ფერარი ახალ მოდელებს ამზადებს
Ferrari
2 ოქტომბერი

”ფერარის” აღმასრულებელმა დირექტორმა ამედეო ფელისამ გამოაცხადა, რომ მისი კომპანია წარმოებისთვის ერთდროულად სამ ახალ სუპერ ავტომობილს ამზადებს, რომლებიც V12 არქიტექტურის ძრავებით იქნებიან აღჭურვილნი. ეს ერთგვარი პასუხია სუპერ ავტომობილების ბაზარზე ”მაკლარენის” გამოჩენისა, რომელმაც ახლახანს საზოგადოებას სრულიად ახალი მოდელი წარუდგინა და კიდევ ორს უახლოეს მომავალში პირდება.
მარანელოელები პირველ რიგში, მოდელ ”612 სკალიეტის” შეცვლას აპირებენ. ეს ავტომობილი ბაზარზე ხუთი წლის წინ გამოჩნდა, მის შემცვლელს კი იტალიური კომპანია 2012 წელს გამოუშვებს.
თითქმის იმავდროულად, მარანელოელები თავიანთი ახალი ფლაგმანური ავტომობილის გამოშვებასაც გეგმავენ და ეჭვიც არავის ეპარება, რომ 288 GTO-ს, F40-ს, F50-ს და ”ენცოს” ღირსეული შთამომავალი ეყოლებათ.
მართალია, ”ფერარის” ინჟინრები ინტენსიურად მუშაობენ ჰიბრიდული ტექნოლოგიის ათვისებაზე, მაგრამ ფელისა ამბობს, რომ ჰიბრიდული აგრეგატი მისი კომპანიის ავტომობილებზე უფრო გვიან გამოჩნდება, ვიდრე ”ენცოს” შემცვლელს პირველი კლიენტი მიიღებს. ცნობილია, რომ ახალი ”ენცო” (მას ალბათ სხვა სახელს შეურჩევენ, შესაძლოა, F60 დაარქვან) V12, ან V8 ტურბოძრავით აღიჭურვება. მოგვიანებით კი მასზე ჰიბრიდულ დანადგარსაც დააყენებენ.