Friday, October 29, 2010

რედ ბულ X1” - განხორციელებული ოცნება

”რედ ბულმა” ახალი, ოღონდ ვირტუალური სიჩქარის მონსტრი შექმნა

Red Bull X1 is the Fastest Car in Gran Turismo 5

29 ოქტომბერი

ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა ”რედ ბულ რეისინგმა” რომ ვირტუალურ პროტოტიპ X1-ის რეალური ვერსია რომ დაამზადოს, ეს მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილი იქნება. ყოველ შემთხვევაში, გუნდის გერანელმა პილოტმა (რეალურმა) სებასტიან ფეტელმა ამ მანქანით, ვირტუალურ ნურბურგრინგზე სიჩქარის ახალი რეკორდი დაამყარა.

სამწუხაროს, ასეთი ავტომობილი რეალურად არ არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მისი დამზადება შეუძლებელია. სამაგიეროდ, სანამ ”რედ ბულ რეისინგი” რეალური ეგზემპლარის დამზადებას მოიფიქრებს, X1 ”სონი პლეისტეიშნის” ახალი ვიდეოთამაშის, ”გრან ტურიზმო 5-ის” ნამდვილი სუპერ ვარსკვლავი გახდება, როცა იაპონური კომპანია ამ თამაშის გაყიდვას დაიწყებს.

ედრიან ნიუი და კაძუნორი იამაუჩი (მარჯვნივ)

..............................

ალბათ გაინტერესებთ, ასეთი რა მონსტრი შექმნეს ”რედ ბულის” ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ და ”სონის” ვირტუალური სამყაროს ჯადოქრებმა:

გაბარიტები - სიგრძე 4.75 მეტრი, სიგანე 2.18 მეტრი, სიმაღლე 0.98 მეტრი, ბორბლებს შორის ბაზა 2.90 მეტრი, წინა ბორბლების კვალი 1.85 მეტრი, უკანა ბორბლების კვალი 1.78 მეტრი. ავტომობილის მშრალი წონა 545 კილოგრამია, სრული წონა კი - 615 კილოგრამი. წონაზე ”რედ ბულის” პრეს რელიზში წერია, რომ ამდენივე იქნებოდა მისი ავსტრალიელი პილოტის, მარკ უებერის წონა, მან რომ მოსახვევი 300 კმ/სთ სიჩქარით გაიაროს. ეს კი ნიშნავს, რომ ამ დროს, მასზე მოქმედი გადატვირთვა 8.25G-ს მიაღწევს. ეს კი ის მაჩვენებელია, რომელსაც სამხედრო თვითმფრინავები აღწევენ...

სებასტიან ფეტელი ”პოლიფონი დიჯიტალის” სპეციალისტებთან კონსულტაციისას

..............................

ავტომობილი მამოძრავებელ ძალას 3.0-ლიტრიანი, ორტურბოკომპრესორიანი V6 ძრავისგან ღებულობს, რომელიც (რა თქმა უნდა, თეორიულად) 1483 ცხენის ძალას იძლევა. ეს 283 ცხენით მეტია, ვიდრე მსოფლიოს უსწრაფეს ავტომობილ ”ბუგატი ვეირონ სუპერ სპორტს” ემსახურება. მაბრუნი მომენტი 714.1 ნიუტონმეტრი (12 000 ბრ/წთ-ზე), ძრავის ბრუნთა რიცხვი კი - 15 000 ბრუნია წუთში.

ღმერთმა იცის, ამ აგრეგატით, X1-ის მაქსიმალური სიჩქარე რამდენს მიაღწევს. ფორმულა 1-ის ჩაკეტილ ტრასებზე ვირტუალური ტესტების დროს კი ფეტელი ადვილად აღწევდა 450 კმ/სთ-ის ნიშნულს! ეგ კიდევ არაფერი, ავტომობილს ფენმენური აჩქარება აქვს: ადგილიდან 100 კმ/სთ-ის ასაკრეფად მას 1.4 წამი ჰყოფნის. ასეთი აჩქარება ფ1-ის მანქანებსაც არ აქვს. ადგილიდან 195 კმ/სთ-მდე X1-ს 2.8 წამი ჰყოფნის, ადგილიდან 320 კმ/სთ-მდე კი - 6.1 წამი.

თამაში ”გრან ტურიზმო 5” ”სონის მიერაა შექმნილი, X1-ის დამზადება კი იაპონურმა კომპანიამ ”რედ ბულ რეისინგს”, კერძოდ კი მისი აეროდინამიკის ექსპერტ ედრიან ნიუისა და სამგანზომილებიანი პროგრამების შემუშავების საქმეში სპეციალიზებულ კომპანია ”პოლიფონი დიჯიტალს” მიანდო. რა თქმა უნდა, X1-ის შემუშავებასა და სრულყოფაში მონაწილეობა ფეტელმაც მიიღო.

”პოლიფონი დიჯიტალს” ნიუის გამოცდილება ავტომობილის კონსტრუქციის და აეროდინამიკის შემუშავებისას ესაჭიროებოდა. დაისვა მარტივი კითხვა: ”თუ მოინდომებ მსოფლიოში უსწრაფესი ავტომობილის შექმნა, ისეთის, რომელიც არცერთ რეგლამენტს არ დაექვემდებარება, როგორი გარეგნობა უნდა ჰქონდეს მას, როგორი იქნება მისი დინამიკა და რამდენად მარტივი იქნება მისი მართვა?” ”პოლიფონი დიჯიტალმა” მარტივი პასუხი გასცა - ”ეს იქნება X1 პროტოტიპი”!

მარტივი ახლა ითქმის, თორემ ვირტუალური ზესწრაფი ავტომობილის შექმნას ნიუი ისეთივე სერიოზულობით და მონდომებით მოოეკიდა, როგორც ფორმულა 1-ის ბოლიდების შექმნას ეკიდება ხოლმე. რა თქმა უნდა, ის ამ პროექტში მხოლოდ ტექნიკური მრჩეველის როლს თამაშობდა, თუმცა ისეთ ბავშვურ ენთუზიაზმს ავლენდა, რომ მუშაობის პროცესში ყველას აოცებდა.

ნიუიმ X1-ის კონსტრუქციაში ისეთი აეროდინამიკური საშუალებები გამოიყენა, როგორებიც თანამედროვე ფორმულა 1-ში აკრძალულია. ესაა გრაუნდ ეფექტი, რომელიც ავტომობილის ქვედა ნაწილში გაუხშოებული არეალის შექმნას ითვალისწინებს. ასეთი გრაუნდ ეფექტი ირველად გენიალურმა კოლინ ჩეპმენმა გამოიყენა თავის ”ლოტუსზე”. მაგრამ ფ1-ში ის მალე აიკრძალა, რადგან გარკვეულ პირობებში, პილოტს დიდ საფრთხეს უქმნიდა. ყოველივეს წყალობით, X1 ბევრ მოსახვევს, სადაც ფ1-ის მანქანებს სიჩქარის დაგდება უწევთ, სრული გაზით გადის. ამ დროს კი პილოტი ადამიანის ორგანიზმისთვის თითქმის ზღვრულ გადატვირთვებს განიცდის.

სწორ მონაკვეთებზე აეროდინამიკური წინააღმდეგობის შესამცირებლად და ამის წყალობით, მანქანის სიჩქარის გასაზრდელად, ნიუიმ კოკპიტი დახურა. ასევე აეროდინამიკურ გარსებში მოაქცია ოთხივე ბორბალი. რა თქმა უნდა, ავტომობილის აეროდინამიკურობის გაუმჯობესებას ემსახურება წინა და უკანა ფრთები, ასევე უკანა დიფუზორი.

დაბოლოს, X1-ის სრულყოფაში დიდი წვლილი ფეტელს მიუძღვის, რომელმაც მისი პირველი ტესტისთვის სუძუკას ვირტუალური ტრეკი გამოიყენა და პირველივე წრეზე, თითქმის 20 წამით გააუმჯობესა ის სარეკორდო შედეგი, რომელიც მასვე ფორმულა 1-ის რბოლებში ეკუთვნის.

”დღეისათვის, მსოფლიოში არსებული ყოველი სარბოლი სერია გარკვეულ რეგლამენტს ექვემდებარება. ჩვენ კი ისეთი სარბოლი მანქანა შევქმენით, რომელიც არანაირ რეგლამენტს არ ემორჩილება. რა თქმა უნდა, ეს არ არის ნამდვილი მანქანა, ეს მხოლოდ ოცნებაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალში მოტორსპორტი ჩვენგან მაგალითებს მიიღებს”, - ამბობს ”პოლიფონი ”დიჯიტალის” პრეზიდენტი კაძუნორი იამაუჩი.

”ჩვენი პროფესიის ადამიანებს ყოველთვის აინტერესებთ, თუ სად გადის ავტომოვილის შესაძლებლობების ზღვარი. რა იქნება, თუ არანაირ რეგლამენტს არ დავემორჩილებით. შემიძლია ვთქვა, რომ ”პლეისტეიშნ3-ის” და ”გრან ტურიზმო 5-ის” წყალობით, ამ ზღვარს მივაღწიეთ და მას იმ მილიონობით ადამიანს გავუზიარებთ, რომლებიც ამ თამაშს ეზიარებიან. სწორედ ესაა ის გამოწვევა, რომელმაც ”რედ ბულ რეისინგი” ”პოლიფონი დიჯიტალთან” დააკავშირა. ჩვენი თანამშრომლობის შედეგი კი უსწრაფესი X1-ია”, - ამბობს ნიუი.

დაკიდევ, მთავარის შესახებ: ”სონი პლეისტეიშნი” ვიდეოთამაშ ”გრან პრი 5-ის” გაყიდვებს 2 ნოემბერს იწყებს. ”რედ ბულ X1-ის” გარდა, თამაშში ასევე შეტანილია 1000-ზე მეტი სარბოლი ავტომობილის (როგორც საგზაო სუპერ ქარების, ასევე ნასქარ-ის, რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და ბევრ სარბოლ სერიაში მონაწილე ავტომობილების) მონაცემები.