Sunday, January 30, 2011

”მერსედეს ბენცმა” F-სელის მსოფლიო გარბენი დაიწყო

Mercedes-Benz F-CELL World Drive Begins

30 იანვარი

29 იანვარს 125 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც კარლ ბენცმა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ავტომობილი დააპატენტა. რა ტქმა უნდა, ამ მოვლენას ”მერსედეს ბენცი” სათანადოდ აღნიშნავს და ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც 125 დღეს გასტანს და მსოფლიოს ბევრ ქვეყანას მოივლის, სამქიმიანებმა სწორედ 29 იანვარს წამოიწყეს.

გარბენში შტუტგარტული კომპანიის ჰეჩბეკ B-კლასის ბაზაზე შექმნილი, ფიჭური ელემენტებით აღჭურვილი ელექტრომობილები (მერსედეს ბენც F-სელ) მონაწილეობს. ღონისძიების მიზანი ორია. ჯერ ერთი, ამით ”მერსედესი” ღირსშესანიშნავ მოვლენას აღნიშნავს და მასთან უამრავ ადამიანს აზიარებს. მეორეც, სამქიმიანები საქმესაც არ ავიწყებენ და ასე ორიგინალურად, თავიანთი ახალი ტექნოლოგიების დემონსტრირებას ახდენენ.

გარბენის სტარტი საზეიმო ვითარებაში ჩატარდა და მას არაერთი საპატიო სტუმარი ჰყავდა. გარბენის მონაწილეებს სიტყვით ”დაიმლერის” თავმჯდომარე დიტერ ცეტშემ მიმართა, სასტარტო გასროლის პატივი კი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს ერგო.

”125 წელი გავიდა ავტომობილის გამოგონებიდან და ამ თარიღისთვის ჩვენ მოვამზადეთ ტექნოლოგია,რომელიც თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ავტომობილის ახლიდან გამოგონება. ეს გარბენი კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ინოვაციების დანერგვის მხრივ, ჩვენ ენთუზიაზმი არ დაგვიკარგავს და მინიმუმ კიდევ 125 წელი გავაგრძელებთ ამ საქმეში მოწინავეობას”, - განაცხადა ცეტშემ.

გარბენში სულ სამი ავტომობილი მონაწილეობს, რომლებიც 14 ქვეყანას, ყველანაირ კლიმატურ ზონას გაივლიან და რაც მთავარია, ერთხელაც არ გაჩერდებიან (ამას როგორ მოახერხებენ, ძნელი წარმოსადგენია). და, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ამ გარბენის დროს, ეკონომიურობის არაერთი რეკორდი გაუმჯობესდება.

”მერსედეს ბენც F-სელი” საწვავად წყალბადს იყენებს. წყალბადის მეშვეობით, სპეციალურ ფიჭურ ელემენტებში, ელექტროენერგია გამომუშავდება, რომლითაც ელექტროძრავი მარაგდება. ძრავის სიმძლავრე 136 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 290 ნიუტონმეტრი. ფიჭური ელემენტების ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა ერთი სრული გაწყობით, 400 კილომეტრი გაიაროს.
დეროიტის ავტო შოუს დასწრება გაიზარდა
Visitor Attendance to 2011 Detroit Auto Show Grew 3%
30 იანვარიდეროიტის წლევანდელი ავტო შოუ ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, რომლებისთვისაც ამ ქალაქის საგამოფენო კომპლექს ”კობო სენტერს” ბოლო წლებში უმასპინძლია. გამოფენაზე პრაქტიკულად ყველა დიდი ავტომწარმოებელი იყო წარმოდგენილი, რომლებსაც ამერიკის ბაზარზე ინტერესი აქვთ. ამასთან, შოუს შარშანდელზე მეტი დამთვალიერებელიც ჰყავდა.
სულ დეროიტის წლევანდელი ავტო შოუ 735 370-მა ადამიანმა მოინახულა, რაც შარშანდელი შოუს დამსწრეთა რაოდენობაზე დაახლოებით 3 პროცენტით მეტია. უფრო ზუსტად, შარშან გამოფენას 714 137 ადამიანი დაესწრო. რეკორდი დამყარდა ერთ დღეს დამსწრეთა რაოდენობის მხრივ - გახსნის დღეს, ”კობო სენტერში” შოუს დათვალიერება 75 327-მა ადამიანმა ინება. ცნობისათვის, ამ მხრივ, ძველი რეკორდული მაჩვენებელი 1993 წელს დაფიქსირდა, როცა გახსნის დღეს, გამოფენას 74 900 ადამიანი დაესწრო.
”წინა წლებში მიცემული პირობა შევასრულეთ. მართლაც ძალიან საინტერესო გამოფენა გამოგვივიდა, რაც ექსპონატების სიმრავლემ და მრავალფეროვნებამ განაპირობა. ჩვენ წარმატებით გადავლახეთ ყველანაირი კრიზისი, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი და მსოფლიო ეკონომიკები აღმავლობის გზაზეა”, - განაცხადა შოუს თავმჯდომარე ბარონ მიდიმ.
გამოფენას 60 ქვეყნის 5 000-მდე ჟურნალისტი აშუქებდა, რომლებიც ძირითადად გამოფენის პირველ სამ დღეს - პრესის დღეებს დაესწრნენ და რეპორტაჟებიც სწორედ მაშინ მოამზადეს. მწარმოებლებმა სულ 55 ახალი პროდუქტი წარმოადგინეს, მათ შორის, ”ფორდმა” თავისი ელექტრონული ”ფოკუსი”, ”პორშემ” კი ჰიბრიდული სპორტქარი. სხვათა შორის, გერმანული კომპანია დეტროიტში ოთხწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.
დაკიდევ, ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული გამოთვლების შესაბამისად, შტატ მიჩიგანის სამხრეთ ამოსავლეთ ნაწილის ბიუჯეტმა გამოფენის წყალობით, 350 მილიონზე მეტი დოლარი მიიღო. ამ თანხაში, გამოფენაზე შესასვლელი ბილეთების გარდა, სასტუმროსა და გამოფენის პერიოდში, ქალაქში ცხოვრებაზე გაწეული ხარჯიც იგულისხმება.