Monday, May 9, 2011

„ფოლკსვაგენი“ პლაგ-ინ ჰიბრიდების გამოშვებას იწყებს

Volkswagen Announces Introduction of Plug-in Hybrids in 2013

9 მაისი

„ფოლკსვაგენის“ ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე მარტინ წინტერკორნმა გამოაცხადა, რომ მის ჯგუფში შემავალი კომპანიები რამდენიმე მნიშვნელოვანი მოდელის პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ვერსიების გამოშვებას 2013 წელს დაიწყებს.

„მალე ელექტრომობილი, ინდივიდუალური გადაადგილების ყველაზე გავრცელებული საშუალება გახდება და ამ საქმეში ჩამორჩენას არ ვაპირებთ - „ფოლკსვაგენი“ ამ ტექნოლოგიებს ითვისებს. უახლოეს პერიოდში, პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემა ელექტრიფიკაციის გზაზე საუკეთესო გამოსავალია, რადგან ის ორი ეპოქის საუკეთესო თვისებებს აერთიანებს“, - ამბობს ვინტერკორნი.

მას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი მოდელების აღჭურვა იგეგმება პლაგ-ინ სისტემებით. ვოლფსბურგელებმა ამგვარი სისტემები აქამდე მხოლოდ ორ ავტომობილზე - „გოლფის“ ბაზაზე შექმნილ „ტვინდრაივ პლაგ-ინსა“ (ფოტოზე) და „აუდი A5 e-ტრონზე“ გამოიყენეს.

პლაგ-ინ ჰიბრიდელი სისტემა ავტომფლობელებს იმაზე უკეთეს მახასიათებლებს სთავაზობს, ვიდრე ელექტრომობილი. ჯერ ერთი, მეტია სვლის სიშორე, ავტომობილს უკეთესი დინამიკური მახასიათებლები აქვს, ადვილად ადის აღმართებზე და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, შედარებით სუფთა გამონაბოლქვიც აქვს. ეს კი მალე ევროპულ ბაზარზე მომუშავე მწარმოებლებისთვის, გადამწყვეტი ფაქტორი გახდება.

ვინტერკორნი თავისი განცხადებით ვენის მოტორ სიმპოზიუმზე გამოვიდა, სადაც „ფოლკსვაგენმა“ ორი უახლესი ძრავი წარადგინა. ესენია 1.4-ლიტრიანი TSI მოტორ E85 და 2.0-ლიტრიანი TDI. გერმანულ კომპანიას ამ ორი აგრეგატის ტექნიკური მახასიათებლები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ირწმუნება, რომ ორივე ატმოსფეროს ძალიან მცირე ოდენობის ნახშირორჟანგით დააბინძურებს.

სხვათა შორის, ახლახანს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანული ავტოკომპანიების ხელმძღვანელებს გააცნო ქვეყნის მთავრობის გეგმა, რომლის მიხედვითაც, გერმანიაში 2020 წელს მილიონი ელექტრომობილი უნდა დადიოდეს. ამ მიმართულებით, მწარმოებელთა წასახალისებლად კი მილიარდობით ევრო დაიხარჯება.

„კონტინენტალი“ ფეხით მოსიარულეებზე ზრუნავს

Continental developing stereo cameras to cut down pedestrian injuries

9 მაისი

საავტომობილო საბურავების და მაკომპლექტებელი ნაწილების მწარმოებელმა გერმანულმა კომპანია „კონტინენტალმა“, უსაფრთხოების ახალი სისტემა (კონტიგარდ) შეიმუშავა, რომელიც ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების გასაზრდელადაა განკუთვნილი. ის დამოუკიდებლად აღმოაჩენს მძღოლისთვის უხილავ ზონაში მყოფ ფეხმავალს და საჭიროების შემთხვევაში, მანქანის დამუხრუჭებასაც უზრუნველყოფს.

„კონტინენტალის“ მიერ გავრცელებულ რელიზში ხაზგასმულია, რომ გერმანიაში მომხდარი საგზაო შემთხვევების დაახლოებით ნახევარი, ფეხმავალთა ტრავმირებას, ან დაღუპვას იწვევს. ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ ევროპაში, ავტომობილების უსაფრთხოებაზე ტესტირებისას, ხუთვარსკვლავიანი შეფასება ავტომობილს არ ეძლევა, თუ ის ფეხმავლების უსაფრთხოების სისტემებითაც არაა აღჭურვილი.

„ჩვენს მიერ შემუშავებული ახალი სისტემები, რომლებიც ავარიების თავიდან აცილებისთვისაა მოწოდებული, ნებისმიერ სიტუაციაში, სახიფათო სიტუაციებისას, მძღოლს სერიოზულ დახმარებას გაუწევს. ამიტომ, ჩვენ ვეძებთ ახალ საშუალებებს, რომლებიც ავტომობილის გარშემო არსებული სივრცის მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს“, - „კონტინენტალის“ შასის და უსაფრთხოების დივიზიონის პასიური უსაფრთხოების განყოფილების შეფი ანდრეას ბრანდი.

„კონტინენტალის“ ახალი სისტემა ორი კამერისგან მიერ მიღებულ გამოსახულებებს სტერეო რეჟიმში აღიქვამს და რაც მთავარია, თვალთახედვის არეში მოძრავ ფეხმავლებს აფიქსირებს, რომლებსაც შესაძლოა, მძღოლი ვერც ხედავდეს. ამასთან, მათი გადაადგილების მიმართულებასა და სიჩქარესაც განსაზღვრავს. და თუ სისტემა განსაზღვრავს, რომ ფეხმავალი შეიძლება მანქანის წინ მოულოდნელად აღმოჩნდეს, მაშინ ის მძღოლისგან დამოუკიდებლად აჩერებს მანქანას.

ვიდეოკამერები ფეხმავალს მარტო კი არ აფიქსირებენ, არამედ მის სიმაღლესა და სიშორესაც საზღვრავენ. სხვათა შორის, ერთ კამერას ადამიანის დაფიქსირება დამოუკიდებლად, რა თქმა უნდა, შეუძლია, მაგრამ მანძილსა და მის სიმაღლეს ზუსტად ვერ დაადგენს.

სისტემა სხვა ვარიანტებსაც ითვალისწინებს. მაგალითად, ფეხმავალი მეტისმეტად ახლოსაა და ინტენსიური დამუხრუჭების შემთხვევაშიც კი, მასთან შეჯახება გარდაუვალია. ამ შემთხვევაში, სისტემის ვიდეოკამერები მოსალოდნელი ინციდენტის არეალს აფიქსირებენ, ელექტრონული ტვინი კი განსაზღვრავს, რა მანევრი უნდა შეასრულოს, რომ შეჯახება თავიდან აირიდოს. ანუ, მას საჭის მექანიზმის კონტროლიც შეუძლია.

სისტემა „კონტიგარდი“ ჯერ შემუშავების სტადიაშია, თუმცა მას ახლავე შეუძლია იმ ოპერაციების შესრულება, რომლებზეც ზემოთ მოგიყევით. ასე რომ, შორს არც ის დროა, როცა მას სერიული ავტომობილების მწარმოებლებიც გამოიყენებენ.

„ბეემვე“ მალე ჰიბრიდული X5-ის გაყიდვას დაიწყებს

BMW X5 ActiveHybrid

9 მაისი

ინტერნეტ ჟურნალ „ავტობლოგის“ ჰოლანდიური შტო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ამ წლის ბოლოს, „ბეემვე“ თავის პოპულარულ უგზოობის მოდელ X5-ის ჰიბრიდული ვერსიის გაყიდვას დაიწყებს.

ამ ავტომობილს უკვე დასრულებული აქვს საგზაო ტესტების სრული კურსი, თუმცა მის შესახებ ბავარიელები ინფორმაციას ჯერ პრაქტიკულად არ ავრცელებენ. თუმცა, მათი მიერ ბოლო ორ წელიწადში წარმოდგენილი კონცეპტუალური ჰიბრიდების (სერია ექტივჰაივრიდ) მიხედვით, ახალ ავტომობილზე ზოგადი წარმოდგენის შექმნა შეიძლება.

X5-ის ჰიბრიდული ვერსია აღიჭურვება ძალური სისტემით, რომელშიც დიზელის ძრავი, ელექტროძრავი და ლითიუმ-იონური ელემენტების კომპაქტური ბლოკი შევა. ამ ავტომობილის და მისი აგრეგატების ტექნიკური მონაცემები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ 2008 წლის ჟენევის ავტო შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური ჰიბრიდი, 204-ცხენისძალიანი ტურბოდზელისა და ელექტროძრავის კომბინირებული სისტემითაა აღჭურვილი. ავტომობილს 100 კილომეტრის გასავლელად, 6.5 ლიტრი საწვავი სჭირდება და ყოველი კილომეტრის გავლისას, ის ატმოსფეროს 170 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.

ჰიბრიდული X5-ის წარმოებას ბავარიელები მალე დაიწყებენ, მისი მსოფლიო პრემიერა კი, სავარაუდოდ, ფრანკფურტის ავტო შოუზე (სექტემბერში) გაიმართება. მაშინვე წერტილი დაესმება ყველა ვარაუდს და გერმანული კომპანია, ამ ავტომობილის შესახებ, ფასის გარდა, ყველა ინფორმაციას გამოაქვეყნებს. ფასი კი გაყიდვების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

ცნობისათვის, შანჰაის ავტო შოუზე, „ბეემვემ“ სპეციალურად ჩინური ბაზრისთვის მომზადებული ჰიბრიდული მე-5 სერიის სედანის პროტოტიპის პრემიერა ჩაატარა. ეს ავტომობილი 215-ცხენისძალიანი ტურბოძრავით და 94-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. ელექტროძრავს ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი ამარაგებს, რომელიც საბარგულის ქვეშაა მოთავსებული. მასში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა მარტო ელექტროძრავით, შეუჩერებლად 70 კილომეტრზე მეტი გაიაროს. ამასთან, მისი მაქსიმალური სიჩქარე ამ დროს მხოლოდ 60 კმ/სთ იქნება.