Thursday, July 22, 2010

”პეჟო” კონცეპტუალურ BB1-ს გამოუშვებს

Peugeot BB1 to Make It into Production

21 ივლისი

სკუტერია, თუ ავტომობილი? - ბევრი ახლაც დაობს, თუ რა უწოდოს კონცეპტუალურ მოდელს, სახელად BB1, რომელიც ”პეჟომ” ”ფრანკფურტის” შარშანდელ საავტომობილო გამოფენაზე წარმოადგინა. თუმცა, ამას რა მნიშვნლობა აქვს - გამოცემა ”უოთქარ?-ის” ინფორმაციით, ფრანგულ კომპანიას BB1-ის წარმოება აქვს გადაწყვეტილი. ჟურნალთან საუბრისას, ”პეჟოს” საინჟინრო შტაბის შეფმა ჟილ ვიდალმა განაცხადა, რომ BB1-ის გაყიდვები 2012, ან 2013 წელს დაიწყება.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ”ლომებმა” გადაწყვიტეს, რომ სერიულ მოდელს კონცეპტუალური ავტომობილის გარეგნობა შეუნარჩუნონ. ამის საფუძველი კი ”პეჟოს” ხელმძღვანელობას ფრანკფურტში მიღებულმა დადებითმა გამოხმაურებებმა მისცა. სამაგიეროდ, ჯერაც არ გარკვეულა მთავარი საკითხი - რა დაარქვან BB1-ის სერიულ ვერსიას და ავტომობილების კლასს მიაკუთვნონ ის, თუ სკუტერებისას.

ფრანკფურტში ნაჩვენები კონცეპცია ელექტრომობილია, რომელსაც ოთხი მგზავრის გადაყვანა შეუძლია. BB1-ს ორი ელექტროძრავი ემსახურება, რომლებიც უკანა ბორბლებთანაა მოთავსებული. ეს ბორბლები ”პეჟოსა” და ”მიშლენის” სპეციალისტებმა ერთობლივად შეიმუშავეს. თითოეული ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე სულ რაღაც 20 ცხენის ძალაა და მათი მეშვეობით, BB1-ს 0-30 კმ/სთ-მდე აჩქარება 2.8 წამში შეუძლია, 30-დან 60 კმ/სთ-მდე სიჩქარეს კი 4 წამში კრეფს.

ძრავებს ელექტროენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი ამარაგებს, რომელთა ტევადობაც საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 120 კილომეტრის გავლა შესძლოს. დამატებითი ენერგიის გამომუშავება მზის პანელებით ხდება, რომლებიც კომპანია ”ოუშენ ვიტალ-ის” მიერაა დამზადებული. ეს ენერგია საკმარისია იმისათვის, რომ მანქანის სხვადასხვა ელექტრულმა მოწყობილობამ გამართულად იმუშაოს.

ავტომობილის სიგრძე სულ რაღაც 2.5 მეტრია და ის მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის. სხვა მონაცემები მის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

”ბეემვე მეგასიტი” პირველად ლონდონის ოლიმპიადაზე გამოჩნდება

BMW Megacity, on Display at the 2012 London Olympics

21 ივლისი

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ბეემვე” თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, მიკროლიტრაჟიანი საქალაქო ”მეგასიტის” პრეზენტაციას, მისი წარმოების დაწყებამდე ერთი წლით ადრე, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე ჩაატარებს.

გამოცემა ”უოთქარ?-ის” ინფორმაციით, გერმანულმა კომპანიამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ ის ლონდონური ოლიმპიადის ოფიციალური პარტნიორია და სრულიად ახალი ავტომობილის რეკლამირებისა და პოპულარიზაციისათვის იმაზე უკეთესი ადგილი სად იქნება, თუ არა ისეთ მასობრივ ღონისძიებაზე, როგორიც ოლიმპიური თამაშებია.

”მეგასიტის” შემუშავება მაღალი ტემპით მიმდინარეობს

........................................

ავტომობილს, რომელიც დღეს ”მეგასიტის” სახელითაა ცნობილი, ”ბეემვეს” ლაიპციგური ქარხანა გამოუშვებს. ტავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მისთვის ბავარიელები სუბ-ბრენდის შექმნას აპირებდნენ, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ეს ავტომობილი ან საკუთრივ ”ბეემვეს”, ან ”მინის” მარკით გამოუშვან.

”მეგასიტი” შემუშავების პროცესშია. მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილი - სინქრონული ელექტროძრავი ბავარიელებმა პირველად თავიანთ კონცეპტუალურ ავტომობილ ”აქტივE-ზე” გამოიყენეს. ეს აგრეგატი 170 ცხენის ძალას და მაქსიმუმ 250 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მისი წყალობით, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 144 კმ/სთ-ს მიაღწევს, მისი სვლის სიშორე კი 200 კილომეტრი იქნება.

”მეგასიტიზე” აკუმულატორების ბლოკები ავტომობილის ძირზე მოთავსდება, რისი წყალობითაც, ავტომობილს სიმძიმის ცენტრი ჩვეულებრივზე დაბლა ექნება. ელექტროძრავი კი ავტომობილის უკან განლაგდება და ის, ერთსაფეხურიანი ტრანსმისიის გავლით, მაბრუნ ძალას უკან წამყვან ბორბლებს გადასცემს. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ავტომობილის შასი ალუმინისგან, მისი ძარის კომპონენტები კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ამ კომპონენტებს ბავარიელები აშშ-ში, პარტნიორ კომპანია ”SGL ავტომოტივთან” ერთად აწარმოებენ.

”შკოდა” იაფფასიან მცირელიტრაჟიან ავტომობილს გამოუშვებს

Skoda Joyster Gets the Green Light

21 ივლისი

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ”ფოლკსვაგენი” თავის კონცეპტუალურ მცირელიტრაჟიან მოდელ Up!-ის ბაზაზე ჰეჩბეკ ”ლუპოს” აღადგენს. ამ უნფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე დღეში კი ”შკოდამ”, რომელიც გერმანული კომპანიის ჯგუფში შედის, გამოაცხადა, რომ მალე დაიწყებს მცირელიტრაჟიანი ავტომობილის წარმოებას, რომელიც მის ავტომობილებს შორის ყველაზე იაფი ეღირება.

ბუნებრივია, ”შკოდას” ავტომობილიც Up!-ის ბაზაზე დამზადდება. თუმცა ჩეხურ კომპანიას შესაბამისი კონცეპტუალური მოდელი, სახელად ”ჯოისტერი”, Up!-ზე ადრე, 2006 წელს ჰქონდა წარმოდგენილი. ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა 2012 წლის პირველ ნახევარშია მოსალოდნელი. ის 9 000 ევროზე იაფი ეღირება და ისევე როგორც ”ფოლკსვაგენ ლუპო”, კონკურენციას ”პეჟო 107-ს” და ”ტოიოტა აიგოს” გაუწევს.

”შკოდა ჯოისტერის” შესახებ, ჯერჯერობით ცნობილია მხოლოდ ის, რომ ძრავი მის წინა ნაწილში განთავსდება. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაა, რომელი ძრავებით აღიჭურვება ახალი ავტომობილი. სავარაუდოდ, ეს იქნება ბენზინის სამცილინდრიანი ძრავი 1.0 ლიტრი მუშა მოცულობით და ასევე სამცილინდრიანი, ოღონდ 1.2-ლიტრიანი დიზელი. იგივე ძრავებით ალბათ ”ლუპოც” აღიჭურვება.

სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი ეკონომიურიც იქნება და გარემოსადმი მეგობრულიც - მისი დიზელისძრავიანი ვერსია ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 80 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს, ბენზინისძრავიანის შესაბამისი მაჩვენებელი კი 100 გრ/კმ იქნება.

ცნობისათვის, ”შკოდას” გარდა, Up!-ის ბაზაზე ამავე კლასის ავტომობილს, გერმანული კომპანიის ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი კომპანია - ესპანური ”სეატი” აპირებს. ”ჯოისტერს” ალბათ ”შკოდას” ალოვაკური საწარმო გამოუშვებს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ ბრატისლავაში მდებარეობს.

ცნობილია, რომ ”ფოლკსვაგენი” ”ლუპოს” ელექტრონულ ვერსიასაც გამოუშვებს. მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, იმავე ელექტრომობილის წარმოებას ”შკოდა” და ”სეატიც” თუ აითვისებენ.