Monday, May 31, 2010

”იაგუარი” სამოდელო გამას გააფართოებს

Jaguar Land Rover

31 მაისი

კარლ-პეტერ ფორსტერი
...............................................................

ინდური საავტომობილო კომპანია ”ტატა მოტორსი” თავისი ორი ბრიტანული ბრენდის - ”იაგუარის” და ”ლენდ როვერის” ჩინეთის და სხვა სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე ექსპანსიას და ჩინეთში ამ ორი მარკის ავტომობილების წარმოებას გეგმავს. თავიდან, ორივე ბრენდით, წლიურად სულ 40 000 ავტომობილის წარმოება იგეგმება, თუმცა მოთხოვნის ზრდის პარალელურად, წარმოების მოცულობაც გაიზრდება. მათი მთავარი კონკურენტი კი გერმანული კომპანიები - ”მერსედეს-ბენცი” და ”ბეემვე” იქნება.

”ტატა მოტორსის” მთავარი აღმასრულებელი კარლ-პეტერ ფორსტერი ამბობს, რომ ”ლენდ როვერი” და ”იაგუარი” მარტო ჩინეთში კი არა, მთელი მსოფლიო მასშტაბით აპირებს ზრდას.

”ჩინეთი სწრაფად მზარდი ბაზარია, ჩვენ კი გვინდა, რომ ჩვენი გაყიდვები მთელს მსოფლიოში გაიზარდოს. ჩვენ ჩინეთში, ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში ვაპირებთ ჩვენი ბიზნესის გააქტიურებას, რადგან მიგვაჩნია, რომ ამისთვის საჭირო რესურსი გაგვაჩნია”, - სააგენტო ბლუმბერგთან საუბრისას განაცხადა ფორსტერმა.

იაგუარ XK180
..........................................

მანვე ორივე ბრენდის სამომავლო გეგმებიც ზოგადად მიმოიხილა. კერძოდ, ფორსტერმა, ვინც ცოტა ხნის წინ, ”ჯენერალ მოტორსის” ევროპული შტოს პრეზიდენტი და ”ოპელის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იყო, განაცხადა, რომ მალე ”ლენდ როვერის” გამას ახალი კომპაქტური მოდელი - LRX დაემატება, რომელსაც, კომპანიის ისტორიაში პირველს, წამყვანი წინა ბორბლები ექნება.

გაცილებით მეტი სიახლე ”იაგუარის” გამაში იგეგმება. ფორსტერის თქმით, უკვე მწვანე შუქი აუნთეს თითქმის მივიწყებულ პროექტს, რომელიც როდსტერ F-ტაიპის გამოშვებას ითვალისწინებს. ”იაგუარი” იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილით კონკურენციას ”პორშე ბოქსსტერს” გაუწევს. პირველად ”იაგუარში” ამ როდსტერის წარმოებაზე ჯერ კიდევ 1998 წელს განაცხადეს, როდესაც საზოგადოებამ კონცეპტუალური ”იაგუარ XK180” იხილა.

იაგუარ RD6

..........................................

მაგრამ მალე ეს პროექტი თაროზე შემოდეს, რის მიზეზადაც ფინანსური კრიზისი და საკონვეიეროდ მისი მომზადებისთვის სახსრების უქონლობა გამოცხადდა. ახლა კი, ”ტატა მოტორსმა” პირობა დადო, რომ ხუთი წლის განმავლობაში, ”იაგუარის” განვითარებისთვის წლიურად თითო მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტირებას აპირებს და ბუნებრივია, ინგლისურ კომპანიასაც ხელ-ფეხი გაეხსნება.

შემდეგი სიახლე კომპაქტური X-ტაიპი გახდება. ამ ავტომობილის მთავარი დანიშნულება, ”იაგუარის” წარმოების მოცულობის მნიშვნელოვნად გაზრდა იქნება. ბლუმბერგის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი X-ტაიპი გარეგნულად კონცეპტუალურ R-D6-ს დაემსგავსება, რომლის დებიუტიც ასევე საკმაოდ შორეულ წარსულში - ფრანკფურტის 2003 წლის მოტორ შოუზე შედგა. თავის დროზე, ამ ავტომობილს კონკურენცია მე-3 სერიის ”ბეემვესთვის” და ”აუდი A4-თვის” უნდა გაეწია, მისი მეშვეობით კი ”იაგუარი” თანდათან გლობალური ბრენდი უნდა გამხდარიყო.

გარდა ამისა, ფორსტერი ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომლის მიხედვითაც, ”იაგუარი” სპორტულ სედან XF-ს ბაზაზე, უნივერსალის წარმოებასაც აპირებს. მისი თქმით, XF იმდენად პოპულარულია, რომ მის ბაზაზე სხვადასხვა ძარიანი მოდელების წარმოება გამართლებულია. უნივერსალის გარდა, XF-ს ბაზაზე ასევე კუპეც დამზადდება.

ფორსტერი ასევე ადასტურებს, რომ ”იაგუარ ლენდ როვერი” მალე თავის ერთ-ერთ ბრიტანულ ქარხანას დახურავს. ალბიონზე დღეისათვის ამ ჯგუფის ორი ხარხანა მუშაობს - უესტ მიდლენდსისა და კესტლ ბრომვიჩის. მათ შორის არჩევანს ჯგუფის ხელმძღვანელობა მალე გააკეთებს. ფორსტერის თქმით, უმჯობესია ერთი დიდი ქარხნის შენახვა, ვიდრე ორისა, რომლებიც ნაწილობრივ იქნება დატვირთული.

სამაგიეროდ, მალე გაიხსნება ჩინური ქარხანა, რომელიც თავიდან ”ლენდ როვერის” მოდელებს - ”დეფენდერს”, ”დისქავერის” და ”ფრილენდერს” გამოუშვებს. ”ტატა მოტორსის” შეფი აცხადებს, რომ ჩინეთში ქარხნის ამოქმედება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ”ლენდ როვერს” თავისი წარმოების ალბიონის მიღმა გატანა სურს. უბრალოდ, ეს ჩინეთის ბაზარზე პოზიციების გასამყარებლად კეთდება.

”ფიატი” ხუთ საბაზო პლატფორმას დაიტოვებს

Fiat's radical platform plan

30 მაისი

ახალი ფიატ უნო

................................................

”ფიატი” თავის საწარმოო პროგრამაში პლატფორმების მკვეთრად შემცირებას გეგმავს. ამ გეგმის მიხედვით, მომავალში იტალიურ კონცერნს მხოლოდ ხუთი უნივერსალური პლატფორმა ექნება, რომლებზეც საკუთარი ავტომობილების გარდა, თავის ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდის (მათ შორის, ამერიკული კრაისლერისაც) ავტომობილებსაც დააფუძნებს.

ტურინელების განმარტებით, მაღალტექნოლოგიური, მოქნილი არქიტექტურების გამოყენებით, შესაძლებელი იქნება წარმოების დანახარჯების მნიშვნელოვნად შემცირება და ახალი მოდელების შემუშავების დროის შემცირება. ეს ნიშნავს, რომ მოდელების შეცვლა-განახლება გაცილებით სწრაფად განხორციელდება, რაც მათზე მოთხოვნას და მათს კონკურენტუნარიანობას გაზრდის.

ახალი კმპაქტური პლატფორმა

..........................................

ეს გეგმა განსაკუთრებით მომგებიანი ”კრაისლერისთვის” გახდება, რომელსაც სასწრაფოდ ესაჭიროება არსებული მოდელების განახლება და თავისი გამის ახალი ავტომობილებით შევსება. ამას კი ამერიკელები გაცილებით ნაკლები დანახარჯით გააკეთებენ, რაც მათი მდგომარეობის მოკლე ხანში გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

”ფიატმა” გამოაქვეყნა მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, 2006 წელს კომპანიამ 32 მოდელი 19 პლატფორმაზე (არქიტექტურაზე) აწარმოა. წელს მოდელების რაოდენობა 38-მდე გაიზრდება და მათთვის მხოლოდ 11 პლატფორმას გამოიყენებენ, სამი წლის შემდეგ კი მოდელების რაოდენობა იგივე დარჩება, პლატფორმების რიცხვი კი ხუთამდე შემცირდება. ”ფიატი” იმედოვნებს, რომ ამ რეფორმის შედეგად, მის ჯგუფში შემავალი ყველა ბრენდის წარმოების ჯამური მოცულობა ოთხჯერ გაიზრდება.

ხუთი ახალი პლატფორმიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი და მასობრივი სამი გახდება. ესენია მინი, მცირე და კომპაქტური პლატფორმები. მათზე იტალიური საავტომობილო ჯგუფის მიერ წარმოებული ავტომობილების დაახლოებით 70 პროცენტი მოვა. ამ პლატფორმებზე ააგებენ არამარტო იტალიური ბრენდების (ფიატი, ალფა რომეო და ლანჩა), არამედ ”კრაისლერის” ავტომობილებსაც.

მინი გლობალური მოდულური არქიტექტურა

ეს ”ფიატის” საწარმოო პროგრამაში ყველაზე მცირე ზომის პლატფორმაა და მას ტურინელებისთვის ყველაზე დიდი მოგება მოაქვს. მასზეა დაფუძნებულია ტურინელთა ორი ბესტსელერი - ”ჩინკვეჩენტო” და ”პანდა”. წარმოების ჯამური მოცულობა 500 ათასს აღწევს. ამასთან, ამავე პლატფორმას ”ფორდი” თავის მოდელ ”კა-სთვის” იყენებს, რასაც ”ფიატისთვის” დამატებითი მოგება მოაქვს.

მალე ამავე პლატფორმაზე და ”ფიატ 500-ის” ბაზაზე, ავტომობილების წარმოებას ”კრაისლერიც” დაიწყებს. ჯგუფის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ამ პლატფორმაზე წარმოებული ავტომობილების რაოდენობა 2012 წელს 900 000-ს მიაღწევს, კიდევ ორი წლის შემდეგ კი 1.2 მილიონამდე გაიზრდება. აქედან ”კრაისლერზე” 200 ათასი ავტომობილი მოვა.

მცირე გლობალური მოდულური პლატფორმა

ამ არქიტექტურას ”ფიატი” კიდევ ერთი ბესტსელერისთვის - ”პანდასთვის” იყენებს. ახლო მომავალში, პლატფორმას მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია ჩაუტარდება, რათა მან აშშ-ში ქრეშ-ტესტების გავლა შეძლოს და იქაური მკაცრი მოთხოვნები დააკმაყოფილოს. ამასთან, ეს პლატფორმა მოქნილიც იქნება და მასზე იმ ავტომობილებსაც ააგებენ, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში გაიყიდება. ასეთი ავტომობილია, მაგალითად ახალი ”უნო”, რომლის პრეზენტაციაც ბრაზილიაში ახლახანს ჩატარდა.

წელს მცირე პლატფორმაზე სულ 500 000 ავტომობილს გამოუშვებენ, ორ წელიწადში, მათი რაოდენობა 800 000-მდე გაიზრდება, კიდევ ორი წლის შემდეგ კი 1.1 მილიონს მიაღწევს. აქედან დაახლოებით 150 000 ცალს ”კრაისლერის”, ან მის ჯგუფში შემავალი ”დოჯის” მარკით გამოუშვებენ.

კომპაქტური გლობალური მოდულური არქიტექტურა

ეს პლატფორმა უკვე შემუშავებულია და პირველი ავტომობილი, რომელზეც ის გამოიყენეს, უახლესი ”ალფა ჯულიეტაა”. ”ფიატის” შეფასებით, კომპაქტური პლატფორმა კონცერნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ის იმ პლატფორმას შეცვლის, რომელზეც ამჟამად ”ფიატ ბრავოს”, ”ლანჩა დელტას” და ”ალფა 156-ის” ბაზაზე შექმნილ ”ალფა 147-ს” და ”ალფა GT0-ს” უშვებენ. ამავე პლატფორმას ”ალფა რომეოს” მოდელების - 159-ის, ”ბრერას” და ”სპაიდერის” წარმოებაშიც გამოიყენებენ.

ახალი კომპაქტური პლატფორმა ”ბრავოს” პლატფორმაზე გაცილებით უკეთესი, 147-საზე გაცილებით უსაფრთხო, ”კრაისლერის” ახლანდელ პლატფორმებზე გაცილებით მსუბუქი იქნება. ამასთან, იმის გამო, რომ ბევრ მოდელზე გამოიყენებენ, ის უფრო იაფიც ეღირება, რაც საბოლოო პროდუქტებსაც გააიაფებს და კონკურენტუნარიანს გახდის. ამ პლატფორმაზე ”ფიატი” 2014 წელს 1.4 მილიონი ავტომობილის წარმოებას აპირებს.

სხვათა შორის, ეს პლატფორმა ორი ძირითადი ზომისა იქნება. მას წამყვანი წინა ბორბლები ექნება, თუმცა ადვილად ”აითვისებს” სრულამძრავიან ტრანსმისიასაც.