Saturday, August 28, 2010

”დონტო P1” - არგენტინული სუპერ სათამაშო

Donto P1 Track Car In the Works

28 აგვისტო

ბოლო წლებში, ავტოინდუსტრიაში პოპულარული ხდება ბიზნესის შედარებით ახალი სეგმენტი, რომელიც მყიდველს ისეთ სპორტულ ავტომობილებს სთავაზობს, როგორებსაც ადრე მხოლოდ სარბოლ ტრასებზე თუ წარმოვიდგენდით. ასეთი ავტომობილებია KTM-ის X-ბოუ და ”არიელის” ”ატომი”. მალე კი, არგენტინიდან, მათს რიგებს კიდევ ერთი სწრაფი სათამაშო შეუერთდება.

ესაა პატარა კომპანია ”დონტოს” მიერ ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური პროექტის სახით შემუშავებული P1, რომელიც არგენტინულ ინტერნეტ გამოცემა ”ავტობლოგის” ინფორმაციით, სატესტო პროტოტიპის სახით უკვე არსებობს და საგზაო გამოცდებსაც გადის.

პროექტმა სტარტი 18 თვის წინ აიღო. მის მიხედვით, იგეგმება ორადგილიანი ექსტრემალური ბოლიდის წარმოება, რომელსაც სახურავი მოსახსნელი ექნება. ავტომობილის მთავარი დიზაინერია ლუკას ლოპესი, რომელმაც თავისი ”მხეცი”, სარბოლი ავტომობილების ტექნოლოგიების გამოყენებით შეიმუშავა. მსუბუქი მასალების გამოყენების წყალობით, P1 (ეს აბრევიატურა ალბათ პირველ პროექტს ნიშნავს) ძალიან მსუბუქი (დაახლოებით 700 კილოგრამი) უნდა იყოს. ავტომობილის შასიზე კი ექტორ პერესი მუშაობდა, რომელმაც თავისი პროექტის შემუშავებისას, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) წესები გაითვალისწინა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა აგრეგატი მიანიჭებს ამ არგენტინულ ”მხეცს” მამოძრავებელ ძალას. პროექტის ავტორები ამბობენ, რომ ისინი არჩევანს გერმანულ ძრავზე შეაჩერებენ. საცდელი პროტოტიპი კი ”ფოლკსვაგენის” 1.8-ლიტრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც მაქსიმუმ 180 ცხენის ძალას იძლევა.შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საბოლოო პროდუქტის ძრავის სიმძლავრეც ამაზე გაცილებით მეტი არ იქნება.

”დონტო” აცხადებს, რომ P1-ს შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებს, მისი ფასი კი 55 000 დოლარი იქნება. გარდა იმისა, რომ თავის პატრონს სარბოლ ტრასებზე დიდ სიამოვნებას მიანიჭებს, ეს ავტომობილი საერთო სარგებლობის გზებზე სარგებლობისთვისაც ვარგისი იქნება.