Saturday, July 3, 2010

საჩუქრები ”შევროლე ვოლტის” პირველი მყიდველებისთვის

Free Home Charging Stations for 4,400 Chevrolet Volts

3 ივლისი

”ჯენერალ მოტორსი” თავის ელექტრულ ჰიბრიდ ”შევროლე ვოლტის” პირველ 4 400 მყიდველს დასამუხტ მოწყობილობებს უფასოდ გადასცემს და დაუმონტაჟებს. ასეთი შეთავაზება კი შესაძლებელი გახდა მას შემდგ, რაც აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა ამერიკული აღორძინებისა და რეინვესტირების აქტი გამოსცა, რომელიც ტრანსპორტის ელექტრიფიკაციის ინიციატივის ფარგლებში მოხდა.

ამ პროექტებით, ენერგიის დეპარტამენტი შემდეგ მიზნებს ისახავს: ელექტრომობილების დასამუხტი მოწყობილობები მასობრივად გავრცელდეს როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ასევე სამსახურებსა და სახლებშიც. ამგვარად, შესაძლებელი გახდება ელექტრომობილების, როგორც იოლად მოსახმარი სატრანსპორტო საშუალებების პოპულარიზაცია და ეკოლოგიისადმი მეგობრული მანქანებიც სწრაფად მოიპოვებს პოპულარობას. მეორე მიზანი კი ელექტრომობილების მოხმარების ასპექტების შესწავლაა, რათა შესაძლებელი იყოს მათ დასამუხტ მოწყობილობათა კონსტრუქციების ოპტიმიზაცია-დახვეწა.

”ბევრი მყიდველი სახლში ”ვოლტის” 120-ვოლტიანი შტეპსელიდან დამუხტვას შეძლებს, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდება. ეს ხალხი სამსახურში ისე ივლის, რომ მხოლოდ აკუმულატორებში დაგროვილ ენერგიას გამოიყენებს. იმ მყიდველებისთვის კი, რომლებსაც სწრაფად დამმუხტავი, 240-ვოლტიანი სისტემის დაყენება ენდომება, ენერგიის დეპარტამენტი ალბათ 1000-2000 დოლარის შეღავათს დააწესებს”, - ამბობს პროგრამა ”შევროლე ვოლტის” წარმოებისა და მარკეტინგის საქმეების დირექტორი ტონი დისეილი.

ამერიკული კომპანია ”შევროლე ვოლტს” მყიდველს დასამუხტ საშუალებებთან ერთად შესთავაზებს. საბაზო კომპლექტაციაში შევა 120-ვოლტიანი სისტემა, თუმცა მსურველებს უფრო სწრაფად დამმუხტავი, 240-ვოლტიანი სისტემის შეძენის საშუალებაც ექნებათ. ამასთან, იმ მყიდველებს, რომლებიც პროგრამით გათვალისწინებულ ქალაქებში არ ცხოვრობენ, მაგრამ მაინც მოისურვებენ ამ ავტომობილის შეძენას, 240-ვოლტიან სისტემას უფასოდ მისცემენ.

ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემების მიხედვით, მარტო აკუმულატორებში დაგროვილი ენერგიით ”შევროლე ვოლტი” მხოლოდ 65 კილომეტრის გავლას შესძლებს, რის შემდეგაც, საქმეში ბენზინის კომპაქტური ძრავი და მასთან დაკავშირებული გენერატორი ჩაერთვებიან, რომლებიც ელექტროძრავებისთვის აუცილებელ ენერგიას გზაშივე გამოიმუშავებენ. ამგვარად, ავტომობილის სვლის სიშორე 560 კილომეტრს მიაღწევს.

”ტესლა” სამოდელო გამას გააფართოებს

Tesla Motors

3 ივლისი

ელონ მუსკი
..............................

ელექტრომობილების მწარმოებელმა ამერიკულმა (კალიფორნიულმა) კომპანია ”ტესლა მოტორსმა” გამოაცხადა, რომ თავისი სამოდელო გამის მნიშვნელოვნად გაფართოებას აპირებს და პლატფორმაზე, რომელსაც ამჟამად მხოლოდ ერთი მოდელისთვის (როდსტერ S) იყენებს მალე სედანის, კომერციული ფურგონის და ქროსოვერის, ან უგზოობის ავტომობილებს გამოუშვებს. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ელექტრომობილი იქნება.

ამის თაობაზე კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა და უმსხვილესმა აქციონერმა, ელონ მუსკმა, უოლ სტრიტზე, თავისი კომპანიის აქციების ბირჟაზე გამოტანის ცერემონიაზე განცხადა. ცერემონია ”ტესლა მოტორსის” საქმიანობის რეკლამირებას ემსახურებოდა, რათა აქციონირების პროცესი წარმატებული ყოფილიყო.

”ტესლას” უნივერსალური პლატფორმა
..............................

მუსკის თქმით, უნივერსალურ პლატფორმაზე, აკუმულატორების ბლოკები ძირზე განთავსდება (როგორც ”ნისანის” ელექტრომობილ ”ლიფზე”), რისი წყალობითაც, პლატფორმა კომპაქტურიც გამოვა და მისი წონაც ბორბლებს შორის უკეთ განაწილდება, რაც ავტომობილ(ებ)ის უკეთეს მდგრადობას განაპირობებს.

მუსკმა ისიც თქვა, რომ სედანი როდსტერთან შედარებით, ძალური დანადგარების შეცვლილ სისტემას მიიღებს. კერძოდ, აკუმულატორების გაგრილება ჰაერით კი არა, თხევადი მასით მოხდება, რაც გაგრილების სისტემას უფრო ეფექტურს გახდის. ეს სედანის ღირებულებას გაზრდის, მაგრამ სამაგიეროდ, გაუმჯობესდება გამძლეობა და ენერგოეფექტურობა.

”ტესლას” ელექტრული სედანი და როდსტერი

..............................

რაც შეეხება ”ტესლა მოტორსის” აქციონირების პროცესს. ის წარმოუდგენლად წარმატებული გამოდგა. მის შედეგად, ”ტესლა მოტორსმა” 226 მილიონი დოლარი მიიღო. სულ დაახლოებით 13.3 მილიონი აქცია გაიყიდა, რომელთა საშუალო ფასმაც 17 დოლარი შეადგინა. არადა, ექსპერტთა ვარაუდით, თითო აქციის საშუალო ფასი მაქსიმუმ 14-16 დოლარი უნდა ყოფილიყო. მუსკის თქმით, ამ ტანხას ”ტესლა მოტორსი” საწარმოს დაქირავებასა და მომავალი შესყიდვებისათვის გამოიყენებს.

სხვათა შორის, მუსკმა, ვინც ასევე სისტემა ”პეი პალის” ერთ-ერთი მფლობელია, თავადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ”ტესლა მოტორსის” აქცინირებაში, რისთვისაც 70 მილიონი დოლარის ინვესტიცია გაიღო. ამ ფულით მან აქციების ფასის სწრაფ ზრდას შეუწყო ხელი - აქციების მოზრდილი პაკეტების შეძენით, ის მათზე მოთხოვნას და შესაბამისად, ფასსაც ზრდიდა.

არადა, ”ტესლას” ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო, რადგან კომპანიას იმ შვიდი წლის განმავლობაში, რაც არსებობს, ჯერ მოგებაზე არ უმუშავია. უფრო მეტიც, ამ დროის განმავლობაში, სულ 230.5 მილიონი დოლარი იზარალა. ეს კი მის აქციონირებას სარისკოდ ხდიდა. სამაგიეროდ, ახლახანს, ”ტესლა მოტორსმა” გარიგება დადო ”ტოიოტასთან”, რომლის ძალითაც, თავისი ელექტრომობილების საწარმოებლად, იაპონური კომპანიის კუთვნილ კალიფორნიულ ქარხანა NUMMI-ს გამოიყენებს. უფრო მეტიც, ამ საწარმოსთვის ”ტოიოტა” 50 მილიონი დოლარის ინვესტიციასაც გაიღებს. სამაგიეროდ, მისთვის ”ტესლას” ელექტრომობილების ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი გახდება.

”ტოიოტა” ჰიბრიდულ სპორტულ ავტომობილებს გამოუშვებს

Toyota Prepares Hybrid Supra, MR2

3 ივლისი

ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ტოიოტა” მალე აღადგენს თავის ორ სპორტულ მოდელს - ”სუპრას” და MR2-ს, რომლებსაც უკვე რამდენიმე წელია, აღარ აწარმოებს. ამასთან, ბრიტანულ ჟურნალ ”ავტოქარის” ინფორმაციით, იაპონური კომპანია ორივე ავტომობილს ჰიბრიდული აგრეგატებით აღჭურვავს.

ამავე ჟურნალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”ტოიოტა MR2” ბაზარზე 2013 წელს გამოჩნდება. ეს ავტომობილი აღიჭურვება ჰიბრიდული სისტემით, რომელშიც ელექტროძრავს ბენზინის 1.5-ლიტრიანი აგრეგატი შეუწყვილდება. არადა, ამ ავტომობილისთვის იაპონურ კომპანიას თავიდან ბენზინის V6 ძრავის გამოყენება ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ბაზარზე ”ჰონდას” CR-Z-ის გამოჩენის შემდეგ, რომელიც უმალ გახდა პოპულარული, გადაწყდა, რომ MR2 ჰიბრიდული აგრეგატით დაბრუნებულიყო.

სხვათა შორის, MR2-ის წარმოების განახლების მთავარი მოთავე იყო ”ტოიოტას” ავტომობილების მთავარი გამომცდელი ჰირომუ ნარუსე, ვინც რამდენიმე დღის წინ, გერმანიის ავტოდრომ ნურბურგრინგის მახლობლად, სუპერ ავტომობილ ”ლექსუს LFA-ს” ახალი მოდიფიკაციის ტესტირებისას დაიღუპა.

რაც შეეხება ”ტოიოტა სუპრას”, ის კონცეპტუალურ მოდელ”ტოიოტა FT-HS-ის” (სურათზე) სტილში შესრულდება. ეს კონცეპცია პირველად საზოგადოების წინაშე სამი წლის წინ გამოჩნდა და კარგი გამოხმაურებები მიიღო. ”ავტოქარი” გვატყობინებს, რომ ”სუპრას” შემუშავება კუპე FT-86-ს ბაზაზე სერიული მოდელის შექმნის პარალელურად ხდება. ამ ავტომობილით კი იაპონური კომპანია პოპულარულ ჰეჩბეკ AE86-ს შეცვლის.

მოსალოდნელია, რომ ახალ ”სუპრაზე” ჰიბრიდული სისტემა წინ განლაგდება, წამყვანი კი უკანა ბორბლები იქნება. ჰიბრიდულ სისტემაში კი ბენზინის 3.5-ლიტრიანი V6 ძრავი და ელექტროძრავები შევა. მისი ჯამური სიმძლავრე კი 400 ცხენის ძალას მიაღწევს.