Saturday, June 20, 2009

ფეტელი პოულს ზეიმობს
ადრიან ზუტილის დამტვრეული ”ფორს ინდია”
ფეტელმა ამ სეზონში მესამე, კარიერაში კი მეოთხე პოული აიღო
........................................................................

ფეტელის მესამე პოული

Formula 1

20 ივნისი

ბრიტანეთის დიდი პრიზი. კვალიფიკაცია

პილოტი და გუნდი 1 სესია 2 სესია 3 სესია

დრო დრო დრო

1. სებასტიან ფეტელი (რედ ბულ-რენო) 1:18.685 1:18.119 1:19.509

2. რუბენს ბარიკელო (ბრაუნ-მერსედესი) 1:19.3251:18.335 1:19.856

3. მარკ უებერი (რედ ბულ-რენო) 1:18.674 1:18.209 1:19.868

4. იარნო ტრული (ტოიოტა) 1:18.886 1:18.240 1:20.091

5. კაზუკი ნაკაძიმა (უილიამს-ტოიოტა) 1:18.530 1:18.575 1:20.216

6. ჯენსონ ბატონი (ბრაუნ-მერსდესი) 1:18.957 1:18.663 1:20.289

7. ნიკო როსბერგი (უილიამს-ტოიოტა) 1:19.228 1:18.591 1:20.361

8. ტიმო გლოკი (ტოიოტა) 1:19.198 1:18.791 1:20.490

9. კიმი რაიკონენი (ფერარი) 1:19.010 1:18.566 1:20.715

10. ფერნანდო ალონსო (რენო) 1:19.167 1:18.761 1:20.741

11. ფელიპე მასა (ფერარი) 1:19.148 1:18.927

12. რობერტ კუბიცა (BMW-ზაუბერი) 1:19.730 1:19.308

13. ჰეიკი კოვალაინენი (მაკლარენ-მერსედესი) 1:19.732 1:19.353

14. ნელსინიუ პიკე (რენო) 1:19.555 1:19.392

15. ნიკ ჰაიდფელდი (BMW-ზაუბერი) 1:19.559 1:19.448

16. ჯანკარლო ფიზიკელა (ფორს ინდია-მერსედესი) 1:19.802

17. სებასტიან ბურდე (ტორო როსო-ფერარი) 1:19.898

18. ადრიან ზუტილი (ფორს ინდია-მერსედესი) 1:19.909

19. ლუის ჰამილტონი (მაკლარენ-მერსედესი) 1:19.917

20. სებასტიან ბუემი (ტორო როსო-ფერარი) 1:20.236

მოსლი ფორმულა 1-ის დანაწევრებას გამორიცხავს

Formula 1

20 ივნისი

სილვერსტოუნზე დიდი რბოლის დღეებია, სახელოვანი ავტოდრომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს სამეფო საჰაერო ძალების ბაზა იყო და რომელმაც 1950 წელს ფორმულა 1-ის პირველი ჩემპიონატის პირველ ეტაპს უმასპინძლა, უკანაკნელად (ბერნი ეკლსტოუნის მიერ გამოტანილი განაჩენით) მიიღებს დიდი პრიზების ქარავანს.

მაგრამ ამის მიუხედავად, პადოკში სალაპარაკო მთავარი თემა სილვერსტოუნის ბედი კი არა, არამედ მთლიანად ფორმულა 1-ის მომავალია. გუნდები ალტერნატიული ჩემპიონატის ორგანიზებით იმუქრებიან, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA) და მისი პრეზიდენტი მაქს მოსლი (სურათზე) კი ყურებს არ იბერტყავენ და დარწმუნებით აცხადებენ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაფრი მოგვარდება.

ისე, მოსლის ვერც გაამტყუნებ, მას და მის მეგობარ ეკლსტოუნს, ვინც ფორმულა ერთის კომერციულ უფლებებს განაგებს, მსგავსი კულუარული ბრძოლების უზარმაზარი გამოცდილება აქვთ და თითქმის ყოველთვის აღწევენ სასურველ მიზანს.

გუშინ, დღის დასაწყისში, მოსლის სახეზევე ეტყობოდა დაძაბულობა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, ხასიათი გამოუკეთდა და ჟურნალისტებზეც ”მოუბრუნდა გული”. ყოველივეს კი თავისი მიზეზები აქვს: დღის დასაწყისში, ბევრი ლაპარაკობდა მოსლის გადადგომის აუცილებლობაზე, მაგრამ ბერნისთან ერთსაათიანი ბაასის შემდეგ, მან პირდაპირ განაცხადა, რომ გადადგომაზე არც ფიქრობს. უფრო მეტიც, ფორმულა ერთი ორ ბანაკად არავითარ შემთხვევაში არ გაიყოფაო - დაამშვიდა ჟურნალისტები.

”ასეთი დაძაბული ურთიერთობები ყოველთვის ორმხრივი კომპრომისით მთავრდება ხოლმე. ამჯერადაც ასე იქნება, რადგან ისინი თავს იმის უფლებას ვერ მისცემენ, რომ ფორმულა ერთზე უარი თქვან. არც ჩვენ შეგვიძლია ჩემპიონატის მათ გარეშე ჩატარება”, - ბიბისის ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა მოსლიმ და დასძინა, რომ უახლოეს მომავალში, ფორმულა ერთს ნებისმიერ შემთხვევაში დატოვებს რომელიმე ავტოკომპანიის საქარხნო გუნდი, ამის მიზეზი კი ფინანსური კრიზისი იქნება.

”წასულ გუნდებს ახლები შეავსებენ, მაგრამ ტრადიციული გუნდები, მათ შორის ”ფერარიც”, აუცილებლად უნდა დარჩნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი არსად წავლენ. ყველაფერი მოგვარდება”, - მოსლის ასეთი ოპტიმიზმის მიუხედავად, გუშინ FIA-მ ”ფერარის” წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რითაც იტალიურ საჯინიბოს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებს.

”ზოგიერთივით, მე ამ სიტუაციაში ზედმეტად სულაც არ ვნერვიულობ, ღამეებს არ ვათენებ. გარწმუნებთ, გარკვეული დროით ეს თამაში და პოზიორობა გაგრძელდება, მაგრამ მომავალი ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ყველაფერი სპორტის სასარგებლოდ მოგვარდება. პირველ ეტაპზე ყველას სასტარტო რიგში იხილავთ. მსგავსი სიტუაცია 1981 წელსაც შეიქმნა. მაშინ მე და ბერნიმ ახალი სერია შევქმენით, მოტორსპორტის მსოფლიო ფედერაცია ჩამოვაყალიბეთ, კალენდარი შევადგინეთ და ფედერაციის განცხადებით, პირატული რბოლაც ჩავატარეთ. მაგრამ საბოლოოდ, ფედერაციასთან პრობლემა მაინც მოგვარდა და ყველა მსოფლიო ჩემპიონატს დაუბრუნდა. ჩვენ გაცილებით შორს წასვლა შევძელით, თუმცა საბოლოოდ მაინც ფ1-ში დარჩენა გადავწყვიტეთ”, - ამბობს მოსლი, ვისაც პრეზიდენტობის ვადა წელს გასდის, თუმცა პოსტზე თავისი კანდიდატურის წამოყენებას მაინც აპირებს და სჯერა, რომ კვლავ პრეზიდენტი გახდება.

”პრობლემა ჩემში არაა. ნებისმიერს, ვინც ამ ადგილზე მოვა, იგივე პრობლემები დახვდება. უბრალოდ, მათ (გუნდებს გულისხმობს) ყველაფრის თავის ხელში აღება სურთ. თუ ეს შეძლეს, შემდეგ ბერნის მიადგებიან და მის უფლბებსაც დაეპატრონებიან. მათ ფედერაციასთან აქვთ საქმე და არა რომელიმე პიროვნებასთან. მაგრამ ისინი მიზან ვერ მიაღწევენ”, - ირწმუნება მოსლი.

ჰო მართლა, მომავალი სეზონის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების სიის გამოქვეყნება მოსლიმ გაურკვეველი ვადით გადადო...


სწრაფი ფუფუნება

Fornasari

20 ივნისი

ასეთი დევიზი ამოძრავებს პატარა იტალიურ კომპანია ”ფორნაზარის”, რომელიც შეკვეთებით სპორტულ, მათ შორის, უგზოობის ავტომობილებს აწარმოებს. მისი კიდევ ერთი დევიზი შემკვეთის ნებისმიერი სურვილის ასრულებაა. ”ფორნაზარის” ავტომობილები ყოველთვის გამოირჩევა მდიდრული ინტერიერითა და სპორტული ნირით, არცთუ ისე იშვიათად კი კომპანია რალი რეიდებისთვისაც ამზადებს სარბოლ ტექნიკას, რომელსაც უმძიმეს პირობებში უწევს გამოცდების ჩაბარება.

”ფორნაზარის” მორიგი ნამუშევარიც კომპანიის დევიზს მიჰყვება - ის სწრაფიცაა, უგზოობაშიც შეუძლია გადაადგილება და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავის მგზავრებს კომფორტითაც უზრუნველყოფს. ავტომობილს ”რეისინგ ბაგი” ჰქვია. სახელიდანაც ჩანს - მანქანა სარბოლი ბაგის (RR600) შასიზეა აწყობილი, რომელზეც მთლიანობაში 450 მეტრი, სხვადასხვა განივკვეთის მქონე ფოლადის მილია გამოყენებული და რომელიც 150 კილოგრამს იწონის. მის მოძრაობას ”შევროლე კორვეტისეული” 7-ლიტრიანი V8 უზრუნველყოფს, რომელიც 610 ცხენის ძალასა და 748 ნიუტონმეტრს იძლევა. მაბრუნი მომენტის 60%-ს სრულამძრავიანი ტრანსმისია უკანა ბორბლებს აწვდის.

”რეისინგ ბაგის” შემხედვარე, ბედუინი თავის აქლემს ამ მონსტრში ნამდვილად გაცვლიდა. მითუმეტეს, თუ გაიგებდა, რომ სანაცვლოდ მიღებული ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 3.8 წამში იღებს. ამ მაჩვენებლით, ”ფორნაზარის” ბაგი ტოლს არ უდებს ”შევროლე კორვეტს”. არადა, მას უგზოობისთვის შესაფერისი საკიდარი და ფოლადის მილებისგან შეკრული, საკმაოდ მძიმე შასი აქვს.

ავტომობილი ზორბა გაბარიტებითაც გამოირჩევა. მისი სიგრძე 5.20, სიგანე 2.15, სიმაღლე კი 1.85 მეტრია და 1 600 კილოგრამს იწონის. სალონი ხუთ ადამიანზეა (მძღოლიანად) გათვლილი და მდიდრულადაა გაწყობილი.

”ფორნაზარი” აცხადებს, რომ ”რეისინგ ბაგის” მხოლოდ შეკვეთებით დაამზადებს. ავტომობილის საბაზო ღირებულება 80 000 ევროა. თუმცა, ფასი შეიძლება საგრძნობლად გაიზარდოს. გააჩნია, რას შეუკვეთავს მყიდველი. როდის დაიწყება ამ მონსტრის წარმოება და რამდენის დამზადებას აპირებს, ამის თაობაზე ”ფორნაზარი” ჯერჯერობით სდუმს და გვპირდება, რომ უფრო დაწვრილებით ინფორმაციას მალე, ოფიციალურ პრეზენტაციაზე გამოაქვეყნებს.