Thursday, June 9, 2011

„ჯენერალ მოტორსი“ „ოპელის“ გაყიდვას არ აპირებს
GM Denies Reports Claiming Plans to Sell its Opel Brand
9 ივნისი



„ჯენერალ მოტორსმა“ უარყო გერმანულ პრესაში გავრცელებული ხმები, რომელთა თანახმადაც, ის თავისი გერმანული შტოს - „ოპელის“ გაყიდვას მაინც აპირებს. ეს ინფორმაცია „დერ შპიგელმა“ და „ავტო ბილდმა“ გაავრცელეს. მათ მიერ „მოპოვებული ინფორმაციით“, ამერიკულ კომპანიას აღარ სჭირდება ის გამოცდილება, რომელიც „ოპელს“ კომპაქტური ავტომობილების და ეკონომიური ძრავების წარმოებაში გააჩნია.
იმავე გამოცემების ინფორმაციით, გენერლები გერმანული ბრენდს თავისი კორეული შტოთი ჩანაცვლებას აპირებენ, რომელიც ადრე „დეუს“ სახელით იყო ცნობილი. ამასთან, „ოპელის“ შესაძლო მყიდველებად, მათ „რომელიმე ჩინური კომპანია“ და „ფოლკსვაგენიც“ კი დაასახელეს. ამასთან, ვოლფსბურგული გიგანტის დაინტერესება იმით ახსნეს, რომ ამით ის სწრაფად განვითარებადი ჩინური (რა მნიშვნელობა აქვს, რომელი იქნება) კომპანიის გაძლიერებას შეუშლიდა ხელს. თანაც, თავის გეგმასაც - გახდეს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი, უფრო მალე შეასრულებდა.
მაგრამ დეტროიტულმა გიგანტმა ამ რეპორტაჟებს მტკნარი გამონაგონი და უსაფუძვლო უწოდა. სხვათა შორის, სმ ჭორების გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე, „ჯენერალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ მისი კომპანიის ევროპული საქმიანობის მთავარი ლოკომოტივი ისევ „ოპელი“ იქნება. ამასთან, გერმანულ კომპანიას მსოფლიო ბაზარზე ექსპანსიის უფლებაც მიეცა, რაც მის ფუნანსურ მდგომარეობას სტაბილურსა და მყარს გახდის.
გამოცემა „ავტონიუსი“ დაუკავშირდა „ოპელის“ წარმომადგენლობას, რომლისგანაც ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი მიიღო: „ეს წმინდა წყლის სპეკულაციაა, გამონაგონი, რომელსაც საფუძველი არ აქვს. ჩვენ კი სპეკულაციებზე კომენტარებს არ ვაკეთებთ“. დაახლოებით ასეთივე იყო გერმანიის თურინგიის მიწის (ამ მიწის ქალაქ აიზენახში ოპელს ქარხანა აქვს) მთავრობის პასუხიც: „ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს ნონსენსია“.
ცნობისათვის: მართალია, „ოპელის“ გაყიდვები განუხრელად იზრდება, თუმცა კომპანია მაინც წაგებაზე მუშაობს. და მაინც, „ოპელის“ მთავარი აღმასრულებელი კარლ-ფრიდრიხ შტრაკე ამბობს, რომ მისი კომპანია დასახული გეგმის შესაბამისად ვითარდება და რომ მალე მისი ბიზნესი მომგებიანი გახდება.