Tuesday, March 2, 2010

”პორშეს” ახალი ”კაიენი” ჰიბრიდული გახდა

Porsche Cayenne

2 მარტი

მას შემდეგ, რაც ინტერნეტით ”ფოლკსვაგენის” მეორე თაობის ”ტუარეგის” შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, საავტომობილო სამყარო მოუთმენლად ელოდა ამ ავტომობილის ახლო ნათესავის, ”პორშე კაიენის” განახლებას. და აი, ჟენევის ავტო შოუზე ისიც გამოჩნდა. და თანაც ისეთი, როგორსაც ბევრი არ ელოდა - გარეგნულადაც გვარიანად გადახალისებული და რაც მთავარია, კაპოტქვეშ ჰიბრიდული აგრეგატით. ახალი კაიენი უფო კომფორტული, ახალი სისტემებით აღჭურვილი, უფრო ეფექტური, მძლავრი, სპორტული და ეკონომიური, აქედან გამომდინარე კი გარემოსადმი მეგობრულია.

პირველ რიგში, ახალი ”კაიენის” გარეგნობას შევეხოთ. წინიდან ის პირველი თაობის ”კაიენს” ასეთუისე, ჰგავს, უკნიდან კი სულ სხვაა. უპირველესად კი უნდა ითქვას, რომ ამ უგზოობის ავტომობილს ამიერიდან უფრო სპორტული იერი აქვს. ყურადღებას მისი ”რბილი” ფორმები იქცევს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ რადიატორის ახალი ბადის და კაპოტზე ამონაბორცვის წყალობით, მან აგრესიული გამომეტყველებაც მიიღო. მთავარი კი ისაა, რომ ამიერიდან, ეს მოდელი კიდევ უფრო დაუახლოვდა ”პორშეს” კორპორატიულ სტილს.

მოსალოდნელი იყო, რომ თანამედროვე ავტოინდუსტრიის ტრენდის შესაბამისად, ახალი ”კაიენი” ზომებშიც მოიკლებდა და წონაშიც. მაგრამ მთლად ასე არ მოხდა: წინამორბედთან შედარებით, ის 180 კილოგრამით მსუბუქია. არადა, ჰიბრიდული აგრეგატის გამო, უნდა დამძიმებულიყო. ავტომობილი სიგრძეში 4.8 სანტიმეტრით დაგრძელდა, ბორბლებს შორის ბაზა კი 4.0 სანტიმეტრით გაიზარდა. ეს კი იმისათვის გაკეთდა, რომ სალონში უკანა სავარძლების მგზავრებისთვის სივრცე გაზრდილიყო.

რადიკალურად შეიცვალა სალონი, რომელიც ახლა უფრო ოთხკარიან კუპე ”პანამერას” ინტერიერს მოგვაგონებს. ცენტრალური კონსოლი ძალიან ამაღლებულია, რითაც სპორტული ავტომობილის კოკპიტის შთაბეჭდილებას ქმნის. დამხმარე მოწყობილობათა მართვის ძირითადი ელემენტები სწორედ მასზეა თავმოყრილი. მთავარ პანელზე კი უზარმაზარი მონიტორი მოკალათებულა, რომელსაც მრავალი ფუნქცია ეკისრება. უკანა სავარძლები გრძივად, 160 მილიმეტრზე გადაადგილდება. სამ საფეხურად რეგულირდება მათი საზურგის დახრა.

ახლა კი მთავარზე. რა თქმა უნდა, ეს ”პორშეს” ჰიბრიდული სისტემაა. მასში გაერთიანებულია V6 კონფიგურაციის 3.0-ლიტრიანი ტურმოძრავი, რომლის სიმძლავრეც 333 ცხენის ძალას აღწევს. მასთან ერთად მუშაობს 34-კილოვატიანი (47 ცხენის ძალა) ელექტროძრავი. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 380 ცხენის ძალას, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 580 ნიუტონმეტრს შეადგენს. სხვათა შორის, ეს მომენტი უკვე 1000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა. მართალია, ავტომობილის დინამიკური მახასიათებლები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მწარმოებელი აცხადებს, რომ ახალი ”კაიენი” ამ მაჩვენებლით, თავისი წინამორბედის ყველაზე მძლავრი, S-ვერსიის დონეზეა, რომლის კაპოტის ქვეშაც V8 ძრავია განლაგებული.

შიდაწვის და ელექტრო ძრავები ერთმანეთთან დამაშორებელი ქუროთია დაკავშირებული. მისი წყალობით, ავტომობილი მბიძგველ ძალას ან მარტო შიდაწვის ძრავისგან ღებულობს, ან მარტო ელექტროძრავისგან, ან კი ორივესგან ერთდროულად. როდესაც საქმეში მხოლოდ ელექტროძრავია ჩართული და ეს ყველაზე ხელსაყრელი ქალაქში მოძრაობისასაა, ”კაიენის” მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 60 კმ/სთ-ია. რა თქმა უნდა, ამ დროს ავტომობილი უხმაუროდ მოძრაობს და მას ნულვანი გამონაბოლქვი აქვს. სამწუხაროდ, ”პორშე” ჯერჯერობით არ აზუსტებს, რამდენის გავლაა შესაძლებელი მხოლოდ ელექრტოძრავით. სხვათა შორის, ელექტროძრავს ამაჩქარებლის ფუნქციაც აქვს და ეს განსაკუთრებით საჭირო გასწრების მანევრის შესრულების დროსაა.

ძრავების დამაკავშირებელ ქუროს სხვა ბევრი ფუნქციაც აქვს. მაგალითად, წინასწარ მიცემული ბრძანების შემთხვევაში, მას შეუძლია, გათიშოს შიდაწვის ძრავი, როდესაც ავტომობილის სიჩქარე 156 კმ/სთ-ზე მეტი არაა. ეს მაშინვე მოხდება, როგორც კი მძღოლი აქსელერატორის სატერფულიდან ფეხს აიღებს. ამ დროს, მინიმალური იქნება თვითდამუხრუჭების ეფექტი, რისი წყალობითაც, ავტომობილის ეკონომიურობა მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

შიდაწვის ძრავთან დაკავშირებულია უახლესი, 8-საფეხურიანი გადაცემათა კოლოფი ტიპტრონიკ S-ი, რომელიც გადაცემის საფეხურების შეცვლის შემცირებული დროით გამოირჩევა, რითაც ასევე გაუმჯობესებულია ავტომობილის ეკონომიურობა. ამავე მიზანს ემსახურება სისტემა ”აუტო სტარტ სტოპიც”. თავისუფალი სვლის დროს კი სპეციალური სისტემა ძრავისთვის საწვავის მიწოდებას წყვეტს. ყველაფერ ამის შედეგი გასაოცარია - შერეული ციკლით მოძრაობისას, 100 კილომეტრის გასავლელად, ახალ ”კაიენს” სულ რაღაც 8.2 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, რაც წინა მოდელის ხარჯთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტით ნაკლებია.

ჰიბრიდულის გარდა, ”პორშე” თავის მყიდველს ჩვეულებრივ მოდელებსაც შესთავაზებს, რომლებიც წინამორბედებთან შედარებით, ასევე გაუმჯობესებული ეკონომიურობით გამოირჩევიან. მათგან ყველაზე სუსტი არის 3.6-ლიტრიანი V6, ყველაზე მძლავრი კი 4.8-ლიტრიანი V8, რომელსაც წყვილი ტურბოკომპრესორი ემსახურება და რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 500 ცხენის ძალას აღწევს. ამ უკანასკნელით აღჭურვილი ”კაიენის” ხარჯი 11.5 ლიტრია, რაც წინამორბედთან შედარებით, თითქმის 24 პროცენტით ნაკლებია. ბენზინის ძრავების გამაში მეოთხე აგრეგატია 4.8-ლიტრიანი ატმოსფერული V8, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალაა. ახალ ”კაიენს” ასევე მოემსახურება 4.8-ლიტრიანი V8 დიზელი, რომელიც 240 ცხენის ძალას და 550 ნიუტონმეტრ მომენტს ავითარებს, მისი მეშვეობით კი ავტომობილის ხარჯი სულ რაღაც 7.4 ლიტრია.

ევროპის ბაზარზე ”პორშე” ახალი ”კაიენის” გაყიდვას 8 მაისს დაიწყებს.