Saturday, March 20, 2010

”შელბი სუპერქარზმა” ცნობილი დიზაინერი გადაიბირა

Jason Castriota

20 მარტი

ამერიკულმა კომპანია ”შელბი სუპერქარზმა” (SSC) იტალიური წარმოშობის ცნობილ ამერიკელ დიზაინერ ჯეისონ კასტრიოტასთან, რომელიც ადრე იტალიურ ატელიეებში, ”ბერტონესა” და ”პინინფარინაში” მუშაობდა, ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. კასტრიოტა პირადად ხელმძღვანელობდა ისეთი ავტომობილების შექმნას, როგორებიცაა ”ფერარი 599 GTB ფიორანო” და ”მაზერატი გრანტურიზმო”, ასევე კონცეპტუალური ”ფერარი P4/5” და ”მაზერატი ბირდქეიჯი”.

”კასტრიოტა ჩვენთან ერთი წლით დარჩება და ამ პერიოდში, ჩვენთვის ორი ავტომობილის დიზაინს შეიმუშავებს. ამ ავტომობილებს მისი ლოგოტიპი დაამშვენებს და მათ სახელიც მისივე ექნბათ. თქმა არ უნდა, რომ დღეისათვის, ჯეისონი მსოფლიოში სუპერ ავტომობილების საუკეთესო დიზაინერია და გვიხარია, რომ მან ჩვენთან მუშაობაზე თანხმობა განგვიცხადა”, - ამბობს ”შელბი სუპერქარზის” დამაარსებელი და მოდელ ”ალტიმეიტ აეროს” ავტორი ჯეროდ შელბი.

პირველ რიგში, კასტრიოტა მოდელ ”აეროს” ახალი ვერსიის დიზაინს შეიმუშავებს, შემდეგ კი ამ ავტომობილის მომცრო ვერსიას მიხედავს. რა თქმა უნდა, ამ ავტომობილების შესახებ, დეტალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ მათი ძარები მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება.

ამასთან, ჯეროდ შელბი აცხადებს, რომ ახალი ”აერო” მის წინმორბედზე დაახლოებით ორჯერ ძვირი - 800-900 ათასი აშშ დოლარი ეღირება, მეორე ავტომობილის მიახლოებითი ფასი კი 300 ათასი დოლარი იქნება. საერთო ჯამში, ”შელბი” 12 ცალი ”აეროსა” და 50 ცალი მეორე მოდელის წარმოებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილი ”SSC ალტიმეიტ აერო” 2007 წელს გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს. ამის მიზეზი კი ის გარემოება გახდა, რომ ამ მანქანამ სერიული ავტომობილებისთვის სარეკორდო სიჩქარე - 411 კმ/სთ განავითარა. ”ალტიმეიტ აეროს” ამ მიღწევაში ბენზინზე მომუშავე V8 ძრავი დაეხმარა, რომლის მუშა მოცულობა 6.2 ლიტრია. წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, ეს აგრეგატი 1183 ცხენის ძალას ავითარებს. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარე 2.8 წამში აკრიფოს.

სხვათა შორის, კომპანიის ინჟინერთა გათვლებით, ”SSC ალტიმეიტ აეროს” მაქსიმალური სიჩქარე 436 კმ/სთ-ია.

”აუდი” სარბოლი R8 GT3-ს საგზაო ვერსიას გამოუშვებს

Hardcore Audi R8 planned

20 მარტი

”აუდის” სარბოლი სუპერ ავტომობილი R8 GT3 მეტად წარმატებული გამოდგა - მან დებიუტისთანავე მოიგო FIA-ს ეგიდით ჩატარებული, GT-ს (გრან ტურიზმო) კლასის ევროპული ჩემპიონატი, რამაც ამ ჩემპიონატის მონაწილე საჯინიბოების მხრიდან, დიდი ინტერესი გამოიწვია. ახალი სეზონისთვის, მათ გერმანულ კომპანიას 30 ცალი R8 GT3 შეუკვეთეს.

ასეთმა წარმატებამ, ინგოლშტადტელები ამ ავტომობილის საგზაო ვერსიის წარმოებაზე დააფიქრა. ”აუდის” საინჟინრო შტატის ხელმძღვანელი არმინ კაპლერი ამბობს, რომ R8 GT3-ის ერთი საგზაო ვერსია უკვე დამზადებულია და ის ”ფოლკსვაგენის” ჯგუფის შეფ ფერდინანდ პიხს ძალიან მოსწონს, თუმცა მისი წარმოების გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. და თუ მას მწვანე შუქს აუნთებენ, ”აუდი” ამ ავტომობილით კონკურენციას ”ფოლკსვაგენის” ოჯახში შემავალი კიდევ ერთი გერმანული კომპანიის, ”პორშეს” 911 GT3-ს გაუწევს.

რა თქმა უნდა, ახალი ავტომობილი სარბოლი R8 GT3-ის ბაზაზე დამზადდება, რომელსაც წამყვანი უკანა ბორბლები აქვს. ჯერჯერობით, გერმანული კომპანია ამ ავტომობილის ტექნიკურ-დინამიკურ მონაცემებს არ აქვეყნებს. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით, მისი ძარის ზოგიერთი ელემენტი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. მის ბაზაში კი ბენზინზე მომუშავე V10 ძრავი მოთავსდება, რომლის სიმძლავრეც 500 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, სუპერ ავტომობილს უფრო აგრესიულ იერს აეროდინამიკური ელემენტები, დიდი ზომის უკანა ანტი ფრთა და დეფლექტორები მიანიჭებს.

ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოქარის” ცნობით, ”აუდი” უკვე შეუდგა R8-ს შემდეგი თაობის ვერსიის შემუშავებას. თუ ახლანდელი R8-ს ძარა მთლიანად ალუმინისგან მზადდება, ახალი R8-ს ძარას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული ელემენტებიც დაემატება. კარბონის კომპოზიტითვე დამაგრდება ძარა შასიზე. ახალი სარბოლი R8-ს დებიუტი 2013 ან 2014 წელსაა მოსალოდნელი.

”ვოლვო” C30-ის ბაზაზე ქროსოვერს შექმნის

Volvo XC30 tipped for 2012

20 მარტი

”ვოლვომ” დაადასტურა ადრე გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჰეჩბეკ C30-ის ბაზაზე ხუთკარიან ჰეჩბეკს და ქროსოვერს გამოუშვებს. ამასთან, ქროსოვერის დასახელებაში ინდექსი X დაემატება, ეს ავტომობილი კი კონკურენციას ”ბეემვეს” და ”აუდის” შესაბამისი კლასის ავტომობილებს - X1-ს და Q3-ს გაუწევს.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, ახალი ქროსოვერის შესახებ, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. სავარაუდოდ, ეს ავტომობილი იმავე ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც შვედური კომპანია უფრო მაღალი კლასის ქროსოვერ XC60-ზე იყენებს. ახალი ავტომობილი, ”ვოლვოს” ევროპელი დილერების შოურუმებში 2012 წელს გამოჩნდება.

ხუთკარიანი C30-ს შესახებ პირველი ინფორმაცია ჯერ კიდევ 2007 წელს გავრცელდა. მაშინ შვედურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ შესაძლოა, ასეთი ავტომობილი სერიულად გამოუშვას. მაშინვე ითქვა, რომ ხუთკარიანი ჰეჩბეკის დიზაინი სამკარიანთან შედარებით, უფრო თავშეკავებული იქნება.

”ვოლვოს” წარმოების სტრატეგიის და ბრენდის განვითარების განყოფილების შეფ ლექს კერსემაკერსის თქმით, ჯერჯერობით, მისი კომპანია არ გეგმავს C30-ზე მცირეგაბარიტიანი ავტომობილების წარმოებას. თუმცა, ის არ გამორიცხავს, რომ მას შემდეგ, რაც ”ვოლვოს” ჩინური კომპანია ”ჯილი” შეიძენს, ახლანდელი სტრატეგია შეიძლება შეიცვალოს და შვედურმა კომპანიამ შეიძლება სუბკომპაქტური ავტომობილების წარმოებაც დაიწყოს.

”ახლა იმაზე მსჯელობა ძნელია, თუ რა მოხდება შემდგომში. მთელს მსოფლიოში მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მალე ჩვენს სამოდელო გამაში, C-ზე მცირეგაბარიტიან ელექტრომობილს იხილავთ. თუმცა, ასეთი პროექტის განსახორციელებლად, აუცილებლად პარტნიორი დაგვჭირდება”, - ამბობს კერსემაკერსი.

ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ”ვოლვო” C30-ის ბაზაზე ელექტრომობილს ამზადებს, რომლის ტესტირების დაწყებაც მერმისს იგეგმება. ეს ელექტრომობილი 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელიც ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან მიიღებს. მათი ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა გაუჩერებლად 150 კილომეტრი განვლოს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრულად დამუხტვას კი 8 საათი დასჭირდება.