Friday, July 17, 2009

”მახ 2 რეისინგი” პაიკს პიკის დასაპყრობად ემზადება

Mach 2 Racing Ford RS200

17 ივლისი




პაიკს პიკის სამთო რბოლა ერთ-ერთი ყველაზე ურთულესი და პრესტიჟულია ამერიკის კონტინენტზე. მისი დისტანცია სულ რაღაც 20 კილომეტრია, მაგრამ სტარტიდან ფინიშამდე, პილოტებს 156 მოსახვევის გავლა უწევთ, რომელთაგან ბევრი ქარაფებს გადმოსცქერის.

მთის სიმაღლე 4 000 მეტრია, სტარტი ზღვის დონიდან თითქმის 2 900 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დისტანციის ამპლიტუდა კილომეტრზე მეტია, რაც პილოტებს საქმეს ძლიერ ურთულებს - გარდა იმისა, რომ გაუხშოებულ ჰაერში, მძიმე ფიზიკური დატვირთვისას, ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიან, რაც მათს რეაქციაზე უარყოფითად აისახება, ჟანგბადი არც ძრავებს ჰყოფნის, რომელთა სამსახურში ათას ცხენის ძალაზე მეტია.

რბოლისას, ავტომობილების საშუალო სიჩქარე 115 კმ/სთ-ს აღწევს. თითქოს, ეს ბევრი არ არის, მაგრამ ცოტათი ჩამოუვარდება იმ საშუალო სიჩქარეს, რომლითაც ფორმულა 1-ის პილოტები მონაკოს და ბუდაპეშტის ტრასებზე ავითარებენ. თანაც, რბოლა გრუნტზე ტარდება, რაც პილოტებისგან რკინის ნერვებსა და უმაღლეს ოსტატობას მოითხოვს.

პაიკს პიკის გავლის დროის რეკორდი ორი წლის წინ, ”სუზუკი XL7-ის” ეკიპაჟმა დაამყარა, რომელმაც ფინიშს 10 წუთსა და 01.408 წამში უწია. ბევრს მიაჩნია, რომ ეს ადამიანის საინჟინრო და პილოტირების შესაძლებლობათა ზღვარია და რომ ათწუთიანი ბარიერის გადალახვა შეუძლებელია.

მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბრიტანული გუნდი ”მახ 2 რეისინგი”, რომელმაც სპეციალურად პაიკს პიკის რბოლისთვის და იქაური რეკორდის მოსახსნელად, რალის ლეგენდარულ ”ფორდ RS200-ის” ბაზაზე ნავდვილი მონსტრი შექმნა. ამაში კი მას საბურავების მწარმოებელი კომპანია ”ეივონ ტაიერსი” დაეხმარა. ავტომობილი 1 150-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, ეს კი რეკორდსმენი ”სუზუკის” სიმძლავრეზე 150 ცხენის ძალით მეტია.

ძრავი ავტომობილის ბაზაშია მოთავსებული და მას კომპანია ”გარეტის” ტურბოკომპრესორი ემსახურება, რომლის მეშვეობითაც, ”მხოლოდ” 950 ცხენის ალას გამოიმუშავებს. დამატებითი 200 ცხენის ძალა საწვავად 70 ლიტრი აზოტის ოქსიდის დამატებას მოაქვს. ამ მოცულობის საავტომობილო დოპინგი ოცკილომეტრიან დისტანციაზე სრულიად ”საკმარისია”.

რეკორდის დამყარებას ხვალ ბრიტანელი რალიქროსის ჩემპიონი მარკ რენისონი ეცდება, დღეს კი ის პიკზე სავარჯიშოდ ავა. ”ეს მანქანა პირველად რომ გამოვცადე, მაშინ მას სხვა საბურავები ეყენა და ეს საშინელება იყო. მაგრამ შემდეგ ”ეივონის” სპეციალური საბურავები მივიღეთ და ამან მანქანა სრულიად შეცვალა. ერთხელ ეს საბურავები უხეშ ბეტონზე გამოვცადეთ და მათ კარგად იმუშავეს. ჰოდა, ახლაც იმედი გვაქვს, რომ პაიკს პიკზეც არ გვიმუხთლებენ და მიზნის მიღწევაში დაგვეხმარებიან”, - ამბობს რენისონი.

”ტატა ნანო” პირველ მყიდველს ჩააბარეს

Tata Nano

17 ივლისი

დღეს ინდოეთში ოფიციალურად დაწყო მსოფლიოში ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი, ”ტატა ნანოს” გაყიდვები. მისი მწარმოებელი კომპანია ”ტატა მოტორსის” პრეზიდენტმა რატან ტატამ პირველი ”ნანო” თავად მიუყვანა მუმბაის ავტოსალონს.

”ტატა ნანოს” ერთ-ერთი პირველი მყიდველი მუმბაელი მეწაღე გახდება, ვინც თურმე წლების განმავლობაში აგროვებდა მოტოციკლის შესაძენ ფულს. მაგრამ შემდეგ, როდესაც გაუგია, რომ ”ტატა” იაფფასიანი ავომობილის წარმოებას იწყებდა, თავისი არჩევანი ”ნანოზე” შეაჩერა.

კიდევ ერთი ”ნანო” შეხვდება პირველ ინდოელ ქალ ფოტორეპორტიორს, 96 წლის ჰომი ვიარავალას. კიდევ ერთი ხნიერი ინდოელი, ვინც ”ნანოს” ერთ-ერთი პირველი შეიძენს, 82 წლის ყოფილი პოლიციელია, ვინც აქამდე თურმე მოტოციკლით სარგებლობდა. ის ამბობს, რომ თავის ავტომობილს მომავალში შვილს დაუტოვებს, რომელიც ახლა მხოლოდ 12 წლისაა.

იმის გამო, რომ ამ პატარა ავტომობილის შეძენის სურვილი ასეულობით ათასმა ადამიანმა გამოთქვა, ”ტატამ” სპეციალური ლატარეა ჩაატარა, რომლის დროსაც პირველი 100 000 მყიდველი შეარჩია. დღეისათვის კომპანიას ”ნანოზე” უკვე 203 000 შეკვეთა აქვს მიღებული, მაგრამ მისი საწარმოო სიმძლავრე, ამ ეტაპზე, წლიურად მხოლოდ 50 000 ავტომობილის წარმოების საშუალებას იძლევა.

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ”ტატა მოტორსი” ”ნანოს” ფასად 2 500 დოლარს ასახელებდა, წარმოების დაწყების შემდეგ, ფასი ოდნავ გაიზარდა და დღეს ავტომობილი ინდოეთში 2 880 დოლარი (140 000 რუპია) ღირს, მისი ტოპ ვერსიის ღირებულება კი 3 800 დოლარს (185 000 რუპია) აღწევს.

ავტომობილი აღჭურვილია ორცილინდრიანი ძრავით, რომელიც მის უკანა ნაწილშია განლაგებული. მისი მუშა მოცულობა 624 კუბურ სანტიმეტრს, სიმძლავრე 35 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 48 ნიუტონმეტრს აღწევს. ”ნანოს” სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის 4-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი. ტოპ ვერსიის მყიდველი კი კონდიციონერით სარგებლობასაც შესძლებს.

ევროპაში ”ტატა ნანოს” გაყიდვები 2012 წელს დაიწყება და მისი ფასი 5 000 ევრო იქნება.

”ფოლკსვაგენ გოლფი” ევროპის ბესტსელერია

VW Golf

17 ივლისი

მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის შემდეგ, ევროპის ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი მეექვსე თაობის ”ფოლკსვაგენ გოლფია”. ბლოგ ”ქარსკუპის” მონაცემებით, ევროპელებმა ნახევარი წლის განმავლობაში უკვე 254 023 ”გოლფი” იყიდეს, რაც წინა წელთან შედარებით, 12.7 პროცენტით მეტია.

მეორე ადგილი ”ფორდ ფიესტას” უკავია, რომელმაც მარტში ”გოლფის” უკან მოტოვება კი შესძლო, მაგრამ მას შემდეგ, მცირე უპირატესობა გერმანული მოდელის მხარესაა. ექვსი თვის მონაცემებით, ევროპაში დაახლოებით 243 340 ”ფიესტაა” გაყიდული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელზე 34.2 პროცენტით მეტია.

ევროპის მესამე ყველაზე გაყიდვადი ავტომობილია ”პეჟო 207”, თუმცა მასზე მოთხოვნა შარშანდელთან შედარებით, თითქმის 20 პროცენტითაა (193 778-მდე) შემცირებული. ასევე შეუმცირდა (14.1 პროცენტით, 181 751-მდე) მყიდველი ”ოპელ კორსას”, რომელსაც გაყიდვების მაჩვენებლით მეოთხე ადგილი უკავია. შემდეგ კი ”რენო კლიო” მოდის, რომლის გაყიდვებიც 28 პროცენტით, 144 512-მდე შემცირდა. შემდგომი ადგილები უკავიათ: ”ფიატ გრანდე პუნტოს”, ”ფორდ ფოკუსს”, ”ფიატ პანდას”, ”ოპელ ასტრას” (ახალი ასტრას პრეზენტაცია ფრანკფურტში ჩატარდება) და ”პეჟო 308-ს”.

მწარმოებლების რეიტინგშიც ”ფოლკსვაგენი” ლიდერობს, რომელმაც ნახევარი წლის განმავლობაში სულ 842 787 ავტომობილი გაჰყიდა. შემდეგ მოდიან ”ფორდი” (666 548), ”ოპელი” (557 739), ”ფიატი” (542 115) და ”რენო” (520 763).

ვედეკინგს წასვლაში 100 მილიონ ევროს სთავაზობენ

Wendelin Wiedeking

17 ივლისი

გერმანულ გაზეთ ”ზუდდოიჩე ცაიტუნგის” ინფორმაციით, იმისათვის, რომ ”პორშესა” და ”ფოლკსვაგენის” გაერთიანებას ხელი არ შეუშალოს, ”პორშეს” მთავარ აღმასრულებელ ვენდელინ ვედეკინგს 100 მილიონ ევროს გადაუხდიან. გაზეთის ცნობით, ორი გერმანული კომპანიის გაერთიანების მოწინააღმდეგე ვედეკინგს გადადგომა და ესოდენ დიდი კომპენსაცია ”პორშეს” აღმასრულებელმა ვოლფგანგ პორშემ შესთავაზა.

ვედეკინგს (სურათზე) ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მისი ავანტურული წამოწყების გამო - ”პორშეს” კონტროლისთვის დაექვემდებარებინა მასზე გაცილებით დიდი ”ფოლკსვაგენი”, შტუტგარტულ კომპანიას უზარმაზარი დავალიანება, 9 მილიარდი ევრო დაუგროვდა.

ამ ვალის დიდი ნაწილის დაფარვის მიზნით, ვოლფსბურგული კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა, ვინც იმავდროულად, ”პორშეს” თანამფლობელიცაა, წამოაყენა წინადადება, რომლის მიხედვითაც, ”ფოლკსვაგენი” ”პორშეს” აქციების თითქმის 50 პროცენტს უნდა დაუფლებოდა. მაგრამ ეს შეთავაზებაც ვედეკინგმა უარყო.

პიხის შეთავაზებით, ”ფოლკსვაგენი” მზადაა, ”პორშეს” აქციების 49.9 პროცენტში 4 მილიარდი ევრო გადაიხადოს. მაგრამ შტუტგარტული კომპანიის პროფკავშირული გაერთიანების ლიდერი უვე ჰუკი ამბობს, რომ ამ პაკეტის რეალური ფასი 7-8 მილიარდი ევროა.

ვედეკინგი ”პორშეს” ხელმძღვანელი 1993 წელს გახდა, როდესაც ეს კომპანია გაკოტრების რეალური კანდიდატი იყო. ახალი ხელმძღვანელის ხელში კი სპორტული ავტმობილების მწარმოებელი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია გახდა. ვედეკინგს ”პორშესთან” კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება და როგორც ჰუკი ამბობს, ვადის გასვლამდე შეფი არსად წასვლას არ აპირებს.

”ბუგატი” ახალ ავტობილს ფრანკფურტში წარადგენს

Bugatti Bordeaux

17 ივლისი


ეს წელი მეტად მნიშვნელოვანია ”ბუგატისთვის”. ჯერ ერთი იმიტომ, რომ კომპანია დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. მეორეც, მალე თავის სამომავლო გეგმებს გამოაქვეყნებს რომელშიც სრულიად ახალი მოდელის წარმოება შედის. ”მალე” სექტემბერში, ფრანკფურტის მოტორ შოუზე იქნება. სექტემბერში კი იმიტომ, რომ ასი წლის წინ ეტორე ბუგატიმ სწორედ ამ თვეში დააარსა თავისი ლეგენდარული კომპანია. და სხვა თუ არაფერი, სწორედ ამ თვეში ტარდება ფრანკფურტის საავტომობილო რანდევუ.

ფრანკფურტამდე კი, კომპანიას, რომელიც უკვე ათ წელზე მეტია, გერმანული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფშია გაერთიანებული, თავისი ახალი ავტომობილის, ოთხკარიანი კუპეს, ან უფრო სწორედ, სუპერ სედანის, ”სუპერ-ვეირონის” ფოტო ტისერები ინტერნეტით გაუმხილეს.

ტისერი ”ფერარის” ინტერნეტ ფორუმიდან გავრცელდა, რომლის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, რომ მისმა მეგობარმა ”ბუგატისგან” ფრანკფურტის ავტო შოუზე ოფიციალური მისაწვევი მიიღო, რომელსაც ფოტო ტისერიც (სურათებზე) მოჰყვა. მართალია, ტისერზე არ ჩანს, თუ რა ავტომობილია მასზე გამოსახული, მაგრამ იმის თქმა დანამდვილებით შეიძლება, რომ ეს ”ვეირონი” არაა. და მაინც, ავტომობილის იმ ნაწილს, რომელიც ტისერზე ჩანს, ”ბუგატის” ემბლემა ამშვენებს.

გამოცემა ”ავტოექსპრესის” ინფორმაციით, ახალი ოთხადგილიანი სუპერ ავტომობილის სახელი ”ბორდოა”. ი ოთხტურბოკომპრესორიანი 8.0-ლიტრიანი W16 მონსტრით აღიჭურვება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილში განლაგდება (ვეირონს ძრავი ბაზაში აქვს). ამასთან ძრავის სიმძლავრე იმდენივე იქნება, რამდენიც ”ვეირონისაა” – 1 001 ცხენის ძალა და 1 250 ნიუტონმეტრი (ეს უკვე ბუგატის ავტომობილების საფირმო მახასიათებელი ხდება). ამგვარად, ”ბუგატი ”ბორდო” მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ოთხადგილიანი ავტომობილი გახდება.

ასი წლის იუბილესთან დაკავშირებით, ”ბუგატი” ფრანკფურტში ასევე წარადგენს ”ვეირონის” სპეციალურ ვერსია ”ბლიუ სენტენერს”, რომელიც საზოგადოებამ პირველად ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე იხილა. სხვათა შორის, ჟენევაშივეე, კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ფრანც-იოზეფ პაეფგენმა გამოცემა ”ავტო ტელეგრააფს” განუცხადა, რომ ამჟამად მუშაობა ერთდროულად რამდენიმე პროექტზე მიმდინარეობს. იქვე მან გამორიცხა ”ბუგატის” მიერ ”ვეირონზე” იაფფასიანი ავტომობილის გამოშვება.

რაც შეეხება ”სუპერ-ვეირონის” შესახებ მოარულ ხმებს, პაეფგენმა თქვა, რომ თუ მსოფლიოში ვინმე ”ვეირონზე” უკეთეს ავტომობილს დაამზადებს, მაშინ ”ბუგატიც” მზად იქნება ”სუპერ-ვეირონის” გამოსაშვებად. მართალია, ამ ეტაპზე, მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილის წოდება ამერიკულ ”SSC ალტიმეიტ აერო TT-ს” ეკუთვნის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ”ვეირონი” ტექნიკურად გაცილებით უკეთესი ავტომობილია და მისი მართვაც გაცილებით იოლია, ვიდრე ამერიკული მონსტრისა.

პაეფგენი ასევე ამბობს, რომ ”ვეირონის” ბაზაზე კიდევ რამდენიმე სპეციალური გამოცემის, მათ შორის, ღია ”გრანდ სპორტის” გამოშვება იგეგმება. ამ ეტაპზე, კომპანიის საწარმო მთლიანად მიღებული შეკვეთების დაკმაყოფილებითაა დაკავებული. ცნობისათვის, ”ვეირონის” გეგმიური ტირაჟი მხოლოდ 300 ავტომობილია, რომელთაგან მხოლოდ 50 ცალია დარჩენილი. პარალელურად, კომპანია უკვე ღებულობს შეკვეთებს ”გრანდ სპორტზე”, რომელზეც უკვე რამდენიმე ათეული განაცხადია მიღებული.