Thursday, December 23, 2010

შვეიცარული სარბოლი ელექტროპროტოტიპი

Green GT Unveils Prototype Electric Racer

21 დეკემბერი

408 ცხენის ძალა პიკური სიმძლავრე და 290 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარე - ასეთი ტექნიკური მონაცემები აშკარად სარბოლ ავტომობილს უნდა ეკუთვნოდეს და ასეცაა. ოღონდ, ავტომობილი, რომლის შესახებაც ვლაპარაკობთ, მბიძგველ ძალას შიდაწვის ძრავისგან კი არა, ელექტროძრავისგან ღებულობს.

შვეიცარული ჯგუფი ”გრინ GT” არის ავტორი სარბოლი ავტომობილისა, რომლის შესახებაც გიყვებით. ეს არის ლე მანის პროტოტიპის სტილში შესრულებული ბოლიდი, რომლის პრეზენტაციასაც, ლოზანაში მდებარე შვეიცარიის ტექნოლოგიების ფედერალური ინსტიტუტში თვით საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი ჟან ტოდტი დაესწრო.

სარბოლი ელექტრომობილის პრეზენტაციას ჟან ტოდტი დაესწრო
..............................

”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ავტომობილის უკანაა დამონტაჟებული. სხვათა შორის, მათი სიმძლავრე, წინა მოდელის ძრავებისასთან შედარებით, 50 პროცენტითაა გაზრდილი. ბორბლებს შორის მაბრუნი მომენტის ოპტიმალურ განაწილებას სპეციალური ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს, რისი წყალობითაც, ავტომობილი მოსახვევებს უფრო უკეთ და მაღალი სიჩქარით გადის.

გაუმჯობესებულია ენრგიის შენხვის ბლოკიც. ასეთი სარბოლ ავტომობილს ორი აქვს და ისინი ლითიუმ-იონური ელემენტებისგან შედგება. აკუმულატორები სპეციალურ ყუთებშია მოთავსებული, რომლებიც ისეთი კომპოზიტისგან დამზადდა, რომელიც აეროკოსმოსურ მრეწველობაში გამოიყენება. ეს ყუთები ცეცხლგამძლეცაა და დარტყმისადმი მედეგიც. აკუმულატორების ოპტიმალური მუშაობისთვის, ისინი გრილდება, რისთვისაც გაგრილების თხევადი სისტემაა გამოყენებული.ამასთან, სითხე დენგაუმტარია.

რა თქმა უნდა, ”გრინ GT-ს” სარბოლი ელექტრომობილი ლე მანის რბოლაში მონაწილე შიდაწვისძრავიან მონსტრებს მეტოქეობას ვერ გაუწევს, თუმცა აშკარაა, რომ ადრე თუ გვიან, რბოლებში ელექტრომობილების მონაწილეობაც ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, როგორიც თუნდაც ის ფაქტია, რომ უკვე დიდი ხანია, ლე მანის რბოლას დზელისძრავიანი ავტომობილებით იგებენ.

ოღონდ, სანამ ელექტრული სარბოლი პროტოტიპი რბოლებში მონაწილეობას მიიღებს, მას სერიოზული ტესტები აქვს გასავლელი, რომლებზეც თავისი რეალური შესაძლებლობების და გამძლეობის გამოვლენა მოუწევს.