Thursday, February 17, 2011

გაიცანით ჟენევურ პრემიერამდე - „ჰიუნდაი i40“

Hyundai Reveals New i40 Ahead of Geneva Debut

17 თებერვალი

„ჰიუნდაიმ“ თავისი ახალი ავტომობილის, ევროპული კლასიფიკაციით D სეგმენტის უნივერსალ i40-ის ორი ფოტო გაავრცელა. ეს ავტომობილი ევროპულ ბაზარზე წინა თაობის „სონატას“ შეცხლი, მისი მსოფლიო პრემიერა კი ჟენევის ავტო შოუზე გაიმართება. კორეული კომპანიის ევროპული შტოს აღმასრულებელი დირექტორი ალან რაშფორტი ამბობს, რომ ამ ავტომობილის სედანისძარიანი ვერსია ბაზარზე მერმისს გამოჩნდება და ის კონკურენციას „ფოლკსვაგენ პასატ-ს“, „ფორდ მონდეოს“, „მზადა6-ს“ და „პეჟო 508-ს“ გაუწევს.

ახალ ავტომობილთან ერთად, „ჰიუნდაი“ ჟენევაში თავის ახალ დევიზს - „ნიუ თინქინგ. ნიუ პოსიბილიტის“ (ახლებური აზროვნება. ახალი შესაძლებლობები ) წარადგენს, რომელიც „დრაივ იორ უეი-ს“ (იარე შენი გზით) შეცვლის. ახალი დევიზით, კორეული კომპანია განახლებული დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიებისადმი თავის დამოკიდებულებას გამოხატავს.

„ჰიუნდაის“ მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზში წერია, რომ ეს ავტომობილი სპეციალურად ევროპული ბაზრისთვისაა შექმნილი. მის აღჭურვაში შესულია ის ძრავები და ტექნოლოგიები, რომლებიც ევროპელი ავტო მოყვარულის გემოვნებას აკმაყოფილებს. ამასთან, ეს „ჰიუნდაისთვის“ D სეგმენტის პირველი ავტომობილია და ის კომპანიის ევროპული კვლევითი ცენტრის (რომელიც გერმანიის ქალაქ რუსელსჰაიმში მდებარეობს) სპეციალისტების მიერაა შემუშავებული.

ახალი ავტომობილი კომპანიის კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელსაც „ჰიუნდაი“ „თხევად სკულპტურად“ მოიხსენიებს. გარეგნულად ის უფრო ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ „ელანტრას“ მოგაგონებთ, ვიდრე წინა თაობის „სონატას“ რომელსაც ცვლის. ძარა უნივერსალის ტიპისაა, მაგრამ სხვა უნივერსალებისგან განსხვავებით, სიმძიმის შთაბეჭდილებას მაინც არ ტოვებს და ეს დიზაინერების დამსახურებაა. შეიძლება ითქვას, რომ ის უფრო წაგრძელებული ჰეჩბეკია, ვიდრე კლასიკური უნივერსალი. სხვათა შორის, ავტომობილს არც ისე დიდი საბარგული აქვს - მისი მოცულობა მხოლოდ 553 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლებს დაკეცავთ, სდაბარგულის მოცულობა 1790 ლიტრამდე იზრდება.

საშუალო ზომის ავტომობილი ბენზინის და დიზელის ძრავების ფართო გამით აღიჭურვება. მათ შორის უახლესია 1.7-ლიტრიანი ტურბო დიზელის აგრეგატი, რომელიც ყოველ კილომეტრზე მხოლოდ 113 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ჯერჯერობით არაოფიციალურადაა ცნობილი, რომ ეს ძრავი ორი ვერსიის სახით არსებობს, რომელთა სიმძლავრეც 115 და 136 ცხენის ძალაა. ძრავს ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, რობოტიზებული კოლოფი შეუწყვილდება.

„მყიდველს შევთავაზოთ მეტი უფრო ნაკლებ ფასში - ეს ჩვენი ფუნდამენტური პრინციპია და ახლა მას, ახალი დევიზით - „ახლებური აზროვნება. ახალი შესაძლებლობები“, უფრო ვავითარებთ. i40 არის ნიმუში იმისა, როგორ ვთავაზობთ მყიდველს უკეთესს და ამასთან, ჩვენი პროდუქციის ხელმისაწვდომობას ვინარჩუნებთ. მომხიბლავი დიზაინით დაწყებული, შესაშური მახასიათებლებით და უახლესი ტექნოლოგიებით გაგრძელებული, i40 თავისი კონკურენტებისგან აშკარად გამორჩეული ავტომობილია“, - ამბობს რაშფორტი.