Saturday, September 25, 2010

”რენო კანგუ ექსპრეს Z.E.” - პირველი ელექტროვენი მსოფლიოში

Renault Reveals All-Electric 2011 Kangoo Z.E. Van

25 სექტემბერი

გერმანიის ქალაქ ჰანოვერში, კომერციული ავტომობილების შოუზე, ”რენომ” წარმოებისთვის მომზადებული ელექტროვენი - ”კანგუ ექსპრეს Z.E.” წარადგინა. ეს პირველი მერცხალია იმ ელექტრომობილებს შორის, რომლებსაც ფრანგული კომპანია მალე გამოუშვებს ბაზარზე.

ელექტრომობილი ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკითაა აღჭურვილი, რომლის ტევადობაც საათში 22 კილოვატია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ ”კანგუ ექსპრეს Z.E.-მ” ერთი სრული დამუხტვით 160 კილომეტრი გაიაროს. საყოფაცხოვრებო ქსელიდან აკუმულატორების სრული დამუხტვისთვის კი 6-8 საათია საჭირო. რაც შეეხება ელექტროძრავს, მისი სიმძლავრე სულ რაღაც 60 ცხენის ძალაა, თუმცა 226 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტსაც გამოიმუშავებს. ელექტრომობილის მაქსიმალური სიჩქარე შეზღუდულია (ენერგიის დაზოგვის მიზნით) და ის 130 კმ/სთ-ს შეადგენს.

ევროპაში ”რენო კანგუ ექსპრეს Z.E.” (აბრევიატურა Z.E. ზრო ემიშნს, ანუ ნულოვან გამონაბოლქვს ნიშნავს) 20 000 ევრო ეღირება. ამას გამოაკლდება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი სუბსიდია, რომელიც 5 000 ევროს შეადგენს და გამოდის, რომ ფასი მხოლოდ 15 000 ევრო იქნება. სხვათა შორის, ეს შეღავათი არ იმოქმედებს ბრიტანეთში, სადაც ის მსუბუქ კომერციულ ავტომობილადაა კლასიფიცირებული. მყიდველს შეუძლია ავტომობილი ლიზინგით შეიძინოს, თუმცა ამ შემთხვევაში რამდენად შეიცვლება (გაიზრდება) ფასი, ეს ჯერ უცნობია.

ელექტრომობილის ასეთ დაბალ ფასს ის ფაქტი განაპირობებს, რომ მასში აკუმულატორების ფასი არ შედის. ფრანგული კომპანიის განცხადებით, ელექტრომობილის მყიდველი აკუმულატორებს ლიზინგით მიიღებს და მათში თვეში 72 ევროს გადახდა მოუწევს. ლიზინგის პერიოდი 4 წელზეა გათვლილი. თან ამ პერიოდში, გასავლელი მანძილის ლიმიტი 14 490 კილომეტრია, რაც კომერციული ავტომობილისთვის საკმაოდ ცოტაა.

სამაგიეროდ, არნახულად იაფი ჯდება აკუმულატორების დამუხტვა. ელექტროენრგიაზე ფასის მიხედვით, აკუმულატორების სრული დამუხტვა, რაც ელექტრომობილს 160 კილომეტრს გაატარებს, 1-2 ევრო ეღირება.

”ვოლვო” რევოლუციურ აკუმულატორებზე მუშაობს

Volvo Working on Revolutionary Battery

25 სექტემბერი

საავტომობილო ინდუსტრიაში ახალი რევოლუცია მზადდება, მისი ავტორი კი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, გაჩინურებული შვედური კომპანია ”ვოლვო” გახდება. რევოლუცია კი აკუმულატორებს შეეხება. თუ ”ვოლვომ” თავისი გამოგონების დანერგვა შეძლო, მალე აკუმულატორები ახლანდელ სახეს დაკარგავენ და... ავტომობილის ძარის ელემენტების სახით მოგვევლინებიან!

აკუმულატორი თანამედროვე ავტომობილების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი ხდება. სწორედ მისგან მიიღებენ ელექტრომობილები ენერგიას. მაგრამ თანამედროვე ლითიუმ-იონური აკუმულატორები სიძვირით გამოირჩევა და იმდენ ენერგიასაც ვერ ინახავენ, რამდენსაც ავტომწარმოებლები და რა თქმა უნდა, ელექტრომობილების მყიდველები ისურვებდნენ. ყველა ამ პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარებას კი ”ვოლვო” გვპირდება.

პარიზის საავტომობილო შოუს გახსნამდე ერთი კვირით ადრე, ”ვოლვომ” გამოაცხადა, რომ მუშაობს ავტომობილის შესაქმნელად, რომელსაც ელექტრომობილების რადიკალურად შეცვლა შეუძლია. კვლევითი სამუშაოსა და საცდელი პროტოტიპი შექმნას, წინასწარი ვარაუდით, დაახლოებით სამი წელი მაინც დასჭირდება.

რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ახალი ტიპის აკუმულატორის ფუნქციას ავტომობილის ძარის ელემენტები - კარებები, სახურავი და კაპოტი შეასრულებს. როგორ მოხდება ეს, შვედური კომპანია ამაზე დაწვრილებით არაფერს ამბობს. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ძარის აღნიშნული ელემენტები სამფენოვანი იქნება და ის იმ მასალებისგან დამზადდება, რომლებსაც ელექტროენეგიის დაგროვების უნარი შესწევს.

პროექტი თავიდან ლონდონის სამეფო სკოლის სპეციალისტებმა დაიწყეს. თანდათან კვლევაში 9 კომპანია და ინსტიტუტი ჩაება, მათ შორის კი საავტომობილო კომპანია მხოლოდ ერთი - ”ვოლვო” იყო. პანელის დასამზადებლად, მკვლევარები კარბონის ბოჭკოსა და პოლიმერულ ფისს იყენებენ. საბოლოო პროდუქტს, თანამედროვე აკუმულატორებთან შედარებით, მეტი ენერგიის დაგროვებაც შეუძლია და მისი დამუხტვაც გაცილებით სწრაფად ხდება.

ახალი მასალა მტკიცეცაა და დრეკადიც. მისი თვისებები, ავტომწარმოებლებს, ამ მასალის ფართოდ გამოყენების საშუალებას მისცემს. ამ მასალის (რომელსაც ჯერ სახელიც არ აქვს) კიდევ ერთი თვისება სიმსუბუქეა. უფრო კონკრეტულად, ის ფოლადზე დაახლოებით 15 პროცენტით მსუბუქიცაა...