Sunday, May 2, 2010

”მერსედესი” SLS AMG-ს ელექტრულ ვერსიასაც გამოუშვებს

Mercedes SLS AMG Electric Drive, Presented This Year

2 მაისი

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”მერსედეს ბენცი” თავის სუპერ ავტომობილ SLS AMG-ს ბაზაზე ელექტრომობილს ამზადებს და მის წინასერიულ ვერსიას საზოგადოებას ამ წლის მიწურულს უჩვენებს.

კომპანია AMG-ს მმართველი დირექტორი ფოლკერ მორნინვეგი ამბობს, რომ ამ ელექტრომობილის წარმოების დაწყება 2013 წელს იგეგმება. სხვათა შორის, AMG უკვე მუშაობს SLS AMG-ს ელექტრულ ვერსიაზე და რამდენიმე პროტოტიპი დაამზადა კიდეც, რომელთაგან ერთ-ერთი, მორნინვეგმა პირადად გამოსცადა.

”შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ავტომობილის მართვა საკმაოდ სასიამოვნოა. მისი შემუშავებისას, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ისაა, რომ მისი მართვისას მძღოლმა ისეთივე შეგრძნებები გამოსცადოს, რომლებსაც შიდაწვისძრავიანი სუპერ ავტომობილის მართვისას ღებულობს. ერთ-ერთი ასეთი შეგრძნება კი ძრავის ბოხი ხმაა”, - ამბობს მორნინვეგი.

SLS AMG-ს ელექტრული ვერსია ოთხი ელექტროძრავით აღიჭურვება, რომელთა ჯამური მაქსიმალური სიმძლავრე 525 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 880 ნუტონმეტრს მიაღწევს. ელექტრომობილის სვლის სიშორე კი 180 კილომეტრი იქნება. ეს ავტომობილი, ელექტრომობილებისადმი ავტომოყვარულების დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის.

ელექტროძრავები ბორბლების სიახლოვეს განლაგდება, რითაც შემცირდება (იმ ავტომობილებთან შედარებით, რომლებსაც ელექტროძრავები ბორბლებში აქვთ განთავსებული) ავტომობილის ეგრეთ წოდებული დაურესორებელი წონა. ძრავები ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან მიიღებენ, რომლის გაგრილებასაც თხევადტანიანი სისტემა უზრუნველყოფს. აკუმულატორები ნაწილობრივ ავტომობილის მოძრაობისას, სისტემა კერსით (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) დაიმუხტება. ისე კი, ის შევსებას საყოფაცხოვრებო ელექტროქსელიდან მიიღებს.

მორნინვეგი ამბობს, რომ ელექტრომობილის შესაქმნელად, AMG-მ არჩევანი SLS AMG-ზე მხოლოდ იმიტომ შეაჩერა, რომ ეს ავტომობილი ელექტრომობილად ადვილად გადაკეთებადია. ”ამ მანქანას მოხსნით შიდაწვის ძრავს და ტრანსმისიას და ის პრაქტიკულად მზადაა იმისათვის, რომ ელექტრომობილად გარდაქმნათ. ამას ბევრი ინვესტიცია არ სჭირდება”, - ამბობს მორნინვეგი.

”ფოლკსვაგენმა” ახალი 3-ცილინდრიანი დიზელის ძრავი წარმოადგინა

Volkswagen Presents New 3-Cylinder Diesel Engine

2 მაისი

ვენაში ჩატარებულ 31-ე საერთაშორისო მოტორ სიმპოზიუმზე, ”ფოლკსვაგენმა” TDI სერიის ახალი დიზელის ძრავი წარადგინა, რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრია, ცილინდრების რაოდენობა კი - 3. ვოლფსბურგელებმა პრეზენტაციაზე ხაზი ამ ძრავის ეკონომიურობასა და გარემოსადმი მეგობრულობას გაუსვეს.

”ფოლკსვაგენის” ჯგუფის მომავლის ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელი, პროფესორი ვოლფგანგ შტაიგერი ამბობს, რომ თანამედროვე ინდუსტრიაში ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების წილის ზრდის მიუხედავად, შიდაწვის ძრავებს კვლავაც აქვს მომავალი. სწორედ ამიტომ, ვოლფსბურგელები ასეთი ძრავების დახვეწაზე მუშაობის გაგრძელებას კვლავაც აპირებენ.

შტაიგერის თქმით, გარემოზე ზრუნვა და ეკონომიკური კრიზისი, კომპანიებს ახალი ძრავების შემუშავებისკენ უბიძგებს და ამას ხელს პოლიტიკოსებიც უწყობენ, რომელთათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გარემოსადმი ზრუნვა. თუმცა, ხშირად საქმე მაშინ ფერხდება, როდესაც საქმე ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების რეკლამას ეხება. ამიტომ, შიდაწვის ძრავებს ჯერაც რჩებათ განვითარების პერსპექტივა.

მისი აზრით, შიდაწვის ძრავები აქტუალობას განსაკუთრებით სატვირთო ავტომობილებსა და შორეული რეისების ავტობუსებში შეინარჩუნებენ, ამის მიზეზი კი აკუმულატორების ტევადობის შედარებით მცირე რესურსი და მათი სწრაფად დამუხტვის პრობლემურობაა.

რაც შეეხება ახალ ძრავს, მიუხედავად მისი კომპაქტურობისა და მცირე მუშა მოცულობისა, ის 75 ცხენის ძალას და 180 ნიუტონმეტრს (2 000 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამ ძრავით, პირველ რიგში, სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ ”პოლოს” ეკონომიური ვერსია ”ბლუმოუშნი” აღიჭურვება.

პოლიგონზე ჩატარებული ტესტების დროს გამოვლინდა, რომ ”პოლო 1.2 TDI ბლუმოუშნი” 100 კილომეტრს 3.3 ლიტრი საწვავით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროს მხოლოდ 87 გრამი CO2-ით აბინძურებს. ამასთან, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 12 წამში შეუძლია.

”პოლო 1.2 TDI ბლუმოუშნის” გაყიდვები მაისში დაიწყება.