Thursday, July 2, 2009

”ფორდი” ”ფოკუსს” მხოლოდ გერმანიაში გამოუშვებს

Ford Focus

2 ივლისი

ამერიკულმა კომპანია ”ფორდმა” გამოაცხადა, რომ თავის პოპულარულ ჰეჩბეკ ”ფოკუსის” ევროპულ ვერსიას მხოლოდ გერმანიაში, ზაარლუისის ქარხანაში გამოუშვებს. ეს კი მერმის, მას შემდეგ მოხდება, რაც ბაზარზე მომდევნო თაობის ”ფოკუსი” გამოჩნდება. პარალელურად, კომპანიის ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანა, მხოლოდ ”C-მაქსზე” დასპეციალდება და მას ევროპისა და სხვა ბაზრებისთვის გამოუშვებს.

”მარტში ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ შემდეგი თაობის ”ფოკუსისთვის” ზაარლუისის ქარხანა შევარჩიეთ. ამასთან, ამავე პლატფორმაზე შექმნილი სხვა მოდელებისთვის კიდევ ერთი ქარხანა გვჭირდებოდა. მარტიდან მოყოლებული, ამ საკითხზე ვმუშაობდით და საბოლოო არჩევანი ვალენსიაზე შეჩერდა, რომელიც ”C-მაქსით” მთელ ევროპას და მეზობელი რეგიონების ბაზრებს მოამარაგებს”, - ამბობს ”ფორდ ევროპის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და მთავარი აღმასრულებელი ჯონ ფლემინგი.

რაც შეეხება ”ფოკუსის” ელექტრონულ ვერსიას, მას კომპანია კანადურ ”მაგნა ინტერნეიშნლთან” (რომელიც პარალელურად, ”ოპელის” შესყიდვას ცდილობს) ერთად შეიმუშავებს და მიჩიგანის ქარხანაში გამოუშვებს. ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკით და პლაგ-ინ სისტემით აღიჭურვება, რომელსაც ენერგიის 110 და 220-ვოლტიანი წყაროდან შევსების უნარი ექნება.

რა ბედი ეწევა ”ფორდის” რუსულ ქარხანას, რომელიც ”ფოკუსის” გარდა, მცირე რაოდენობით სხვა მოდელებსაც აწარმოებს, ჯერჯერობით უცნობია. ცნობისათვის, ამერიკულმა კომპანიამ ეს ქარხანა ორი თვით გააჩერა.

ჰიბრიდული აგრეგატი ”პორშე პანამერასთვის”

Porsche Panamera hybrid

2 ივლისი

გასული თვეების განმავლობაში, ”პორშეს” უახლეს ავტომობილზე, ოთხკარიან კუპე ”პანამერაზე” უამრავი სტატია დაიწერა. ამ ამბის კულმინაცია შანჰაის ერთ-ერთი ცათამბჯენის 94-ე სართულზე ჩატარებული მსოფლიო პრემიერა და წარმოების დაწყება იყო. თუმცა, გერმანული კომპანიისთვის ამ ისტორიული ავტომიბილის გაყიდვები ჯერაც არ დაწყებულა.

დღეს კი ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე ”პორშე” ”პანამერას” ჰიბრიდული და ეკონომიური V6 ძრავებით აღჭურვილი ვერსიების წარმოებასაც დაიწყებს. სააგენტო ”ესოშიეიტიდ პრესთან” საუბრისას, ”პორშეს” დირექტორთა საბჭოს წევრმა მიხაელ მახტმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მერმის უგზოობის ”კაიენის” ჰიბრიდული ვერსიის წარმოებას დაიწყებს, რის შემდეგაც ანალოგიური აგრეგატით აღჭურვილი ”პანამერას” ჯერიც დადგება.

”კაიენზე” კი ცუფენჰაუზენელები (ქალაქ შტუტგარტის გარეუბანია) ”აუდის” ჰიბრიდულ აგრეგატს გამოიყენებენ, რომელშიც ელექტროძრავთან 3.0-ლიტრიანი V6-ია შეწყვილებული. სავარაუდოდ, ისინი ”პანამერაზეც” ამავე სისტემას გამოიყენებენ.

ამასთან, ამ ეტაპზევე ცნობილია, რომ ”პანამერა” არ აღჭურვება იმ ექვსცილინდრიანი ძრავით, რომელსაც ცილინდრები ერთ რიგში აქვს განლაგებული. ”პორშეს” კვლევის და განვითარების შტოს ხელმძღვანელ ვოლფგანგ დურჰაიმერის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ეს აგრეგატი, თავისი გაბარიტების გამო, ”პანამერას” კაპოტქვეშა სივრცეში ვერ ჩაეტევა.

V6 ძრავით აღჭურვილი ”პანამერას” ფასი კი, ამ მოდელის ვერსიებს შორის ყველაზე დაბალი იქნება. ცნობისათვის, ამ ეტაპზე, ყველაზე იაფია ”პანამერა S”, რომლის საბაზო ღირებულებაც 90 000 დოლარია.

”ბეემვე” მე-3 სერიის GT-საც გამოუშვებს

BMW 3-series GT

2 ივლისი

ერთი თვე არ გასულა მას შემდეგ, რაც ”ბეემვემ” თავისი სრულიად ახალი ავტომობილი - მე-5 სერიის GT გაგვაცნო, რომელიც შემდეგი თაობის მე-5 სერიის სედანის პლატფორმაზეა ბაზირებული. ორივე ეს ავტომობილი ბაზარზე მერმის გამოჩნდება, მაგრამ უკვე ახლა, მე-5 სერიის GT იმდენად პოპულარულია, რომ ბავარიელებმა მისი მომცრო ვერსიის წარმოებაც გადაწყვიტეს, რომლის ბაზისადაც მე-3 სერიის სედანის პლატფორმას გამოიყენებენ.

გარეგნულად ორივე კლასის GT ერთმანეთის მსგავსი იქნება. მათ ძირითადად გაბარიტები და უკანა ნაწილი განასხვავებს. ბავარიული კომპანიის ბლოგ-გვერდზე გავრცელებული ფოტოს (სურათზე) მიხედვით, მე-3 სერიის GT უკნიდან ”ოპელის” ახალ ”ასტრას” ჰგავს, რომლის მსოფლიო პრემიერაც ფრანკფურტის ავტო შოუზე იგეგმება. მთლიანობაში კი ავტომობილი ”ბეემვეს” ახალ კორპორატიულ სტილში შესრულდება.

მოსალოდნელია, რომ მისი მეხუთე, უკანა კარიც მე-5 სერიის GT-ს ანალოგიური ნაწილის მსგავსი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ავტომობილის უკანა კარი ორ საფეხურად იხსნება. თუ მასში მცირე ზომის ბარგს დებთ, კარის მხოლოდ ქვედა ნაწილის გახსნაც საკმარისია. მაგრამ თუ ტვირთი მოზრდილია, მაშინ კარის ზედა სეგმენტის გახსნაც შესაძლებელია.

მე-3 სერიის GT ორი ტიპის - სრულამძრავიანი და უკანა წამყვან ბორბლიანი ტრანსმისიებით აღიჭურვება, მამოძრავებელ ძალას კი ის ოთხ და ექვსცილინდრიანი ძრავებისგან მიიღებს.

”ბეემვეს” სამოდელო გამაში, მე-3 სერიის GT ამავე სერიის სედანსა და X3-ს შორის დაიკავებს ადგილს, ბაზარზე კი მისი მთავარი კონკურენტები ”აუდის” უნივერსალი A4 ავანტი და უგზოობის Q3 იქნებიან.

უბრალოდ, სხვანაირი ”ჰამერი”

2 ივლისი





ალბათ სადაო არ უნდა იყოს ის, რომ ”ჰამერის” ავტომობილები დიდი სილამაზით არასდროს გამოირჩევიან. განსაკუთრებით ეს სამხედრო ”ჰამვის” ეხება და ამაში გასაკვირი არაფერია - ის კონკრეტული, სამხედრო დანიშნულების ავტომობილია და მის ღირსებებში სხვა თვისებები შედის, ვიდრე ესთეტიკაა. და მაინც, ბევრია ისეთიც, რომელსაც ამ მონსტრის გარეგნობაში სიძლიერის, უხეშობის ვიზუალური გამოხატულება მოსწონს.

მაგრამ ძნელად წარმოსადგენია თუნდაც ძალიან უცნაური გემოვნების მქონე ადამიანი, რომელსაც ამ ათლეტის შერბილებული ფორმები, ნაზი და იმავდროულად, ყოველგვარ ელეგანტურობას მოკლებული ფორმები მოეწონება. ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ თურმე, ასეთებიც არსებობენ (სამყარო ხომ მრავალფეროვანია).

ამის დასტური ამ დღეებში საინტერნეტო აუქციონ eBay-ზე გამოჩნდა. უცნობმა ენთუზიასტმა საბაზო ავტომობილად ”ჰამერ H1” აირჩია და წითელი სიმახინჯე შექმნა, რომელსაც ცხვირი სამხედრო და სპეცტექნიკის მწარმოებელი გერმანული კომპანია ”უნიმოგის” წინა ნაწილს მიამსგავსა. დანარჩენი კი თითქმის ყველაფერი ხელუხლებლად დატოვა.

რაც შეეხება სალონს, აქ ცვლილებები უფრო რადიკალურია. ხელსაწყო-მაჩვენებლების დაფა სირაქლემას ტყავითაა გაწყობილი. ცენტრალურ დაფაზე და მის ზევით, ძირითადად საქარე მინის ტიხარზე, რამდენიმე მონიტორია ”ასხმული”. გადაცემათა კოლოფის საფეხურების შესაცვლელ ბერკეტზე კი გამოშიგნული და მოქრომილი ხელყუმბარაა წამოცმული.

ჰო, მართლა, ავტომობილს სახელი არ აქვს (ყოველ შემთხვევაში, აუქციონზე სახელის გარეშეა რეგისტრირებული), მაგრამ რამდენადაც მისი კაპოტის თავზე ბულდოგის მოქრომილი სტატუეტი წამოსკუპებულა, პირობითად მას შეიძლება ”ბულდოგი” ვუწოდოთ.

და რა ღირს უცნობი ტუნერის ქმნილება? მისი შემქმნელი ირწმუნება, რომ ავტომობილის შეძენის ჩათვლით, მისი ტუნინგი 180 000 დოლარი დაუჯდა. მაგრამ აუქციონზე მხოლოდ 89 000 აქვს მოთხოვნილი...

”ჯენერალ მოტორსის” რეკორდული გაყიდვები ჩინეთში

2 ივლისი

იმ დროს, როდესაც ”ჯენერალ მოტორსის” ბედი აშშ-ის გაკოტრების საქმეთა სასამართლოსთვისაა მინდობილი, ამერიკული კომპანია ჩინეთის ბაზარზე გაყიდვების რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. რიცხვების ენაზე, ”გენერლებმა” და მათმა ერთობლივმა საწარმოებმა ცისქვეშეთში ამ წლის პირველ ექვს თვეში უკვე 814 442 ავტომობილის გაყიდვა მოასწრეს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის ასევე რეკორდულ მაჩვენებელზე 38 პროცენტით მეტია.

”ჩინეთის საავტომობილო ბაზარი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ზრდა გამოწვეულია როგორც მთავრობის მიერ გატარებული სტიმულირების ღონისძიებებით, ასევე პროვინციულ საშუალო ზომის ქალაქებში პირად ტრანსპორტზე მზარდი მოთხოვნით”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორსის” ჩინური შტოს პრეზიდენტი კევინ უეილი.

ამერიკული კომპანიის ჩინური მედროშე ისევ მარკა ”ბიუიკია”, რომლის გაყიდვებიც 34 პროცენტითაა გაზრდილი. ამ მარკის მოდელებიდან კი ჩინელებში ყველაზე მეტი პოპულარობით ქვესაშუალო კლასის სედანი ”ექსსელი” (სურათზე) ლიდერობს (115 877 გაყიდული ავტო). ასევე იზრდება საშუალო ზომის სედან ”რეგალის” პოპულარობა. გასულ ექვს თვეში სულ 35 729 ცალი ”რეგალი” გაიყიდა. მალე დაიწყება კიდევ ერთი საშუალო კლასის (ოღონდ პრემიუმ) სედანის - ”ლაქროსის” გაყიდვები, რომელსაც ჩინეთში მოუთმენლად ელიან. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ავტომობილი, ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილად არჩეული ”ოპელ ინსინიას” ბაზაზეა დამზადებული.

უეილი დარწმუნებულია, რომ ”ლაქროსის”, ჰიბრიდული ”კადილაკ ესკალადისა” და ”რეგალის” ახალი ვერსიების წყალობით, ”ჯენერალ მოტორსის” გაყიდვების ტემპი არათუ შენარჩუნდება, არამედ გაიზრდება კიდეც.

გაყიდვების ყველაზე მაღალი (49.9-პროცენტიანი) ტემპით ”ჯენერალ მოტორსის”, ”შანჰაი ოტომოტივისა” (SAIC) და კიდევ ერთი ჩინური კომპანიის - ”ვულინის” ერთობლივი საწარმო გამოირჩევა. ამ საწარმოს გაყიდვებმა 524 598 ავტომობილს მიაღწია. ცალკეულ მოდელებს შორის კი ყველაზე სწრაფად ”შევროლე სპარკის” (რომელსაც ზემოთ ნახსენები ერთობლივი საწარმო უშვებს) გაყიდვები იზრდება - პირველ ექვს თვეში 32 065 ცალი ”სპარკია” გაყიდული, რაც წინა წელთან შედარებით, 60 პროცენტით მეტია.

”მერსედეს-ბენცი” ”ტოიოტას” პლატფორმას გამოიყენებს

2 ივლისი

სულ რამდენიმე დღის წინ, საავტომობილი სამყარომ შეიტყო იმის შესახებ, რომ ”ტოიოტას” ყველაზე მცირეგაბარიტიან მოდელ iQ-ს ბაზაზე, ”ასტონ მარტინი” თავის ისტორიაში ყველაზე პატარა ავტომობილს გამოუშვებს. და აი, გუშინ გერმანულმა” გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტმა” გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისი A და B-კლასის მომდევნო თაობის მოდელებისთვის, ”მერსედეს-ბენცი” იაპონური კომპანიის პლატფორმის გამოყენებას გეგმავს.

გერმანული ჟურნალის ინფორმაციით, ლაპარაკია პლატფორმა MC-ზე, რომელსაც იაპონური კომპანია თავის სხვადასხვა კლასის მოდელების - ”ლექსუს RX-ის”, ”ლექსუს ES-ის”, ”ტოიოტა RAV4-ის”, ”ტოიოტა კოროლასა” და ”ტოიოტა ჰაილენდერის” წარმოებისას იყენებს.

მაინც, რაში სჭირდებათ ამ კომპანიებს ესოდენ მჭიდრო თანამშრომლობა, ისინი ხომ კონკურენტები არიან? მათი კოოპერაციის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ახალი მოდელების შემუშავებისას თანხების დაზოგვაა, რაც ამ მოდელების ბაზარზე გამოშვებისას, მათი ფასის კონკურენტულობაში აისახება. მეორეს მხრივ, პლატფორმის მიმწოდებელი მხარე (ტოიოტა) სრულად აითვისებს იმ საწარმოების პოტენციალს, რომელსაც ამ ეტაპზე მესამედითაც ძლივს იყენებს.

აქ ბუნებრივად იბადება კითხვა: მერედა, ”ტოიოტას” ზემოთ ჩამოთვლილი მოდელები ხომ გაბარიტებით მნიშვნელოვნად აღემატებიან შტუტგარტელების სამოდელო გამის ყველაზე პატარა მოდელებს? საქმე ისაა, რომ პლატფორმა MC უნივერსალურია და მინიმალური ხარჯებია საჭირო იმისათვის, რომ ის პატარა ავტომობილებს მიესადაგოს. აქვე ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც საკუთარი მოდელებისთვის ”ტოიოტა” მხოლოდ ოთხ პლატფორმას იყენებს.

”მერსედეს-ბენცი” კი დიდი ხანია, თავისი პატარა მოდელების წარმოებისთვის სოლიდურ პარტნიორს ეძებს. სხვათა შორის, ამ მოდელების ბაზაზე, შტუტგარტელები ისეთივე მინი ბრენდების ჩამოყალიბებას გეგმავენ, როგორიც ”ფოლკსვაგნისთვის” ”გოლფია”, ”ოპელისთვის” კი - ”ასტრა”.

რა თქმა უნდა, იაპონური კომპანიის მიერ წარმოებული პლატფორმა გერმანული ავტომობილების შიგნით ჩაიმალება. გარედან კი A და B-კლასის მოდელები ”მერსედეს-ბენცის” კორპორატიულ სტილში შესრულდებიან და გერმანული კომპანიისვე აგრეგატებით აღიჭურვებიან. სხვანაირად არც შეიძლება იყოს, თორემ ”სამქიმიანების” შედარებით ძვირ პროდუქციას ვინღა იყიდის?