Wednesday, March 24, 2010

მეორე თაობის ახალ ”ხოჭოს” ნოემბერში ვიხილავთ

Gen 2 VW New Beetle May Arrive in November

24 მარტი

ბრიტანულმა ჟურნალმა ”ავტოქარმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ყველაზე მეტად, ავტოინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, ”ფოლკსვაგენ ბიტლის” თაყვანისმცემლებს გაახარებს - ნოემბერში, ლოს ანჯელესის ავტო შოუზე, გაიმართება ”ფოლკსვაგენის” ”ახალი ხოჭოს” მეორე თაობის მოდელის პრეზენტაცია.

”ავტოქარისვე” ცნობით, ახალ ავტომობილს ყველაფერი - ძარა, ძრავები და გადაცემათა კოლოფიც ახალი ექნება. ჟურნალის წყაროს ინფორმაციით, ახალი ”ახალი ხოჭო” ბენზინსა და დიზელზე მომუშავე სამ-სამ ძრავს მიიღებს.

ბენზინის ძრავებია: 1.2-ლიტრიანი 105 ცხენის ძალით, 1.4-ლიტრიანი 160 ცხენის ძალით და 2.0-ლიტრიანი 210 ცხენის ძალით. დიზელის ძრავებია 1.6-ლიტრიანი 105 ცხენის ძალით, 2.0-ლიტრიანი 140 ცხენის ძალით და ამერიკის ბაზრისთვის - 2.5-ლიტრიანი 170 ცხენის ძალით.

რაც მთავარია, ახალი ”ახალი ხოჭო” წინამორბედზე გრძელიც იქნება და განიერიც. გავრცელებული ინფორმაციით, ”ფოლკსვაგენი” მას ”ბეემვეს” ”მინისთან” საკონკურენციოდ ამზადებს. იგივე წყარო გვამცნობს, რომ გარეგნულად ის ძლიერ დაემგვანება კონცეპტუალურ ”რაგსტერს”, რომელიც ვოლფსბურგელებმა დეტროიტის 2005 წლის გამოფენაზე გვიჩვენეს. თუმცა, ალბათ მასზე ნაკლებად აგრესიული დიზაინი ექნება.

”ფორდის” შეფმა შარშან 18 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

Ford's Mulally earns $18M

24 მარტი

ალან მიულალი (მარცხნივ) და ბილ ფორდი

..........................................

”ფორდის” მთავარმა აღმასრულებელმა და პრეზიდენტმა ალან მიულალიმ გასული წლის განმავლობაში 18 მილიონი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანაზღაურებაზე მილიონით მეტია. და ეს იმის მიუხედავად მოხდა, რომ მას ხელფასი 30 პროცენტით (2-დან 1.4 მილიონ დოლარამდე) შეუმცირდა. ამასთან, მიულალიმ ბონუსების მიღებაზეც უარი განაცხადა. შემოსავლის ზრდა მიულალის ხელთ არსებული (ფორდის) აქციების პაკეტის ფასის ზრდის ხარჯზე მოხდა. მათი წყალობით, მან დაახლოებით 16 მილიონი დოლარი მოიგო.

”ფორდ მოტორის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბილ ფორდმა, ვინც ამერიკული კომპანიის დამაარსებელ ჰენრი ფორდის შთამომავალია, კვლავ (მეხუთედ) ხელფასზე უარი თქვა, თუმცა ამის მიუხედავად, მისმა შემოსავალმა მაინც 16.8 მილიონი დოლარი შეადგინა.

შედარებისთვის, ”ჯენერალ მოტორსის” მთავარი აღმასრულებლის მოვალეობის შემსრულებელ ედუარდ უაიტეკრის შარშანდელმა შემოსავალმა ”სულ რაღაც” 9 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცნობისათვის, ”ფორდს” აშშ-ის მთავრობისთვის ორი წლის წინ მიცემული ჰქონდა პირობა, რომ მის ხელთ არსებულ ხუთივე ბიზნეს კლასის თვითმფრინავს გაყიჰდდა, მაგრამ აქამდე ვერცერთის გაყიდვა ვერ მოახერხა. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობა ირწმუნება, რომ თვითმფრინავებს არ იყენებს.

”ჩვენ ანგარი დავხურეთ და თვითმფრინავები გასაყიდად გამოვიტანეთ, მაგრამ ვერცერთის გაყიდვა ვერ შევძელით, რადგან ჯერჯერობით, ამისთვის შესაფერისი დრო არ დამდგარა - კრიზისმა კერძო თვითმფრინავების ბაზარი ძლიერ დაასუსტა”, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ამ ეტაპზე, ”ფორდის” ხელმძღვანელობა ორი ნაქირავები ბიზნეს კლასის თვითმფრინავით სარგებლობს, უფრო დაბალი რანგის მენეჯერები კი კომერციული ავიარეისებით დაფრინავენ.

”მაკლარენი” შეკვეთებს ვერ აუდის

McLaren MP4-12C Gets 1,600 Orders

24 მარტი

”მაკლარენ ავტომოტივს” ჯერ თავისი სუპერ ავტომობილის, ”მაკლარენ MP4-12C-ს” წარმოება არ დაუწყია, მაგრამ მასზე უკვე 1600-ზე მეტი შეკვეთა მიიღო, რაც ამ ავტომობილის წარმოების მთლიან მოცულობაზე 1.6-ჯერ მეტია. ჯერჯერობით უცნობია, ინგლისური კომპანია რა გზით შეძლებს ასეთი მოთხოვნის დაკმაყოფილებას - გაზრდის წარმოებას, თუ მანქანის შეძენის მსურველთა შორის ლატარეას გაათამაშებს.

”მაკლარენ MP4-12C-ს” პრეზენტაციაზე, კომპანიამ გამოაცხადა, რომ მის მიერ წარმოებული ავტომობილების 25 პროცენტი ბრიტანეთში გაიყიდება, ამდენივეს შეძენის საშუალება ამერიკელებს მიეცემათ, დანარჩენი 50 პროცენტი კი დანარჩენ მსოფლიოზე, უმეტესად ევროპაზე გადანაწილდება.

”მაკლარენ MP4-12C” აღჭურვილია ”მაკლარენისვე” წარმოების 3.8-ლიტრიანი V8 ძრავით, რომელიც წყვილი ტურბოკომპრესორის დახმარებით, 600 ცხენის ძალას იძლევა. ძრავთან ორდისკოიანი ქუროთი 7-საფეხურიანი კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის მეშვეობით, ავტომობილს 320 კმ/სთ-მდე აჩქარება შეუძლია, 100 კმ/სთ სიჩქარეს კი ის 3 წამზე ნაკლებში ასწრებს.

სანამ ახალ ფაბრიკას ააშენებს, ”მაკლარენი” MP4-12C-ს წარმოებას წელსვე, თავისივე ტექნოლოგიურ ცენტრში დაიწყებს. ავტომობილის გაყიდვები, 19 ქვეყანაში მოქმედი 35 დილერის მეშვეობით განხორციელდება. აღჭურვილობის შესაბამისად, MP4-12C-ს შეძენის მსურველებს, მასში 140-195 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ.