Sunday, October 18, 2009

უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ელექტრომობილი

Audi R4

18 ოქტომბერი

”აუდის” კონცეპტუალურმა ელექტრომობილმა e-ტრონმა ფრანკფურტის საავტომობილო გამოფენაზე სპეციალისტების და დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რის პასუხადაც, შოუს დასრულებისთანავე, გერმანულმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ ამ რლრქტრომობილის სერიულ წარმოებას აპირებს.

გავიდა კიდევ ორი კვირა და ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმავე კონცეპტუალური მოდელის ბაზაზე, ინგოლშტადტელები კომპაქტურ კუპესა და როდსტერსაც გამოუშვებენ, რომელიც მათს სამოდელო გამაში, TT-სა და R8-ს შორის დაიკავებს ადგილს, მისი სახელი კი R4 იქნება.

ახალი ავტომობილის შესახებ, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ მისთვის ახალი პლატფორმა შეიქმნება, რომელსაც ასევე ”პორშე” თავისი მომდევნო თაობის ”ბოქსსტერისა” და ”კაიმანისთვისაც” გამოიყენებს. R4 იქნება როგორც ელექტრომობილი, ასევე ის შიდაწვის ძრავითაც აღიჭურვება. საერთოდ, ”აუდის” გეგმა ითვალისწინებს, რომ მომავალში, მისი ყველა ავტომობილის ბაზაზე ელექტრომობილებიც დამზადდება.

ელექტრული R4 ოთხი ელექტროძრავით აღიჭურვება - თითო ძრავი თითო ბორბალს მოემსახურება. მათი ჯამური სიმძლავრე 300 ცხენის ძალას მიაღწევს. ისინი ენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან მიიღებენ, რომლებიც ავტომობილის ცენტრალურ სეგმენტში განთავსდება. აკუმულატორების ბლოკის წონა 470 კილოგრამს მიაღწევს, ავტომობილისა კი - 1.5 ტონას.

ელექტრული R4-ის ნულიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას დაახლოებით 4.8 წამი დასჭირდება, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 220 კმ/სთ-ით შეიზღუდება. დაკიდევ, სრულად დამუხტული აკუმულატორების მეშვეობით, ავტომობილი 240 კილომეტრის გავლას შესძლებს.

R4-ის შიდაწვისძრავანი ვარიანტები იმავე აგრეგატებს მიიღებს, რომლებსაც ინგოლშტადტელები ”აუდი TT-ზე” იყენებენ. მათ შორისაა 2.5-ლიტრიანი, ხუთცილინდრიანი მოტორი, რომელიც 340 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და მოდიფიკაცია RS-ზე გამოიყენება.