Tuesday, June 23, 2009

FOTA-ს წევრები სწრაფად მოქმედებას აპირებენ

....................................................................................................

ფორმულა 1-ის ალტერნატიული ჩემპიონატის კალენდარი

Formula 1

23 ივნისი

ბრიტანულ გამოცემა ”გარდიანში” გამოქვეყნდა შესაძლო კალენდარი იმ ალტერნატიული ჩემპიონატისა, რომლის ორგანიზებასაც ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციის (FOTA) წევრები ცდილობენ. კალენდარში სულ 17 ტრასაა შეტანილი, რომელთა შორისაც სამი ისეთია, რომლებზეც ადრე ფორმულა 1-ის რბოლა არასდროს ჩატარებულა. ეს ტრასებია პორტუგალიის ალგარვე, გერმანიის ლაუზიცრინგი და ფინეთის ჰელსინკის ქალაქის ტრასა.

კალენდარში რამდენიმე ისეთი ტრასაცაა, რომლებზეც ფ1-ის რბოლები ადრე ტარდებოდა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, დიდი პრიზების ცირკმა მათ ზურგი აქცია. ასეთებია ბუენოს აირესის (არგენტინა) ხუან და ოსკარ გალვესების სახელობის ტრასა, მიქსიკოს (მექსიკა) როდრიგესების სახელობის ტრასა, ხერესის (ესპანეთი) დე ლა ფრონტერა, იმოლას (იტალია, სან მარინო) ენცო და დინო ფერარის სახელობის ტრასა, მონრეალის (კანადა) ჟილ ვილნევის სახელობის ტრასა, ინდიანაპოლისის (აშშ) ტრეკი, მანი კური (საფრანგეთი) და სუზუკა (იაპონია). კალენდარში ბოლო ეტაპად ავსტრალიური რბოლაა შეტანილი, რომლის ჩატარების შესაძლო ადგილებადაც ქალაქ ადელაიდას ქუჩის ტრასა და სერფერზ პარადაიზის ქუჩის ტრასაა მითითებული. ამათგან პირველი ერთ დროს ფორმულა 1-ის რბოლებს მასპინძლობდა, მეორეზე კი ჩემპ კარის ეტაპები ტარდებოდა.

აღსანიშნავია, რომ სერფერზ პარადაიზის ტრასა წელს A1GP მსოფლიო თასის ეტაპს უმასპინძლებს, მისი ორგანიზატორები კი უკვე გამოეხმაურნენ ”გარდიანში” გამოქვეყნებულ კალენდარს და განაცხადეს, რომ FOTA-სთან თანამშრომლობას არ აპირებენ.

ცნობისათვის, FOTA ფორმულა ერთის ჩემპიონატში მონაწილე ათი გუნდიდან რვას აერთიანებს. ორს - ”უილიამსსა” და ”ფორს ინდიას” ასოციაციის წევრობა იმის გამო შეუჩერდათ, რომ მათ ფ1-ში დარჩენის სურვილი გამოთქვეს.

ბრიტანეთის დიდი პრიზის დღეებში, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ იმედი გამოთქვა, რომ მალე მასა და ასოციაციას შორის მოლაპარაკება განახლდება და ის კომპრომისული გადაწყვეტილებით დასრულდება. მანამ კი, სანამ ეს მოხდებოდეს, განდგომის მომხრე გუნდები სწრაფად მოქმედებას აპირებენ, რათა ოპონენტი მხარე თავიანთი გადაწყვეტილების სიმყარეში დაარწმუნონ და თუ საჭიროება მოითხოვს, მომავალ სეზონში ალტერნატიული ჩემპიონატის ჩატარება შეძლონ. არაა გამორიცხული, რომ ”გარდიანში” კალენდრის გამოქვეყნებას სწორედ მათ შეუწყვეს ხელი...

ფ1-ის ალტერნატიული სერიის ”გარდიანისეული” ვარიანტი

3 მარტი ბუენოს აირესი (არგენტინა)

21 მარტი მექსიკო (მექსიკა)

11 აპრილი ხერესი (ესპანეთი)

25 აპრილი ალგარვე (პორტუგალია)

2 მაისი იმოლა (სან მარინო)

23 მაისი მონტე კარლო (მონაკო)

6 ივნისი მონრეალი (კანადა)

13 ივნისი ინდიანაპოლისი (აშშ)

1 ივლისი სილვერსტოუნი (ბრიტანეთი)

25 ივლისი მანი კური (საფრანგეთი)

15 აგვისტო ლაუზიცი (გერმანია)

29 აგვისტო ჰელსინკი (ფინეთი)

12 სექტემბერი მონცა (იტალია)

26 სექტემბერი აბუ დაბი (არაბეთის გაერთიანებული საემიროები)

10 ოქტომბერი სინგაპური (სინგაპური)

24 ოქტომბერი სუზუკა (იაპონია)

8 ნოემბერი ადელაიდა/სერფერზ პარადაიზი (ავსტრალია)

2010 წლის ”ევროპის საუკეთესო ავტომობილის” ნომინანტები

Car of the Year Nominees

23 ივნისი

ევროპულ კონკურს ”წლის საუკეთესო” ავტომობილის ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს იმ ავტომობილების არასრული სია, რომლებიც 2010 წლის ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

ალფაბეტის მიხედვით, ამ ეტაპზე, სიაში შემდეგი ავტომობილები მოხვდა:

ბეემვე Z4, შევროლე კრუზი, სიტროენ C3 პიკასო, ფორდ კა, ჰონდა ინსაითი, ჰიუნდაი i20, ჰიუნდაი ix55, კია სორენტო, კია სოული, ლენდ როვერ დისცავერი4, ლექსუს RX450h, მაზდა 3, მერსედეს-ბენცი E-კლასი, მიცუბიში კოლტი, ნისან 370Z, ნისან კუბი, ოპელ/ვოქსჰოლ ასტრა, პეჟო 3008, პორშე პანამერა, რენო სცენიკ/გრან სცენიკი, სეატ ექსეო, შკოდა იეტი, სუბარუ ლეგასი, სუზუკი ალტო/ნისან პიქსო, ტოიოტა ავენსისი, ტოიოტა iQ, ტოიოტა პრიუსი, ტოიოტა ურბან კრუიზერი, ტოიოტა ვერსო და ფოლკსვაგენ პოლო.

ნომინირებული ავტომობილები ბაზარზე წელს ან უკვე გამოჩნდნენ, ან მომდევნო თვეებში გამოჩნდებიან. ფრანკფურტის ავტო შოუს დასრულების შემდეგ, ნომინანტთა სიის შევსება შეწყდება. კონკურსის ორგანიზატორთა ვარაუდით, სიაში შემავალი მოდელების რაოდენობა ალბათ 30-ს ასცდება.

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, რომ სიაში არ შესულა კაბრიოლეტი ”ფიატ 500C”. ამის მიზეზი ის გარემოებაა, რომ კონკურსის პირობით, კონკურსში არ დაიშვება ის მოდელები, რომლებიც წელიწადში 5 000 ცალზე ნაკლები გაიყიდება. სამწუხაროდ, 500C სიაში სწორედ ამ მოთხოვნის გამო ვერ მოხვდა. არადა, ორი წლის წინ, სწორედ ”ფიატ 500” გახდა ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილი.

სურათზე: 2009 წლის ევროპის საუკეთესო ავტომობილი ”ოპელის” უახლესი ”ინსინია” გახდა

”პორშემ” ”პანამერას” კოლექცია გამოუშვა

Porsche Panamera Collection

23 ივნისი

”პორშეს” უკვე დაწყებული აქვს თავისი უახლესი მოდელის - ოთხკარიან კუპე ”პანამერას” წარმოება, თუმცა სანამ ეს ავტომობილი ბაზარზე მოხვდებოდეს, გერმანული კომპანიის დიზაინერებმა ”პანამერას” თემაზე საყოფაცხოვრებო აქსესუარების კოლექციის შექმნა და მყიდველისთვის შეთავაზება გადაწყვიტეს.

კოლექციას ”პორშეს სამგზავტო სისტემა” ეწოდა და მასში სამგზავრო ჩანთები, საათები, ტანსაცმელი და ცხოვრებისეული სხვა აქსესუარები შევიდა. უკვე გადაწყდა ისიც, რომ ”პანამერას” კოლექციას სხვა მოდელების მყიდველებსაც შესთავაზებენ.

მყარი სამგზავრო ჩანთები (ჩემოდნები) ალუმინისა და პოლიკარბონატებისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ისინი სიმსუბუქით და იმავდროულად, სიმტკიცითაც გამოირჩევა. კოლექციაში სულ სამი სხვადასხვა ზომის ჩანთა შევიდა, რომლებიც მყიდველის ავტომობილის (პორშეს) ფერშია შეღებილი. ჩემოდნებზეც და სხვა აქსესუარებზეც ”პორშეს” ემბლემაა დატანილი.

რაც შეეხება საათებს, ისინი შავ და ყავისფერშია გაწყობილი. შესაძლებელია როგორც მამაკაცის, ასევე ქალის საათის, ან ორივეს ერთად შეძენა. საათებს (ქალის, მამაკაცის და პანამერა ტურბო) კორპუსები უჟანგავი ფოლადისგან მზადდება.

კოლექციაში ასევე შესულია მუქი ლურჯი ჟაკეტი, რომელიც იახტსმენის სტილშია შესრულებული, ასევე მსუბუქი მოსაცმელები, რომლებიც წყალს და ქარს არ ატარებს, პოლო და მორაგბის მაისურები. კოლექციის ყველაზე მცირე დეტალია კეპი, რომელსაც ”პორშეს” ემბლემა ამშვენებს.

”პორშე პანამერას” კოლექციაში შემავალი აქსესუარების შეძენა კომპანიის სადილერო პუნქტებში და ინტერნეტით (მისამართზეwww.porsche.com/shop) შეიძლება.

”ფორდი” ელექტრული ”ფოკუსის” ტესტირებას იწყებს

Electric Ford Focus

23 ივნისი

”ფორდი” გამალებით ცდილობს თავისი სამოდელო გამის ელექტრიფიკაციას და ამ მიმართულებით, მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯი ელექტრული ”ფოკუსის” ტესტირების დაწყებაა. ბრიტანულ ჟურნალ ”აუტოქარ-ის” ცნობით, ”ფოკუსის” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილების ტესტირება ბრიტანეთში 2010 წლის დასაწყისში დაიწყება.

ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების ბაზარზე წამოწევის პროცესში, ამერიკული კომპანია ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით სარგებლობს, რომელმაც ”მწვანე” საავტომობილო ტექნოლოგიების ათვისებაში რვა კომპანიის სტიმულირებისთვის, 25 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოჰყო. ამ რვა კომპანიას შორის კი ერთ-ერთი ”ფორდია”. პროგრამის ამოცანაა, რომ ამ კომპანიებმა 2010 წლის ბოლომდე 340 ცალი ელექტრომობილი დაამზადონ და მათი ტესტირება დაიწყონ.

ბრიტანული ჟურნალი ვარაუდობს, რომ ელექტრულ ”ფოკუსს ამერიკული კომპანია ცონცეპტუალურ ავტომობილ ”ტურნეო კონექტ BEV-ზე” (BEV - ბატერი ელექტრიკ ვიჰაიქლ, ანუ ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილი) გამოყენებული ტექნოლოგიებით ააგებს. ეს ტექნოლოგია ”ფორდმა” კომპანია ”სმით ელექტრიკ ვიჰაიქლზთან” ერთად შეიმუშავა.

ელექტრული ”ფოკუსის” მთავარი აგრეგატი 67-ცხენისძალიანი ელექტროძრავია, რომელიც 21 კილოვატსაათი ტევადობის მქონე, ლითიუმ-იონური აკუმულატორისგან მიღებული ენერგიით იკვებება. ელექტროძრავს კი ერთსაფეხურიანი ტრანსმისია შეუწყვილდება.

აკიო ტოიოდას ”ტოიოტა”

Akio Toyoda

23 ივნისი

მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებელს, იაპონურ ”ტოიოტას” დღეიდან ახალი პრეზიდენტი - აკიო ტოიოდა უხელმძღვანელებს, ვისაც კომპანიის ისტორიაში უმძიმესი კრიზისის პერიოდში უწევს ახალ პოსტზე მუშაობის დაწყება. პარალელურად, მნიშვნელოვნად გადახალისდა კომპანიის მმართველი გუნდი. კერძოდ, დირექტორთა საბჭოში რვა ახალი წევრი შევიდა და ოთხი ახალი აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი დაინიშნა. სულ კი საბჭოში 29 წევრი იმუშავებს.

ახალ პრეზიდენტს, ვინც იაპონური ავტოგიგანტის დამაარსებელ იიჩირო ტოიოდას შთამომავალია, თანაშემწეობას სულ ხუთი ვიცე პრეზიდენტი გაუწევს, რომელთაგან ერთი მამამისია - კომპანიის დირექტორთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე შოიჩირო ტოიოდა.

ინტერნეტ გამოცემა ”აუტონიუსის” ცნობით, ახალი პრეზიდენტი ხელმძღვანელ თანამდებობაზე დააბრუნებს ”ტოიოტას” ყოფილ ვიცე პრეზიდენტ იოშიმი ინაბას, რომელიც კომპანიის ჩრდილოამერიკულ შტოს უხელმძღვანელებს. აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტის პოსტზე მუშაობას გააგრძელებს ტაკეში უჩიიამადა, ვინც თავის დროზე, პირველი თაობის ”პრიუსის” მთავარი ინჟინერი იყო. ოღონდ, ის ამჯერად არა წარმოებას, არამედ კვლევისა და განვითარების განყოფილებას გაუძღვება.

კრიზისის მიუხედავად, ანალიტიკოსები კომპანიის ახალი მმართველი სტრუქტურისგან, ახლო მომავალში რადიკალურ ნაბიჯებს არ ელიან.




ტერაფუჯა ტრანსიშნ” - მფრინავი ავტომობილი

Terrafugia Transition

23 ივნისი

მფრინავი ავტომობილის შექმნის იდეა ახალი არაა. ბევრს ალბათ ახსოვს ფანტომასის ფრთიანი ”სიტროენი” რომელმაც მითიურ ყაჩაღს პოლიციელთა დევნისგან თავის დაღწევის საშუალება მისცა. მას შემდეგ, ენთუზიასტები პერიოდულად ცდილობენ ისეთი უნივერსალური მანქანის შექმნას, რომელსაც ჩვეულებრივ გზაზე სიარულის გარდა, ფრენის უნარიც ექნებოდა.

ერთ-ერთი ასეთი ენთუზიასტი ამერიკული ფირმა ”ტერაფუჯაა”, რომელმაც ორადგილიანი მფრინავი ავტომობილი სახელად ”ტრანსიშნ” შექმნა. უფრო მეტიც, ამ ავტომობილმა უკვე 29 სატესტო ფრენა შეასრულა და უსაფრთხოებაზეც არაერთი გამოცდა ჩააბარა, რის შემდეგაც, მწარმოებელმა მისი გაყიდვის უფლება მიიღო.

იმისათვის, რომ ჰაერიდან დაშვების შემდეგ, ჩვეულებრივ გზებზე გადაადგილება შეძლოს, ”ტრანსიშნი” ფრთებს 30 წამში კეცავს. მისი ფრენის სიშორე 725 კილომეტრია, ჰაერში მისი სიჩქარე 100 კვანძს (185 კმ/სთ) აღწევს. გზაზე მოძრაობისას კი მისი სიჩქარე 105 კმ/სთ-ია. ტრასაზე გადაადგილებისას, მფრინავი ავტომობილის ხარჯი 100 კილომეტრზე 7.8 ლიტრია (ჩვეულებრივი საავტომობილო ბენზინი). საინტერესოა ისიც, რომ ”ტრანსიშნი” უსაშველო გაბარიტებითაც არ გამოირჩევა - მისი სიგანე (დაკეცილი ფრთების შემთხვევაში) მხოლოდ ორი მეტრია, რაც მის პარკირებას აადვილებს.

”ტერაფუჯა” თავისი მფრინავი ავტომობილის შეკვეთებით წარმოებას 2011 წლიდან გეგმავს. უკვე ცნობილია ”ტრანსიშნის” ფასიც - მისი შეძენის მსურველს 194 000 დოლარის გაღება მოუწევს. ოღონდ, სანამ სასურველ ”სათამაშოს” შეიძენთ, მფრინავის კურსების გავლა და პილოტის სერტიფიკატის აღება მოგიწევთ.


”მაგნას” საოპელო გეგმები

Magna-Opel

23 ივნისი

მართალია, ”ჯენერალ მოტორსს” თავისი გერმანული ბრენდი ”ოპელი” ჯერ არ გაუყიდია, მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაუფლების მოსურნეთა შორის, ამ ეტაპზე კანადური ”მაგნა ინტერნეიშნლი” ლიდერობს, რომელსაც ფინანსურ მხარდამჭერად გვერდში რუსული ”სბერბანკი” უდგას.

სანამ გერმანიის მთავრობასთან და ამერიკულ კომპანიასთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას რეალობად აქცევდეს, ”მაგნა” ”ოპელთან” დაკავშირებით გეგმას ამუშავებს, რომელიც გერმანული კომპანიის კრიზისიდან გამოყვანაში და რენტაბელურ ბიზნესზე გადაყვანაში დაეხმარება.

ამ გეგმის მთავარი ღერძი კი ისაა, რომ კანადელთა ხელში, ”ოპელი” საკუთარი მარკის გარდა, ავტომობილებს სხვა მარკებითაც გამოუშვებს. ამგვარად კი მისი ყველა საწარმო მაქსიმალურად დაიტვირთება და შტატის მასშტაბური შემცირებაც საჭირო აღარ გახდება.

ამ ეტაპზე, დანამდვილებით ძნელია იმის თქმა, თუ რომელი კომპანია მოისურვებს ”ოპელთან” ამგვარ კოოპერაციას, თუმცა ინტერნეტში ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ ასეთები შეიძლება ”პეჟო/სიტროენი” და ”ფორდი” იყვნენ. სამაგიეროდ, ”მაგნას” ”ჯენერალ მოტორსისთვის” მისი ინტელექტუალური საკუთრების გამოყენებისთვის, საფასურის გადახდა მოუწევს.

თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ კანადური კომპანიის ამგვარი გეგმების გამო, ”გენერლებმა” ”ოპელის” მყიდველად სხვა კომპანია, მაგალითად, ”ფიატი” აირჩიონ...

ბატონი ოპტიმიზმს ინარჩუნებს

Formula 1

23 ივნისი

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბრიტანელი ლიდერი ჯენსონ ბატონი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს შეუძლია, რომ მომავალი ეტაპიდან, რომელიც გერმანიაში ჩატარდება, კვლავ გამარჯვებისთვის იბრძოლოს და მეტოქე ”რედ ბულს” დაწევის საშუალება არ მისცეს.

გასულ უქმეებზე, ბრიტანულ სილვერსტოუნზე, ავსტრიული საჯინიბოს პილოტებს - გერმანელ სებასტიან ფეტელსა და ავსტრალიელ მარკ უებერს ბადალი არ ჰყავდათ, ბატონმა კი, ვინც ”ბრაუნის” ბოლიდით ასპარეზობს და ვისაც წინა შვიდი ეტაპიდან ექვსი მოგებული ჰქონდა, საშინაო რბოლაში მეექვსე ადგილის დაკავებაც ძლივს შეძლო, თუმცაღა ჩემპიონატში სოლიდური ლიდერობა მაინც შეინარჩუნა.

ბატონი თავისი უფერული გამოსვლის მთავარ მიზეზად გრილ ამინდს ასახელებს, რის გამოც, მის ბოლიდზე საბურავები გვიან ხურდებოდა. პარალელურად, მან ისიც აღიარა, რომ ”რედ ბული” ამ ეტაპზე უფრო სწრაფად პროგრესირებს, სილვერსტოუნის სწრაფმოსახვევებიანი კონფიგურაცია კი სწორედ მეტოქე გუნდის ბოლიდებისთვისაა შესაფერისი.

ბატონით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე, სოლიდური უპირატესობა გააჩნია, ეს მას და მის გუნდს დამშვიდების საბაბს არ აძლევს, რადგან მეტოქემ უკვე დაამტკიცა, რომ ბრძოლის გარეშე ტიტულის დათმობას არ აპირებს.

”მართალია, ჯერაც სოლიდური უპირატესობა გამაჩნია, მაგრამ ჩემპიონატის დასრულებამდე ცხრა ეტაპით ადრე, ეს დამშვიდების და მხოლოლ უპირატესობის შესანარჩუნებლად ბრძოლის საბაბს არ მაძლევს. თუ მოვეშვებით, უპირატესობასაც თვალსა და ხელს შუა დავკარგავთ და მერე დაწევა გაცილებით ძნელი იქნება. ფეტელზე კი ამ ეტაპზე რაიმე გარკვეულის თქმა ძნელია. შესაძლოა, სილვერსტოუნზე მისი გამოსვლა გარემოებათა დამთხვევის შედეგია. შესაძლოა, მათ ამის საშუალება, ამ რბოლამდე მანქანაზე ჩატარებულმა მოდერნიზაციამ მისცა. ნებისმიერ შემთხვევაში, მომდევნო ეტაპებზე მხოლოდ გამარჯვებისთვის ბრძოლას ვაპირებ. სხვა შედეგები არ მაწყობს. რა თქმა უნდა, ფეტელი და უებერი შემდგომ ეტაპებზეც ძალიან სწრაფები იქნებიან, მაგრამ არ მგონია, ისეთივე უპირატესობა ჰქონდეთ, როგორც სილვერსტოუნზე”, - ვარაუდობს ბატონი.

ჩემპიონატის ლიდერი ერთ საინტერესო გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას ის ამბობს, რომ რბოლის მიწურულს, ის გაცილებით სწრაფი იყო, ვიდრე მის წინ მიმავალი ნიკო როსბერგი. განსაკუთრებით, მუხრუჭების კარგ მუშაობას უსვამს ხაზს. მუხრუჭები ჩვენს მანქანას საუკეთესო აქვსო, - ამბობს ბატონი, მაგრამ იქვე დასძენს, რომ სილვერსტოუნზე მათი გამოყენება იშვიათად უხდებოდა (ტრასის თავისებურებათა გამო) და ამიტომ, ამ უპირატესობის გამოყენება შეუძლებელი იყო. მითუმეტეს, მუხრუჭების გარეშე, საბურავებიც გვიან ცხელდებოდა.

”აქ მე ფეტელთან 7 ქულა წავაგე მაგრამ ისიც ხომ შემიძლია გავიხსენო, რომ მონაკოში, სადაც ის კედელს დაეჯახა, მე 10 ადვილი ქულა მოვუგე. მოკლედ, ეს რბოლებია, რბოლებში კი ყველაფერი ხდება. მთავარია, ოპტიმიზმი შევინარჩუნოთ და ის უპირატესობები გამოვიყენოთ, რომლებიც რეალურად გაგვაჩნია”, - დასძენს ოპტიმისტი ბატონი და ნურბურგრინგზე რევანშისთვის ბრძოლას გვპირდება...