Tuesday, March 22, 2011

„ჰიუნდაი“ იაპონიას ეხმარება

Hyundai To Donate JPY100 Million to Quake-Striken Japan

22 მარტი

დღეს იაპონიას ყველა ეხმარება. ქვეყანა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა იყო, დღეს ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზე იმყოფება. ამიტომ, ამომავალი მზის ქვეყანას ახლა ისინიც ეხმარებიან, ვისაც ადრე თავად უწვდიდა ხელს. იაპონელებს ისინიც ეხმარებიან, რომლებიც ცოტა ხნის წინ მათი უშეღავათო კონკურენტები იყვნენ (და ასეთებადვე რჩებიან). მაგალითად, კორეული საავტომობილო კომპანია „ჰიუნდაი“...

„ჰიუნდაიმ“ იაპონიის დასახმარებლად 100 მილიონი იაპონური იენი (დაახლოებით 1.3 მილიონი დოლარი) გამოჰყო. ეს ფული, იაპონიის იმ მხარეს მოხმარდება, რომლებიც მიწისძვრამ და ცუნამიმ ყველაზე მეტად დააზარალა. ამ თანხას იაპონია კორეული წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელით მიიღებს, რომელიც მას იაპონიის წითელ ჯვარს გადასცემს. ეს უკანასკნელი კი მიღებული დახმარებით, საკვებს, წყალს, მედიკამენტებს და სხვა აუცილებელ ნივთებს შეიძენს.

პარალელურად, „ჰიუნდაი მოტორის“ ჯგუფის თავმჯდომარე მონ-კუ ჩუნმა, თავისი კომპანიის იაპონელ ბიზნეს პარტნიორებს თანაგრძნობის წერილები დაუგზავნა. მანვე განაცხადა, რომ საჭიროების შესაბამისად, „ჰიუნდაი მოტორი“ იაპონიას შემდგომშიც დაეხმარება.

„როგორც ყოველთვის, „ჰიუნდაი“ ბუნებრივი კატაკლიზმებით დაზარალებულ რეგიონებს მთელს მსოფლიოში ეხმარება და ამით ყოველთვის უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს განუყოფელი ნაწილია. ჩვენმა კომპანიამ, თავის დროზე, დახმარება გაუწია ირანის 1999 წლის მიწისძვრით, 2004 წლის აზიის ცუნამით, 2007 წელს, საბერძნეთის ხანძრებით დაზარალებულებს, ასევე 2009 და 2010 წლებში, ჰაიტისა და ჩილეში მომხდარი მიწისძვრების დროს დაზარალებულებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჰიუნდაის“ გარდა, იაპონიას ფულად დახმარებას ევროპული და ამერიკული კომპანიებიც უწევენ.

აღსანიშნავია, რომ დიდ იაპონურ საავტომობილო კომპანიებს, მიწისძვრით და ცუნამით დაზარალებულ რეგიონებში, თავიანთი ქარხნები გაჩერებული აქვთ. უფრო მეტიც, ამ კატასტროფის გამო, მაკომპლექტებლების მწარმოებელი არაერთი იაპონური კომპანიაა გაჩერებული, ეს კი, ამ კომპანიების პარტნიორი ამერიკული და ევროპული კომპანიების შეფერხებას იწვევს.