Wednesday, September 2, 2009

გორდონ მარის ჯუჯას ”სმარტზე” ფართო სალონი ექნება

Murray's T25 (AutoCar.co.uk)

2 სექტემბერი

გორდონ მარი T25-ის მოდელებთან
ერთი ჩვეულებრივი ავტოს ადგილზე სამი T25 დაეტევა
T25-ის შასი ტესტირებისას სმარტთან ერთად

T25-ის ტისერი - ფოტო-თავსატეხი

...........................................................................

სახელოვანი სამხრეთაფრიკელი კონსტრუქტორი, ფორმულა 1-ში არაერთი საინტერესო და წარმატებული პროექტის და ლეგენდარულ სუპერავტომობილ ”მაკლარენ F1-ის” ავტორი გორდონ მარი თავის გახმაურებულ პროექტ T25-ზე მუშაობას აგრძელებს. ავტომობილის შასი, მასზე აწყობილი აგრეგატებით და სხვა ნაწილებით, უკვე გადის საგზაო ტესტებს.

პროექტის ავტორი ირწმუნება, რომ მისი ჯუჯა ავტო გაბარიტებით ”სმარტზე” პატარა კი არის, მაგრამ მასზე ტევადი სალონი მაინც ექნება. ამას კი სამადგილიანი ავტომობილის სალონში სავარძლების განლაგების თავისებურება განაპირობებს - მძღოლის სავარძელი სალონის ცენტრშია მოთავსებული, დანარჩენი ორი სავარძელი კი მის ორივე მხარეს, ოდნავ უკან მდებარეობს. სხვათა შორის, ”მაკლარენ F1-შიც” სავარძლებს ზუსტად ასეთი განლაგება ჰქონდა (თავად კონსტრუქტორი მძღოლის ცენტრალურ პოსტს iსენტერს უწოდებს) და ეს უკვე მარის საფირმო ნიშნად იქცა.

T25 უმცირესი გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 2.4 მეტრი, სიგანე კი 1.25 მეტრია. შედარებისთვის, ”სმარტ ფორთუს” ანალოგიური მონაცემები 2.5 და 1.51 მეტრია. ასეთ პატარა ავტომობილს საბარგული არ აქვს, მაგრამ თუ ტვირთის დასადებად მგზავრების სავარძლებს გამოვიყენებთ, მაშინ საბარგო მოცულობა (და არა საბარგულის, რომელიც ავტომობილს უბრალოდ, არ აქვს) 750 ლიტრს მიაღწევს. ასეთი საბარგულით კი სრულგაბარიტიანი სედანებიც კი ვერ დაიკვეხნიან.

ინტერიერის (შედარებით) დიდ მოცულობას ასევე ის გარემოებაც განაპირობებს, რომ ავტომობილის 660 კუბ.სმ-იანი ძრავი T25-ის უკან, საწვავის ავზი და აკუმულატორი კი ძირზეა განლაგებული. იმისათვის, რომ ასეთ პატარა ავტომობილში ჩაჯდომა და იქიდან გადმოსვლა გაადვილდეს, მარიმ ლეგენდარული ”იზეტა” გაიხსენა და მისი კონსტრუქცია განავითარა. მგზავრები სალონში უკანა კარიდან შევლენ, მძღოლი კი - წინიდან.

მარი ამბობს, რომ პირველი ძარიანი ავტომობილი მზად ერთ თვეში ექნება, T25-ის წარმოების დაწყება კი ორ წელიწადში იქნება შესაძლებელი. ამასთან, ის დასძენს, რომ ამ ავტომობილს მისი კომპანია არ გამოუშვებს - მხოლოდ წარმოების ლიცენზიას გაჰყიდის.

მარი დაინტერესებულია, რომ მისი ავტომობილი რომელიმე ინგლისურმა კომპანიამ, ინგლისშივე გამოუშვას. ამასთან, ამ საკითხზე მოლაპარაკება რამდენიმე დაინტერესებულ კომპანიასთან უკვე მიმდინარეობს.

ორტურბოიანი ”მურსიელაგო” 1 100 ცხენის ძალით

Twin Turbo Lamborghini Murcielago

2 სექტემბერი

571 ცხენის ძალა სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ”ლამბორგინი მურსიელაგო” მსოფლიოში ერთ-ერთი უსწრაფესი ატომობილი იყოს. იმდენად სწრაფი, რომ ბევრი ენთუზიასტი ამ ავტომობილის კონკურენტ მოდელებს ზედაც არ შეხედავს.

მაგრამ არიან ისეთებიც, ვისაც მხოლოდ ”ყველაზე, ყველაზე” სურთ. ჰოდა, სწორედ ასეთებისთვის გაისარჯა ამერიკული სატუნინგო კომპანია ”ჰეფნერ პერფორმენსი”, რომელმაც სპეციალურად მოამზადა ორტურბოკომპრესორიანი კიტი (კომპლექტაცია), რომლის მეშვეობითაც, ”მურსიელაგოს” სიმძლავრე 1 100 ცხენის ძალამდე იზრდება.

უფრო ზუსტად, კომპანიის სტენდზე შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ასეთი კიტით აღჭურვილი ”მურსიელაგოს” მაქსიმალური სიმძლავრე 1 114 ცხენის ძალას აღწევს. თუ გავითვალისწინებთ, რომ მუხლა ლილვიდან გადაბმულობის ქურომდე, ძრავის სიმძლავრის 15 პროცენტი იკარგება, გამოდის, რომ თუ სტენდის ინდიკატორებს მუხლა ლილვზე დააყენებენ, ძრავის მიერ განვითარებული მაქსიმალური სიმძლავრე 1 300-ცხენისძალიან ნიშნულსაც მიაღწევს.

კიდევ უფრო გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამ სიმძლავრეს ”ჰეფნერი” ტურბოკომპრესორის ჩაბერვის წნევის 1 ბარამდე გაზრდით აღწევს. შედარებისთვის, ფორმულა 1-ის ტურბოს ხანაში, ტურბოკომპრესორები ჰაერის ნაკადს ძრავში 4 ბარით ჭირხნიდნენ, რისი წყალობითაც, 1.5-ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 1 500 ცხენის ძალას აღწევდა.

”ჰეფნერი” ექსპერიმენტებს ჰაერის უფრო მაღალი წნევით ჩაბერვის შემთხვევებშიც ატარებს, მაგრამ როგორც კომპანია ირწმუნრება, კიდევ უფრო გაზრდლი სიმძლავრის ათვისება ტექნიკურად რთულია და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ასეთი ავტომობილის მომხმარებელს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

საგზაო გამოცდებისას, ”ჰეფნერმა” თავისი კიტით აღჭურვილი ”მურსიელაგოს” სიმძლავრე 950 ცხენის ძალამდე შეამცირა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მანქანას 100-დან 200 კმ/სთ-მდე აჩქარება 5.1 წამში მოესწრო. ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ დეფორსირების გარეშე, ავტომობილი ამ აჩქარებას 5 წამზე ნაკლებში მოასწრებდა.

რა ღირს ”ჰეფნერის” საავტომობილო დოპინგი, ამის შესახებ კომპანია არაფერს ამბობს.

”ბეემვემ” X1-ის წარმოება დაიწყო

BMW X1 Production Starts

2 სექტემბერი

გუშინ, თავის ლაიპციგურ ქარხანაში, ”ბეემვემ” თავისი უახლესი უგზოობის ავტომობილ X1-ის წარმოება დაიწყო. ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდება, რომლის დასრულებისთანავეც, მას ბავარიული კომპანიის ევროპელი დილერები მიიღებენ. მედიის წინაშე კი X1 ოდნავ მოგვიანებით, 24 ოქტომბერს წარსდგება.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ავტომობილის გაყიდვები ჯერ არ დაწყებულა, ბავარიელებს მასზე უკვე ბევრი წინასწარი შეკვეთა აქვთ მიღებული. თუმცა ლაიპციგურ საწარმოში ის ჯერ შეზღუდული რაოდენობით მზადდება. ქარხნის ყოველდღიური მაქსიმალური წარმადობა 730 ავტომობილია, მაგრამ აქედან მხოლოდ ათი პროცენტია X1. ამასთან, ბავარიელები მოგვიანებით ამ ავტომობილის წილის 300-მდე გაზრდას აპირებენ.

ძრავების მხრივ, მყიდველს X1-ს ექვსი სხვადასხვა კომპლექტაციით შესთავაზებენ. ესენია: xდრაივ28i, xდრაივ23d, xდრაივ20d, sდრაივ20d, xდრაივ18d და sდრაივ18d. მათგან ყველაზე მძლავრი xდრაივ28i იქნება, რომელიც ექვსცილინდრიან, 258-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვება. ამ ძრავის მეშვეობით, ავტომობილი ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარეს 6.8 წამში განავითარებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 205 კმ/სთ იქნება. უფრო მეტიც, ამ ძრავითვე, სპორტულად მომართული X1-ის მაქსიმალური სიჩქარე 230 კმ/სთ-ს მიაღწევს.

X1-ის ყველა მოდიფიკაცია ბავარიული კომპანიის ტექნოლოგია ”ეფიციენტდაინემიქსის” ელემენტებს მიიღებს. ასეთი ელემენტებია: მუხრუჭების ენერგიის რეგენერაციის სისტემა, ავტომატური სტარტ/სტოპ სისტემა და გადაცემათა კოლოფის ჩართული საფეხურის ინდიკიატორი.

უსაფრთხოების სისტემებში შედის: სამწერტილოვანი ინერციული ღვედები, წინა და გვერდითა აირბალიშები, ასევე ადაპტირებადი სამუხრუჭე მაშუქები და დღის გაბარიტული მაშუქები. დამატებით, მყიდველს ქსენონის ადაპტირებადი მთავარი ფარების შეკვეთის საშუალებაც ექნება.