Monday, October 26, 2009

მშვიდობით, ”ლენდ როვერ დეფენდერ”

Good Bye, Land Rover Defender

26 ოქტომბერი

უგზოობის ავტომობილების სამყაროს მალე მისი ერთ-ერთი პირველი და გამორჩეული წევრი გამოაკლდება - 2013 წელს ”ლენდ როვერი” თავისი პირველი მოდელის, ლეგენდარული ”დეფენდერის” წარმოებას შეაჩერებს. ინგლისური კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ მსოფლიო საზოგადოებრიობა ავტომობილებს გამონაბოლქვზე სულ უფრო მკაცრ და ძნელად მისაღწევ სტანდარტებს უწესებს.

ამჟამად ”დეფენდერი” მხოლოდ ამერიკაში იყიდება და ისიც მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული სახით და თანაც, ძალიან ძვირი ღირს. მაგრამ ეს საქმეს ვერ შველის, რადგან წარმოების მოცულობა ოპტიმალურ ზღვარს ვერ აღწევს.

თანამედროვე სახით, ”ლენდ როვერი” ”დეფენდერს” უკვე 25 წელია, აწარმოებს. ამ დროის განმავლობაში, კომპანიამ ამ პოპულარული მოდელის რამდენიმე სპეც ვერსია გამოუშვა, თუმცა საბაზო მოდელისგან მათ მხოლოდ მინიმალური ცვლილებები ასხვავებდა.

გამოცემა ”პისტონჰედსი” წერს, რომ სახელი ”დეფენდერი” სამუდამოდ მაინც არ გაქრება ”ლენდ როვერის” საწარმოო პროგრამიდან. ძველ მოდელს ახალი შეცვლის. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება ახალი ”დეფენდერის” წარმოება. სავარაუდოდ, ინგლისური კომპანია შემცვლელის კონცეპტუალურ ვერსიას ორი წლის განმავლობაში წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამჟამად კონცეპციის შესახებ რაიმეს თქმა შეუძლებელია, თუმცა ”პისტონჰედსი” წერს, რომ ის ალბათ ”რეინჯ როვერ სპორტის”, ან LR4-ის პლატფორმაზე იქნება ბაზირებული.

ახლანდელი ”დეფენდერი” ბაზარზე 1990 წელს გამოჩნდა, როგორც პირველი სერიის ”დეფენდერის” ევოლუციური ვერსია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებადი მოდელი საავტომობილო მრეწველობის ისტორიაში და ამ სურათს სხვადასხვა სპეციალური ვერსიები ვერ ცვლის.

ავტომობილი თავისი სპარტანული გარეგნობით გამოირჩევა, რითაც დანახვისთანავე გვაგრძნობინებს, რომ ის უგზოობის პირობებისთვისაა შექმნილი. ამ თვისების გამო, მას დამფასებლები ჰყავს როგორც სამხედროებში (ბრიტანეთის არმიაში), არამედ სამოქალაქო პირებშიც. მაგრამ მოსალოდნელია, რომ ახალი დეფენდერი უფრო ასფალტიანი გზებისთვის მისადაგებული იქნება.

ბოლო მოდიფიკაცია, რომელიც ”დეფენდერის” ბაზაზე ”ლენდ როვერმა” გამოუშვა, გამოცემა ”ფაია ენდ აის-ია”, რომელიც კომანიამ საზოგადოებას ივნისში შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, წარმოების შეწყვეტამდე, იგეგმება თუ არა სხვა სპეც ვერსიების წარმოება.