Tuesday, October 13, 2009

”აუდი” A1-ის ბაზაზე კაბრიოლეტს და ქროსოვერსაც გამოუშვებს
Audi A1
13 ოქტომბერი

ინგლისურ გამოცემა ”ქარ-ის” ცნობით, გერმანული კომპანია ”აუდი” თავისი ჯერაც არგამოსული კომპაქტური A1-ის ბაზაზე სხვადასხვა ტიპის ძარიანი ავტომობილების წარმოებას გეგმავს. კერძოდ, ინგოლშტადტელები მათთვის სრულიად ახალი ავტომობილის სამოდელო გამას თანდათანობით უნივერსალით, კაბრიოლეტით და ქროსოვერითაც კი შეავსებენ.
მოდელი A1 ”ბეემვეს” პოპულარულ ინგლისურ მარკა ”მინის” კონკურენტად მოიაზრება. ახალი ავტომობილი პირველად მერმის, წლის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, პარიზის საავტომობილო შოუზე, სამკარიანი ჰეჩბეკის სახით გამოჩნდება.
”ჩვენ A1-ს პირველ რიგში, სამკარიან ჰეჩბეკად გამოვუშვებთ, რომელსაც მყიდველს ძრავების ფართო არჩევანით შევთავაზებთ . რა იქნება შემდგომ? რაც A3-ის შემთხვევაში იყო. დაახლოებით იგივე გზას A1-იც გაივლის”, - ჟურნალთან საუბარისას აცხადებს გერმანული კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების შეფი პეტერ შვარცენბაერი, რომლის ვარაუდითაც, ახალი ავტომობილის საორიენტაციო საბაზო ღირებულება 15 000 ევრო იქნება.
ცნობისათვის, A1-ის კონკურენტი ”მინის” გამა დღეისათვის მოიცავს სამკარიან ჰეჩბეკს და უნივერსალ ”კლუბმენს”. მალე კი ამ მცირე ოჯახს კომპაქტური ქროსოვერი, კუპე და როდსტერი შეავსებს.
”ბეემვეს” უჩვეულო, სამბორბლიანი კონცეპცია
BMW’s Three-Wheeler Simple Concept
13 ოქტომბერიდაარქვით ამას დამთხვევა, ან რაც გენებოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო კვირის განმავლობაში, სხვადასხვა ავტომწარმოებლებმა საზოგადოებას უჩვენა კონცეპტუალური ავტომობილი, რომელსაც ბევრი საერთო აქვს მოტოციკლებთან.პირველი ამგვარი კონცეპცია ”ნისანმა” წარმოადგინა ოთხბორბლიანი ”ლენდ გლაიდერ პროტოტაიპის” სახით, რომელსაც მოგვიანებით, ტოკიოს საავტომობილო შოუზეც წარადგენს. დღეს კი მსგავსი ქმნილება ”ბეემვემაც” გვიჩვენა. მისი შედევრის სახელი ერთი შეხედვით, მარტივია და ასეც ჰქვია - ”სიმპლ”, მაგრამ რეალურად, ეს აბრევიატურაა შემდეგისა: SIMPLE - სასტეინეიბლ ენდ ინოვეიტივ მობაილიტი პროდაქტ ფორ ლოუ ენერჯი კონსამპშნ, ანუ გადაადგილების გაწონასწორებული და ინოვაციური საშუალება, ენერგიის მცირე მოხმარებით.ბავარიული კომპანიის ინჟინრებმა ეს უცნაური კონცეპტუალური მოძრავი საშუალება ჯერ კიდევ 2005 წელს შექმნეს, მაგრამ ადრე არსად და არავისთვის უჩვენებიათ. მალე კი ”სიმპლი” ”ბეემვეს” მიუნხენურ მუზეუმში დაიდებს ბინას.
”სიმპლი” სამბორბლიანი და ორადგილიანი ავტომოტოციკლია, რომლის სიგანეც სულ რაღაც 1.10 მეტრს, წონა კი 450 კილოგრამს აღწევს. სალონში სავარძლები ერთმანეთის უკანაა განთავსებული, როგორც ”ფოლკსვაგენის” ულტრაეკონომიურ L1-ზე, რომელიც ვოლფსბურგულმა გიგანტმა ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარადგინა. მცირე ზომის მიუხედავად, ბავარიელები ირწმუნებიან, რომ ”სიმპლში” ისევე თავისუფლად მოთავსდებით, როგორც მე-5 სერიის ”ბეემვეში”. სამაგიეროდ, ავტომობილის აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.18-ია!მართალია, ”სიმპლ-ი” სამ ბორბალზე დგას, მაგრამ გარედან ის ავტომობილის მსგავსი ძარითაა დაფარული, რომელიც მასში მსხდომთ არამარტო ავარიებისას, არამედ წვიმისა და ქარისგანაც დაიცავს. იმავდროულად, ის ისევე იმართება, როგორც მოტოციკლი. საჭეც კი მოტოციკლის მსგავსი აქვს, მძღოლს კი მოსახვევებში, მდგრადობის შესანარჩუნებლად, მოხვევის მხარეს წაწოლა უწევს.
”სიმპლის” მოძრაობას ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს, რომელშიც ბენზინის 48-ცხენისძალიანი ძრავი და ელექტროძრავი შედის, რომელთა მეშვეობითაც, ავტომობილი 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 10 წამს უნდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 200 კმ/სთ-ს აღწევს.
”სიმპლის” საწვავის საშუალო ხარჯი 100 კილომეტრზე სულ რაღაც 2 ლიტრია, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 50 მილიგრამ CO2-ს გამოჰყოფს.
მაგრამ ”სიმპლში” ყველაზე საინტერესო სტაბილიზაციის ჰიდრავლიკური სისტემაა, რომელიც მას წაქცევის საშუალებას არ აძლევს. ეს სისტემა მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, როდესაც მაგალითად, ავტომობილი ძალიან დაბალი სიჩქარით მოძრაობს და ამ დროს, არასტაბილური ხდება და მძღოლს მუდმივად მის დაბალანსებაზე უწევს გარჯა...

”კრაისლერი” და ”ლანჩა” ერთმანეთს პლატფორმებს გაუზიარებენ

Chrysler & Lancia To Share Products

13 ოქტომბერი

ბოლო წლებში, იტალიური ავტომწარმოებელი ”ლანჩა”, რომელიც ”ფიატის” იმპრიასაა შეფარებული, პრობლემებს განიცდის. მართალია, ტურინელები თავიანთი ბიზნესის გამოცოცხლებას ცდილობენ, მაგრამ ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. თუმცა, ”ფიატისა” და ”კრაისლერის” ერთ ალიანსში გაერთიანების შემდეგ, ახალი პერსპექტივები გამოისახა, რომელიც პირველ რიგში, ”ლანჩას” სამოდელო გამის ავტომობილებისთვის ”კრაისლერის” პლატფორმების გამოყენებას ითვალისწინებს.

ახლახანს, ”კრაისლერის” ხელმძღვანელად ”ლანჩას” ყოფილი მთავარი აღმასრულებელი ოლივიე ფრანსუა დაინიშნა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ეს ორი კომპანია სულ მალე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს. ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, მათი დაახლოება პირდაპირ უნდა გავიგოთ, როგორც მათი მოდელების დაახლოება. ამაში მარტო ის კი არ იგულისხმება, რომ იტალიური და ამერიკული კომპანიები ზიარ პლატფორმებზე დაამზადებენ თავიანთ ავტომობილებს, არამედ ისიც, რომ ისინი ერთსადაიმავე მაკომპლექტებლებს და აგრეგატებსაც გამოიყენებენ და ერთმანეთს ტექნოლოგიებსაც გაუზიარებენ.

მოსალოდნელია, რომ მალე ”კრაისლერ 300-ის” ბაზაზე, ”ლანჩა” საკუთარი სედანის გამოშვებას დაიწყებს, რომლითაც საკუთარ ”თეზისს” შეცვლის. სამაგიეროდ, ამერიკული კომპანიისთვის იტალიელი პარტნიურის სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”იპსილონი” გახდება ხელმისაწვდომი და მას ”კრაისლერი” ევროპაში გაჰყიდის.

ამგვარი ინტენსიური დაახლოებით, ტურინული კომპანია ორი კურდღლის დაჭერას ცდილობს. ჯერ ერთი, ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდება ”ლანჩა”. მეორეც, ”კრაისლერი” ძველ კონტინენტზე უფრო გააქტიურდება. მომავალში კი სხვა ბაზრებზეც შეაღწევს.

საინტერესოა, რომ ”ფიატი” ”ლანჩას” ჯერ მხოლოდ ევროპის ბაზარზე დატოვებს. ამ უკანასკნელის პოპულარული ჰეჩბეკი ”დელტა” კი აშშ-ის ბაზარზე ”კრაისლერის” მარკით გაიყიდება.