Sunday, January 16, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

16 იანვარი

მინი

ინგლისური კომპანია, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, მალე თავის საწარმოო პროგრამას კიდევ ერთი შეანიშნავი ავტომობილით გააფართოებს, რომელიც უკვე პოპულარულ ქროსოვერ ”ქანთრიმენის” ბაზაზე შეიქმნა. ესაა სამკარიანი კუპე-ქროსოვერი ”პეისმენი”, რომლის წყალობითაც, ”მინის” სამოდელო გამა შვიდამდე გაიზრდება.

დერტოიტის გამოფენაზე ჩატარებულ პრეზენტავიაზე, ”ბეემვეს” გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერ იან რობერტსონს არ დაუზუსტებია, თუ როდის დაიწყება ”პეისმენის” სერიული წარმოება. სავარაუდოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ”მინი” კუპესა და როდსტერის წარმოებას (შესაბამისად, წელს და მერმისს) დაიწყებს.

არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ”პეისმენი” ინგლისური კომპანიის ოჯახში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდება. რაც უნდა იყოს, დეტროიტში წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი ”მინი ჯონ კუპერ უორკსისგან” აღებული, ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 211 ცხენის ძალას იძლევა.

დეტროიტშივე ბავარიელებმა გამოაცხადეს, რომ არ აპირებენ ”მონის” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილის სერიულ წარმოებას. მისი ტესტირება კიდევ ერთ წელს გასტანს, რის შემდეგაც, პროგრამა შეჩერდება. ”ბეემვეს” განმარტებით, ასეთი ელექტრომობილის წარმოება არც იგეგმებოდა. რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე ათეული ასეთი მანქანა დამზადდა, მათ განმარტეს, რომ ამ პროგრამის მიზანი პროექტ ”მეგასიტის” მარკეტინგული გამოკვლევის ჩატარება იყო და სხვა არაფერი.

მერსედეს-ბენცი

შტუტგარტულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე პირველად სუპერ ავტომობილით შეაბიჯოს და ალბათ არ ცდება - დღევანდელი ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა და თუ საშუალო და კომპაქტური ავტომობილებისთვის ეს სიძვირი თვალში საცემია, სუპერ ავტომობილისთვის ადვილად ასატანია.

SLS AMG E-Cell-ს კიდევ ერთი მისია აკისრია - მან ელექტრომობილებისადმი საზოგადოების წარმოდგენა უნდა შეცვალოს. ჯერჯერობით ელექტრომობილები ტემპერამენტით არ გამოირჩევიან, რასავ ვერ ვიტყვით სამქიმიანების ქმნილებაზე. ეს ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი (თითო ყოველ ბორბალზე), რომელთა ჯამური სიმძლავრეც 525 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრს შეადგენს.

ამ აგრეგატების დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4 წამში შეუძლია, რაც დაახლოებით 0.2 წამით მეტია ამავე ავტომობილის ბენზინისძრავიანი ვერსიის (570 ცხ.ძ) აჩქარებაზე. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ნლოკი ამარაგებს, რომელთა შევსებაც ნაწილობრივ მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაც ხდება. ჯერჯერობით, შტუტგარტელები თავიანთი სუპერ ელექტრომობილის სვლის სიშორის მონაცემებს არ ამხელენ.

დეტროიტის ავტო შოუ

16 იანვარი

ტრადიციისამებრ, წლის პირველ დიდ საავტომობილო შოუს დეტროიტის საგამოფენო კომპლექსი ”კობო სენტერი” მასპინძლობს, სადაც აწ უკვე მსოფლიოს მეორე უდიდეს საავტომობილო ბაზარზე წილის გაზრდის მოსურნე კომპანიები, თავიანთი სიახლეებით იწონებენ თავს.

დიდი კრიზისი დეტროიტულ გამოფენას განსაკუთრებით შარშან დაეტყო, თუმცა კრიზისმა ძალა დაკარგა და ეს უმალ აისახა ავტომწარმოებელთა აქტივობაზე - მათ გამოფენაზე 27 მსოფლიო პრემიერა მოაწყეს. აქედან 14 კონცეპტუალურია, 13 კი - წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილი. გარდა ამისა, ჩატარდა ჩრდილოამერიკული ბაზრის 6 პრემიერა და წარმოადგინეს 4 კონცეპცია.

გამოფენაზე აკრედიტაცია ამერიკის 39 შტატის და მსოფლიოს 63 ქვეყნის ჟურნალისტებმა გაიარეს. რა თქმა უნდა, უფრო დიდი ინტერესი ამერიკელების მხრიდანაა - უცხოელ ჟურნალისტებზე დარეგისტრირებულთა მხოლოდ 27 პროცენტი მოდის.

გამოფენას თავისი გამორჩეული ვარსკვლავებიც ჰყავს: რომელია მათგან ყველაზე კაშკაშა - ”პორშეს” სარბოლი 918 RSR, ”ფორდის” კონცეპტუალური ”ვერტრეკი”, ”მინის” სპორტული ქროსოვერი ”პეისმენი”, თუ ”ჰიუნდაის” უგზოობის კონცეპტუალური ”ქარბი”? ან იქნებ, ”მერსედესის” ყვითელი ფოსფორის ფერში გამოწყობილი სუპერ ელექტრომობილი SLS AMG E-Cell?

პორშე

”პორშეთი” დავიწყოთ, რადგან გერმანული კომპანია ბოლო ოთხ წელიწადში პირველად ეწვია ”კობო სენტერს” და დაბრუნება შესანიშნავი ავტომობილით აღნიშნა. გამოფენამდე ერთი თვით ადრე, შტუტგარტუი კომპანიის ხელმძღვანელობა გვპირდებოდა, რომ დეტროიტში რაღაც განსაკუთრებულს გვიჩვენებდა, მაგრამ კონკრეტულად რას, ამაზე კრინტიც არ დაუძრავს.

და მაინც, მაშინვე გაჟონა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ეს ”რაღაც განსაკუთრებული”, ჟენევის შარშანდელ გამოფენაზე წარმოდგენილი ”918 სპაიდერის” დახურული ვერსია იქნებოდა. ასეც მოხდა, შტუტგარტელთა სტენდზე დადგა ერთადგილიანი ავტომობილი, რომელიც რბოლებისთვისაა მომზადებული და გამოფენაზეც შესაბამისად გაფორმებული წარსდგა.

ამ ავტომობილს სამი ძრავი ემსახურება, რომელთაგან ერთი შიდაწვისაა, ორი კი - ელექტრონული. პირველი აგრეგატი არის 3.4-ლიტრიანი V8 და ის 563 ცხენის ძალას იძლევა (10 300 ბრ/წთ-ზე). დანარჩენი ორი კი ელექტროძრავია, თითოეული 102 ცხენის ძალით.

შიდაწვის ძრავი მაბრუნი მომენტით უკანა ბორბლებს ამარაგებს, ელექტროძრავები კი წინა ბორბლებს ემსახურება. ავტომობილი ორადგილიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ არა ერთი გარემოება - მეორე სავარძლის ადგილი ენერგიის რეკუპერაციის სისტემას უკავია, რომელიც ელექტროძრავებისთვის ენერგიას მუხრუჭებიდან გამოიმუშავებს. საერთოდ, რეკუპერაციის სისტემებით მიღებული ენერგია აკუმულატორებში გროვდება ხოლმე. მაგრამ ”პორშემ” სხვა გზა აირჩია და ენერგიის დაგროვების საშუალებად მქნევარა გამოიყენა. სხვათა შორის, ეს სისტემა ფორმულა 1-ის ინგლისურმა გუნდმა ”უილიამსმა” შეიმუშავა და მართალია, რბოლებში არ გამოუყენებია, მაგრამ ”პორშემ” მისი გამოყენება მაინც ისურვა.

ფორდი

”ფორდის” პავილიონის მთავარი პერსონაჟები, პოპულარულ კომპაქტვენ ”C-მაქსის” ჰიბრიდული ვერსიები - ენერჯი და ჰიბრიდი, ასევე კონცეპტუალური ქროსოვერების, ”კუგას” და ”ისკეიპის” ახალი ვერსიაა, სახელად ”ვერტრეკი”, რომელიც მალე გამოჩნდება ამერიკული კომპანიის დილერების შოურუმებში.

”C-მაქსის” ორივე ჰიბრუდულ ვერსიაში ამძრავ ძალას ელექტროძრავები გამოიმუშავებს. ოღონდ, ენერჯიში, რომელიც პლაგ-ინ ჰიბრიდების კლასს განეკუთვნება, ავტომობილის მოძრაობას მხოლოდ ელექტროძრავი უზრუნველყოფს, შიდაწვისას კი მხოლოდ მეორეხარისხოვანი როლი აქვს (გენერატორს აბრუნებს). რაც შეეხება ვერსია ჰიბრიდს, მასშიც ძირითადი ელექტროძრავია, თუმცა მასთან ერთად, ავტომობილს მბიძგველ ძალას შიდაწვის აგრეგატიც ანიჭებს, რომელიც იმავდროულად, გენერატორსაც ატრიალებს.

ენერჯის სვლის სიშორე 800 კილომეტრს აღწევს და ეს იმის ხარჯზე, რომ როცა აკუმულატორები განიმუხტება, საქმეში შიდაწვის ძრავის და გენერატორის ტანდემი ერთვება და ელექტროძრავებისთვის საჭირო ენერგიას ისინი გამომუშავებენ. ამ მაჩვენებლით, ”C-მაქს ენერჯის” გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ”შევროლე ვოლტს”, რომელიც დეტროიტის გამოფენაზე, ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრის წლის საუკეთესო ავტომობილად დასახელდა.

რაც შეეხება ”ვერტრეკს”, ის ახალი ”ფოკუსის” პლატფორმაზეა ბაზირებული და სერია ”ეკობუსტის” ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი. ეკონომიურობის გასაუმჯობესებლად, ავტომობილს ასევე სისტემა სტოპ-სტარტი გააჩნია. ისე კი, უნდა ითქვას, რომ ამ ავტომობილისთვის ეკონომიური ძრავების მთელი გამაა გათვალისწინებული. მისი სერიული ვერსიის პრემიერა ფრანკფურტის წლევანდელ გამოფენაზე იგეგმება და იქვე ”ფორდი” მის შესახებ უფრო დაწვრილებით ინფორმაციასაც გაავრცელებს. დეტროიტში კი დირბორნელებმა გვიჩვენეს, თუ როგორი იქნება ახალი ”კუგა/ისკეიპი”.