Friday, December 3, 2010

”ლამბო” უგზოობის მოდელის გამოშვებას არ აპირებს

Lambo Denies SUV Plans, Considering Saloon Model

3 დეკემბერი

”ლამბორგინის” შეფმა შტეფან ვინკელმანმა უარყო ცოტა ხნის წინ, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს, ”ლამბორგინი” უგზოობის ავტომობილის გამოშვებას აპირებს. სამაგიეროდ, ჟურნალ ”ავტოქართან” საუბრისას განცხადა, რომ მისი კომპანიის სამოდელო გამას შესაძლოა, მალე მესამე ავტომობილი დაემატოს და თუ ასე მოხდა, ეს დიდი ზომის სედანი, ან იგივე ოთხკარიანი კუპე იქნება.

ცნობისათვის, ოთხკარიანი კუპეს კონცეპტუალური ვერსია, ”ლამბომ” 2008 წლის პარიზის ავტო შოუზე წარმოადგინა და არამარტო უბრალო დამთვალიერებლების, არამედ სპეციალისტების დიდი მოწონებაც დაიმსახურა. თუმცა, მოგვიანებით გამოცხადდა, რომ იტალიური კომპანია მსგავსი ავტომობილის წარმოებას არ გეგმავდა.

”ჩვენ უნდა აგვერჩია. ან უგზოობის მოდელი, ან ოთხკარიანი კუპე. მე ვფიქრობ, უგზოობის ავტომობილი ის არაა, რაც ჩვენს კომპანიას სჭირდება. ასეთი ავტომობილი, ჩვენს შესაფერის საფასო ნიშაში ვერ ჯდება და ის ვერასდროს იქნება პრემიუმ სეგმენტის შესაფერისი. თუ ჩვენ მესამე მოდელის წარმოებას გადავწყვეტთ, ის ისეთი უნდა იყოს, რომ მისი დახმარებით, კლიენტებმა ჩვენი ბრენდის გაცნობა შეძლონ. ეს მანქანა მათთვის პირველი ”ლამბორგინი” უნდა გახდეს”, - ამბობს ვინკელმანი და დასძენს:

”ახლა შანსი გვაქვს, სუპერ ავტომობილების ბიზნესს გავცდეთ და სხვა კლასშიც ვცადოთ ბედი. ორი წლის წინ დავამტკიცეთ, რომ ეს შეგვიძლია. კონცეპტუალური ”ესტოკე” ამის დასტურია. მას იმაზე მეტი გამოხმაურება მოჰყვა, ვიდრე ველოდით. მისი პრემიერიდან ორი წლის შემდეგაც კი, ბევრი ისეთი იმეილი მოგვდის, რომლებითაც ხალხი ”ესტოკეს” წარმოების დაწყებას გვთხოვს”.

კომპანიის შეფი თვლის, რომ ოთხკარიანი კუპე უკეთ შეეფერება ”ლამბოს” იმიჯს და ამის მარტივ ახსნას გვთავაზობს: ”ესტოკეს” ტიპის ავტომობილი ”გამძვინვარებული ხარების” (ლამბოს ლოგო) გენეტიკური კოდის მატარებელიცაა და იმავდროულად, უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, ვიდრე სპორტული სუპერ ავტომობილები.

ესეც რომ არა, ოთხკარიანი კუპეების სეგმენტი სწრაფად მზარდია და მასში ფეხის მოკიდებას კომპანიისთვის დიდი მოგების მოტანა შეუძლია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ”ლამბოს” აქაც ”პორშესა” და ”ასტონ მარტინისგან” უმძაფრესი კონკურენცია ელის.