Monday, July 19, 2010

”ფოლკსვაგენი” სახელ ”ლუპოს” აღადგენს

Volkswagen Up To Become New Lupo

19 ივლისი

”ფოლკსვაგენს” თავის ისტორიაში ყველაზე პატარა ავტომობილის სახელის, ”ლუპოს” აღდგენა აქვს გადაწყვეტილი და მას იმ ახალ ავტომობილს დაარქმევს, რომლის კონცეპტუალურ ვერსიებსაც (სახელად Up!) ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, სხვადასხვა საავტომობილო გამოფენებზე გვიჩვენებდა.

ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” ინფორმაციით, ანალოგიურ ავტომობილს ვოლფსბურგელები თავიანთ ჯგუფში შემავალი სხვა ბრენდების - ”აუდის”, ”სეატის” და ”შკოდას” ემბლემებითაც გამოუშვებენ. ამგვარად, შეიქმნება მიკროლიტრაჟიანი ავტომობილების მთელი ოჯახი, რომელმაც ”ფოლკსვაგენის” ამბიციურ გეგმებში სოლიდური როლი უნდა შეასრულოს. ამ გეგმების მიხედვით კი, გერმანული კომპანია, რომელიც დღეისათვის უდიდესია ევროპაში და მსოფლიოს მოწინავე სამეულში შედის (წარმოების მოცულობის მხრივ), 2018 წელს მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი უნდა გახდეს.

კონცეპტუალურ Up!-ს ძრავი უკან ჰქონდა განლაგებული და თავიდან გადაწყვეტილი იყო, რომ სერიულ ავტომობილსაც იგივე შეთანწყობა ჰქონოდა, თუმცა შემუშავების პროცესში, ბევრმა საინჟინრო პრობლემამ იჩინა თავი, რის გამოც გადაწყდა, რომ ძრავი წინ გადმოეტანათ.

”ავტოქარის” ინფორმაციით, ახალი ”ლუპო”, გერმანული კომაპნიის ახლანდელ ყველაზე პატარა ავტომობილზე, სამკარიან ”პოლოზე” 0.525 მეტრით მოკლე, 0.054 მეტრით ვიწრო და 0.033 მეტრით მაღალი იქნება. ”ლუპოს” სავარაუდო გაბარიტებია: სიგრძე 3.445 მეტრი, სიგანე 1.628 მეტრი და სიმაღლე - 1.495 მეტრი.

მერმისს, ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე შედგება სამკარიანი ”ლუპოს” პრემიერა და ევროპულ ბაზარზე მისი გაყიდვებიც მაშინვე დაიწყება. ამ ავტომობილისთვის მხოლოდ ორი ძრავი იქნება გათვალისწინებული. ესენია ბენზინის 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი აგრეგატი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 65 ცხენის ძალაა და ოთხცილინდრიანი დიზელი, რომლის მუშა მოცულობა 1.2 ლიტრი, მაქსიმალური სიმძლავრე კი 75 ცხენის ძალაა.

მოგვიანებით, ბაზარზე ხუთკარიანი ”ლუპოც” გამოჩნდება და პარალელურად, ძრავების გამასაც ერთი აგრეგატი დაემეტება. ეს იქნება 1.0-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის სიმძლავრეც 85 ცხენის ძალა იქნება. გარდა ამისა, ავტომობილს აუცილებლად ექნება ელექტრული ვერსია, რომლის კონცეპტუალური პროტოტიპებიც, მათ შორის, მილანისა და ბერლინის ტაქსის ფორმაში გამოწყობილები, ვოლფსბურგელებმა რამდენჯერმე გვიჩვენეს.

ახალი ”ფოლკსვაგენ ლუპო” კონკურენციას გაუწევს ევროპაში ისეთ პოპულარულ ავტომობილებს, როგორებიცაა ”სიტროენის” С1, ”პეჟოს” 107 და მათი იაპონელი ნათესავი ”ტოიოტა აიგო”. გერმანული ჯუჯა ”პოლოზე” იაფი ეღირება.