Saturday, October 10, 2009

პლანეტის ყველაზე სწრაფი უსინათლო

Fastest Blind Man on Earth

10 ოქტომბერი

თუ გაგიგიათ ოდესმე, რომ უსინათლო ადამიანი ავტომობილს მართავდეს? ალბათ არა. მითუმეტეს, ძნელი წარმოსადგენია, რომ უსინათლოებს სიჩქარის რეკორდიც კი ჰქონდეთ. აქვთ და მერე როგორი!

დურბანვილელმა (სამხრეთ აფრიკა) ჰაინ წაგნერმა უსინათლოთათვის პლანეტის ახალი რეკორდი დაამყარა - 322.5 კმ/სთ განავითარა. თავისი რეკორდისთვის ვაგნერმა ”მერსედეს-ბენც SL 65 ბლექ სერის” გამოიყენა. რეკორდის დამყარებაში კი მას ნავიგატორი რეი უეიკფილდი დაეხმარა.

რეკორდის დასამყარებლად, წყვილმა აპინგტონის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ზოლი გამოიყენა. მას შემდეგ, რაც მაქსიმალურ სიჩქარეს მიაღწია, ვაგნერმა ის მცირე ხნით შეინარჩუნა და სარეკორდო სიჩქარით 1 000 მეტრი გაიარა.

რეკორდი რომ დაამყარა, ვაგნერს შიშზე ჰკითხეს, რაზეც მან მოკლედ მოჭრა: გიჟი უნდა იყო, რომ არ შეგეშინდესო! მოკლედ, მან თავის ყოფასაც სძლია, შიშსაც და სამაგიეროდ, გინესის რეკორდების წიგნში შევა.

მაგრამ ამით დაკმაყოფილებას ის არ აპირებს. თავგადასავლების დაუოკებელი მაძიებლის გეგმაში კიდევ უფრო თავზეხელაღებული და სახიფათო მისია შედის: ის სამგზავრო ბოინგით ლონდონიდან იოჰანესბურგამდე გადაფრენას აპირებს. რა თქმა უნდა, ამჯერადაც ნავიგატორი დაეხმარება. რაც ყველაზე საინტერესოა, ფრენისას მას მგზავრებიც ეყოლება.

სურათზე: ჰაინ ვაგნერი (მარცხნივ) და მისი ნავიგატორი რეი უეიკფილდი