Friday, October 15, 2010

”რენოს” პავილიონში ელექტრომობილები მეფობენ

15 ოქტომბერი

”რენო”, თავის იაპონელ პარტნიორ ”ნისანთან” ერთად, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ავტოკომპანიაა, რომელიც ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას მალე დაიწყებს. ამიტომ, გასაკვირი არავისთვის უნდა ყოფილიყო ის ფაქტი, რომ პარიზის ავტო გამოფენაზე, ფრანგული კომპანიის ექსპოზიციის მთავარი პერსონაჟები, ელექტროავტომობილები იყო.

რენო დეზირ
მართალია, ელექტრომობილია, მაგრამ ”რენოს” კონცეპტუალურ სპორტქარის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ მისი დახმარებით, ფრანგული კომპანია თავისი კორპორატიული სტილის ახალ მიმართულებას გვიჩვენებს. როგორც კომპანია აცხადებს, ეს მიმართულება ხალხს ისევ ”რენოს” დახვეწილ სტილზე აალაპარაკებს.

”დეზირ-ის” დიზაინი ”რენოს” ახალი მთავარი დიზაინერის, ლორენს ფან დენ აკერის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი პროექტია. აკერმა შარშან ამ პოსტზე პატრიკ ლე კემენტი შეცვალა. სხვათა შორის, სანამ ”რომბების” ფორმას მოირგებდა, ჰოლანდიელი დიზაინერი ”მაზდაში” სხვადასხვა (ნაგარა, რიუგა და ჰაკაზე) კონცეპტუალურ პროექტზე მუშაობდა. მანამდე კი გამოცდილებას ”ფორდსა” და ”აუდიში” აგროვებდა.

ერთ-ერთი მთავარი დეტალი, რაც ”დეზირ-ს” გამოარჩევს, მისი წინა ნაწილის სტილია, რადგან ”რენოს” განცხადებით, მსგავსი მოყვანილობა მალე კომპანიის უკლებლივ ყველა მოდელზე გადაინაცვლებს.

ისე კი, ”დეზირ-ს” ეგრეთ წოდებული თოლიას ფრთის (წინა საყრდენსა და სახურავზე არსებულ ორ წერტილს ეყრდნობა და ქვევიდან ზევით იხსნება) კონსტრუქცია აქვს. მისი სიგრძე 4.2 მეტრი, სიმაღლე კი 1.1 მეტრია. ამგვარად, ის ”აუდი TT-ზე” ოდნავ გრძელი და მნიშვნელოვნად დაბალია. იმის წყალობით, რომ ავტომობილის შექმნისას, მრავლადაა გამოყენებული მსუბუქი მასალები, მათ შორის კევლარი, ”დეზირ-ი” მხოლოდ 830 კილოგრამს იწონის.
”დეზირ-ი” მხოლოდ ერთი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც ბაზაში, უკანა ღერძის სიახლოვესაა განლაგებული და უკანა ბორბლებს აბრუნებს. ეს ის ძრავია, რომელსაც ”რენო” თავის პირველ სერიულ ელექტრომობილებზე გამოიყენებს. ოღონდ, მისი სიმძლავრე 150 ცხენის ძალამდე, მაბრუნი მომენტი კი 226 ნიუტონმეტრამდეა გაზრდილი.

ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომლის ენერგოტევადობაც 24 კილოვატსაათია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ სრული დამუხტვით, ავტომობილმა 160 კილომეტრი გაიაროს. რაც შეეხება დინამიკურ მონაცემებს, ფრანგული კომპანიის განცხადებით, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, ”დეზირ-ს” 5 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 180 კმ/სთ-ია.

რენო ზოი
ამ სახელით, ელექტრომობილი ”რენომ” შარშანაც გვაჩვენა, თუმცა პარიზში წარმოდგენილი ავტომიბილი, თავისი გარეგნობით, გაცილებით ახლოსაა მისსავე სერიულ ვერსიასთან, რომელიც ბაზარზე 2012 წელს გამოჩნდება. თუ დააკვირდებით, ამ მანქანის წინა ნაწილი ”დეზირის” შესაბამის ელემენტს ძლიერ ჰგავს. ეს კი ნიშნავს, რომ ”რომბების” ახალი სტილი მალე დაიწყებს დამკვიდრებას. და, რაც მთავარია, ”ზოე-ში” ბევრმა მომავალი ”კლიო” ამოიცნო.


სწორად ამოიცნეს, თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ისაა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი თავის ვირტუალურ მგზავრებს თავისი კლასისთვის არნახულ კომფორტს სთავაზობს. ვინ იცის, იქნებ მათგან ზოგიერთი მალე ”კლიოზე” მართლაც ვიხილოთ. ისე, ”რენო” გვპირდება, რომ კონცეპტუალური ”ზოე-ს” 90 პროცენტი მის სერიულ ვერსიაზეც გადაინაცვლებს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მგზავრებს კომფორტით ჰაერის ტენიანობის კლიმატ კონტროლის სისტემა უზრუნველყოფს, რომელშიც ჰაერის ტოქსიკურობის განმსაზღვრელი სისტემა და სუნის გამფრქვევია ინტეგრირებული. და ეს ყველაფერი არაა. ”ზოე” ეგრეთ წოდებულ ”სინათლის თერაპიას” შემოგთავაზებთ, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ ”ფილიპსის” სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა.
კონცეპტუალური ”ზოე-ს” სიგრძე 4.1 მეტრია და ის 19-დუიმიანი ბორბლებითაა აღჭურვილი. ამ მანქანის სერიულ ვერსიას გაბარიტები არ შეეცვლება, მაგრამ ბორბლები აუცილებლად შეიცვლება. ამ ზომის ბორბლები ”კლიოზე” ძნელი წარმოსადგენი კი იქნებოდა.


რაც შეეხება მამოძრავებელ ძალას, მისით ავტომობილს ელექტროძრავი უზრუნველყოფს, რომლის სიმძლავრეც 80 ცხენის ძალა, მაბრუნი მომენტი კი 222 ნიუტონმეტრია. ადგილიდან სტანდარტული (0-100 კმ/სთ) აჩქარებისთვის, 1392-კილოგრამიან ”ზოე-ს” 8.1 წამი სჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 135 კმ/სთ-ია.
ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკის სრულ დამუხტვას 6-8 საათი სჭირდება. აკუმულატორების დამუხტვისთვის, ”რენო” ორ საშუალებას გვთავაზობს. ერთია კედლის ყუთი, რომელიც შესაძლოა ელექტრომობილის მფლობელის სახლის ელექტროქსელთან შეერთდეს. მეორე კი ეგრეთ წოდებული EVSE (ელექტრიკ ვიჰაიქლ საპლი ეკიპმენტ - ელექტრომობილის მომარაგების ეკიპირება), რომელსაც ”ზოე-ს” (მომავალი კლიოს) მყიდველს ოპციის სახით შესთავაზებენ. ცნობისათვის, ”რენო” უფრო კედლის ყუთს გვირჩევს. მომავალში, ფრანგული კომპანია ელექტრომობილების მყიდველს აკუმულატორების დამუხტვის სწრაფ საშუალებასაც შესთავაზებს, რომელიც 10 წუთში იმდენ ენერგიას ჩატვირთავს, რაც 60 კილომეტრის გასავლელად იქნება საკმარისი.
დაკიდევ, ისრაელსა და დანიაში მალე სრული მასშტაბით ამოქმედდება პროექტი ”ბეტერ პლეის”, რომელიც ამ ქვეყნებში აკუმულატორების სწრაფად შეცვლის ქსელის შექმნას ითვალისწინებს. ამ სადგურებში, სულ რამდენიმე წუთში, დაცლილ აკუმულატორებს დამუხტულით შეცვლიან და მათ დასამუხტად საათობით ლოდინი საჭირო არ იქნება.
რენო ტვიზი
ეს უფრო ორი სკუტერის ტანდემს ჰგავს, ვიდრე სრულფასოვან ავტომობილს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ”რენო” მას ელექტრომობილად გვთავაზობს, რომელსაც მხოლოდ ორი ადგილი აქვს. ეს პატარა ავტომობილი 20-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 57 ნიუტონმეტრსაც იძლევა. აკუმულატორების დასამუხტად 3.5 საათია საჭირო, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი მხოლოდ 75 კმ/სთ-ია.

რაც მთავარია, ფრანგულ კომპანიას ამ პატარა ელექტრომობილის სერიული წარმოება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც უკვე შერჩეულია ვალიადოლიდის (ესპანეთი) ქარხანა. წარმოება მერმისს, წლის ბოლოს დაიწყება, თუმცა ”რენომ” მასზე ინტერნეტით შეკვეთების მიღება უკვე დაიწყო. ფრანგული კომპანია აცხადებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, ”ტვიზის” ლიცენზიის გარეშე მართვაც შესაძლებელი იქნება. რადგან ასეთ ქვეყნებში, ამ ელექტრომობილის მაქსიმალურ სიჩქარეს 50 კმ/სთ-ით შეზღუდავენ, ეს სიჩქარე კი იქ ლიცენზიას არ საჭიროებს. ამგვარად, მისი მართვის საშუალება არასრულწლოვანებსაც შეეძლებათ.

რამდენადაც მანქანა ღიაა, ის ამ სახით უამინდობაში არ გამოდგება. თუმცა, ფრანგული კომპანიის ინჟინრებმა ესეც გაითვალისწინეს და სპეციალურ კომპაქტურ სათავსებში, კარის დამატებითი პანელებიც განათავსეს. ”ტვიზის” სავარძლების საინტერესო განლაგებაც აქვს. მასში მგზავრის სავარძელი მძღოლისას უკანაა მოთავსებული.

ამ პატარა ელექტრომობილის სიგრძე 2.320 მეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ”სმარტ ფორთუზე” მოკლეა (0. 375 მეტრით). მისი სიგანე 1.190 მეტრი, სიმაღლე კი 1.460 მეტრია. უკანა სავარძლის ქვეშ პატარა საბარგულია მოთავსებული, რომლის მოცულობაც 30 ლიტრია. ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკთან ერთად, ”ტვიზი” სულ რაღაც 450 კილოგრამს იწონის.

დაბოლოს, პატარა კი არის, მაგრამ ”ტვიზი” უსაფრთხოების ბალიშით და ოთხწერტილოვანი ღვედებითაა აღჭურვილი. უკანა სავარძელს კი სამწერტილოვანი ღვედები აქვს. უსაფრთხოებასვე ემსახურება კარებების კონსტრუქციაც, რომელიც ელექტრომობილში მჯდომთ გვერდითა დარტყმისას დაიცავს. ორივე კარს კი ერთწერტილოვანი საყრდენი წინ აქვს განლაგებული და უკნიდან ზევით და წინ იღება.

როცა საბურავს ლურსმნის არ ეშინია - ეს ”კონტინენტალია”

12 ოქტომბერი

მარეკ გებრტის ”ვანდალური” ექსპერიმენტი
..............................
წარმომიდგენია, რასაც იტყვით - ასეთი რამ შეუძლებელია. ალბათ მართალიც იქნებით, რადგან ჩემი თვალით რომ არ მენახა, ამას მეც არ დავიჯერებდი. თუმცა საბურავების მწარმოებელ გერმანულ კომპანია ”კონტინენტალის” შემთხვევაში, ეს თურმე შესაძლებელი ყოფილა - საბურავი მაშინაც არ კარგავს წნევას, როდესაც მას მსხვილი ლურსმანი შეერჭობა.
პრესკონფერენციაზე მარცხნიდან: ”იბერია ბიზნეს ჯგუფის” პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მარეკ გებრტი და იტა-ს დირექტორი ლაშამი გინეიშვილი
..............................
არადა, საბურავების მწარმოებელ ”კონტინენტალისა” და ქართულ ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალ კომპანია ”იტა-ს” საქმიან დამეგობრებასთან დაკავშირებული კონფერენცია, რომელიც ”ფოლკსვაგენის” შოურუმში ჩატარდა, თითქოს მხოლოდ განცხადებებით და კითხვა-პასუხით უნდა შემოფარგლულიყო. მაგრამ შემდეგ, გერმანული კომპანიის ჩეხმა წარმომადგენელმა მარეკ გებრტმა ”კონტინენტალის” ერთი სიახლე გაგვაცნო, რომელმაც პრესკონფერენცია უცბად გააცოცხლა.

”ფოლკსვაგენის” შოურუმში მდგარ ”ფოლკსვაგენ CC-ს” ერთი ბორბალი მოხსნეს. ჩეხმა სტუმარმა ლურსმანი და ჩაქუჩი მოითხოვა. ყველა მიხვდა, რაც უნდა მომხდარიყო. გებრტის თავდაჯერებულობის მიუხედავად, ალბათ ბევრი ექსპერიმენტის ჩაფლავებას ელოდა - სხვა თუ არაფერი, ლურსმანი მეტისმეტად დიდი იყო. მაგრამ არა, ჩეხმა რეზინს ლურსმანი ბოლომდე ჩაარჭო, შემდეგ კი ბრტყელტუჩას დახმარებით ამოაძრო, საბურავს კი გრამი ჰაერიც არ გამოუშვია! ყველაფერი ისე დარჩა, როგორც ლურსმნის ჩარჭობამდე იყო. ოღონდ, ლურსმანს წებოვანი შავი ნივთიერება გამოჰყვა.

ბატონი გებრტის განმარტებით, ”კონტინენტალი” უშვებს საბურავებს მარკით ”კონტისილ”, რომლის პროტექტორის შიდა ფენაც სპეციალური ნივთიერებითაა დაფარული. როდესაც უცხო საგანი საბურავის გარსს არღვევს და მასში შედის, ნივთიერება ამ სხეულს გარს ეკვრის ისე, რომ არანაირ ღრიჭოს არ ტოვებს. საბურავის ჰერმეტულობა არც მაშინ ირღვევა, რაც იქიდან უცხო სხეულს გამოიღებენ.

ოღონდ, კომპანია განმარტავს, რომ საბურავის დაზიანება მის დაშვებას არ გამოიწვევს, თუ უცხო სხეულის დიამეტრი 5 მილიმეტრზე მეტი არაა (”ჩვენი” ლურსმანი ამ მოთხოვნას შეესაბამებოდა). ”კონტინენტალისვე” რჩევით, ყოველივეს მიუხედავად, კარგი იქნება, თუ დაზიანებულ საბურავს დროულად უჩვენებთ სპეციალისტს, რომელიც გადაწყვეტს, შეცვალოს, თუ არა დაზიანებული რეზინი. დაკიდევ, გებრტმა განაცხადა, რომ ”კონტისილ” მარკის საბურავები, ჩვეულებრივზე 20 პროცენტით ძვირია. სამაგიეროდ, როცა ამ საბურავებს ხმარობთ, ავტომობილში სათადარიგო ბორბლის ჩადება აუცილებელი აღარ იქნება და ამგვარად, საბარგულში ადგილიც გამოთავისუფლდება.

ბოლოს კი გეტყვით, რომ საკუთრივ ”კონტინენტალის” საბურავების გარდა, გერმანული კომპანია თავის ჯგუფში შემავალი კიდევ ორი კომპანიის, ამერიკული ”იუნიროიალისა” და ჩეხური ”ბარუმის” საბურავებსაც გაჰყიდის. სამივე ბრენდის საბურავები მათი ფასის მიხედვით იქნება სეგმენტირებული. ამასთან, ყველაზე იაფი ჩეხური საბურავება, ყველაზე ძვირი კი - გერმანული.