Thursday, July 9, 2009

გერმანიის დიდი პრიზის სტატისტიკა

Formula 1

9 ივლისი


დიდი ხანი არაა, რაც გერმანიის დიდ პრიზს, ერთწლიანი მონაცვლეობით, ორი ავტოდრომი - ჰოკენჰაიმრინგი და ნურბურგრინგი მასპინძლობს. ამათგან მეორე უფრო ძველია და წელს სწორედ მისი ჯერია. ამიტომ, სწორედ მის შესახებ მოგიყვებით.

ნურბურგრინგი ბელგიის საზღვრის სიახლოვეს, ქალაქ ბონიდან სამხრეთ დასავლეთით 80 კილომეტრში, აიფელის მთიანი ტყის მასივის შუაგულში, სოფელ ნურბურგის მახლობლად მდებარეობს. ავტოდრომის მშენებლობის იდეა კიოლნის მაშინდელმა ქალაქის თავმა (ბურგომისტრმა), კონრად ადენაუერმა (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი გახდა) წამოაყენა.

ფედერალურმა მთავრობამ ტრასის მშენებლობისთვის 15 მილიონი მარკა გამოჰყო. მშენებლობა 1925 წელს დაიწყო, ერთ წელიწადში კი იქ პირველი რბოლა ჩატარდა, რომელიც ლეგენდარულმა გერმანელმა (წარმოშობოთ იტალიელმა) რუდოლფ კარაჩოლამ მოიგო. ერთი თვის შემდეგ კი ამ ტრასაზე პირველად ჩატარდა გერმანიის დიდი პრიზი, რომელსაც ასი ათასი მაყურებელი დაესწრო.

ტრასის პირვანდელი ვერსიის სიგრძე 22 კილომეტრს აღწევდა, მას 73 მოსახვევი ჰქონდა და სიმაღლის ძალიან დიდი (300 მეტრი) ამპლიტუდით დამოირჩეოდა, რაც მის სირთულეს განაპირობებდა. ის ორი, კონფიგურაციით ერთმანეთის მსგავსი - ჩრდილოეთის და სამხრეთის მარყუჟისგან შედგებოდა. 1951 წელს ავტოდრომი პირველად შეიტანეს ფორმულა 1-ის კალენდარში და მას შემდეგ, 1976 წლამდე, გერმანიის დიდი პრიზი სწორედ მასზე ტარდებოდა.

მრბოლები მუდამ ჩიოდნენ იმაზე, რომ ნურბურგრინგზე მათი უსაფრთხოება მინიმალურადაც არ იყო გარანტირებული. 1976 წელს კი ავტოდრომზე საშინელი ავარია შეემთხვა იმ დროისთვის მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონს, ავსტრიელ ნიკი ლაუდას, რის გამოც, ტრასა გაურკვეველი ვადით დაიხურა.

80-იანი წლების დასაწყისში, ავტოდრომს საფუძვლიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რაც მის მეპატრონეებს 62 მილიონი დოლარი დაუჯდათ. კონფიგურაციიდან მთლიანად ამოიღეს ჩრდილოეთის მარყუჟი (სადაც ლაუდას ავარია მოუვიდა), რის შემდეგაც მისი სიგრძე 4.5 კილომეტრამდე, სიმაღლეთა სხვაობა 56 მეტრამდე, მოსახვევების რაოდენობა კი 14-მდე შემცირდა. მაგრამ პილოტებს არც ასეთი ნურბურგრინგი მოეწონათ, რის გამოც, ორი წლის შემდეგ, ტრასა კვლავ ფ1-ის გარეთ დარჩა.

არ გასულა ათი წელი და ტრასა კიდევ ერთხელ შეიცვალა და 1995 წელს მასზე ევროპის დიდი პრიზი ჩატარდა. მაგრამ დაბრუნება კვლავ ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ორი წლის შემდეგ, ევროპული დიდი პრიზი ესპანურ ხერესს გადაულოცეს. შემდეგ, ნურბურგრინგმა მეზობელი ლუქსემბურგის დიდ პრიზს უმასპინძლა, მერე კი ისევ ევროპული რბოლა მიიღო.

2001-2002 წლებში ნურბურგრინგმა კიდევ ერთ მოდერნიზაციას გაუძლო. ის 700 მეტრით დაგრძელდა. რეკონსტრუქციის შედეგად, ტრიბუნებს ერთი დიდი სექტორი დაემატა, პროექტი კი 50 მილიონი ევრო დაჯდა. აქედან მოყოლებული, ჩემპიონატის კალენდარში ორივე გერმანული ტრასა ფიგურირებდა, მაგრამ 2007 წელს გადაწყდა, რომ გერმანიის დიდი პრიზი მათზე მორიგეობით ჩატარდება.

ახალ ნურბურგრინგზე ერთმანეთს ნელი და საშუალო სიჩქარის მოსახვევები ენაცვლება. მოსახვევების ხასიათი ისეთია, რომ ნეიტრალურად დაბალანსებული მანქანა მას არასაკმარისი მოხვევადობის ეფექტით გადის. ამის დასაბალანსებლად, ინჟინრებს წინა საკიდარის ოდნავ დარბილება და წინა ფრთების დატვირთვა (ან უკანა საკიდარის გახისტება და ფრთების განტვირთვა) უწევთ. ტრასა ნაკლებად მომთხოვნია მუხრუჭებისადმი (მიესადაგება ”ბრაუნს”), მანქანისგან საშუალო ჩაჭიდების ძალას მოითხოვს და პილოტებს მცირე შეცდომებსაც კი პატიობს. ტრასის გზის საფარი კარგი ჩაჭიდებით გამოირჩევა, თუმცა აბრაზიული არაა, რის გამოც, საბურავებს შვება აქვს. ამის გამო კი ”ბრიჯსტოუნმა” გუნდებს სუპერ რბილი და საშუალო სიხისტის საბურავები ჩაუტანა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრასის კონფიგურაცია გასწრების ყველაზე რეალურ შანსს მხოლოდ ერთგან - პირველ მოსახვევში იძლევა.

დაბოლოს, ცოტა რამ სტატისტიკაზეც: ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ პილოტი, ვისაც შუა სეზონისთვის 6 რბოლა ჰქონდა მოგებული, ჩემპიონი ვერ გამხდარიყო. სამაგიეროდ, ფ1-ის ისტორიაში შვიდი პილოტია ისეთი, ვინც სეზონში ექვსი ეტაპი მოიგო, მაგრამ ჩემპიონი ვერ გახდა. ერთ სეზონში 7 ეტაპი სულ სამმა ბრიტანელმა - ნაიჯელ მენსელმა, დეიმონ ჰილმა და ჯიმ კლარკმა მოიგეს და იმ სეზონებში სამივე ჩემპიონი გახდა. მათ რიგებს ნურბურგრინგზე შეიძლება ჯენსონ ბატონიც შეუერთდეს.

გერმანელთაგან, ერთ სეზონში სამი (და მეტი) ეტაპი ძმებ შუმახერებს აქვთ მოგებული. სებასტიან ფეტელს მესამე გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

ერთადერთი პილოტი, ვინც ამ სეზონში ყველა წრის გავლა შესძლო, ბატონია. ამასთან, ბრიტანეთში დაკავებული მე-6 ადგილი რომ არა, მის ანგარიშზე ამ სეზონში რვიდან რვა ტოპ სამეულის ფინიში იქნებოდა. იმავდროულად, რვა რბოლაში, კვარცხლბეკზე ერთხელაც ვერ ავიდნენ ”მაკლარენის” პილოტები.

ბოლო გერმანელი, ვინც შინაური დიდი პრიზის მოგება შეძლო, მიხაელ შუმახერია, ვინც ეს 2006 წელს შეძლო.

ამ სეზონში პოულიდან სტარტი მხოლოდ სამმა პილოტმა აიღო. ბატონმა ეს ოთხჯერ შეძლო, ფეტელმა სამჯერ, ერთხელ კი იტალიელმა იარნო ტრულიმ. გასული რვა ეტაპიდან, ექვსი იმ პილოიტმა მოიგო, ვინც რბოლა პოულიდან დაიწყო. ნურბურგრინგზე კი უკანასკნელად ამგვარი დუბლი 2004 წელს დაფიქსირდა, როცა მიხაელ შუმახერმა გაიმარჯვა. მასვე ნურბურგრინგზე პოულიდან 1995 წელსაც მოუგია.

დიდი რვიანის სამიტის ელექტროტრანსპორტი

GEM e4

9 ივლისი


იტალიის ქალაქ ლ’აკვილაში მიმდინარე დიდი რვიანის სამიტის ოფიციალური სატრანსპორტო საშუალება მინი ელექტრომობილი e4-ია, რომელსაც ”კრაისლერის” ჯგუფში შემავალი კომპანია ”გლოუბლ ელექტრიკ მოტორქარზი” (GEM) აწარმოებს. ამერიკული კომპანიის იტალიელმა დისტრიბუტორმა, კომპანია ”Geo ევროპამ”, მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოების ლიდერების გადაადგილებისთვის სულ 33 ცალი e4 გამოჰყო.

”ჩვენი კომპანია ამაყობს იმით, რომ ”ფიატთან” ერთად, დიდი რვიანის სამიტის ოფიციალური სატრანსპორტო საშუალების - ელექტრომობილების მიმწოდებელია. ეს აქცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს გარემოს დაცვისთვის ელექტროტრანსპორტის განვითარების მნიშვნელობას”, - ამბობს ”გლოუბლ ელექტრიკ მოტორქარზის” პრეზიდენტი რიკ კასპერი.

GEM e4 ექვსი ცალი 12-ვოლტიანი ელექტროლიტური ელემენტითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიით ცვალებადი სიმძლავრის მქონე ელექტრომოტორს ამარაგრბენ. ძრავის ნომინალური სიმძლავრე 5 ცხენის ძალაა, აჩქარებისა და აღმართში მოძრაობის დროს კი სიმძლავრე 12 ცხენის ძალამდე იზრდება. ელემენტების ერთი სრული დამუხტვა საკმარისია იმისათვის, რომ e4-მა 45 კილომეტრი გაიაროს.

მართალია, გადაადგილების ახლებური საშუალება სახელმწიფოს მეთაურთა დაცვის სამსახურებს ბევრ პრობლემას უქმნის, მაგრამ ამგვარად, დიდი რვიანის ქვეყნები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გარემოს დაცვა და გლობალური დათბობის პროცესის მართვაა.

”კრაისლერის” ინფორმაციით, ”გლოუბლ ელექტრიკ მოტორქარზს” სულ 40 000 ელექტრომობილი აქვს გაყიდული, რომლებსაც საერთო ჯამში, დაახლოებით 500 მილიონი კილომეტრი ყოველგვარი გამონაბოლქვის გარეშე აქვთ გავლილი, რითაც დაახლოებით 16 მილიონი გალონი (50 მილიონ ლიტრზე მეტი) საწვავი დაზოგეს.

მოკლედ...

9 ივლისი

***

”ფოლკსვაგენმა” გაკოტრებისგან იხსნა გერმანული საავტომობილი კომპანია ”კარმანი”, რომელმაც ივნისის შუა რიცხვებში წარმოება შეწყვიტა და გაკოტრებისთვის ემზადებოდა. კარმანი იმითაა ცნობილი, რომ ავტომობილებს სხვა კომპანიების მარკით, შეკვეთებით აწარმოებს, მაგრამ კრიზისის გამო, ძველი კონტრაქტები ვერ განაახლა, ახლების დადება კი ვერ მოახერხა.

ახლა კი, გამოცემა ”ნოიე ისნაბრუკერ ცაიტუნგის” ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენთან” ახალი კონტრაქტი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, ”კარმანი” ვოლფსბურგელებისთვის ელექტრომობილებს გამოუშვებს. სანაცვლოდ კი პირველ ეტაპზე, 10 მილიონ ევროს მიიღებს.

***

”ფოლკსვაგენმა” გამოაცხადა, რომ მისმა უგზოობის მოდელმა ”ტიგუანმა” ამერიკული NHTSA-ს (ნეიშნლ ჰაივეი ტრეფიკ სეიფტი ადმინისტრეიშნ) ქრეშ ტესტებზე უმაღლესი, ხუთვარსკვლავიანი შეფასება დაიმსახურა. ავტომობილმა კარგი შედეგები აჩვენა პირდაპირი და გვერდითა შეჯახების, ასევე გადაბრუნების ტესტების დროს. უმაღლესი შეფასების მიღებაში კი მას დახვეწილი საკიდარი და სტაბილურობის კონტროლის ელექტრონული სისტემა დაეხმარა, რომელიც სტანდარტულ აღჭურვილობაში შედის.

***

”ლექსუსმა” გამოაცხადა, რომ თავისი უახლესი სუპერავტომობილის, LF-A-ს გაყიდვას ოქტომბერში შეუდგება. სულ 500 ცალი LF-A-ს დამზადებაა დაგეგმილი, ავტომობილის ფასი კი დაახლოებით 400 000 დოლარი იქნება. ამ ეტაპზე, ავტომობილი ინტენსიურ სატესრო პროგრამას გერმანიაში, ნურბურგრინგის ავტოდრომზე გადის (სურათზე) და მასში მონაწილეობა ”ტოიოტას” ახალმა პრეზიდენტმა აკიო ტოიოდამაც მიიღო.

ავტომობილი 5.0-ლიტრიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომლის მუხლა ლილვის ბრუნთა რიცხვებიც, ძრავის რესურსის გასაზრდელად, 9 000-ითაა შეზღუდული. აგრეგატი დაახლოებით 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავის სიმძლავრისა და ავტომობილის წონის ფარდობა კი ტონაზე 366.6 ცხენის ძალას აღწევს.

***

”ჯენერალ მოტორსის” ევროპულმა შტომ გამოაცხადა, რომ მეორე კვარტალში ევროპაში 471 823 ავტომობილი გაყიდა და ბაზრის 9.2 პროცენტი დაიკავა. კომანიის ცნობით, შარშან, ამავე პერიოდში თითქმის 20 პროცენტით მეტი ავტომობილი გაიყიდა. შედარებისთვის, ევროპულ ბაზარზე ახალი ავტომობილების გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18 პროცენტითაა შემცირებული.

”ჯენერალ მოტორსის” ევროპულ გაყიდვებში ლომის წილი ისევ გერმანულ/ინგლისურ ”ოპელ/ვოქსჰოლზე” მოდის - ამ კომპანიებმა ერთად 347 330 ავტომობილი გაჰყიდეს. უფრო მეტიც, გერმანიაში ”ოპელის” გაყიდვები 45 პროცენტითაა გაზრდილი. საერთოდ, 2000 წლის შემდეგ, ”ოპელისთვის” ეს საუკეთესო მეორე კვარტალია.

115 526 ავტომობილი ”შევროლეს” მარკით გაიყიდა, რითაც ამერიკული ბრენდის წილმა ევროპულ ბაზარზე, 2.3 პროცენტს მიაღწია. ”შევროლეს” ავტომობილებზე მოთხოვნა განსაკუთრებით თურქეთში (120 პროცენტით), საფრანგეთსა (102) და გერმანიაში (43) გაიზარდა.

***

სააგენტო ნიკეი იტყობინება, რომ მორიგ ერთობლივ პროექტზე მოილაპარაკეს ფრანგულმა ”პეჟოსიტროენმა” და იაპონურმა ”მიცუბიშიმ”. ამჯერად მათი თანამშრომლობის მიზანი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემებით აღჭურვილი ავტომობილების შექმნა და წარმოებაა.

ორივე კომპანია ერთობლივად იმუშავებს ჰიბრიდული დანადგარის და მისი სხვადასხვა კომპონენტის შექმნაზე. საბოლოო პროდუქტს კი ისინი ერთ ქარხანაში, საკუთარი მარკით გამოუშვებენ. ამასთან, დიდი ტევადობის ლითიუმ-იონური აკუმულატორებით ავტომობილებს ”მიცუბიში” მოამარაგებს.

ჰიბრიდული ავტომობილების გარდა, ფრანგული და იაპონური კომპანიების თანამშრომლობა ელექტრომობილებსაც შეეხება. კერძოდ, ”მიცუბიში” თავისი პარტნიორისთვის ელექტრომობილ i-MiEV-ს დაამზადებს, რომლის მსოფლიო დებიუტიც მერმის იგეგმება.