ახალი ”ლანჩა სტრატოსი” ”ფერარიზე” და ”ლამბოზე” ტემპერამენტიანია
New Lancia Stratos Full Specs and Performance Figures Released
7 დეკემბერი



ახალი ”სტრატოსი” გარეგნულად ძლიერ ჰგავს ძველ, ლეგენდარულ ”სტრატოსს”, რომელმაც იტალიურ კომპანიას 1970-იან წლებში გაუთქვა სახელი, როდესაც რალის მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო (იტალიელ სანდრო მუნარისთან და შვედ ბიორნ ვალდეგაარდთან ერთად). ავტომობილის სიგრძე 4.1 მეტრი, სიგანე კი თითქმის 2.0 მეტრია.
ახალი ”სტრატოსი” თავის წინამორბედს აგრესიული იერითაც ჰგავს. სამაგიეროდ, მისგან განსხვავებით, მასში ბლომად კარბონის კომპოზიტია გამოყენბული, რისი წყალობითაც, ის საკმაოდ მსუბუქი - 1247 კილოგრამია. წონის 44 პროცენტი წინა ღერძზე მოდის, დანარჩენი 56 პროცენტი კი - უკანაზე. შასი ”F430 სკუდერიასგან” არის აღებული და 20 სანტიმეტრით არის დამოკლებული. რაც შეეხება ძარას, ის მთლიანად კომპოზიციური მასალისგან დამზადდა.

რაც შეეხება ძრავს, ეს არის იმავე ”F430 სკუდერიასგან” აღებული 4.3-ლიტრიანი V8, რომელიც 540 ცხენის ძალას (დონორზე 30 ცხენის ძალით მეტს) და 500 ნიუტონმეტრს ავითარებს (შესაბამისად, 8 200 და 3 750 ბრ/წთ-ზე). ამგვარად, ძრავის ყოველ ცხენის ძალაზე, ავტომობილის 2.30 კილოგრამი მოდის.
ახალი ”სტრატოსი” 19-დუიმიან ბორბლებზე დგას, რომელთაგან წინებზე 265/30, უკანებზე კი 315/30 ზომის საბურავებია ჩაცმული. საბურავები ”დანლოპის” წარმოებისაა (სერია სპორტ მაქს). ავტომობილის დამუხრუჭებას 398 (წინ) და 350 (უკან) მილიმეტრიანი დისკები (ბრემბოს წარმოების) უზრუნველყოფს.

მთელი ამ ავლა-დიდებით, ახალ ”სტრატოსს” ადგილიდან 100 კმ/სთ-ის აკრეფ 3.3 წამში შეუძლია, მისი სიჩქარე 200 კმ/სთ-ს კი 9.7 წამში აღწევს. შედარებისთვის, 0-200 კმ/სთ-მდე აჩქარება ”ფერარი 458 იტალიას” 10.4 წამში შეუძლია, ”ლამბორგინი გალიარდო LP570-4 სუპერლეგარას” კი - 10.2 წამში. სამაგიეროდ, მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 274 კმ/სთ-ია, რაც იმის შედეგია, რომ უკანა ღერძში მთავარი გადაცემის კბილანების გადაცემის რიცხვი გაიზარდა.
”პინინფარინას” სურს, რომ 25 ცალი ახალი ”ლანჩა სტრატოსი” დაამზადოს, თუმცა ამისათვის, ”ფიატისგან” ნებართვა უნდა აიღოს, რადგან ბრენდი ”ლანჩა” სწორედ ტურინულ საავტომობილო ოჯახში შედის. რატომ მხოლოდ 25 და არა მეტი? იმიტომ რომ, შემკვეთთან დადებული ხელშეკრულება, მეტის წარმოების უფლებას არ აძლევს.