Tuesday, June 22, 2010

”ოპელმა” ახალი უნივერსალი ”ასტრა” გაგვაცნო

Opel Astra Sports Tourer

22 ივნისი

ისე მოხდა, რომ სანამ ”ოპელი” ბაზარზე თავისი ყველაზე პოპულარულ მოდელ ”ასტრას” მორიგი თაობის ჰეჩბეკს გამოუშვებდა, ყველა გერმანული კომპანიის მომავალზე ლაპარაკობდა და არა იმაზე, თუ რა სიახლეებს უმზადებდა ის თავის მყიდველს. ”ასტრა” ბაზარზე მაინც გამოჩნდა და როგორც მოსალოდნელი იყო, კვლავაც ძალიან პოპულარულია.
თუმცა, ”ოპელის” მომავალი კვლავაც ბუნდოვანია. თუ შარშან ”ჯენერალ მოტორსი” მის გაყიდვას აპირებდა და ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც თითქოს რუსულ-კანადური ალიანსი იმარჯვებდა, ამჯერად, საქმე ”ოპელისთვის” (რომელიც გენერლებმა თავისთვის დაიტოვეს და ამით რატომღაც გერმანიის მთავრობა გააღიზიანეს) შეღავათიანი სესხის გამოყოფას ეხება. იმ სესხისა, რომელმაც მის ხელმძღვანელობას მეტად საჭირო რესტრუქტურიზაცია უნდა ჩაატარებინოს და კომპანია მომგებიან საქმიანობაზე გადააყვანინოს.

მაგრამ პრობლემების მიუხედავად, ”ოპელი” მუშაობას აგრძელებს და ბაზარზე მორიგი სიახლე - ”ასტრას” ბაზაზე შექმნილი უნივერსალი ”ასტრა სპორტს ტურერი” გამოაქვს, რომელმაც კომპანიის გაყიდვების სტაბილურად მაღალ დონეზე შენარჩუნება უნდა უზრუნველყოს. სხვათა შორის, ”ოპელს” ერთგვარ ტრადიციად ჩამოუყალიბდა, რომ ჰეჩბეკ ”ასტრას” მორიგი თაობის მოდელის წარმოების დაწყების შემდეგ, მისი უნივერსალისძარიანი ვერსიის ჯერიც დგება, მას კი სპორტული ჰეჩბეკი, სედანი და ფურგონი მოსდევს.

ავტომობილის პირველივე დანახვისთანავე შეიძლება ითქვას, რომ ის თავის კლასში საუკეთესოა და თავისუფლად შეუძლია, უნივერსალებს პოპულარობა მოუპოვოს. ჯერ ერთი, ის ისე გამოიყურება, როგორც პრემიუმ კლასის უნივერსალი - სოლიდურია და კომფორტული ავტომობილის შთაბეჭდილებასაც ტოვებს. მეორეც, ის აშკარად ჰგავს უფრო მაღალი კლასის ”ოპელ ინსინია ტურერს”, რომელმაც ”ოპელს” პრემიუმ სეგმენტისიკენ გზა უნდა გაუკაფოს. სხვათა შორის, ”ასტრას” უნივერსალი უფრო ელეგანტურად გამოიყურება, ვიდრე ”ინსინიასი”, რაც ალბათ უფრო იმის ბრალია, რომ ასეთი დიზაინი მომცრო ზომის ავტომობილს უფრო უხდება.

სხვათა შორის, ადრე უნივერსალებისთვის დახვეწილი დიზაინი მთავარ კრიტერიუმად არ ითვლებოდა. სამაგიეროდ, მათი შეფასებისას, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ფაქტორი ავტომობილის ტევადობა იყო. მაგრამ რამდენადაც ტევადობის მხრივ, კონკურენტებს თითქმის ერთნაირი პარამეტრები აქვთ, ამდენად, დიზაინი მაინც შეფასების მნიშვნელოვანი ფაქტორი ხდება. ამ მხრივ კი ”ასტრა სპორტს ტურერი” ქებას იმსახურებს.

მოკლედ: ახალი ”ასტრა სპორტს ტურერის” ბორბლებს შორის ბაზა იგივეა, რაც ჰეჩბეკისა - 2.685 მეტრი (წინა თაობის ”ასტრას” შემთხვევაში, უნივერსალისა და ჰეჩბეკის ბაზებს შორის სხვაობა შესამჩნევი იყო). სამაგიეროდ, მასში ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთის ჩადება შეიძლება, რომლის სიგრძეც 1.835 მეტრს აღწევს. ეს კი ”ასტრას” წინა უნივერსალის შესაბამის მაჩვენებელზე 28 მილიმეტრით მეტია. ავტომობილის საბარგო განყოფილების მოცულობა 500 ლიტრია, მაგრამ თუ უკანა სავარძლები დაიკეცება, ის 1550 ლიტრამდე იზრდება. სხვათა შორის, დაახლოებით იგივე მაჩვენებლები აქვს მთავარ კონკურენტ ”ფოლკსვაგენ გოლფ ვარიანტს”.

”ოპელი” უნივერსალ ”ასტრას” მყიდველს რვა ძრავს სთავაზობს. ყველაზე სუსტი აგრეგატების გარდა, ყველა მათგანთან 6-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. გარდა ამისა, ოპციის სახით შესაძლებელია ავტომატური კოლოფის (აქტივ სელექტ) შეკვეთა.

რვა ძრავიდან ოთხი დიზელისაა და ამდენივე - ბენზინის. დიზელის აგრეგატების მუშა მოცულობა 1.3-დან 2.0 ლიტრამდეა, მათი სიმძლავრე კი 95-160 ცხენის ძალის დიაპაზონშია. ყველა ძრავი აღჭურვილია მყარი ნაწილაკების მოსაცილებელი ფილტრით. ბენზინის აგრეგატების მუშა მოცულობა 1.4 და 1.6 ლიტრია და მათი სიმძლავრე 100-დან 180 ცხენის ძალამდე მერყეობს. მათგან ყველაზე თანამედროვეა 1.4-ლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც 1.8-ლიტრიან ატმოსფერულ აგრეგატს ცვლის. ამ აგრეგატებიდან ყველაზე ეკონომიური 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელია, რომელიც, გარდა იმისა, რომ 160 ცხენის ძალას იძლევა, 100 კილომეტრსაც ყველაზე მცირე ხარჯით (5.1 ლიტრი) გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 134 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ჯერჯერობით, ”ჯენერალ მოტორსი” არ გვიჩვენებს ”ასტრა სპორტს ტურერის” ინტერიერს. თუმცა დიდი ალბათობით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მისი სალონი ძლიერ დაემსგავსება ჰეჩბეკისას. განსხვავება შეიძლება გაწყობის დონეში იყოს. ამასთან, ”ოპელი” აცხადებს, რომ უნივერსალის სალონში ბარგისთვის საერთო ჯამში, 75 ლიტრი სივრცეა გამოყოფილი, ეს კი მისი წინამორბედის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 50 პროცენტით მეტია.

უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ახალი უნივერსალის სალონში ”ოპელი” სავარძლების დაკეცვის ელექტრონულ სისტემა ”ფლექსფოლდს” გამოიყენებს. მათი ტრანსფორმაციისთვის ახლა უკვე საკმარისია ღილაკზე თითის ერთი დაჭერა და ელექტრონული სისტემა ყველაფერს თავისით გააკეთებს. წინასწარ შეკვეთილი ალგორითმის მიხედვით, ელექტრონიკა თავად განსაზღვრავს სავარძლების საზურგის დახრის კუთხეს და თუ შეუკვეთავთ, მათ სრულად დაკეცავს, რის შემდეგაც, მათ ადგილზე ბარგის დასადები დამატებითი ადგილი წარმოიქმნება. გარდა ამისა, ”ასტრა სპორტს ტურერი” აუცილებლად აღიჭურვება ველოსიპედების სპეციალური სამაგრი ”ფლექსფიქსით”, რომელიც თანამედროვე ”ოპელებისთვის” თითქმის განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

რა თქმა უნდა, ახალი უნივერსალი ბევრი რამითაა საინტერესო, თუმცა მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ ის ჰეჩბეკ ”ასტრას” ბაზაზეა აგებული. ამ ავტომობილზე კი, მისი გაყიდვების დაწყებიდან ნახევარ წელიწადში, ”ოპელს” უკვე 160 000 შეკვეთა აქვს მიღებული. რა თქმა უნდა, უნივერსალიც ასეთი პოპულარული ვერ იქნება, თუმცა მისი გაყიდვა რუსელსჰაიმერებისთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება. სტატისტიკაც ამაზე მეტყველებს - ევროპაში გაყიდული ”ასტრების” მეოტხედი სწორედ უნივერსალია. სხვათა შორის, ამ ავტომობილს ”ბიუიკის” მარკით, მალე ამერიკელ და ჩინელ მყიდველსაც შესთავაზებენ.

დაბოლოს, ”ასტრა სპორტს ტურერის” მსოფლიო პრემიერა პარიზის ავტო შოუზე, ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება, რის შემდეგაც ის ”ოპელის” ევროპელი დილერების შოურუმებში გამოჩნდება. ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუმცა სავარაუდოდ, ”ასტრა სპორტს ტურერს” დეკემბერში ”ოპელის” ქართველი დილერის, შპს. ”აუტოჰაუზის” შოურუმშიც ვიხილავთ. მანამდე კი იქ ცოტა ხანში უახლეს კომპაქტურ მინივენ ”ოპელ მერივას” ელიან.