Saturday, June 27, 2009

”მერსედეს-ბენცი” ახალ ML-კლასს ამზადებს

27 ივნისი


ათ წელზე ოდნავ მეტია, რაც ”მერსედეს-ბენცი” უგზოობის მოდელ ML-კლასს აწარმოებს და ამ პერიოდში, მისი ორი თაობის გამოშვება მოასწრო. დღეს კი უკვე მესამე თაობის ML-ს ამზადებს, რომლის დებიუტიც 2011 წელსაა მოსალოდნელი.

გერმანულ გამოცემა ”აუტო მოტორ უნდ შპორტის” ინფორმაციით, ახალ ML-კლასს ბევრი საერთო ექნება უგზოობის G-კლასთან და უნივერსალ R-კლასთან. განსაკუთრებით ეს აგრეგატებს ეხება, რომლებიც ამ სამ ავტომობილს ფაქტობრივად საზიარო ექნებათ. ამის მთავარი მიზეზი კი ერთია - ახალი ავტომობილის შემუშავებისა და წარმოებისას, მაქსიმალურად მეტი თანხის დაზოგვა, რაც კომპანიას ხურდად, აღნიშნული ავტომობილების გაზრდილი კონკურენტუნარიანობის სახით დაუბრუნდება.

გერმანული ჟურნალის ფოტორეპორტიორებმა მესამე თაობის კამუფლირებული ML-ის ტესტების დროს გადაღება (ფოროებზე) შეძლეს. როგორც ფოტოებზე ჩანს, ახალი ავტომობილი წინაზე პატარა იქნება, თუმცა ბორბლებს შორის ბაზა ალბათ უცვლელი დარჩება.

ამ ეტაპზე, ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე თაობის ML-ის ბაზაზე მისი ჰიბრიდული ვერსია მუშავდება. ლაპარაკია დიზელ-ელექტრულ სისტემაზე. უკვე პრაქტიკულად მზადაა ბენზინ-ელექტრული ჰიბრიდი, რომლის პირველი პროტოტიპი ”სამქიმიანებმა” 2007 წელს, ML450-ის სახით წარმოადგინეს. სხვათა შორის, ეს ავტომობილი ბაზარზე წელსვე უნდა გამოჩნდეს.

შტუტგარტში ასევე არ გამორიცხავენ ML-ის პლაგ-ინ ვერსიის წარმოებას. ასეთი ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში 80-ცხენისძალიანი ელექტროძრავი 3.5-ლიტრიან წყვილტურბოიან V6-ს შეუწყვილდება. ”აუტო მოტორ უნდ შპორტისვე” ინფორმაციით, ასეთ ML-ს, მარტო ელექტროძრავით 30 კილომეტრის გავლის უნარი ექნება, რაც მის ეკონომიურობასა და ეკოლოგიურობას გააუმჯობესებს. იგივე აგრეგატებს, ადრე თუ გვიან, ”მერსედეს-ბენცი” G და R-კლასზეც გამოიყენებს.

ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი მესამე თაობის ML-ის საბაზო ვერსია 2.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი დიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა. აგრეგატების გამაში ასევე შევა V6 დიზელი 225 ცხენის ძალით და ბენზინის 333-ცხენისძალიანი V6. ტოპ ვერსიას კი შტუტგარტული კომპანიის დივიზიონი AMG დაამზადებს, რომლის მიერ მომზადებული V8-ს (ლიტრაჟი ჯერ უცნობია) სიმძლავრეც, საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემისა და წყვილი ტურბოკომპრესორის მეშვეობით, 570 ცხენის ძალას მიაღწევს.

თავად ახალი ML-ი კი, რომელიც ამ ეტაპზე, შიდასაქარხნო ინდექს W166-ად მოიხსენიება, 2011 წლის ”ჯიპ გრანდ ჩეროკის” პლატფორმაზე აიგება, რომელიც ასევე შემუშავების სტადიაშია. აქ იმის შეხსენებაც ღირს, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ, ”დაიმლერი” და ”კრაისლერი” ტრანსატლანტიკურ ალიანს ”დაიმლერკრაისლერში” შედიოდნენ და ავტომობილებს ერთსადაიმავე პლატფორმაზე აგებდნენ. ახალი ML-ის და ”გრანდ ჩეროკის” კონსტრუირება კი სწორედ მათი ერთად ყოფნისას დაიწყო.

როსი ფორმულა 1-ში გადასვლაზე თანახმაა

Formula 1

27 ივნისი

მას შემდეგ, რაც წრიულ მოტორბოლებში მეასე გამარჯვება მოიპოვა, იტალიელმა სუპერვარსკვლავმა, მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა ვალენტინო როსიმ არ გამორიცხა, რომ შეიძლება ახლო მომავალში პროფესია შეიცვალოს და ორი ბორბალი ოთხში გაცვალოს.

”მერმის მე ”იამაჰასთან” კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის დარღვევაც პრაქტიკულად გამორიცხულია. ”ფერარისაც” კონტრაქტები აქვს, გუნდებს კი ჯერჯერობით სამი მანქანის გამოყვანის უფლებას არ აძლევენ. ჰოდა, ჯერჯერობით, მოტო გრანპრიში დავრჩები, მაგრამ 2011 წელს მე თავისუფალი აგენტი ვხდები და თუ ”ფერარიში” გადასვლას შემომთავაზებენ, სიამოვნებით დავთანხმდები, რატომაც არა?” - ასენში (ჰოლანდია) გამარჯვების შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა როსიმ.

ცნობისათვის, რამდენიმე დღის წინ, ”ფერარის” პრეზიდენტმა ლუკა დი მონტეძემოლომ განაცხადა, რომ ფორმულა 1-ის რბოლების სანახაობრივი მხარის გასაუმჯობესებლად, კარგი იქნება, თუ გუნდებს რბოლებში სამი პილოტის გამოყვანის უფლება მიეცემათ.

როსის ”ფერარის” არაოფიციალურ ტესტებში მონაწილეობა რამდენჯერმე აქვს მიღებული და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენა, თუმცა დღემდე მოტოციკლის დათმობას ვერ ახერხებს. ახლა კი, როდესაც მეასე გამარჯვებას მიაღწია, მოტო გრანპრიში თავის გამოსაჩენი პრაქტიკულად არაფერი დარჩა (თუ არ ჩავთვლით იტალიელი ჯაკომო აგოსტინის ფანტასტიკურ რეკორდს - 122 გამარჯვებას და 15 საჩემპიონო ტიტულს).

მოკლედ, როსი თანახმაა. ახლა ჯერი მარანელოელებზეა...

სურათზე: როსი ”ფერარიში” შინაური კაცია


”მიტო GTA-ს” ”ლესტერისეული” ვერსია

27 ივნისი

”ალფა რომეოს” ახალი, სუბკომპაქტური ჰეჩბეკი ”მიტო” ბაზარზე გამოსვლის დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობს. არადა, მისი ტოპ ვერსია პატარა, 1.4-ლიტრიანი ტურბოძრავითაა (რომლის სიმძლავრეც 155 ცხენის ძალას აღწევს) აღჭურვილი. მილანური კომპანია მალე დაიწყებს სპორტული ორიენტაციის მქონე ”მიტო GTA-ს” წარმოებას, რომელსაც 240-ცხენისძალიანი ძრავი და გახისტებული საკიდარი ექნება.

მაგრამ სანამ ”მიტო GTA” (მიტო - მილანო-ტორინო) ბაზარზე გამოჩნდებოდეს, ის პატარა იტალიურმა ტუნინგ-ატელიე ”ლესტერმა” კიდევ უფრო გაასპორტულა. თანაც ისე, რომ GTA (როცა გამოვა) მასთან ახლოსაც ვერ მივა, ყოველ შემთხვევაში, გარეგნობით მაინც.

”ლესტერის” სპეციალისტებმა პირდაპირ GTA-ს სრულყოფა მოინდომეს. პირველ რიგში, მათ ავტომობილის ისედაც მძლავრ 1.8-ლიტრიან აგრეგატს მოჰკიდეს ხელი, რომლის სიმძლავრეც, მათი წყალობით 31 ცხენის ძალით, (271-მდე) გაზარდეს. რაც მთავარია, შეიცვალა GTA-ს საკიდარი, რომლის ამორტიზატორებიც სიმაღლეში რეგულირდება და მათი მეშვეობით, ავტომობილის მნიშვნელოვნად დადაბლებაა შესაძლებელი. დადაბლებული ”მიტო” კი გაცილებით იოლად სამართავია და მოსახვევებშიც უფრო დამაჯერებლად შედის.

”მიტო GTA” გარეგნულადაც ძლიერ შეიცვალა. ”ლესტერის” სპეციალისტებმა ავტომობილს ახალი აეროდინამიკური კომპლექტი მოუმზადეს, რომელიც ”მიტოს” გარშემო მოძრავ ჰაერის ნაკადს უფრო სწორ მიმართულებას აძლევს. პირველ რიგში, ყურადღებას იმსახურებს კაპოტზე დამატებული ვიწრო ჰაერამღები, უკანა კარის თავზე მოთავსებული ფრთა, უკანა დიფუზორი და ზორბა გამოსაბოლქვი მილები. ასევე ელერონი, რომელიც ავტომობილს მთელ სიგრძეზე გაუყვება. დაბოლოს, სურათს უფრო სრულყოფილს ხდის 18-დუიმიანი, ალუმინის შენადნობისგან დამზადებული ბორბლები, რომლებიც ”იოკოჰამას” 215/40R18 ზომის საბურავებითაა შემოსილი.

”ლესტერი” ჯერჯერობით თავს იკავებს მის მიერ გაუმჯობესებული ავტომობილის ფასის დასახელებისგან. როგორც ჩანს, კომპანიის ხელმძღაველობა ამ ინფორმაციას ”ალფა რომეო მიტო GTA-ს” პრემიერამდე ინახავს, რომელიც ფრანკფურტშია მოსალოდნელი.



კეროლ შელბის 725-ცხენისძალიანი ”მუსტანგი”

27 ივნისი

კომპანია ”შელბი აუტომობილსმა” იმ ავტომოყვარულებისთვის, რომლებსაც ”მუსტანგის” ბაზაზე შექმნილი ”შელბი GT500-ის” 540 ცხენის ძალა ეცოტავებათ, დაამზადა ”ფორდ მუსტანგ სუპერ სნეიკი”, რომელიც სტანდარტული, 2010 წლის მუსტანგის ძლიერ მოდერნიზებულ ვერსიას წარმოადგენს.

გამოცემა ”აუტოუიკის” ინფორმაციით, ”სუპერ სნეიკის” 5.4-ლიტრიან V8 ძრავს მექანიკური დამჭირხნი ემსახურება, რომელიც ორ რეჟიმში მუშაობს და შესაბამისად, მისი სიმძლავრე 630, ან 725 ცხენის ძალაა. გაზრდილმა სიმძლავრემ, ძრავის უფრო ინტენსიური გაგრილება მოითხოვა. ამიტომ, ის უფრო დიდი ზომის რადიატორითა და ჩასაბერი ჰაერის საშუალედო გამაგრილებლითაა აღჭურვილი. ასევე შეიცვალა შემშვები და გამოსაბოლქვი სისტემები.

”შელბი” თავისი ”სუპერ გველისთვის” ”ფორდ რეისინგის” მიერ შექმნილ სპეციალურ საკიდარს იყენებს, რომელსაც უფრო ხისტი ზამბარები და რეგულირებადი ამორტიზატორები აქვს. შესაბამისად, განივ მდგრადობას გაცილებით მსხვილი სტაბილიზატორი უზრუნველყოფს. წინა საკიდრებს შორის საწევარია გადებული, რაც ავტომობილის წინა, ძრავის სეგმენტის სიხისტეს ზრდის.

ავტომობილი აღჭურვილია კომპანია ”ბაერის” წარმოების 6-ცილინდრიანი სამუხრუჭე სისტემებით, ბორბლები კი 20-დუიმიანია, რომლებზეც ”პირელის” ”P-ზერო” სერიის საბურავებია ჩაცმული.

”სუპერ სნეიკს” გარეგნულად GT500-სგან შეცვლილი კაპოტი განასხვავებს, რომელშიც გაზრდილი რადიატორისთვის დამატებითი, ზედა სეგმენტია დამატებული.

”შელბის” ახალი შედევრის 630-ცხენისძალიანი ვერსიის შეძენა ავტოენთუზიასტებს, ”ფორდ მუსტანგ GT500-ზე” 29 495 დოლარით ძვირი დაუჯდებათ, 725-ცხენისძალიანისა კი - 33 495 დოლარით მეტი. ამ ავტომობილების წარმოებას კი კეროლ შელბის კომპანია აგვისტოში შეუდგება.

როსის მეასე გამარჯვება

MotoGP

27 ივნისი

ვალენტინო როსიმ მეასე გამარჯვება მოიპოვა. ეს დღეს, ასენში (ჰოლანდია), ჰოლანდიის დიდ პრიზზე მოხდა. 30 წლის მოტომრბოლი თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში მიუწვდომელი იყო. მას მხოლოდ შუა რბოლაში მოუხდა ესპანელ თანაგუნდელ ხორხე ლორენსოს შეტევის მოგერიება. მერე კი, ფინიშის ხაზი რომ გადაკვეთა, შუა ტრასაზე, იქ სადაც თავისი ფანკლუბის წევრები ეგულებოდა, ცოტა ხნით შეყოვნდა, მილოცვები და უზარმაზარი დროშა მიიღო, რომელზეც უზარმაზარი 100-იანი ეწერა და კვარცხლბეკისკენ გაეშურა.

”ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეა. უბედნიერესი ადამიანი ვარ, ეს დღე ცხოვრებაში არ დამავიწყდება. 100 გამარჯვება სასწაულია, რომელსაც განსაკუთრებულად აღვნიშნავ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, ჯერი ბარჯესს და სხვებს გადავუხადო, რომლებმაც ჩემს ამ და სხვა გამარჯვებებში დიდი წვლილი შეიტანეს. და განსაკუთრებული მადლობა ”იამაჰას” - მანქანა ფანტასტიკურად მუშაობა, მცირე პრობლემაც არ ჰქონია. საერთოდ, ”იამაჰას” დიდი დამსახურებაა ის, რომ მე ბოლო ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში მოტივაცია შევინარჩუნე.

რა თქმა უნდა, მადლობელი ვარ ჩემი ნეგობრების და ოჯახის. ჯაკომო აგოსტინის შემდეგ, ისტორიაში მეორე ვარ, ვინც ას გამარჯვებას მიაღწია. მინდა ვთქვა, რომ ჯერ არსად წასვლას არ ვაპირებ და მოტივაცია ჯერაც არ გამნელებია. ვეცდები, ჩემი გამარჯვებების რაოდენობა კიდევ უფრო გავზარდო”, - ამბობს როსი, ვინც ლიდერობა მეორე წრეზე, მას შემდეგ იგდო ხელთ, რაც ავსტრალიელ კეისი სტოუნერს გაასწრო.

როსისთვის ეს ამ სეზონში მოპოვებული მესამე გამარჯვებაა, რითაც მას 131 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატს სათავეში ჩაუდგა. მას ლორენსო ხუთი ქულით ჩამორჩება, სტოუნერი კი 122 ქულით მესამეზეა.

1997 წლიდან მოყოლებული, როსის წრიული მოტორბოლების ოთხ სხვადასხვა კლასში მსოფლიო ჩემპიონის 8 ტიტული (თითო 125, 250 და 500 კლასებში, ხუთი კი - მოტო გრანპრის კლასში, სადაც ახლაც ასპარეზობს) აქვს მოპოვებული. აქამდე მას 211 რბოლაში მიუღია მონაწილეობა, რომელთაგან 100 მოიგო, 152 კი კვარცხლბეკზე (ამ რიცხვში გამარჯვებებიც შედის) ავიდა. ამასთან, მის ანგარიშზე 52 პოულ პოზიცია, 78 უსწრაფესი წრე (რბოლაში) და 3785 ქულაა.

რაც შეეხება აგოსტინის, მოტოსპორტის ამ იტალიელ ლეგენდას 1964 – 1977 წლებში მსოფლიოს ჩემპიონის 15 ტიტული აქვს მოპოვებული (ხუთ სეზონში, ერთდროულად ორ - 350 და 500 კლასში გახდა ჩემპიონი), სულ 186 რბოლაში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგანაც 122 მოიგო.

”ფერარი” მალე ახალი ბოლიდის პროექტირებას შეუდგება

Formula 1

27 ივნისი

მიუხედავად იმისა, რომ ”ფერარისთვის” ამ სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა პრაქტიკულად დასრულებულია, გუნდი მაინც აგრძელებს F60-ის სრულყოფას და იმედი აქვს, რომ სეზონის ბოლომდე, მისი პილოტები კიდევ არაერთხელ შეძლებენ კვარცხლბეკზე ასვლას, თუმცა კომპანიის პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ამბობს, რომ მალე ამ ავტომობილის სრულყოფაზე მუშაობა შეწყდება და კონსტრუქტორები მთლიანად მომავალი სეზონისთვის დაიწყებენ ბოლიდის მომზადებას.

”დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო რბოლებში პროგრესი გვექნება. მაგრამ იმ დროს, როდესაც ტესტირება აკრძალულია, რადიკალური წინსვლის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. როცა სეზონის დასაწყისში პრობლემებს აწყდები, რბოლებს შორის მათი აღმოფხვრა, როცა ტესტირების საშუალება არ გაქვს, გამორიცხულია. მჯერა, რომ მომდევნო ეტაპზე უკეთესი შედეგი გვექნება, ამის შემდეგ კი ახალ მანქანაზე მუშაობას ვიწყებთ. როგორც FIA-ს შევუთანხმდით, მერმის ყველა ერთი, გასაგები რეგლამენტის მიხედვით მოვამზადებთ მანქანას, რომელზეც KERS-ის (კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემა) გამოყენებას აღარ ვაპირებთ.

ახლა უკვე შემიძლია იმის თქმა, რომ ამ სეზონის მანქანის მზადების დასაწყისშივე მცდარი გზით წავედით. ამის მიზეზი კი ისაა, რომ რეგლამენტი ბუნდოვანი იყო და მის სხვადასხვანაირად გაგებას განაპირობებდა. ამ დროს ძნელია სწორად ინტერპრეტირება. სამმა გუნდმა, რომლებიც ბოლო წლებში ვაღწევდით გამარჯვებებს - ”ფერარიმ”, ”მაკლარენმა” და ”რენომ” ერთნაირად აღვიქვით რეგლამენტი და წაგებულები დავრჩით. ამიტომაა, რომ ამ სეზონს უფერულად ვატარებთ.

ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ გუნდები ფედერაციასთან ასეთი პრინციპულები ვიყავით. როცა რეგლამენტი ერთმნიშვნელოვანი არაა, მუშაობა ძნელია და შენი ბედიც ალალბედზეა მინდობილი. ამ სეზონისთვის მანქანა KERS-ის მძიმე სისტემით მოვამზადეთ. მაგრამ ბევრმა ის არ გამოიყენა. თუ ფედერაცია კვლავ დააპირებს KERS-ის რეგლამენტში შეტანას, მაშინ ის ყველამ უნდა გამოიყენოს. მოკლედ, რეგლამენტის გაწმენდის დრო დადგა”, - ამბობს დი მონტეძემოლო.

ჰიბრიდულ ”რეინჯ როვერ LRX-ს” მწვანე შუქი აუნთეს

27 ივნისი

იმის მიუხედავად, რომ ”იაგუარ/ლენდ როვერის” წამგებიანი ბიზნესის გამო, მისი მფლობელი ინდური კომპანია ”ტატაც” ზარალშია, მაინც გადაწყდა, რომ ”რეინჯ როვერ LRX-ს” ბაზაზე, ჰიბრიდული ვერსიის წარმოება დაიწყოს. ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი ის ფაქტორი გახდა, რომ ბრიტანეთის მთავრობა მზადაა, ”ლენდ როვერს” 27 მილიონი გირვანქა სტერლინგი (დაახლოებით 44 მილიონი დოლარი) გამოუყოს იმ შემთხვევაში, თუ ეს კომპანია სრულიად ახალი მოდელის წარმოებას აითვისებს. ასეთი კი LRX და მისი ჰიბრიდული ვერსიაა, რომელსაც უკვე წელიწადზე მეტია, ”ლენდ როვერი” ყველა დიდ ავტოგამოფენაზე დაატარებს.

LRX-ის ჰიბრიდული აგრეგატი ბენზინის და ელექტრული ძრავის კომბინაციაა. მას როგორც ცალკე ელექტროძრავით, ასევე ცალკე შიდაწვის ძრავით და ერთდროულად ორივე აგრეგატით გადაადგილება შეუძლია. ჰიბრიდული აგრეგატის გარდა, LRX ასევე სტოპ/სტარტ და მუხრუჭების რეგენერაციის სისტემებით აღიჭურვება. ამ ორ სისტემას, მომავალში ”ლენდ როვერის” უკლებლივ ყველა მოდელი მიიღებს.

ჰიბრიდული LRX-ის პროექტი 400 მილიონ გირვანქა სტერლინგადაა (650 მილიონ დოლარად) შეფასებული და კონვეიერამდე მის მიყვანას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. მართალია, ეს ახალი ავტომობილი ”ლენდ როვერის” გამაში ყველაზე მცირეგაბარიტიანი იქნება, მაგრამ ინგლისური კომპანია ახლავე აცხადებს, რომ მას მხოლოდ ”რეინჯ როვერის” მარკით გამოუშვებს.

კონცეპტუალური LRX პირველად დეტროიტის შარშანდელ ავტო შოუზე გამოჩნდა და მაშინ ის 2.0-ლიტრიანი დიზელისა და ელექტრომოტორის ჰიბრიდული დანადგარით იყო აღჭურვილი. მაშინ გამოცხადდა, რომ ბიოსაწვავის გამოყენების შემთხვევაში, ეს ავტომობილი 100 კილომეტრზე 4.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 120 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

უკვე გადაწყვეტილია, რომ LRX-ის ჩვეულებრივი და ჰიბრიდული ვერსიები ”ლენდ როვერის” ჰეილვუდის ქარხანაში დამზადდება. ამჯამად ამ ქარხანაში დაახლოებით 2 000 ადამიანია დასაქმებული, რომლებიც ”ლენდ როვერ LR2-ს” (იგივე ფრილენდერ 2-ს) და ”იაგუარ X-ტაიპს” აწარმოებენ.