Friday, March 5, 2010

”პეჟოს” სამიზნე გერმანული პრემიუმ ბრენდებია

Peugeot aims at German premium brands with new styling (Automotive News Europe)

5 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუზე, ”პეჟომ” კონცეპტუალური ავტომობილის - ”5 პეჟოსგან” პრეზენტაცია ჩაატარა. ფრანგული კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ავტომობილის ბაზაზე შექმნილი ახალი სედანი, კონკურენციას პრემიუმ სეგმენტის გერმანული ლიდერების ისეთ პოპულარულ მოდელებს გაუწევს, როგორებიცაა ”მერსედეს ბენცის” C კლასი, ”ბეემვეს” მე-3 სერია და ”აუდის” A4.

”5 პეჟოსგან” ”ფრანგული ლომების” სედან 508-ს წინამორბედია და მისი წარმოების დაწყება მერმისს, წლის დასაწყისში იგეგმება. ”პეჟოს” მმართველი დირექტორი ჟან-მარკ გალესი აცხადებს, რომ 508-ს სერიული ვერსიის მსოფლიო პრემიერა ჟენევის მომავალი წლის გამოფენაზე ჩატარდება.

”ეს ის სეგმენტია, რომელშიც გერმანული ბრენდები დომინირებენ და ამ ავტომობილით, ჩვენ ამ სეგმენტში დამკვიდრებას და მათთან კონკურენციას ვგეგმავთ. სწორედ ამ დანიშნულებით მოვამზადეთ ეს კონცეპტუალური ავტომობილი”, - პრეზენტაციაზე განაცხადა გალესმა.

”ხუთიანი პეჟოსგან” ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომლის დამკვიდრებასაც ფრანგული კომპანია პირველად სწორედ 508-ით დაიწყებს. ეს სტილი რადიატორის შემცირებული ბადით, წვრილი ფარებით და დინამიკური, თუმცაღა ახლანდელ მოდელებზე ნაკლებად აგრესიული დიზაინით გამოირჩევა. ფაქტობრივად, ”პეჟოს” ახალი დიზაინი მიჰყვება ევროპული ავტომწარმოებლების ახალ ტრენდს, რომელსაც დასაბამი ”ფოლკსვაგენ პასატმა” და ”ოპელ ინსინიამ” მისცეს.

”ამ კონცეპტუალურ ავტომობილს, ჩვენი სამომავლო დიზაინის გენები აქვს. ყოველ ავტომობილში, რომლებსაც ამიერიდან წარმოგიდგენთ, თქვენ ამ გენებს შენიშნავთ. ისინი კონცეპტუალური SR1-სა და ”ხუთიანი პეჟოსგან” გარეგნობის შთაგონებით შეიქმნება”, - ამბობს გალესი და დასძენს, რომ სედანი 508 მალე ერთდროულად უფრო პატარა 407-სა და უფრო დიდ 607 სედანებს შეცვლის. თანაც, ის ხაზს უსვამს, რომ სერიული 508-ს დიზაინი, 90 პროცენტით დაემგვანება ”ხუთიანს პეჟოსგან”.

ჟენევაში წარმოდგენილი ”5 პეჟოსგან” ფრანგული კომპანიის ”ჰიბრიდ4” სისტემითაა აღჭურვილი. ამ სისტემაში, ავტომობილის წინ განლაგებული 2.0-ლიტრიანი (165-ცხენისძალიანი) დიზელი და უკან განლაგებული ელექტროძრავია გაერთიანებული, რომელიც დამატებით 38 ცხენის ძალას იძლევა. ფრანგული კომპანიის განცხადებით, ამ ჰიბრიდული სისტემის წყალობით, ავტომობილი 100 კილომეტრს 3.8 ლიტრი საწვავით გადის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ CO2-ს გამოჰყოფს. და თუ მხოლოდ ელექტროძრავით მოძრაობს, მაშინ ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს.

”ნისანი” ახალ ”მიკრაზე” დიდ იმედებს ამყარებს

Nissan unveils new compact car (Reuters)

5 მარტი

”ნისან მოტორმა” ჟენევაში თავისი დაბალფასიანი სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”მიკრა” (ზოგიერთ ბაზარზე ის ”მარჩის” სახელით იყიდება) წარმოადგინა, რომელიც მთელი მსოფლიოს ბაზარზე გაიყიდება. იაპონური კომპანია ამ ავტომობილის ბაზაზე მოდელების მთელი ოჯახის შექმნას აპირებს და იმედოვნებს, რომ 2013 წლისთვის მათი გაყიდვების მოცულობა 1 მილიონს გასცდება.

ახალი ჰეჩბეკი ”ნისანის” სრულიად ახალ, V პლატფორმაზეა აგებული. ამ პლატფორმის წარმოებისას, იაპონური კომპანია ახალ, მსუბუქსა და მტკიცე მასალებს გამოიყენებს და მისი წარმოება, წინამორბედზე იაფი დაჯდება. პლატფორმის სიიაფეს კი, პირველ რიგში ის ფაქტორი განსაზღვრავს, რომ მას ”მიკრას” ბაზაზე დამზადებული ბევრი მოდელისთვის გამოიყენებენ.

ახალი ”მიკრა”, პირველ რიგში, სწრაფად განვითარებად ქვეყნებში გაიყიდება, როგორებიცაა ტაილანდი, ინდოეთი და ჩინეთი. ამასთან, ის ევროპის ბაზარზეც დარჩება. ჯერჯერობით უცნობია, შეიტანს თუ არა მას იაპონური კომპანია აშშ-ის ბაზარზე.

”ადრე ჩვენი კომპანია კომპაქტურ სეგმენტებში ფართოდ არ იყო წარმოდგენილი, რისი მიზეზიც ის ფაქტი იყო, რომ ჩვენ შესაბამისი მონაცემების მქონე პლატფორმა არ გვქონდა. ახალი პლატფორმა კი ჩვენს მიდგომას ძირეულად ცვლის. მისი საშუალებით, ჩვენ კონკურენტუნარიანნი ვხდებით”, - ამბობს ”ნისანის” მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი.

ახალი ”მიკრას” ფასი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა. გონი ამბობს, რომ ეს პატარა ავტომობილი, მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდება. ამ ავტომობილის გამოშვებას პირველი ”ნისანის” ტაილანდური ქარხანა დაიწყებს, შემდეგ კი ინდოეთის ჯერიც დადგება. ინდოეთის ბაზარი ”ნისანისთვის” მეტად მნიშვნელოვანია. აქ კომპაქტურ სეგმენტში ”მარუტი სუზუკი” და ”ჰიუნდაი” ლიდერობენ. ასე რომ, ”მიკრას” იქ მკაცრი კონკურენცია ელის.

გონის განცხადებით, პლატფორმის მსუბუქი სტრუქტურის წყალობით, ახალი ”მიკრა” გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით გამოირჩევა. განვითარებითი ბაზრებისთვის განკუთვნილი ”მიკრა”, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს მხოლოდ 115 გრამი CO2-ით აბინძურებს. ეგ კიდევ არაფერი - მალე ”ნისანი” ევროპული სპეციფიკაციის შესაბამისად მომზადებულ ”მიკრასაც” წარმოადგენს, რომლის გამონაბოლქვშიც, CO2-ის შემცველობა სულ რაღაც 95 გრ/კმ იქნება.

”ჯულიეტა” – ”ალფა რომეოს ახალი ფლაგმანი

Fiat counts on new Alfa model to give brand a boost (Reuters)

5 მარტი

ჟენევის საავტომობილო შოუზე, ”ფიატის” საავტომობილო ჯგუფში შემავალმა კომპანია ”ალფა რომეომ” თავისი ახალი ფლაგმანი მოდელი - ჰეჩბეკი ”ჯულიეტა” წარადგინა, რომლითაც მილანური კომპანიის გამოცოცხლება უნდა დაიწყოს. სავარაუდოდ, სწორედ ”ჯულიეტა” გახდება ის ავტომობილი, რომლითაც ”ალფა რომეო” ამერიკის ბაზარს დაუბრუნდება. ცნობისათვის, იტალიურმა კომპანიამ აშშ-ის ბაზარი 1985 წელს დატოვა.

”ფიატი” ”ალფა რომეოს” ახალ სტრატეგიას მალე გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ მილანური ასწლოვანი ავტომწარმოებლის ფეხზე დადგომის საქმეში, მთავარი როლი სწორედ ”ჯულიეტას” დაეკისრება. ”ფიატის” მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ იანვარში განაცხადა, რომ მისი კომპანია ”ალფა რომეოს” გაყიდვას არ აპირებს და აქციონერებს აღუთქვა, რომ მალე მის ახალ სამოქმედო სტრატეგიას გამოაქვეყნებს.

”კრედიტ სუისის” ანალიტიკოსი სტიუარტ პერსონი აცხადებს, რომ ”ალფას” ასაღორძინებლად მთავარი წარმოების რაოდენობის გაზრდა არ იქნება. მთავარია ხარისხი და ეს ბრენდი იმ შემთხვევაშიც გახდება კონკურენტუნარიანი, თუ წარმოების მოცულობას რამდენიმე ასეული ათასის ფარგლებში შეინარჩუნებს. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ საკითხისადმი ამგვარი მიდგომით განვითარდა სამი გერმანული პრემიუმ ბრენდი (მერსედესი, ბეემვე და აუდი), რომლებიც უკვე წარმოების მილიონიან ზღვარს გასცდნენ.

შარშან ”ალფა რომეომ” მთელს მსოფლიოში 110 000 ავტომობილი გაჰყიდა, საიდანაც უმეტესობა ევროპაში დარჩა. გაყიდვების გაზრდის საშუალება შეიძლება გახდეს ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება, თუმცა ეს 2012 წლამდე არ იგეგმება.

”ალფა რომეო” ”ფიატის” ჯგუფში 1986 წლიდან შედის და იქიდან მოყოლებული, მისი გაყიდვები თითქმის ყოველწლიურად კლებულობს, რის გამოც, ტურინელები მის გაუქმებასაც კი ფიქრობდნენ, თუმცა მარკიონემ მილანელებს ბოლო შანსი მისცა. თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა ასეთ რადიკალურ ნაბიჯს მაინც არ ელოდა.

სხვათა შორის, მარკიონე ”ალფა რომეო ჯულიეტას” ჟენევურ პრეზენტაციას არ დასწრებია. ამ დროს ის ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ”ფიატმა” თავის ბრაზილიურ კომპანია CNH-ის ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ქარხანა, რომლის მშენებლობაც 557 მილიონი დოლარი დაჯდა, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოებაზეა სპეციალიზებული. მარკიონეს გარდა, მის გახსნას ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვაც დაესწრო. ცნობისათვის, ბრაზილიის ეკონომიკის სოფლის სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, მისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების ბაზრის 24.5 პროცენტს კი ”ფიატი” აკონტროლებს.

სხვათა შორის, ბრაზილიის ეკონომიკური რეცესია შედარებით მცირე ხანს გაგრძელდა და შარშან, იქაურ ავტო ბაზარზე გაყიდვების 11.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ტურინულ ავტო გიგანტს კი ამ ბაზარზე სოლიდური წილი უკავია.