საკუთარ ავტომობილებს არ აწარმოებენ და სხვების შეკვეთებით მუშაობენ. პარალელურად კი, საკუთარ პროექტებსაც ქმნიან, რომლებსაც ასევე სხვა კომპანიებს სთავაზობენ.

ცოტა ხნის წინ, „მაგნას“ და მის რუს პარტნიორებს, გასაჭირში მყოფი „ჯენერალ მოტორსისგან“ გერმანული „ოპელის“ გამოსყიდვა ნებავდათ, მაგრამ ამერიკულმა კომპანიამ არ დაუშვა, რომ მისი მოწინავე ტექნოლოგიები რუსებს ჩავარდნოდათ ხელში. და „მაგნამაც“ თავისი ძველი საქმიანობა გააგრძელა.

ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც კანადურ-ავსტრიულმა გიგანტმა შექმნა, არის კონცეპტუალური კომპაქტური ჰეჩბეკი „მილა აეროლაითი“, ავტომობილი, რომლითაც მისი ავტორი თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობს. ეს არის მსუბუქი, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილი. მისთვის ამ თვისებების მინიჭებაში, „მაგნას“ ინჟინრებს თანამედროვე, მსუბუქი და მტკიცე მასალების გამოყენება დაეხმარა.

ყოველივეს შედეგი კი ისაა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი მხოლოდ 700 კილოგრამს იწონის. ამასთან, ის საწვავად ბუნებრივ აირს მოიხმარს, რაც გამონაბოლქვში მავნე აირების მცირე შემცველობას განაპირობებს. ავტომობილის მზიდი ელემენტი ფოლადის სტრუქტურას წარმოადგენს, რომელიც პოლიმერული და სხვადასხვა ტიპის ბოჭკოთი (მათ შორის, კარბონის და კევლარის) არმირებული მასალებითაა გამაგრებული. ამის წყალობით, სიმსუბუქის გარდა, სტრუქტურა გრეხვითი დატვირთვებისადმი გაზრდილი მედგობიტაც გამოირჩევა.

„მილა აეროლაითი“ ორცილინდრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საწვავად შეკუმშულ ბუნებრივ აირს იყენებს (სახელი აეროლაით ავტომობილის სიმსუბუქესა და იმ ფაქტზე მიგვანიშნრბს, რომ ის აირზე მუშაობს). კონცეპციის ავტორი ამ აგრეგატის მახასიათებლებს არ აქვეყნებს, თუმცა გვამცნობს, რომ საწვავი აირის შესანახად გამოყენებულია 55-ლიტრიანი მაღალი წნევის ავზი, რომელიც მხოლოდ 8 კილოგრამს იწონის. მისი ტევადობა კი საკმარისია იმსიათვის, რომ ავტომობილმა დაახლოებით 400 კილომეტრის გავლა შეძლოს. ამასთან, ძრავისა და საწვავის ეს კომბინაცია სუფთა გამონაბოლქვითაც გამოირჩევა - ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფერო მხოლოდ 55 გრამი ნახშირორჟანგით ბინძურდება.

სხვათა შორის, სახელწოდება „მილა“ (მაგნას ინოვაციური მსუბუქი ავტომობილი) „მაგნამ“ პირველად ორი წლის წინ, კონცეპტუალური ელექტრომობილისთვის გამოიყენა.