Saturday, May 22, 2010

1936 წლის ”ბუგატი” 30 მილიონზე მეტად გაიყიდა

1936 Bugatti Type 57SC Atlantic Sells for $30M+

21 მაისი

ამიერიდან, კითხვაზე, რომელია მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი, თამამად შეგიძლიათ უპასუხოთ - 1936 წლის ”ბუგატი ტაიპ 57SC ატლანტიკი”. კომპანია ”გუდინგ ენდ კომპანის” აუქციონზე, ერთ-ერთმა ამერიკულმა მუზეუმმა, ამ ავტომობილში 30 მილიონ დოლარზე მეტი გადაიხადა. მოდით და ეკონომიკურ კრიზისზე ილაპარაკეთ...

სიძვირის მიხედვით, უძვირფასეს ”ბუგატისთან” ყველაზე ახლოსაა 1957 წელს გამოშვებული ”ფერარი 250 ტესტა როსა”, რომელშიც შარშან 12.2 მილიონი დოლარი გადაიხადეს. შემდეგია 1931 წლის ”ბუგატი როიალე კელნერ კუპე”, რომელშიც 1987 წელს ინკოგნიტო კოლექციონერმა 8.7 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ეტორე ბუგატის ფაბრიკამ თავის დროზე, სულ ოთხი ცალი ”ტაიპ 57SC ატლანტიკი” დაამზადა. მათგან დღეს მხოლოდ ორია შემორჩენილი. ერთი ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკელ მულტიმილიონერ რალფ ლორენს ეკუთვნის, მეორე კი ასევე მოდის ბიზნესის მულტიმილიონერს, აწგარდაცვლილი დოქტორ პიტერ უილიამსონის საკუთრება იყო, ახლა კი, სარეკორდო თანხად შტატ კალიფორნიის მულენის საავტომობილო მუზეუმმა შეიძინა. ეს ის ავტომობილია, რომელმაც 2003 წელს, პებლ ბიჩის ელეგანტურობის კონკურსზე გაიმარჯვა.

”ატლანტიკი” ფრანგული კომპანიის მიერ 1935 წლის პარიზის შოუზე ნაჩვენებ პროტოტიპ ”აეროლაით ელექტრონ კუპეს” ბაზაზე შეიქმნა. ის ეგზემპლარი, რომელიც სარეკორდო თანხად გაიყიდა, პირველია იმ ოთხეულიდან, რომლებიც ”ბუგატიმ” დაამზადა და ამიტომაც, განსაკუთრებით ფასეულია კოლექციონერთა შორის.

”ფოლკსვაგენი” ქროსოვერს ”სუზუკი SX4-ის” ბაზაზე გამოუშვებს

Volkswagen Rocktan

21 მაისი

”ფოლკსვაგენი” წარმოებისთვის სრულიად ახალი ქროსოვერს ამზადებს, რომელიც ”სუზუკი SX4-ის” პლატფორმაზე აიგება. ბრაზილიურ საავტომობილო გამოცემა ”ნოტიციას აუტომოტივასის” მიერ გავრცელებული (არაოფიციალური) ინფორმაციით, ახალ ავტომობილს ”როკტანს” დაარქმევენ.

”როკტანს” წინა ან სრულამძრავიანი ტრანსმისია ექნება, მის ძრავების გამაში კი 1.4-დან 2.0 ლიტრამდე მუშა მოცულობის მქონე ბენზინის და დიზელის ძრავები შევა, რომელთაგან ყველაზე მძლავრის მაქსიმალური სიმძლავრე 140 ცხენის ძალას მიაღწევს.

”ფოლკსვაგენის” სამოდელო გამაში, ახალი ქროსოვერი თავისივე კლასის ”ტურანსა” და ”ქროსგოლფს” შორის ნიშას შეავსებს. ევროპულ ბაზარზე მისი მთავარი კონკურენტი ”ნისან ქაშკაი” იქნება. სულ ესაა ის ინფორმაცია, რაც ბრაზილიური გამოცემისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ”ფოლკსვაგენმა” იანვარში იაპონური კომპანიის აქციების 19.9 პროცენტი შეიძინა, რის შემდეგაც, ორმა კომპანიამ ახალი, თანაბარუფლებიანი ალიანსი ჩამოაყალიბა. თანამშრომლობა სხვადასხვა კლასის ავტომობილების წარმოების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ძირითადი აქცენტი კი ჰიბრიდული და ელექტრული ტექნოლოგიების ერთობლივად შემუშავებაზე გაკეთდება. წარმოებულ ავტომობილებს კი ორივე კომპანია თავ-თავისი მარკით გაჰყიდის.

კონცეპტუალური SC90 – ”ვოლვოს” დიზაინის მომავალი?

Volvo SC90 Sports Sedan Concept

21 მაისი

ნოფონ ბანსაზენი ამერიკელი დიზაინერია (აშკარად ფრანგული წარმოშობის - მის წარმომავლობას ინტერნეტში დიდხანს უშედეგოდ ვეძებდი და ბოლოს ისღა გავიგე, რომ სან დიეგოელია) და სულ ოთხი წელია, რაც დამოუკიდებლად ქმნის ავტომობილების დიზაინს. მან სახელი რამდენიმე თვის წინ გაითქვა, როდესაც ”პორშეს” ნახევრად სატვირთო ავტომობილის, პიკაპის კონცეპტუალური პროექტი შეიმუშავა. ახლა კი ”ვოლვოსაც” გადასწვდა და შვედურ კომპანიას, რომელსაც ახლახანს ჩინელები დაეპატრონენ, ოთხკარიანი კუპე (ან სპორტული სედანი) SC90 შესთავაზა.

უფრო სწორედ, მან ეს პროექტი ”ვოლვოს” შეკვეთით და მეთვალყურეობით შეიმუშავა. სამუშაოს დაწყებამდე კი შვედური კომპანიის თანამედროვე კორპორატიული დიზაინი, მისსავე კონცეპტუალურ ცენტრში შეისწავლა. ჯერ უცნობია, ბანსაზენმა თავისი ნამუშევრით, შვედებს S80-ის შემცვლელის მომავალი სახე უჩვენა, თუ სრულიად ახალი ავტომობილი, რომელმაც იდეაში კონკურენცია ”პორშე პანამერას” უნდა გაუწიოს.

ფაქტი კი აშკარაა - კონცეპტუალურ ავტომობილს საკმაოდ აგრესიული გარეგნობა აქვს და შესაძლოა, მის მიხედვით, ”ვოლვო” ახალი კორპორატიული სტილის შემუშავებასაც იწყებს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ბანსაზენისეული სტილი დაიხვეწება, ”დაწყნარდება” და უფრო ”ადამიანური” გახდება.

ისიც უნდა ითქვას, რომ პროექტში არაფერია ნათქვამი ავტომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე. როგორც ჩანს, ”ვოლვოს” მის ნამუშევარში მხოლოდ ავტომობილის გარეგნობა აინტერესებდა, რაც იმის ირიბი დასტურია, რომ შვედებს (უფრო სწორედ, ჩინელებს) სწორედ თავიანთი ავტომობილების დიზაინის დახვეწა აინტერესებთ.

”ბუგატი ვეირონის” შემცვლელი კიდევ უფრო მძლავრი იქნება

Bugatti Veyron

21 მაისი

ვენის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში ლექციის კითხვისას, ”ფოლკსვაგენის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ფერდინანდ პიხმა განაცხადა, რომ ”ბუგატი ვეირონის” შემცვლელი 1 200-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება.

ეს ავტომობილი ”ბუგატიმ”, რომელიც გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, სწორედ პიხის დიდი მონდომების წყალობით გამოუშვა და როგორც ჩანს, დიდი ფერდინანდ პორშეს შთამომავალი ამ მარკის მომავალზე კვლავაც ზრუნავს. ძრავის ამ ტექნიკური მონაცემის გარდა, პიხს ახალი ავტომობილის შესახებ სხვა არაფერი უთქვამს.

ცნობისათვის, ”ვეირონის” წარმოება ”ბუგატიმ” ხუთი წლის წინ დაიწყო, ამ ავტომობილის ღია ვერსია (გრანდ სპორტ) კი 2008 წელს გამოუშვა. ”ვეირონი” სრულამძრავიანი ტრანსმისიით გამოირჩევა და ის 1001-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმალურ მომენტს (1250 ნმ-ს) ძრავის მუხლა ლილვის 2 200 ბრ/წთ-ზე ავითარებს.

ამ აგრეგატებით, ”ვეირონს” 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარება 2.5 წამში შეუძლია, 0-დან 200 კმ/სთ-ს 7.3 წამში კრეფს, 300 კმ/სთ-ს 16.7 წამში აღწევს, მისი სპიდომეტრის ისარი კი 400-იან მაჩვენებელს 50 წამში აღწევს. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, ის 407 კმ/სთ-ია.

”ბუგატი” სულ 300 ცალი ”ვეირონის” წარმოებას აპირებს. აქედან მას უკვე 200-ზე მეტი შეკვეთა აქვს მიღებული. სულ 150 ცალი ”ვეირონ გრანდ სპორტის” წარმოება იგეგმება. ორივე ავტომობილის ღირებულება ევროპულ ბაზარზე 1.5 მილიონი ევროა.

სანამ ”ვეირონის” შემცვლელს ვიხილავდეთ, ბაზარზე ”ბუგატის” მეორე ავტომობილი - სედანი ”16C გალიბიერი” გამოჩნდება, რომლის პირველი ჩვენება შარშან, ფრანკფურტის საავტომობილო შოუმდე რამდენიმე დღით ადრე, სპეციალურ წვეულებაზე შედგა. ამ ავტომობილის კაპოტქვეშ განლაგებულია ”ვეირონის” აგრეგატი, რომელიც 800 ცხენის ძალამდეა დეფორსირებული. ფრანგულ-იტალიური კომპანია ამ ავტომობილსაც მხოლოდ 300 ცალს დაამზადებს.

ექვსმეტრიანი კუპე ”მაიბახის” ბაზაზე

Maybach Coupe 57S

21 მაისი

გერმანული სატიუნინგო ატელიე ”ქსენატეკი” იმითაა ცნობილი, რომ სერიული ავტომობილების ბაზაზე, ექსკლუზიურ შედევრებს ამზადებს. ამჯერად, მის სპეციალისტთა ხელი ისედაც ექსკლუზიურ ავტომობილს - ”მაიბახ 57S-ს” შეეხო, რომლის ბაზაზეც მათ ექვსმეტრიანი კუპე დაამზადეს. გერმანულ ჟურნალ ”ავტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ”ქსენატეკი” ამ კუპეს სულ 100 ცალს დაამზადებს.

ამავე ჟურნალის ინფორმაციით, ”მაიბახის” ორკარიანი ვერსიების წარმოებაში, ”ქსენატეკს” ტექნოლოგიურად ”დაიმლერი” (რომელსაც მაიბახი ეკუთვნის) დაეხმარება. ინგლისურ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით კი, კუპეს გარეგნობის შემუშავებაში მონაწილეობა ”მერსედეს-ბენცის” სპეციალისტებმაც მიიღეს, რომლებსაც შტუტგარტული კომპანიის მთავარი დიზაინერი გორდენ ვაგენერი ხელმძღვანელობდა.

მიუხედავად იმისა, რომ კართა რაოდენობა განახევრდა, ავტომობილმა ოთხი ადგილი შეინარჩუნა. ასევე შენარჩუნებულია ავტომობილის სიგრძეც (5.7 მეტრი) და ბაზაც (3.39 მეტრი). სამაგიეროდ, 0.2 მეტრით, 2.18 მეტრამდე გაიზარდა ავტომობილის სიგანე და ის 1.48 მეტრამდე დადაბლდა. დაკიდევ, 0.2 მეტრით უკან დაიწია შუა საყრდენმა.

ტექნიკური თვალსაზრისით კი კუპე სედან ”მაიბახ 57S-ის” იდენტურია. ის აღჭურვილია 6.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V12 ძრავით, რომელიც 612 ცხენის ძალას ავითარებს. ამ აგრეგატის დახმარებით, ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად, კუპეს 5.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ს აღწევს.

უფრო მეტიც, ”ქსენატეკის” ხელმძღვანელობა ”უფრო” სპორტული ვერსიის წარმოებასაც გეგმავს. ასეთ შემთხვევაში, ავტომობილს უფრო მძლავრ ძრავს ჩაუდგამენ და ის უფრო ხისტ საკიდარსაც მიიღებს. შესაბამისად, შეიცვლება სამუხრუჭე სისტემა და ბორბლებიც, ავტრომობილს კი სახელში ”ევო” დაემატება.

”ქსენატეკი” სულ 100 ცალი კუპე ”მაიბახის” (სპორტულ ავტომობილს ჯერ საკუთარი სახელიც არ აქვს) წარმოებას აპირებს, თითოეულის ღირებულება კი 650 000 ევრო იქნება. ამ ავტომობილით, ”დაიმლერმა” კონკურენცია ”ბენტლი ბრუკლენდსს” და ”როლს როის ფანტომ კუპეს” უნდა გაუწიოს.