Tuesday, October 6, 2009

”ასტონ მარტინი” წარმოებას ამრავალფეროვნებს

Aston Martin

6 ოქტომბერი

ვან-77

..............................

ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კრიზისის მიუხედავად, ინგლისური კომპანია ”ასტონ მარტინი” მაინც ბიზნესის გაფართოებაზე ზრუნავ და ამისათვი თავისი სამოდელო გამის სამი ახალი ავტომობილით შევსება აქვს გადაწყვეტილი. გარდა ამისა, არსებულ მოდელებსაც მნიშვნელოვან გადახალისებას უპირებს.

ამ სამეულიდან ”ასტონ მარტინისთვის” ყველაზე არატრადიციული, მისი თაყვანისმცემლებისთვის კი ყველაზე მოულოდნელია ჯუჯა ”სიგნიტი”, რომლის გაყიდვების დაწყებაც მერმისიდანაა მოსალოდნელი. ჩვენი ბლოგის მკითხველს ეს ავტომობილი 7 ივლისის გამოშვებაში გავაცანით. ის ”ტოიოტა iQ-ს” ბაზაზე იქმნება და მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ ”ასტონ მარტინის” მიერ წარმოებული ავტომობილების გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდეს. ამგვარად, ინგლისური კომპანია შეძლებს, მიუახლოვდეს გამონაბოლქვზე ევროკავშირის ახალ, უმკაცრეს სტანდარტებს, რომლებიც ძალაში 2012 წელს შევა.

სიგნიტი
....................................
წინასწარი მონაცემებით, ”სიგნიტი” მხოლოდ ევროპაში გაიყიდება და მის შეძენას მხოლოდ ისინი შეძლებენ, ვინც ”ასტონ მარტინის” სხვა მოდელებს შეიძენენ. რა თქმა უნდა, ინგლისური კომპანია iQ-ს ძირეულად შეცვლის. შეიცვლება როგორც ავტომობილის ინტერიერი, ისე გარეგნობაც. მოსალოდნელია, რომ ”ასტონ მარტინის” სამოსში გამოწყობილი iQ-ს საწყისი ფასი 32 000 დოლარი, იაპონურ ავტომობილზე დაახლოებით ორჯერ მეტი იქნება.

რეპიდი

..............................

გარდა ამისა, ”ასტონ მარტინი” მალე დაიწყებს სუპერ ავტომობილ ”ვან-77-ის” წარმოებას. სახელში რიცხვი იმის მანიშნებელია, რომ კომპანია სულ 77 ცალი ამ ავტომობილის გამოშვებას აპიებს და მისი მყიდველი 77 რჩეულთაგან ერთ-ერთი იქნება.

ავტომობილის ექსკლუზიურობას მისი მონაცემები სრულად შეესაბამება. ის აღჭურვილია 7.3-ლიტრიანი V12 ძრავით, რომელიც 740 ცხენის ძალას ავითარებს. მყიდველს საშუალება ექნება, თავისი გემოვნების და სურვილების შესაბამისად შეუკვეთოს ინტერიერის თითქმის ყველა ელემენტი. სამაგიეროდ, შენაძენი მას 2 მილიონი დოლარი დაუჯდება.

მესამე მოდელია ოთხკარიანი კუპე (ან კუპეს სტილის სედანი, ან ფასტბეკი) ”რეპიდი”, რომლის მსოფლიო პრემიერა ახლახანს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე შედგა და რომლის გაყიდვებიც მერმის დაიწყება. ჯერჯერობით, ამ ავტომობილის ფასი არ დაზუსტებულა, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის 200 000 დოლარის ფარგლებში იქნება.

რაც შეეხება არსებული მოდელების განახლებას, კომპანია მერმის ლიმიტირებული ”ვანტიჯის” გამოშვებას გეგმავს, რომელიც ახალი V12 ძრავით აღიჭურვება. ჯერჯერობით არ იგეგმება ორი მოდელის - DB9-ს და DBS-ის განახლება, ან მოდიფიცირება.

დაბოლოს, მერმის, ჟენევის ავტო შოუზე მოსალოდნელია ”ასტონ მარტინის” მიერ თავისი ცნობილი ბრენდის, ”ლაგონდას” გაცოცხლება. ამ მარკით კი პირვლ რიგში, ქროსოვერის წარმოება იგეგმება. ოღონდ, არა ისეთის, რომელიც კომპანიამ ჟენევაში წელს წარადგინა და საშინელი გამოხმაურება მიიღო.

”ტოიოტას” კიდევ ერთი ელექტრომობილი

Toyota FT-EV II

6 ოქტომბერი

ტოკიოს ავტო შოუსთვის იაპონურმა კომპანია ”ტოიოტამ” თავისი მორიგი ელექტრომობილი - მიკროავტომობილ iQ-ს ბაზაზე დამზადებული ”ტოიოტა FT-EV II” (ფიუჩა ტოიოტა ელექტრიკ ვიჰაიქლ II) მოამზადა. მართალია, ავტომობილი ულტრამცირე გაბარიტებით (სიგრძე 2.73, სიგანე 1.68, სიმაღლე 1.49 მეტრი) გამოირჩევა, მაგრამ მასში მაინც ადგილი ოთხი ადამიანისთვისაა.
ავტომობილის მამოძრავებელ მაბრუნ მომენტს ელექტროძრავი გამოიმუშავებს, რომელიც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან მარაგდება. მათში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ჯუჯა ავტომობილმა 90 კილომეტრი გაიაროს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 100 კმ/სთ-ს აღწევს.

სალონში არსებული ოთხი ადგილი ვახსენეთ, მაგრამ სრულფასოვანი მხოლოდ ორია - წინები. უკანებზე კი ზრდასრული ადამიანი გაჭირვებით თუ მოთავსდება. მაგრამ ამაზე გაცილებით საინტერესო ელექტრომობილის მართვის უცნაური საშუალებაა - საჭის ტრადიციულ რგოლს სალონში ვერ ნახავთ, მის ადგილას კი ჯოისტიკი დაგხვდებათ, რომელიც მძღოლის ბრძანებებს ელექტროსადენების დახმარებით შეასრულებს.

ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ”ტოიოტა” ამ ჯუჯა ელექტრომობილის სერიულ წარმოებას გეგმავს. და თუ ასეც მოხდა, ”ტოიოტა FT-EV II-ს” მსგავსი ელექტრომობილი ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება.

”აუდი” ელექტრომობილ e-ტრონს გამოუშვებს

Audi Confirms E-Tron For Production

6 ოქტომბერი

”აუდიმ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანკფურტში გამოფენილი კონცეპტუალური e-ტრონის ბაზაზე, სერიული ელექტრომობილის წარმოებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ e-ტრონი სპორტულ მოდელ R8-ს ბაზაზეა დამზადებული და ის ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც თითო ბორბალს ემსახურება. ძრავების ჯამური სიმძლავრე 313 ცხენის ძალას აღწევს, მათ კი ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს.

აკუმულატორების დამუხტვა პლაგ-ინ სისტემით, საყოფაცხოვრებო ქსელიდან ხდება. მათი სრული დამუხტვისთვის კი 6-8 საათია საჭირო. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეჩერებლად დაახლოებით 250 კილომეტრის გავლა შესძლოს.

”აუდის” მონაცემებით, ფრანკფურტში წარმოდგენილ სრულფასოვან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4. წამში შეუძლია, 60-დან 120 კმ/სთ-მდე 4.1 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს სღწევს.

თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სერიული ავტომობილიც იმავე აგრეგატებით აღიჭურვება, თუ მისთვის გერმანული კომპანია უფრო კომპრომისულ ვარიანტს აირჩევს. კომპრომისულში იგულისხმება ის, რომ ლექტროძრავების და აკუმულატორების რაოდენობის შემცირება, ავტომობილის ფასსაც დასწევს, რაც მის კონკურენტუნარტიანობაზე დადებითად აისახება.

უახლოეს ორ წელიწადში, ”აუდი” e-ტრონის ბაზაზე საცდელ პროტოტიპებს დაამზადებს, 2012 წელს კი ამ ავტომობილის სერიულ წარმოებასაც დაიწყებს. გარდა ამისა, გერმანულ კომპანია თავისი სამოდელო გამის სხვა ავტომობილების ბაზაზეც აპირებს ელექტრომობილების წარმოებას. მათ შორის, ერთ-ერთი პირველი, რომელიც ბაზარზე გამოჩნდება, საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი იქნება, რომელიც ”ფოლკსვაგენის” კონცეპტუალურ ”უპ!-ის” ბაზაზე დამზადდება.